ბრძანება N 19599

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.09.2026
№ დოკუმენტი 19599
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19599

03 სექტემბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 10 და 20 ივლისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 31 ივლისის (ოქმი №69) და 20 აგვისტოს (ოქმი №75) სხდომებზე განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2026 წლის 10 ივლისის №CA00412612276940 (რეგ. №118194/21) და 20 ივლისის №CA00412612824939 (რეგ. №124626/21) საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 22 ივნისის №050-13 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

1. ფულის ნაშთის ხელფასად კვალიფიკაციის ნაწილში გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმების მიერ განსაზღვრული დასაბეგრი ბაზა ფაქტობრივად დაუსაბუთებელია. მიუთითებს, რომ საკითხის ხელახალი შესწავლისას შემოწმებამ დასაბეგრ ბაზად კვლავ 581 708 ლარი მიიჩნია, მაშინ როცა მომჩივნის ბუღალტრული აღრიცხვითა და პირველადი დოკუმენტაციით სალაროს რეალური ნაშთი 46 689 ლარს შეადგენდა. აცხადებს, რომ შემოწმებამ გადაანგარიშებისას არ გაითვალისწინა და გამოიკვლია შესაბამისი მტკიცებულებები.

2. ქონების გადასახადის ნაწილში გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმებამ ხელახალი შესწავლისას არ გამოიკვლია მისი რეალური წილი იმ ნაკვეთებთან მიმართებით, რომლებსაც ფლობს თანასაკუთრებით. ასევე, მიუთითებს, რომ ერთი ნაკვეთი წინა პერიოდში უკვე იყო დაბეგრილი, შესაბამისად, ადგილი აქვს ერთი ობიექტის ორმაგ დაბეგვრას, აღნიშული ნაწილი კი გადაანგარიშების დასკვნაში შეფასებული არ არის. გადასახადის გადამხდელი ამასთან დაკავშირებს აპელირებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზეც. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების გათვალისწინებით, ითხოვს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ბათილობას.

3. გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 28 იანვრის №1466 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

1. „შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 28 იანვრის №1466 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 15 ივნისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შპს „-------“ (ს/ნ -------) შეუმცირდა დარიცხული თანხები სულ 243 604 ლარით, მათ შორის, გადასახადი 155 814 ლარით და ჯარიმა 87 790 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 22 ივნისის №050-13 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

1. გადასახადის გადამხდელის მონაწილეობითა და მის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაკორექტირდა საწარმოს კრედიტორული დავალიანების ოდენობა. კერძოდ, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ნოტარიულად დამოწმებული შედარების აქტები უცხოელ მომწოდებლებთან. ასევე, დამატებით იქნა შესწავლილი უცხოელი მომწოდებლებისგან შეძენილი საქონლის სანაცვლოდ განხორციელებული გადახდები, რაც დაექვემდებარა კორექტირებას. კორექტირება განიცადა ასევე სალაროს გონივრულმა ნაშთმაც. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმებით გადაანგარიშებული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). საშემოსავლო გადასახადის ნაწილში სულ 195 121 ლარით, მათ შორის გადასახადი 130 080 ლარით, ხოლო ჯარიმა 65 040 ლარით. ამასთან, პირის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და ახსნაგანმარტების ანალიზის შედეგად დაკორექტირდა კომპანიის მიერ დირექტორზე გაცემულ სესხად კვალიფიცირებული თანხა. შედეგად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული მოგების გადასახადი შემცირდა ჯამში 47 324 ლარი, მათ შორის გადასახადი 24 961 ლარით, ხოლო ჯარიმა 22 363 ლარით.

2. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის და საჯარო რეესტრის ამონაწერების შესწავლის შედეგად შემოწმებამ გამიჯნა სხვა კომპანიისა და შპს „-------“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. შესაბამისად, შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე200, 201-ე 202-ე 203-ე და 204-ე მუხლების მიხედვით გაანგარიშებული საგადასახადო ვალდებულებები ქონების გადასახადის ნაწილში დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას) 1 159 ლარით, კერძოდ, გადასახადი 773 ლარით, ხოლო ჯარიმა 386 ლარით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში 2026 წლის 31 ივლისს ჩანიშნული საჩივრის განხილვა გადასახადის გადამხდელის თხოვნის საფუძველზე გადაიდო. აღნიშნულის შემდეგ, საჩივრების განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 2026 წლის 20 აგვისტოს 11:00 საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის მონაწილეობითა და მის მიერ შემოწმებისთვის დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაკორექტირდა საწარმოს კრედიტორული დავალიანების ოდენობა. ასევე, დამატებით იქნა შესწავლილი უცხოელი მომწოდებლებისგან შეძენილი საქონლის სანაცვლოდ განხორციელებული გადახდები, რაც დაექვემდებარა კორექტირებას. კორექტირება განიცადა ასევე სალაროს გონივრულმა ნაშთმაც. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციისა და საჯარო რეესტრის ამონაწერების შესწავლის შედეგად შემოწმებამ გამიჯნა სხვა კომპანიისა და შპს „-------“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები ქონების გადასახადის ნაწილშიც დაექვემდებარა შემცირებას.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, ფულის ნაშთის ხელფასად კვალიფიკაციის ნაწილში შემოწმების მიერ მტკიცებულებების გაუთვალისწინებლობასთან და არასათანადო გამოკვლევასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების პროცესში ბუღალტრული პროგრამა წარდგენილ იქნა რამდენიმე ვერსიად, რომლის გავლაც განხორციელდა გადასახადის გადამხდელთან ერთად არაერთხელ, დეტალურად. შემოწმება მიუთითებს, რომ საბოლოო შედეგიც გავლილია გადამხდელთან და მას რაიმე სხვა დოკუმენტი/არგუმენტი გადაანგარიშების პროცესში არ წარუდგენია.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. ფულის ნაშთის ხელფასად კვალიფიკაცია.

2. ქონების გადასახადის ნაწილში ითხოვს შესწავლოს მისი რეალური წილი იმ ნაკვეთებთან მიმართებით, რომლებსაც ფლობს თანასაკუთრებით.

3. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადასახადის გადამხდელის მონაწილეობითა და მის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაკორექტირდა საწარმოს კრედიტორული დავალიანების ოდენობა. კერძოდ, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ნოტარიულად დამოწმებული შედარების აქტები უცხოელ მომწოდებლებთან. ასევე, დამატებით იქნა შესწავლილი უცხოელი მომწოდებლებისგან შეძენილი საქონლის სანაცვლოდ განხორციელებული გადახდები, რაც დაექვემდებარა კორექტირებას. კორექტირება განიცადა ასევე სალაროს გონივრულმა ნაშთმაც. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით გადაანგარიშებული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).ამასთან, პირის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და ახსნაგანმარტების ანალიზის შედეგად დაკორექტირდა კომპანიის მიერ დირექტორზე გაცემულ სესხად კვალიფიცირებული თანხა. შედეგად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული მოგების გადასახადი დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

2. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის და საჯარო რეესტრის ამონაწერების შესწავლის შედეგად შემოწმებამ გამიჯნა სხვა კომპანიისა და მომჩივანის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. შესაბამისად, გაანგარიშებული საგადასახადო ვალდებულებები ქონების გადასახადის ნაწილში დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)