გადაწყვეტილება №21779/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.03.2024
№ დოკუმენტი 21779/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21779/2/2024

21 მარტი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "-------"-ს (ს/ნ "------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "------"-ის 3.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21779/2/2024).

 

დავის საგანი:

1. საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან ქონების გატანის საფუძველით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.10.2023 წლის №007-303 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 13.12.2023 წლის №31455 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 593 284.76 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 354 573

დღგ - 138 355

მოგების გადასახადი - 168 482

საშემოსავლო გადასახადი - 47 736

ჯარიმა - 177 287

საურავი - 61 424.76

 

პროცედურული გარემოებები

იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება.

საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 29.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2023 წლის №24785 ბრძანება და ამავე თარიღის №007-271 საგადასახადო მოთხოვნა.

ამასთან, 17.10.2023 წელს აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა, რომლითაც ირკვევა, რომ შემოწმების პროცესში, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, არ იშიფრებოდა გადასახადის გადამხდელის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ფაქტი. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაგზავნილ იქნა წერილი შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში, შპს „------- -ის “ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო წესით რეგისტრაციასთან დაკავშირებით. 12.10.2023 წლის №"-------" საპასუხო წერილით ირკვევა, რომ გადამხდელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილ პერიოდში რეგისტრირებული იყო დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად. აღნიშნულის გათვალისწინებით, ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, კომპანიის მიმართ საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულმა ჯარიმის თანხამ განიცადა კორექტირება, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით დარიცხული ჯარიმის ნაცვლად კომპანიას დაერიცხა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. შედეგად, კომპანიას ჯარიმის სახით ნაცვლად 146 541 ლარისა დაეკისრა 177 287 ლარი.

აღნიშნულზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.10.2023 წლის №26452 ბრძანება და ამავე თარიღის №007-303 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები 2023 წლის 11 ოქტომბერს და 18 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.12.2023 წლის №31455 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან ქონების გატანის საფუძველით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები 10.10.2022 წელს "--------"-ის , 100%-იანი წილის მქონე დამფუძნებლის, განცხადების საფუძველზე ქ."-------"-ში "-------"-ზე არსებული ფართი "-------" გამოტანილი იქნა კომპანიის საწესდებო კაპიტალიდან და დარეგისტრირდა "-------"-ის სახელზე, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერებით.

საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საწარმოს დღგით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 2022 წლის ოქტომბერში, დამფუძნებელზე გადაცემული ბინის ღირებულებით. შედეგად, კომპანიას დაერიცხა დღგ. ასევე, საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის, 96-ე, 97-ე, 981 , 130-ე და 154-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, საწარმოს წილის სანაცვლოდ ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა/განაცემის ის ნაწილი, რომელიც კაპიტალში პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას აღემატება (კაპიტალიდან შენატანის უკან დაბრუნების მომენტისა და კაპიტალში შენატანის განხორციელების მომენტისთვის ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის სხვაობა) დაიბეგრა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით, ხოლო დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირებისათვის, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ 10.10.2022 წელს დამფუძნებლის განცხადების საფუძველზე, ქ. "-------"-ში "-------"-ზე არსებული ფართი გამოტანილი იქნა კომპანიის საწესდებო კაპიტალიდან და დარეგისტრირდა ამავე პირის სახელზე, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერებით

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან ქონების გატანის საფუძველზე განსაზღვრული ვალდებულებები მართლზომიერია. ამასთან, გადამხდელის არგუმენტთან, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას არ ყოფილა გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდი. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

26.09.2018 წელს კომპანიის მიერ სს „------ ბანკისგან “ შეძენილია შენობა-ნაგებობა 177,72 კვ.მ, რომელიც მდებარეობს ქ. "-------","-------", საკადასტრო კოდი "-------" შენობა-ნაგებობის შეძენის საფუძველია „უძრავი ქონების ვალდებულებით ნასყიდობის ხელშეკრულება სს „------ ბანკთან “, რაზედაც გამოწერილია სს „------ბანკის“ მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა №"-------" თანხით 325 227,60 ლარი დღგ-ის ჩათვლით. აღნიშნულის მიხედვით შენობა-ნაგებობის საწყისი საბალანსო ღირებულება დღგ-ის გარეშე არის 275 616,61 ლარი.

შეძენის მომენტში შენობა იყო შავი კარკასის მდგომარეობაში. 2018 წლის სექტემბერ-დეკემბერში შენობაში ჩატარდა კაპიტალური რემონტი. შეძენილია სხვადასხვა სარემონტო მასალები, რომლის დამადასტურებელი ზედნადებები მომწოდებელთა მიერ ატვირთულია გადამხდელთა გვერდზე შესაბამის პერიოდში. ამ პერიოდში სულ შეძენილია და დახარჯულია 40 300 ლარის სარემონტო მასალები დღგ-ის გარეშე. მათ შორის კაპიტალიზებულია 34 285 ლარი, რითაც გაიზარდა შენობის ღირებულება.

31.12.2018 წლისათვის შენობა-ნაგებობის საბალანსო ღირებულებამ შეადგინა 275616,61+34285=309 902 ლარი. ამასთან, 26.09.2018 წელს გაფორმდა სს „-------ბანკთან“ საბანკო საკრედიტო ხელშეკრულება №"---------". კრედიტი აღებულია აღნიშნული შენობის ღირებულების დასაფარად. 2018 წლის ნოემბრიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით კომპანიის მიერ გადახდილია სესხის პროცენტები 66 386 ლარი. ამ პერიოდში გადახდილი საპროცენტო ხარჯით გაიზარდა შენობის საბალანსო ღირებულება და 1.10.2022 წლისათვის შეადგინა 309902+66386=376 288 ლარი.

2022 წლის ოქტომბერში კომპანიის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება კაპიტალის გატანის მიზნით დარეგისტრირდა ამავე კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელზე, ფიზიკურ პირზე "--------"-ზე (პ/ნ "--------"), რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერებით.

შემოსავლების სამსახურის 13.12.2023 წლის №31455 ბრძანებაში აღნიშნულია, რომ კომპანიას დავის პროცესში არ აქვს წარდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ არ მიიღო დამატებით მტკიცებულებად ის, რომ მის მიერ წარდგენილია ზემოთ აღნიშნული შენობის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც არ იყო გათვალისწინებული თავდაპირველ შემოწმების აქტში. ამასთან, არ იქნა მიღებული დამატებით მტკიცებულებად კომპანიის მიერ საწესდებო კაპიტალის გატანის მომენტში შენობის საბაზრო ფასის დადგენის მეთოდი. კერძოდ: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დადგენილი „საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსით 2022 წლის მესამე კვარტალში“ ქ. "-------"-ში , "-------"-ზე მდებარე ბინის 1 კვ.მ. საბაზრო ფასია 3 128 ლარი. შესაბამისად 177,72 კვ.მ შენობის საბაზრო ფასი დღგ-ის ჩათვლით 2022 წლის ოქტომბერში იქნებოდა 177,72*3128= 555 908 ლარი ამგვარად, კომპანიის მიერ შენობა შეძენილია 26.09.2018 წელს 325 227,60 ლარად დღგ-ის ჩათვლით. შენობის ღირებულება გაიზარდა კაპიტალური რემონტის ხარჯების კაპიტალიზაციით და შენობის შესაძენად აღებული საბანკო სესხის პროცენტებით. 2022 წლის ოქტომბერში აქტივი გადაფორმდა 100% იანი წილის მფლობელ ფიზიკურ პირზე. კომპანიის მიერ დადგენილია ამ პერიოდში შენობის საბაზრო ფასი დღგ-ის ჩათვლით 555 908 ლარი. შენობის შეძენიდან მის გადაფორმებამდე პერიოდი არის 2 წელზე მეტი.

ითხოვს ამ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ საკითხის ხელახალი შესწავლას საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რაც არ იქნა გათვალისწინებული შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს მიერ. საგადასახადო შემოწმების თემატური აქტი და თანდართული მასალები შინაარსობრივად არ პასუხობს საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლის მოთხოვნებს.

შემოწმების აქტში წარმოდგენილ ცხრილებში არ ჩანს ზემოთ აღნიშნული შენობის საბაზრო ფასი რა ნორმატიული აქტით იქნა დადგენილი და როგორ იანგარიშეს საწყისი დასაბეგრი თანხები. ეკონომიკაში არსებობს ფასების ინდექსის ცნება, რომელსაც განსაზღვრავენ სტატისტიკური ორგანოები და ეს საჯაროა. უცნობია რა ინფორმაციას დაეყრდნო აუდიტორი. შესაბამისად დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლი. ამდენად, უნდა შეიცვალოს არსებული ოპერაციის (საწარმოს კაპიტალის შემცირება ან გატანა) კვალიფიკაცია საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე. მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-12 ნაწილზე და განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში განხორციელებული საწარმოს კაპიტალის გადატანა პარტნიორზე არ განიხილება მოგების განაწილებად. შენატანის უკან დაბრუნება არ ჩაითვლება დივიდენდად და საწარმოს დამფუძნებელი ფიზიკური პირის მიმართ წყაროსთან დაკავების ვალდებულება არ წარმოიშობა. საფუძველი: სიტუაციური სახელმძღვანელო კაპიტალის შემცირება №2549 და საწესდებო კაპიტალში ქონებრივი შენატანის გამოტანა ფიზიკური პირების მიერ (ლიკვიდაცია) 1604.

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს სადავო აქტები და ყურადღებით იქნას შესწავლილი მის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებები. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს, რა შემთხვევაშიც გასათვალისწინებელია შემდეგი პრინციპები: სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის არსი და მიზანი, აგრეთვე თანმდევი პროცესები და ქმედებები უნდა იყოს მკაფიო და ორმხრივად განჭვრეტადი (იგულისხმება საგადასახადო ორგანო და გადასახადის გადამხდელი). საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, აუდიტორმა უნდა განუმარტოს წერილობით რა ნორმატიული აქტით დაადგინა ზემოთ აღნიშნული შენობის საბაზრო ფასი? როგორ იანგარიშა საწყისი დასაბეგრი თანხები? ეკონომიკაში არსებობს ფასების ინდექსის ცნება, რომელსაც განსაზღვრავენ სტატისტიკური ორგანოები და კომპანიის მიერ შენობის საბაზრო ფასი დადგენილია ფასების ინდექსით. გატანილი ქონების საბაზრო ფასის დაზუსტების შემდეგ დაზუსტდეს საწარმოს მოგება და დღგ-ის ბრუნვა. საწარმოს დამფუძნებელი ფიზიკური პირის მიმართ წყაროსთან დაკავების ვალდებულება არ წარმოიშობა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება საწარმოს ან ამხანაგობის მიერ, შესაბამისად, პარტნიორისთვის ან ამხანაგობის წევრისთვის, წილის სანაცვლოდ საქონლის საკუთრებაში გადაცემა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე.

საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

რ) საბაზრო ფასი − ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის:

რ.ა) საქონლისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები, ხოლო, თუ შესყიდვის ფასი არ არსებობს, ამ საქონლის წარმოების ღირებულება მისი მიწოდების მომენტში;

რ.ბ) მომსახურებისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ნაკლები ამ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯის ღირებულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განაწილებულ მოგებად არ ითვლება საწარმოს ლიკვიდაციისას ან აქციის/წილის გამოსყიდვისას ფულადი ან ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა/განაცემი, რომელიც კაპიტალში (განთავსებულსა და საემისიოში) პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას არ აღემატება.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, დივიდენდი – აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი. ამასთანავე, დივიდენდს არ მიეკუთვნება:

ა) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ან აქციის/წილის გამოსყიდვისას ფულადი ან ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა/განაცემი, რომელიც კაპიტალში (განთავსებულსა და საემისიოში) აქციონერის/პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას არ აღემატება;

ბ) იურიდიული პირის აქციონერზე/მოწილეზე განხორციელებული გადახდა ამავე იურიდიული პირის აქციის/წილის საკუთრებაში გადაცემით, გარდა რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის გადაცემისა.

საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5 პროცენტიანი განაკვეთით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, ხსენებული უძრავი ქონება (რომელიც შემდგომ გამოიყენებოდა სასტუმრო მომსახურების გასაწევად) კომპანიის მიერ 26.09.2018 წელს შეძენილია სს „-------- ბანკისგან“ , რაზედაც გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა №"-------" თანხით 325 227,60 ლარი დღგ-ის ჩათვლით. აღნიშნულის მიხედვით შენობა-ნაგებობის საწყისი საბალანსო ღირებულება დღგ-ის გარეშე არის 275 616,61 ლარი. 2018 წლის სექტემბერ-დეკემბერში შენობაში ჩატარდა კაპიტალური რემონტი, სულ შეძენილია და დახარჯულია 40 300 ლარის სარემონტო მასალები დღგ-ის გარეშე. მათ შორის კაპიტალიზებულია 34 285 ლარი, რითაც გაიზარდა შენობის ღირებულება. 31.12.2018 წლისათვის შენობა-ნაგებობის საბალანსო ღირებულებამ შეადგინა 275616,61+34285=309 902 ლარი. ამასთან, 26.09.2018 წელს გაფორმდა სს „-------- ბანკთან“ საბანკო საკრედიტო ხელშეკრულება №"-------" . კრედიტი აღებულია აღნიშნული შენობის ღირებულების დასაფარად. 2018 წლის ნოემბრიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით კომპანიის მიერ გადახდილია სესხის პროცენტი 66 386 ლარი. ამ პერიოდში გადახდილი საპროცენტო ხარჯით გაიზარდა შენობის საბალანსო ღირებულება და 1.10.2022 წლისათვის შეადგინა 309902+66386=376 288 ლარი. შემოსავლების სამსახურმა არ მიიღო დამატებით მტკიცებულებად ის, რომ მის მიერ წარდგენილია ზემოთ აღნიშნული შენობის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ასევე, კომპანიის მიერ საწესდებო კაპიტალის გატანის მომენტში შენობის საბაზრო ფასის დადგენის მეთოდი. კერძოდ: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დადგენილი „საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსით 2022 წლის მესამე კვარტალში“ ქ. "-------"_ში , "-------"-ზე მდებარე ბინის 1 კვ.მ. საბაზრო ფასია 3 128 ლარი. შესაბამისად 177,72 კვ.მ შენობის საბაზრო ფასი დღგ-ის ჩათვლით 2022 წლის ოქტომბერში იქნებოდა 177,72*3128= 555 908 ლარი. ითხოვს, გატანილი ქონების საბაზრო ფასის დაზუსტების შემდეგ დაზუსტდეს საწარმოს მოგება და დღგ-ის ბრუნვა. საწარმოს, დამფუძნებელი ფიზიკური პირის მიმართ წყაროსთან დაკავების ვალდებულება არ წარმოიშობა.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 2022 წლის ოქტომბერში, დამფუძნებელზე გადაცემული ბინის ღირებულებით. შედეგად, კომპანიას დაერიცხა დღგ. ასევე, საწარმოს წილის სანაცვლოდ ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა/განაცემის ის ნაწილი, რომელიც კაპიტალში პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას აღემატება (კაპიტალიდან შენატანის უკან დაბრუნების მომენტისა და კაპიტალში შენატანის განხორციელების მომენტისთვის ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის სხვაობა) დაიბეგრა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით. ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრისას დაეყრდნო ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 28.09.2023 წლის №"-------" დასკვნას. მომჩივნის განმარტებით შენობა-ნაგებობა გამოიყენებოდა სასტუმრო მომსახურების გასაწევად, ამასთან არ ფიქსირდება აღნიშნული ქონების იჯარით გაცემა.

აღნიშნული გარემოებებიდან და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივანმა გამოთქვა მზადყოფნა წარადგინოს ქონების საბაზრო ღირებულების შეფასების ალტერნატიული დასკვნა, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარადგინოს უძრავი ქონების (ს/კ "-------"; მდებარე ქ. "-------", "-------") საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ, ალტერნატიული დასკვნის (შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირის (ექსპერტის) წინაშე დასასმელი კითხვა (კითხვები) შეათანხმოს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელთან) მოთხოვნის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მომზადებული და წარდგენილი დოკუმენტაციის/მტკიცებულების (ალტერნატიული დასკვნის) შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება).

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 177 287 ლარი, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 26.10.2023 წლის №007-303 საგადასახადო მოთხოვნით საურავი 61 424.76 ლარი.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის განმარტებიდან გამომდინარე, გთხოვთ გაითვალისწინოთ ის გარემოება, რომ კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი "--------" არის უცხო ქვეყნის მოქალაქე. არ იცის ქართული ენა. შესაბამისად რთული იყო მისთვის ბუღალტერთან კომუნიკაცია. ვერ აგებინებდა სრულად რა უნდა გაეკეთებინა. აღნიშნული საბუღალტრო ოპერაციით (კაპიტალის გადატანა) არ იცოდა, თუ დაერიცხებოდა ბიუჯეტის გადასახადები. ქართული საგადასახადო კანონმდებლობის არცოდნის გამო მოხდა ეს გაუგებრობა. რეალურად ამ ფინასური ოპერაციით არ მიუღია მოგება, პირიქით ძალიან დაზარალდა. შესაბამისად შეგნებულად არ უფიქრია ბიუჯეტის გადასახადების დამალვა ან შემცირება. ამ სამეურნეო ოპერაციის განხორციელებამდე ბიუჯეტის თანხებს იხდიდა დადგენილი ვადების მიხედვით, კეთილსინდისიერად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.

ამგვარად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 13.12.2023 წლის №31455 ბრძანება;

3. მომჩივანს მიეცეს შესაძლებლობა, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარადგინოს უძრავი ქონების (ს/კ "-------"; მდებარე ქ. "-------", "-------") საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ, ალტერნატიული დასკვნის (შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირის (ექსპერტის) წინაშე დასასმელი კითხვა (კითხვები) შეათანხმოს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელთან) მოთხოვნის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;

4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მომზადებული და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი უძრავი ქონების (ს/კ "-------"; მდებარე ქ. "-------", "-------") საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ ალტერნატიული დასკვნის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება) და შედეგების მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს სადავო აქტები და ყურადღებით იქნას შესწავლილი მის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებები.

2.საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის განმარტებიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.განცხადების საფუძველზე ფართი გამოტანილი იქნა კომპანიის საწესდებო კაპიტალიდან და დარეგისტრირდა ფიზიკური პირის სახელზე.კომპანიას დაერიცხა დღგ.საწარმოს წილის სანაცვლოდ ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა/განაცემის ის ნაწილი, რომელიც კაპიტალში პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას აღემატება დაიბეგრა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით, ხოლო დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირებისათვის, გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა.

2.საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 177 287 ლარი.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარადგინოს უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ, ალტერნატიული დასკვნის (შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირის (ექსპერტის) წინაშე დასასმელი კითხვა (კითხვები) შეათანხმოს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელთან) მოთხოვნის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მომზადებული და წარდგენილი დოკუმენტაციის/მტკიცებულების (ალტერნატიული დასკვნის) შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება.

2.საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. ამგვარად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

981,130,154,159,160,163,164,269(7).