გადაწყვეტილება №27300/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27300/2/2026
07 ივლისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ---------ი (ს/ნ ---------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,19.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------ის 6.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27300/2/2026,).
დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება - გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში აღიარებული საგადასახადო დავალიანების ასახვის გამო.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 4.12.2025 წლის №056-81 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 16.04.2026 წლის №8549 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 52 497.73 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 32 494.77
დღგ - (-8 820)
საშემოსავლო გადასახადი - 41 173.77
ქონების გადასახადი - 141
ჯარიმა - 15 337.3
საურავი - 4 665.66
გადასახდელად დარიცხული საშემოსავლო გადასახადი, რომლის გადახდის ვადა მოთხოვნის გამოცემის თარიღისათვის არ დამდგარა - 4 444.5 ლარი.
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა გადაზიდვის მომსახურება. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 1.03.2023 წელს.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 1.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, დარიცხვა განპირობებული შემდეგი გარემოებებით:
1. გადასახადის გადამხდელს მინიჭებული ჰქონდა მცირე მეწარმის სტატუსი 2024 წლის პირველ სექტემბრამდე. 2022 წლის კალენდარული წლის მიხედვით, მცირე ბიზნესის შემოსავლად გადამხდელს დაფიქსირებული ჰქონდა 75 937 ლარი, ხოლო 2023 და 2024 წლებში შესაბამისად 152 735 და 40 660 ლარი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და პირის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების საფუძველზე დადგინდა, რომ ი/მ --------ი შემოსავალს იღებდა საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების გაწევიდან. 2022 წლის კალენდარული წლის განმავლობაში მისი მიღებული შემოსავალი (საერთაშორისო გადაზიდვიდან) შეადგენდა 77 739 ლარს, 2023 წელს 178 629 ლარს, ხოლო 2024 წელს 165 916 ლარს.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილების გათვალისწინებით, მომჩივანს შეუმცირდა 1% საპროცენტო განაკვეთით დეკლარირებული ბრუნვა. ვინაიდან ფიზიკურმა პირმა სრულყოფილად ვერ წარადგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, მიღებული ერთობლივი შემოსავალი შეუმცირდა ამავე პერიოდში დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯით, ბანკში გადახდილი სასესხო ვალდებულების პროცენტითა და არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ხარჯებით. კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული გადაზიდვის მომსახურებასთან დაკავშირებული საწვავის ხარჯი გაანგარიშდა აუდირებული მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემების მიხედვით (ხარჯის მიღებულ შემოსავალთან შეპირისპირებით). 2022 წლის ხარჯმა შეადგინა 75 065 ლარი: მათ შორის საწვავის ხარჯი 26 431 ლარი, სხვა ხარჯი 48 634 ლარი. 2023 წლის ხარჯმა შეადგინა 117 525 ლარი: მათ შორის საწვავის ხარჯი 60 733 ლარი, სხვა ხარჯი 56 791ლარი. 2024 წლის ხარჯმა შეადგინა 77 026 ლარი: მათ შორის საწვავის ხარჯი 56 411ლარი, სხვა ხარჯი 20 615 ლარი. შედეგად, პირს 2022, 2023 და 2024 წლებში საანგარიშო პერიოდებში დაერიცხა წლიური საშემოსავლო გადასახადი 30 534 ლარის ოდენობით და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. ასევე, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით დარიცხული გადასახადი 2 693 ლარი.
2. გადასახადის გადამხდელს 2.06.2026 წელს საბაჟოს ტერიტორიაზე შემოყვანილი ჰყავს -------, ------- და ------ სატვირთო ავტომობილები. აღნიშნული ავტომობილები გამოყენებული აქვს ეკონომიკურ საქმიანობაში, კერძოდ, საერთაშორისო გადაზიდვებში. ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით, აღნიშნული საქმიანობა გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, მოხდა აღნიშნულ სატვირთო ავტომობილებზე, საბაჟოზე გადახდილი დღგ-ის თანხის 8 820 ლარის ჩათვლა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 4.12.2025 წლის №26744 ბრძანება და №056-81 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 29.01.2026 წლის №1563 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 6.03.2026 წლის №26707/2/2026 გადაწყვეტილებით:
1. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 29.01.2026 წლის №1563 ბრძანება;
2. საჩივრები მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 16.04.2026 წლის №8549 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადახდილი დღგ-ის თანხების ჩათვლებში და საწვავის ხარჯის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში ნაწილობრივ გათვალისწინების დავის საგნების ნაწილში, საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში აღიარებული საგადასახადო დავალიანების ასახვის გამო განუხილველი დარჩა.
შემოსავლების სამსახურის 16.04.2026 წლის №8549 ბრძანება, საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ი/მ -------ს (ს/ნ ---------) შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი 2025 წლის 30 დეკემბრის №99733/1/2025 საჩივრით სადავოდ არ გაუხდია 2022 წელს განხორციელებულ იმპორტზე გადახდილი დღგ-ის თანხების ჩათვლებში გათვალისწინების და შემოწმების მიერ შემოსავლის 34%-ის საწვავის ხარჯად მიჩნევის საკითხები. აღნიშნული საკითხები სადავოდ გახადა და მიუთითა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში 2026 წლის 6 მარტს წარდგენილ საჩივარში.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანება არის საგადასახადო დავალიანება, თუ პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება. საჩივარი არ განიხილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების ნაწილში.
ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმებსა და დადგენილ გარემოებაზე მითითებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 დეკემბრის №056-81 საგადასახადო მოთხოვნის მეწარმეზე ჩაბარებიდან (rs.ge პორტალზე გაეცნო 7.12.2025 წ.) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში საჩივრის (ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გადახდილი დღგ-ის თანხების ჩათვლებში ნაწილობრივ გათვალისწინებისა და საწვავის ხარჯის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში ნაწილობრივ გათვალისწინების ნაწილში) წარდგენამდე გასულია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადა, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საკითხი 1: ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გადახდილი დღგ-ს თანხების ჩათვლებში ნაწილობრივ გაუთვალისწინებლობა
კომპანიამ 2022-2023 წლებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტისას გადაიხადა საბაჟო იმპორტის დღგ - 16 380 ლარი, რომლიდანაც 8 820 ლარი წარმოადგენს მეწარმის მიერ 2023 წელს ავტოსატრანსპორტო საშუალების იმპორტისას დღგ-ს თანხას, ხოლო 7 560 ლარი წარმოადგენს 2022 წლის დეკემბრის (20 დეკემბერი) თვეში საქონლის იმპორტისას გადახდილ დღგ-ს თანხას.
მეწარმე დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირდა 2023 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდში.
მეწარმის მიერ ავტომობილის შეძენა განხორციელდა მათი საერთაშორისო გადაზიდვებში ე.ი. დღგს ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებში გამოყენების მიზნით. აღნიშნული ავტომობილების გამოყენება ფაქტობრივადაც განხორციელდა საერთაშორისო გადაზიდვებში.
საგადასახადო ორგანომ, დღგ-ს ჩათვლებში გაითვალისწინა, 2023 წლის იმპორტზე გადახდილი დღგ-ს თანხები (8 820 ლარი). 2022 წელს განხორციელებულ იმპორტზე გადახდილი დღგ-ს თანხები საგადასახადო ორგანომ დღგ-ს ჩათვლებში არ გაითვალისწინა, რადგან მეწარმე 2022 წელს დღგ-დ გადამხდელად რეგისტრირებული არ იყო.
საგადასახადო ორგანომ შემოწმების პროცესში არ გაითვალისწინა, რომ მეწარმემ 2022 წელს ავტოსატრანსპორტო საშუალების იმპორტი განახორციელა დეკემბრის ბოლოს (20 დეკემბერს) და რომ მეწარმის მიერ ავტომობილის ფაქტობრივი გამოყენება (ექსპლოატაცია) დაიწყო მეწარმის დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის პერიოდში (ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციისთვის საჭირო მდგომარეობაში მოყვანისა და მძღოლის მოძიების შემდეგ) და რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება დღგ-ს ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრ ოპერაციებში არ მომხდარა.
იურიდიული დასაბუთება:
მივიჩნევთ, რომ საგადასახადო ორგანოს პოზიცია იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია შემდეგი გარემოებების გამო:
მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მეწარმე ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტის განხორციელების მომენტში რეგისტრირებული არ იყო დღგ-ს გადამხდელად, არ არსებობს დღგ-ის ჩათვლის მიღების შემზღუდავი რაიმე სახის გარემოება:
ა) მეწარმემ ავტოსატრანსპორტო საშუალება შეიძინა მისი საერთაშორისო გადაზიდვებში გამოყენების მიზნით,ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალება ფაქტიურად იქნა გამოყენებული საერთაშორისო გადაზიდვებში,გ) მეწარმემ ავტომობილის გამოყენება დაიწყო დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის პერიოდში.
დ) იმ შემთხვევაშიც კი, თუ მეწარმეს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებით იანვარში განხორციელებული საზღვრის კვეთა ჩაითვლება ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციაში შეყვანად, დღგ-ს ახალი რეგულაციებით ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილი დღგ ჩათვლას მაინც ექვემდებარება.
ე) უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია შემოსავლების სამსახურის პოზიცია, რომელიც შინაარსობრივად გადამხდელს დაეთანხმა ჩათვლის უფლების არსებობაში, თუმცა განუხილველი დატოვა საკითხი იმ გარემოებაზე მითითებით, რომ თავდაპირველ საჩივარში აღნიშნული სადაო საკითხები მითითებული არ ყოფილა. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს ადმინისტრაციული საჩივარი დააზუსტოს არამარტო ზეპირი მოსმენის დაწყებამდე, არამედ ზეპირი მოსმენის დროსაც მიმდინარეობისას. ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის დროს გადამხდელს ბოლომდე არ ქონდა შესწავლილი საგადასახადო აქტის მართლზომიერების საკითხი და აღნიშნული შესწავლა დაამთავრა ადმინისტრაციული საჩივრის ჩაბარების შემდეგ. საგადასახადო შემოწმების აქტის დასაბუთებულობის შემოწმებისას გამოიკვეთა დღგ-ს ჩათვლის უფლების უკანონოდ გაუქმების საკითხი, რომლის დაყენებასაც გადამხდელი გეგმავდა დავის ზეპირ მოსმენაზე, თუმცა შემოსავლების სამსახურის მიერ საქმის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე განხილვის გამო გადამხდელს აღნიშნული უფლება წაერთვა. სწორედ აღნიშნული უფლების წართმევა გახდა საფუძველი, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ გააუქმა შემოსავლების სამსახურის ბრძანება და საქმე განსახილველად დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს, რაც ნიშნავს იმას, რომ გადამხდელის მიერ ფინანსთა სამინისტროში დაყენებული საკითხები (მ.შ. დაზუსტებული საკითხები) უნდა ჩაითვალოს გადამხდელის მიერ ვადაში დაზუსტებულად. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე აღნიშნული საკითხის ნაწილში დავის განუხილველი დატოვება იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
საკითხი 2: საწვავის ხარჯების ნაწილობრივ გათვალისწინება ფაქტობრივი გარემოებები:
საგადასახადო ორგანოს მიერ მეწარმის საწვავის ხარჯი გაანგარიშებული იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ საწვავის ხარჯი განისაზღვრა შემოსავლის 34%-ი.
იურიდიული დასაბუთება:
მივიჩნევთ, რომ საგადასახადო ორგანოს პოზიცია იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია შემდეგი გარემოებების გამო:
საგადასახადო ორგანოს მიერ საწვავის ხარჯის დადგენის პროცესში გამოყენებული პროცენტული მაჩვენებილი აღებულია შესადარისი საწარმოს ფინანსური მონაცემებიდან, რომელშიც გათვალისწინებულია ის გარემოებაც, რომ შესადარისმა საწარმომ საწვავის შესყიდვებზე მიიღო დღგ-ს ჩათვლა და მას დღგ-ს დანახარჯი ზედმეტ ხარჯად არ დააწვა.
მოცემულ შემთხვევაში კი მეწარმეს არ გააჩნია საწვავის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები, შესაბამისად სახეზეა გარემოება, რომ მეწარმეს არც შესამოწმებელ პერიოდში მიუღია საწვავის თანხებზე შესაბამისი ჩათვლები და ვერც მომავალში მიიღებს აღნიშნულს, რაც იმას ნიშნავს, რომ მეწარმის დასაბეგრი შემოსავლის გაანგარიშებისას საწვავის ხარჯის გაანგარიშებისას გათვალისწინებული უნდა იქნას მიუღებელი დღგ-ს ჩათვლების დანახარჯი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მეწარმის საწვავის დანახარჯი უნდა განისაზღვროს მისის შემოსავლის 40,12%-ის თანხით (=34%*1,18) .
უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია შემოსავლების სამსახურის პოზიცია, რომელმაც განუხილველი დატოვა საკითხი იმ გარემოებაზე მითითებით, რომ თავდაპირველ საჩივარში აღნიშნული სადაო საკითხები მითითებული არ ყოფილა. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს ადმინისტრაციული საჩივარი დააზუსტოს არამარტო ზეპირი მოსმენის დაწყებამდე, არამედ ზეპირი მოსმენის დროსაც მიმდინარეობისას. ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის დროს გადამხდელს ბოლომდე არ ქონდა შესწავლილი საგადასახადო აქტის მართლზომიერების საკითხი და აღნიშნული შესწავლა დაამთავრა ადმინისტრაციული საჩივრის ჩაბარების შემდეგ. საგადასახადო შემოწმების აქტის დასაბუთებულობის შემოწმებისას გამოიკვეთა საგადასახადო ორგანოს მიერ საწვავის დანახარჯების ნაწილობრივ არ გათვალისწინების საკითხი, რომლის დაყენებასაც გადამხდელი გეგმავდა დავის ზეპირ მოსმენაზე, თუმცა შემოსავლების სამსახურის მიერ საქმის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე განხილვის გამო გადამხდელს აღნიშნული უფლება წაერთვა. სწორედ აღნიშნული უფლების წართმევა გახდა საფუძველი, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ გააუქმა შემოსავლების სამსახურის ბრძანება და საქმე განსახილველად დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს, რაც ნიშნავს იმას, რომ გადამხდელის მიერ ფინანსთა სამინისტროში დაყენებული საკითხები (მ.შ. დაზუსტებული საკითხები) უნდა ჩაითვალოს გადამხდელის მიერ ვადაში დაზუსტებულად.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე აღნიშნული საკითხების ნაწილში საჩივრის განუხილველი დატოვება იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურმა არამართლზომიერად დატოვა საჩივარი განუხილველად.
საბჭოს 6.03.2026 წლის №26707/2/2026 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, საბჭომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მიუთითა შემდეგი:
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, მითუმეტეს, რომ შემოსავლების სამსახურს მე-3 (ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გადახდილი დღგის თანხების ჩათვლებში ნაწილობრივ გათვალისწინება) და მე-4 (საწვავის ხარჯის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში ნაწილობრივ გათვალისწინება) დავის საგნების ნაწილში საერთოდ არ უმსჯელია, ვინაიდან, შემოსავლების სამსახურში 30.12.2025 წელს წარდგენილ №99733/1/2025 საჩივარში არ ჰქონდა დაფიქსირებული და როგორც მომჩივანი ზემოთ განმარტავს აღნიშნული საკითხების დაყენებას აპირებდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებული საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები საჭიროებს შესწავლას, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ დაზუსტებულ საჩივარში დასახელებული სადავო საკითხები, საჭიროებს დამატებით შესწავლას, მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც წარმოდგენილი საჩივრები, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს“.
გამომდინარე აქედან:
1. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 29.01.2026 წლის №1563 ბრძანება;
2. საჩივრები მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 16.04.2026 წლის №8549 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გადახდილი დღგ-ის თანხების ჩათვლებში და საწვავის ხარჯის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში ნაწილობრივ გათვალისწინების ნაწილში საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში აღიარებული საგადასახადო დავალიანების ასახვის გამო განუხილველი დარჩა.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 დეკემბრის №056-81 საგადასახადო მოთხოვნის მეწარმეზე ჩაბარებიდან (rs.ge პორტალზე გაეცნო 7.12.2025 წ.) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში საჩივრის (ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გადახდილი დღგ-ის თანხების ჩათვლებში ნაწილობრივ გათვალისწინებისა და საწვავის ხარჯის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში ნაწილობრივ გათვალისწინების ნაწილში) წარდგენამდე გასულია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადა, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭო განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ვინაიდან საბჭომ 6.03.2026 წლის №26707/2/2026 გადაწყვეტილებით გაიზიარა მომჩივნის არგუმენტი, რომ მომჩივნის გარეშე საჩივრის განხილვით მომჩივანს არ მიეცა არგუმენტების სრულად წარმოდგენის შესაძლებლობა ამიტომაც, საჩივარი, მათ შორის ზეპირ განხილვაზე დასახელებული დავის საგნების (ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გადახდილი დღგ-ის თანხების ჩათვლებში ნაწილობრივ გათვალისწინება) და (საწვავის ხარჯის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში ნაწილობრივ გათვალისწინება) ნაწილში განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, რაც შემოსავლების სამსახურს არ განუხორციელებია.
მომჩივანი, როგორც შემოსავლების სამსახურში, ისე დავების განხილვის საბჭოში თავდაპირველად წარდგენილი საჩივრებით, სადავო აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 დეკემბრის №056-81 საგადასახადო მოთხოვნას ასაჩივრებდა, რაზეც შინაარსობრივად ნამსჯელი აქვთ დავის განმხილველ ორგანოებს, კერძოდ, როგორც ზემოთ აღინიშნა, შემოსავლების სამსახურს 29.01.2026 წლის №1563 ბრძანებით მიღებული აქვს გადაწყვეტილება საჩივრის არ დაკმაყოფილების შესახებ, ხოლო საბჭოს 6.03.2026 წლის №26707/2/2026 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გამომდინარე აქედან, ხსენებულ სადავო საგადასახადო მოთხოვნაში აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობაზე მითითება საფუძველმოკლებულია.
საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ერთის მხრივ დავის განმხილველი ორგანო გადაწყვეტილებაში აპელირებს მომჩივნის მხრიდან გასაჩივრების ვადის დარღვევაზე და განმარტავს, რომ გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადა დარღვეულია და არ არის დაცული, ხოლო მე-2 მხრივ განუხილველად დატოვების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს არა საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტს, არამედ საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურმა არამართლზომიერად დატოვა საჩივარი, საბჭოში არსებული დავის საგნის ნაწილში განუხილველად, შედეგად, საჩივარი (ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადახდილი დღგ-ის თანხების ჩათვლებში და საწვავის ხარჯის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში ნაწილობრივ გათვალისწინების დავის საგნების ნაწილში), მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 16.04.2026 წლის №8549 ბრძანება;
3. საჩივარი, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის განუხილველად დატოვება - გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში აღიარებული საგადასახადო დავალიანების ასახვის გამო.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით ირკვევა,რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და პირის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების საფუძველზე დადგინდა, რომ ი/მ-ს შემოსავალს იღებდა საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების გაწევიდან. 2022 წლის კალენდარული წლის განმავლობაში მისი მიღებული შემოსავალი (საერთაშორისო გადაზიდვიდან) შეადგენდა 77 739 ლარს, 2023 წელს 178 629 ლარს, ხოლო 2024 წელს 165 916 ლარს.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილების გათვალისწინებით, მომჩივანს შეუმცირდა 1% საპროცენტო განაკვეთით დეკლარირებული ბრუნვა. ვინაიდან ფიზიკურმა პირმა სრულყოფილად ვერ წარადგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, მიღებული ერთობლივი შემოსავალი შეუმცირდა ამავე პერიოდში დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯით, ბანკში გადახდილი სასესხო ვალდებულების პროცენტითა და არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ხარჯებით. შედეგად, პირს 2022, 2023 და 2024 წლებში საანგარიშო პერიოდებში დაერიცხა წლიური საშემოსავლო გადასახადი 30 534 ლარის ოდენობით და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. ასევე, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით დარიცხული გადასახადი 2 693 ლარი.
ამასთან,გადასახადის გადამხდელს 2.06.2026 წელს საბაჟოს ტერიტორიაზე შემოყვანილი ჰყავს სატვირთო ავტომობილები. აღნიშნული ავტომობილები გამოყენებული აქვს ეკონომიკურ საქმიანობაში, კერძოდ, საერთაშორისო გადაზიდვებში. ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით, აღნიშნული საქმიანობა გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, მოხდა აღნიშნულ სატვირთო ავტომობილებზე, საბაჟოზე გადახდილი დღგ-ის თანხის 8 820 ლარის ჩათვლა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა №26744 ბრძანება და №056-81 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №1563 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.რომლის №26707/2/2026 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №1563 ბრძანება და საჩივრები მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის №8549 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადახდილი დღგ-ის თანხების ჩათვლებში და საწვავის ხარჯის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში ნაწილობრივ გათვალისწინების დავის საგნების ნაწილში, საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში აღიარებული საგადასახადო დავალიანების ასახვის გამო განუხილველი დარჩა.
შემოსავლების სამსახურის №8549 ბრძანება, საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურმა არამართლზომიერად დატოვა საჩივარი, საბჭოში არსებული დავის საგნის ნაწილში განუხილველად, შედეგად, საჩივარი (ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადახდილი დღგ-ის თანხების ჩათვლებში და საწვავის ხარჯის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში ნაწილობრივ გათვალისწინების დავის საგნების ნაწილში), მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301( „ლ“);