გადაწყვეტილება №27754/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
27 ივლისი 2026
N 27754/2/2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ----- (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 09.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 27754/2/2026).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 01.06.2026 წლის N 001-108 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 19.06.2026 წლის N 13529 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 20 385,99 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 12 047 ლარი;
ჯარიმა - 3 505 ლარი.
საურავი - 4 833,99 ლარი.
ფაქტების აღწერა:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა რკინა კავეულით ვაჭრობა. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 18.08.20210 წელს, მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭა 21.06.2013 წელს რომელიც გაუუქმდა 06.09.2013 წელს.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 01.01.2023 წლიდან 01.02.2026 წლამდე პერიოდის თემატური, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა, ამავე პერიოდში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორე.
შემოწმების შედეგები აისახა 28.05.2026 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის საქონლის შეძენას ახორციელებდა დოკუმენტურად, -----. მისი განმარტებით, სასაქონლო - მატერიალური მარაგების საბოლოო ნაშთი არ გააჩნდა, საქონელი სრულად იყო რეალიზებული. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა სასაქონლო ზედნადებებით საქონლის შესყიდვა და რეალიზაცია. შემოსავლის მიღება ფიქსირდებოდა საკონტროლო - სალარო აპარატისა და პოს - ტერმინალის მონაცემებით. ამასთან, გადამხდელის მიერ შემმოწმებელთათვის წარმოდგენილი ბანკის ამონაწერებში იურიდიული და ფიზიკური პირებისგან ჩარიცხული ჰქონდა თანხები, რომელიც ასევე გათვალისწინებული იყო პირის მიღებულ შემოსავლებში. არსებული მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა გადასახადის გადამხდელის დღგ-თ დასაბეგრი ბრუნვა, რომელმაც გადააჭარბა 100 000 ლარს. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2023 წლის 17 ოქტომბერი. შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 70 107 ლარი. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღიდან უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებულმა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს არ გადააჭარბა. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 1651 მუხლის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს გაუუქმდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია 2024 წლის პირველ ნოემბერს.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 1601, 163-ე, 164-ე, 165-ე და 1651 მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზეც 29.05.2026 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის N 11780 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა 01.06.2026 წლის N 001-108 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 19.06.2026 წლის N 13529 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისას მოქმედებდა საქმიანობისთვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია:
გაიკეთა ოპერაცია და ჯანმრთელობის გაუარესების გამო გამორჩა მხედველობიდან. ჰყავს დევნილის სტატუსით შვილი, ასევე სოც. დაუცველი სტატუსით შვილიშვილი და გარდაცვლილი ომის ვეტერანი მეუღლე. ითხოვს მისი მდგომარეობის გათვალისწინებას და დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საჩივარში აღნიშნულია, რომ სამართალდარღვევა გამოიწვია საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის პერიოდისთვის მომჩივანის რთულმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ. იმავდროულად მომჩივანი აღწერს მის მძიმე სოციალურ მდგომარეობას და აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციებისგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია ეკუთვნოდა, რის გამოც დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა. მან გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება:
საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 282; 272; 269(7);.