ბრძანება N 27674
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27674
30 დეკემბერი 2024
ბრძანება
შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
(ფაქტ. მის.: „--------“)
2024 წლის 15 აგვისტოს საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 19 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №133) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 11 დეკემბრის №24202/2/2024 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „------- -ს “ (ს/ნ „--------“) 2024 წლის 15 აგვისტოს №91470/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 ივლისის №024-53 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ:
1.არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განხორციელებულ დარიცხვას და აცხადებს, რომ შემოწმებამ სრულად არ გაითვალისწინა კომპანიის მიერ მიწოდებული დოკუმენტაცია, კერძოდ, წარდგენილ იქნა ინფორმაცია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირთათვის ნაღდი ანგარიშსწორებით გაცემული თანხების შესახებ;
2. არ ეთანხმება დამატებული ღირებულების გადასახადში დარიცხული თანხების ოდენობას და აცხადებს, რომ გარკვეულ შემთხვევებში შემოწმების შედეგად განმეორებით მოხდა გადასახადის დარიცხვა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 თებერვლის №2917 და 2024 წლის 14 მაისის №11088 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“ (ს/ნ „--------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 12 თებერვლის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 9 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 16 ივლისის №16738 ბრძანება და ამავე თარიღის №024-53 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 540 927 ლარი, მათ შორის, გადასახადი 320 240 ლარი, ჯარიმა 159 342 ლარი და საურავი 61 345 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 8 ოქტომბრის №21970 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 11 დეკემბრის №24202/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 ოქტომბრის №21970 ბრძანება და საჩივარი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა, თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მომჩივნის არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, ამასთან, წარმოდგენილია დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლებიც საჭიროებს დამატებით შესწავლას, მიიჩნევს, რომ საჩივარი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
„1. საწარმოს საქმიანობის სფეროა სამშენებლო მომსახურების გაწევა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი აქვს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ნულოვანი დეკლარაციები, არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. საწარმოში 2024 წლის 12 თებერვალს ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგად, ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 ლარი. შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის საფუძველზე განხორციელდა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, კერძოდ, განსაზღვრულ იქნა შემოსავლები და ხარჯები. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაზღვრულ იქნა ფულის ბუღალტრული ნაშთი, ხოლო ფაქტობრივ ნაშთად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მიჩნეულ იქნა 0 ლარი. „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ (დანართი №9) მეთოდური მითითების გათვალისწინებით, ნაღდი ფულის ნაშთის ის ნაწილი, რომელიც სალაროში ფაქტობრივად არ გამოვლინდა, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
2. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, საწარმოს მიერ წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციებით, დასაბეგრი ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდში შეადგენს 4 117 964 ლარს. შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს წალენჯიხისა და „--------“-ის მუნიციპალიტეტისათვის გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ეა-------- ეა--------), რომლებიც არ აქვს დაბეგრილი შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. ასევე, „--------“-ის მუნიციპალიტეტის მერიისა და „--------“ -ის დასუფთავების სამსახურისგან ჩარიცხული აქვს თანხები, რომელიც არ აქვს დაბეგრილი შესაბამის საანგარიშო პერიოდში. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. შემოწმებით ასევე დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა შეადგენს 557 667 ლარს. პირველადი საგადასახადო დოკუმენტების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს შპს „N1“-სგან და შპს „N2-სგან “ მიღებული აქვს როგორც ავანსის, ისე საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და საგადასახადო დოკუმენტები, რომლებიც არ აქვს განაშთული შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის თანახმად, დაკორექტირდა/შემცირდა ჩასათვლელი დღგ. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.“
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი აქვს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ნულოვანი დეკლარაციები. ამასთან, საწარმოში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 ლარი. განხორციელდა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, განსაზღვრულ იქნა ფულის ბუღალტრული ნაშთი, ხოლო ნაღდი ფულის ნაშთის ის ნაწილი, რომელიც სალაროში ფაქტობრივად არ გამოვლინდა, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის ნაწილში აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულად არ იქნა გათვალისწინებული მიწოდებული დოკუმენტაცია, სადაც წარდგენილია ნაღდი ანგარიშსწორებით გაცემული თანხების მიმღები მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების შესახებ ინფორმაცია. ნაღდი ანგარიშსწორებით აღნიშნულ პირებზე გაცემული თანხების ჯამი შეადგენს 2 102 840 ლარს, თუმცა მხოლოდ ნაწილი იქნა გათვალისწინებული შემოწმების შედეგად. მომჩივანი ითხოვს წარმოდგენილი დოკუმენტაციის (საჩივარზე თანდართული მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების რეესტრი) სრულად გათვალისწინებას. აცხადებს, რომ მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, ფაქტობრივ გარემოებებსა და მხარეთა არგუმენტაციაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, მომსახურების გაწევის თაობაზე შედგენილი ხელშეკრულებები და სათანადო წესით დამოწმებული მიღება-ჩაბარების აქტები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება მომსახურების გაწევა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ და აღნიშნული პირებისთვის შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ თანხების გადახდა, ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა. ხოლო ამავე კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საწარმოს გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და ასევე, ჩარიცხული აქვს თანხები, რომლებიც არ აქვს დაბეგრილი შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. ამასთან, გადამხდელს მიღებული აქვს როგორც ავანსის, ისე საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და საგადასახადო დოკუმენტები, რომლებიც არ აქვს განაშთული შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და შემცირდა ჩასათვლელი დღგ.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, სადავო საკითხი შესწავლილია გადასახადის გადამხდელთან ერთად და გათვალისწინებულია მომჩივნის მიერ შემოწმების ეტაპზე წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ხოლო დუბლირების შემთხვევები არ ფიქსირდება.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, მომსახურების გაწევის თაობაზე შედგენილი ხელშეკრულებები და სათანადო წესით დამოწმებული მიღება-ჩაბარების აქტები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება მომსახურების გაწევა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ და აღნიშნული პირებისთვის შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ თანხების გადახდა, ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს,ფაქტობრივი გარემოებები
1.განსაზღვრულ იქნა შემოსავლები და ხარჯები. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაზღვრულ იქნა ფულის ბუღალტრული ნაშთი, ხოლო ფაქტობრივ ნაშთად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მიჩნეულ იქნა 0 ლარი.მეთოდური მითითების გათვალისწინებით, ნაღდი ფულის ნაშთის ის ნაწილი, რომელიც სალაროში ფაქტობრივად არ გამოვლინდა, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 154-ე მუხლის თანახმად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
2. მომჩივანს მიღებული აქვს როგორც ავანსის, ისე საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და საგადასახადო დოკუმენტები, რომლებიც არ აქვს განაშთული შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. შემოწმებით,სსკ-ის 175-ე მუხლის თანახმად, დაკორექტირდა/შემცირდა ჩასათვლელი დღგ. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, მომსახურების გაწევის თაობაზე შედგენილი ხელშეკრულებები და სათანადო წესით დამოწმებული მიღება-ჩაბარების აქტები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება მომსახურების გაწევა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ და აღნიშნული პირებისთვის შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ თანხების გადახდა, ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს კორექტირებას.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9),101,154,159,163,164,168.