ბრძანება N 13090
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 13090
15 ივნისი 2026
ბრძანება
ი/მ "--------" (ს/ნ "--------")
(მის.: "--------")
2026 წლის 23 მაისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 3 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №46) განიხილა ი/მ "--------"-ის (ს/ნ "--------") №102547/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 20 მაისის №001-95 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრასა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებას. ითხოვს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების სისწორისა და კონკრეტული ციფრების აუდიტორთან ერთად გავლას.
2. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ იგი ერთადერთი დასაქმებულია ოჯახში და უვლის ორსულ ცოლსა და მოხუც დედას. ამასთან, მისი განზრახვა არ ყოფილა საგადასახადო ვალდებულებების დამალვა და აღნიშნული გამოწვეულია ბუღალტრის დაუდევრობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, ითხოვს ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 23 აპრილის №8961 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ "--------"-ის (ს/ნ "--------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 15 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2026 წლის 20 მაისის №11175 ბრძანება და ამავე თარიღის №001-95 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა სულ 18 692 ლარი, მათ შორის გადასახადი 11 632 ლარი, ჯარიმა 4 261 ლარი და საურავი 2 799 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
პირი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2013 წლის 23 ოქტომბერს, მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი 2015 წლის 3 აპრილს. საქმიანობის სახეს წარმოადგენს მობილურ ტელეფონებზე დამცავი ფირის გადაკვრას. გადასახადის გადამხდელს 2013 წლის 24 ოქტომბრიდან უფიქსირდება 2 მოქმედი სალარო აპარატი, ხოლო 2024 წლის ივნისიდან რეგისტრირებული აქვს 2 პოსტტერმინალი შემდეგ მისამართზე,"--------". შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი თანამშრომლობდა შემოწმებასთან და მის მიერ გამოგზავნილი იქნა ცნობა საბანკო ანგარიშების შესახებ და აღნიშნული ანგარიშების ამონაწერები. სალაროსა და პოს-ტერმინალიდან მიღებული თანხების გარდა, შემოსავალში აღებული იქნა საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხები, რომლებიც გაშიფრული იქნა მომსახურების გაწევად/საქონლის მიწოდებად და იბეგრება დღგ-ით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციისა და გადამხდელის საბანკო ანგარიშების ანალიზის შედეგად, შემოწმებამ დაადგინა, რომ პირის მიერ განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა ოდენობამ ბოლო უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში გადააჭარბა 100 000 ლარს, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო 2 დღის ვადაში მიემართა საგადასახადო ორგანოსთვის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მოთხოვნით, რაც არ განუხორციელებია. ყოველივე ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო შემოწმების მიერ, 2024 წლის 26 ივნისიდან, განესაზღვრა დღგის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება და ამ თარიღის შემდგომ განხორციელებული ოპერაციები დაიბეგრა დღგ-ით. 2025 წლის ივნისიდან გადასახადის გადამხდელის ბოლო უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში პირის ჯამური თანხა დღგ-ის გარეშე აღარ აჭარბებდა 100 000 ლარს და მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან გასული იყო 1 წელი. პირმა მომართა საგადასახადო ორგანოს რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით, შესაბამისად, პირი 2025 წლის ივლისიდან აღარ მიიჩნევა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირად.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე, 89-ე, 92-ე, 165-ე, 159-ე, 164-ე, 1651 , 166-ე და 168-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება, ამ კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
ამავე მუხლის, მე-2 ნაწილის თანახმად დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურება გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1651 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ პირის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული ამ კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციების (გარდა ოპერაციებისა, რომელიც ამ კოდექსის შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ-ისგან, ამ კოდექსის 165-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით) ჯამური თანხა დღგ-ის გარეშე 100 000 ლარს არ აღემატება და მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან 1 წელია გასული, მას შეუძლია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციისა და გადამხდელის საბანკო ანგარიშების ანალიზის შედეგად, პირის მიერ განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა ოდენობამ ბოლო უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში გადააჭარბა 100 000 ლარს და 2024 წლის 26 ივნისიდან დაუდგინდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. ამასთან, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისა და დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრისას სალაროსა და პოს-ტერმინალიდან მიღებული თანხების გარდა გათვალისწინებულ იქნა ანგარიშზე ჩარიცხული ის თანხები, რომელიც იბეგრება დღგ-ით და გაშიფრულ იქნა მომსახურების გაწევად/საქონლის მიწოდებად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სალაროსა და პოს-ტერმინალიდან მიღებული, ასევე დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის ფარგლებში მიღებული თანხების საფუძველზე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრა, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების დადგენა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა რაიმე არგუმენტი/დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებულ სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტებზე, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომით, კანონის არცოდნით, მისი მიზანი არ ყოფილა გადასახადების დამალვა, ასევე მიუთითებს ფინანსურ პრობლემებზე. აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს შეფარდებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში. მომჩივანი არასწორად აფასებდა ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შესაბამისად, ი/მ "--------" (ს/ნ "--------"), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 20 მაისის №001- 95 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკისრებული ჯარიმისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ "--------"-ის (ს/ნ "--------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ი/მ "--------" (ს/ნ "--------"), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 20 მაისის №001-95 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკისრებული ჯარიმისაგან;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრასა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებას. ითხოვს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების სისწორისა და კონკრეტული ციფრების აუდიტორთან ერთად გავლას.
2.გადამხდელი, სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, ითხოვს ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
პირი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2013 წლის 23 ოქტომბერს, მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი 2015 წლის 3 აპრილს. საქმიანობის სახეს წარმოადგენს მობილურ ტელეფონებზე დამცავი ფირის გადაკვრას. გადამხდელს 2013 წლის 24 ოქტომბრიდან უფიქსირდება 2 მოქმედი სალარო აპარატი, ხოლო 2024 წლის ივნისიდან რეგისტრირებული აქვს 2 პოსტტერმინალი.
შემოწმებამ დაადგინა, რომ პირის მიერ განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა ოდენობამ ბოლო უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში გადააჭარბა 100 000 ლარს, შესაბამისად, გადამხდელი ვალდებული იყო 2 დღის ვადაში მიემართა საგადასახადო ორგანოსთვის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მოთხოვნით, რაც არ განუხორციელებია.გადამხდელს, საგადასახადო შემოწმების მიერ, 2024 წლის 26 ივნისიდან, განესაზღვრა დღგის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება და ამ თარიღის შემდგომ განხორციელებული ოპერაციები დაიბეგრა დღგ-ით. 2025 წლის ივნისიდან გადასახადის გადამხდელის ბოლო უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში პირის ჯამური თანხა დღგ-ის გარეშე აღარ აჭარბებდა 100 000 ლარს და მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან გასული იყო 1 წელი. პირმა მომართა საგადასახადო ორგანოს რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით, შესაბამისად, პირი 2025 წლის ივლისიდან აღარ მიიჩნევა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირად.პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში.მომჩივანი არასწორად აფასებდა ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შესაბამისად, მომჩივანი სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს სსკ-ის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკისრებული ჯარიმისაგან.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
163,165,282