გადაწყვეტილება №26503/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26503/2/2026
17 თებერვალი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,6.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------”-ის 20.01.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26503/2/2026).
დავის საგანი:
1. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის განსაზღვრა;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 3 ნოემბრის №002-158 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 31 დეკემბრის №29015 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 23 445,74 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 13 086,88
ჯარიმა - 4 430,80
საურავი - 5 928,06
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა კომპიუტერის აქსესუარებით ვაჭრობა. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ოქტომბრის № 22161 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის 25 ივლისიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 30 იანვრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რის საფუძველზეც გამოიცა 2025 წლის 3 ნოემბრის №24199 ბრძანება და ამავე თარიღის № 002-158 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 31 დეკემბრის №29015 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის განსაზღვრა
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხამ 2023 წლის 5 აპრილს გადააჭარბა 100 000 ლარს. ამ თარიღიდან გადასახადის გადამხდელს დაუდგინდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება.
გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავლები დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას, ხოლო რეგისტრაციის თარიღის შემდეგ მიღებული და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დაექვემდებარა ჩათვლას. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის 5%-ის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 1651 მუხლის პირველ ნაწილზე, 159- ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
2022 წლის 21 სექტემბერს კომპანიას სულ ერთხელ აქვს შემოტანილი საქონელი (საბაჟო დეკლარაცია ,თანხა 21748,17 ევრო (69080,84 ლარი) რაოდენობა 726 ცალი, სხვა საქონელი კომპანიას არ მიუღია და არც ადგილობრივ არ შეუსყიდია.
რეალიზაციის დროს ჰქონდა საშუალო ფასნამატი 31%, აქედან გამომდინარე სულ რომ გაენაშთა ჩამოტანილი საქონელი მაინც ვერ ადიოდა 100 000 ლარზე. შემოწმების პროცესში აღმოაჩინეს რომ 2023 წლის 6 მარტს მის მიერ შესანახად მომზადებული ზედნადები შეცდომით ჰქონდა გააქტიურებული და მიენიჭა ნომერი 0725850645, მოცემული ზედნადები იყო შეცდომით გააქტიურებული და არ მოხდა დროულად მისი გაუქმება, რამაც გამოიწვია მისი კომპანიის 2023 წლის 05 აპრილიდან დღგ გადამხდელად რეგისტრაცია. ფაქტიურად არ აჭარბებდა 100 000 ლარიან ზღვარს, ასევე შემოწმების დროს გათვალისწინებული ატვირთული ზედნადებებიდან ჩანს რომ 2023 წლის 05 აპრილის ჩათვლით არის გაყიდული 985 ცალი რაც რეალურად არ ჰქონდა მარაგში.
ითხოვს, გაუქმდეს დღგ-ის რეგისტრაცია და გაუქმდეს საგადასახადო მოთხოვნა. როდესაც გახსნეს კომპანია და შემოიტანეს საქონელი არ ჰქონდა საშუალება აეყვანა ბუღალტერი და რადგან არ ცხოვრობდა ბევრი წლები საქართველოში, არ იცოდა კარგად საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, ეგონა რომ ს/ზ 0725850645 იყო შენახულებში და არა აქტიურებში. ითხოვს, განხილულ იქნას კომპანია როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი (საგადასახადო კოდექსის მუხლი 269 მე-7), რომელმაც უცოდინარობით დაუშვა შეცდომა.
მომჩივნის მოითხოვს გადაანგარიშდეს კომპანიის ბრუნვა 05.04.2023 გაყიდული საქონლის რაოდენობების გათვალისწინებით და გაუუქმდეს დღგ-სდ რეგისტრაცია, გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ, გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, 2023 წლის 5 აპრილს გადააჭარბა 100 000 ლარს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასაქონლო ზედნადები (0725850645), რომელზეც მომჩივანი მიუთითებს წარმოდგენილ საჩივარში, არ არის გაუქმებული.
ვინაიდან, მომჩივანს საბჭოში საჩივრის განხილვის ეტაპზე არ აქვს წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი გახდებოდა, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი (2023 წლის 5 აპრილი) მართებულად არის განსაზღვრული. ამდენად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 3 ნოემბრის №002-158 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, მომჩივანს შეეფარდა ჯარიმა 4 430,80 ლარის ოდენობით და დაეკისრა საურავი - 5 928,06 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 282-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის არგუმენტები წარმოდგენილია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივნი მოითხოვს გადაანგარიშდეს კომპანიის ბრუნვა 05.04.2023 გაყიდული საქონლის რაოდენობების გათვალისწინებით და გაუუქმდეს დღგ-ს რეგისტრაცია, გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება.
2.მომჩივნის არგუმენტები წარმოდგენილია პირველი დავის საგნის ნაწილში.
ფაქტობრივი გარემოებები
1.გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხამ 2023 წლის 5 აპრილს გადააჭარბა 100 000 ლარს. ამ თარიღიდან გადასახადის გადამხდელს დაუდგინდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება.გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავლები დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას, ხოლო რეგისტრაციის თარიღის შემდეგ მიღებული და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დაექვემდებარა ჩათვლას. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და შეეფარდა სსკ-ის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
2.აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, მომჩივანს შეეფარდა ჯარიმა 4 430,80 ლარის ოდენობით და დაეკისრა საურავი - 5 928,06 ლარი.
გადაწყვეტილება
1.საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი მართებულად არის განსაზღვრული. ამდენად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2.საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
163,165,282.