ბრძანება N 13529
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 13529
19 ივნისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ----- (ს/ნ -----) (მის.:----- )
2026 წლის 10 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 17 ივნისის სხდომაზე (ოქმი N 52) განიხილა ი/მ ----- (ს/ნ -----) 2026 წლის 10 ივნისის N 102779/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის პირველი ივნისის N 001-108 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი შეცდომა/არცოდნაზე მითითებით ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას. განმარტავს, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების შესახებ.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 18 თებერვლის N 3542 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ----- (ს/ნ ----- ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორესთან დაკავშირებით. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 28 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 29 მაისის N 11780 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და პირველი ივნისის N 001-108 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 20 385 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 12 047 ლარი, ჯარიმა 3 505 ლარი და საურავი 4 833 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების მონაცემებით, პირი გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2010 წლის 18 აგვისტოს, მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭა 2013 წლის 21 ივნისს, ხოლო რეგისტრაცია გაიუქმა ამავე წლის 6 სექტემბერს. გადასახადის გადამხდელის იურიდიული მისამართია -----. გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი ახსნა - განმარტებით, საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო/საბითუმო ვაჭრობა საყოფაცხოვრებო ნივთებით (რკინა /კავეული) ქ. -----. გადასახადის გადამხდელის საქონლის შეძენას ახორციელებდა დოკუმენტურად -----. მისი განმარტებით, სასაქონლო - მატერიალური მარაგების საბოლოო ნაშთი არ გააჩნია, საქონელი სრულად არის რეალიზებული. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება სასაქონლო ზედნადებებით საქონლის შესყიდვა და რეალიზაცია. შემოსავლის მიღება ფიქსირდება საკონტროლო - სალარო აპარატისა და პოს - ტერმინალის მონაცემებით. ამასთან, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბანკის ამონაწერებში იურიდიული და ფიზიკური პირებისგან ჩარიცხულია თანხები, რომელიც ასევე გათვალისწინებულია პირის მიღებულ შემოსავლებში. არსებული მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა გადასახადის გადამხდელის დღგ-თ დასაბეგრი ბრუნვა, რომელმაც უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში გადააჭარბა 100 000 ლარს. შედეგად, შემოწმებით, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი განესაზღვრა 2023 წლის 17 ოქტომბერს. შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 70 107 ლარი. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღიდან უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს არ გადააჭარბა. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1651 მუხლის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს გაუუქმდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია 2024 წლის პირველ ნოემბერს.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 1601 ,163-ე, 164-ე, 165-ე და 1651 მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა გადასახადი - 12 054 ლარი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ხოლო მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა საქმიანობისთვის დამახსიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ----- (ს/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი შეცდომა/არცოდნაზე მითითებით ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადამოწმდა მეწარმის საქმიანობა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის სისწორესთან დაკავშირებით. შემოწმების საფუძველზე შედგა აქტი, გამოიცა შესაბამისი გადაწყვეტილება და გადასახადის გადამხდელს დამატებით დაეკისრა გადასახადი, ჯარიმა და საურავი.
გადაწყვეტილება:
საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 282; 270 (1;2); 272; 269(7);.