1. თუ პირის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული ამ კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციების (გარდა ოპერაციებისა, რომელიც ამ კოდექსის შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ-ისგან, ამ კოდექსის 165-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით) ჯამური თანხა დღგ-ის გარეშე 100 000 ლარს არ აღემატება და მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან 1 წელია გასული, მას შეუძლია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. პირის თანხმობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნების მიუხედავად, საკუთარი ინიციატივით გააუქმოს ამ პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. ამ ნაწილის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

3. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია უქმდება:

ა) საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას − სახელმწიფო/სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების თარიღიდან;

ბ) პირის გარდაცვალებისას − გარდაცვალების თარიღიდან;

გ) დღგ-ის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე პირის განცხადებისას ან თანხმობისას პირის წერილობითი მიმართვის/თანხმობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან;

დ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გაკოტრების რეჟიმის გახსნისას − სასამართლოს მიერ გამოტანილი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოქვეყნებიდან.

4. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817  – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7169  – ვებგვერდი, 25.09.2020წ.

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4022 – ვებგვერდი, 28.12.2023