ბრძანება N 11301

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 22.05.2026
№ დოკუმენტი 11301
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11301

22 მაისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ------- (ს/ნ ---------------)

(მის.: ----------------------------)

2026 წლის 15 მაისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 20 მაისის სხდომაზე (ოქმი №40) განიხილა ი/მ ----- (ს/ნ -----) 2026 წლის 15 მაისის №102384/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 22 აპრილის №006-137 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ სარგებლობდა მცირე ბიზნესის სტატუსით და არ ჰქონდა ინფორმაცია 100 000 ლარიან ზღვარზე გადაცილების შემდეგ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების შესახებ. აღნიშნული ვალდებულების თაობაზე კი შემოწმებისგან გაიგო. აცხადებს, რომ გადახდილი აქვს გადასახადი, შესაბამისად, შეცდომა/არცოდნაზე მითითებით, ითხოვს სანქციის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 18 თებერვლის №3545 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ---- (ს/ნ ----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 21 აპრილს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 22 აპრილის №8829 ბრძანება და ამავე თარიღის №----- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 32 510 ლარი, მათ შორის, გადასახადი 20 216 ლარი, ჯარიმა 6 648 ლარი, საურავი 5 646 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

ი/მ ----- გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2014 წლის 2 აპრილს. პირი ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა მცირე ბიზნესის სტატუსით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ------. ფლობს მცირე საოჯახო მარანს, სადაც აწარმოებს ღვინოს. წარმოებული ღვინო რეალიზდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე იგზავნება ექსპორტზე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში. პირი არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული. გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით მიღებული შემოსავლების მიხედვით უფიქსირდება უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში 100 000 ლარის ბრუნვა, შესაბამისად, აღნიშნული თარიღიდან, 19 140 ლარიანი ოპერაციიდან, წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1651 მუხლის მიხედვით, 2024 წლის პირველი დეკემბრიდან, გადამხდელს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების უფლება. გადასახადის გადამხდელის წერილობითი განცხადებით აღნიშნული გარემოება გათვალისწინებულ იქნა შემოწმების მიერ და შესაბამისი პერიოდით განხორციელდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმება. 2025 წლის 22 სექტემბრის მდგომარეობით მიღებული შემოსავლების მიხედვით გადასახადის გადამხდელს კვლავ უფიქსირდება უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში 100 000 ლარის ბრუნვა, შესაბამისად აღნიშნული თარიღიდან, 105 ლარიანი ოპერაციიდან, ისევ წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. შემოწმების შედეგად გამოვლენილი დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 132 975 ლარს. შესაბამისად, გაწეული მომსახურებისა და რეალიზებული პროდუქციის საფუძველზე, გაანგარიშდა დღგ. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც არ ჰქონდა ინფორმაცია 100 000 ლარიან ზღვარზე გადაცილების შემდეგ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების შესახებ. ასევე აცხადებს, რომ გადახდილი აქვს გადასახადი, რაც ასევე დასტურდება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითაც.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში. მომჩივანი არასწორად აფასებდა ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს, შესაბამისად, ი/მ -----(ს/ნ -----), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 22 აპრილის №------საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე გადასახდელად განსაზღვრული ჯარიმისაგან.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ----- (ს/ნ -----) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. ი/მ ----- (ს/ნ ------), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 22 აპრილის №----- საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე გადასახდელად განსაზღვრული ჯარიმისაგან;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი შეცდომა/არცოდნაზე მითითებით, ითხოვს სანქციის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ინდივიდუალური მეწარმის საქმიანობაა, მცირე ბიზნესის სტატუსით საოჯახო მარნის ფლობასა და ღვინის წარმოება-რეალიზაციას, როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე.

2023 წლის ნოემბერში უწყვეტი 12 თვის ბრუნვამ გადააჭარბა 100 000 ლარს, რის გამოც კონკრეტული ოპერაციიდან წარმოიშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. მოგვიანებით, 2024 წლის დეკემბრიდან, ბიზნესმა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და წერილობითი განცხადების საფუძველზე გააუქმა აღნიშნული რეგისტრაცია. მიუხედავად ამისა, 2025 წლის სექტემბერში მიღებული შემოსავლებით კვლავ დაფიქსირდა 100 000 ლარიანი ლიმიტის გადაჭარბება, რამაც ხელახლა წარმოშვა რეგისტრაციის სავალდებულო პირობა. საბოლოოდ, შემოწმების შედეგად გამოვლინდა 132 975 ლარის დასაბეგრი ბრუნვა, რის საფუძველზეც განხორციელდა გადასახადისა და ჯარიმის დარიცხვა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში. მომჩივანი არასწორად აფასებდა ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს, შესაბამისად უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 22 აპრილის №006-137 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე გადასახდელად განსაზღვრული ჯარიმისაგან.

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:282;267