ბრძანება N 31480

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.12.2023
№ დოკუმენტი 31480
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 31480

14 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის“ (ს/ნ---)

(მის.: ---) 2023 წლის 7 ნოემბრის საჩივარის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №126) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2023 წლის 7 ნოემბრის №84752/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 ოქტომბრის №072-9 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

1. გადამხდელი ითხოვს დღგ-ის თანხის ჩათვლას. განმარტავს, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2020 წლის მარტის თვეში, რა პერიოდზეც შემოწმებით ჩათვლებში გათვალისწინებულია მხოლოდ მარტის საოპერაციო თვის დღგ-ის საგადასახადო ანგარიშფაქტურები. აცხადებს, რომ მარტის თვეში შესრულებული აქვს ორი სხვადასხვა სამუშაო, რის შესასრულებლადაც შეძენილ საქონელზე (დღგ-ის გადამხდელად სავალდებული რეგისტრაციის მომენტში), კერძოდ ნაწილობრივ იანვრის და თებერვლის თვეებში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურები არ არის გათვალისწინებული დღგ-ის ჩათვლებში. გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს სმფ-ები, რაზეც ზოგიერთი მომწოდებელი საგადასახადო შემოწმების გამო ვერ უგზავნის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს.

2. გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმებით არ არის გათვალისწინებული ხარჯი გაწეულ მომსახურებაზე. განმარტავს, რომ გააჩნია ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობისთვის, რომლებიც დასტურდება სახელმწიფო შესყიდვების ელ. გვერდზე. ასევე მიუთითებს, რომ კომპანიის შემოსავლებთან დაკავშირებული ხარჯების მოცულობა დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტებით, უმეტეს შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნით. ასევე აღნიშნავს, რომ არ გააჩნია ხარჯებთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი (ტრანსპორტირება, საწვავი და ა.შ.) რომლებიც ფაქტიურად გაწეულია. აღნიშნულ ნაწილში გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის უფორსის №22708 ბრძანების მიხედვით, ხარჯად განხილულ იქნას შესრულებული სამუშაოს ღირებულების 75%.

3. გადამხდელი განმარტავს, რომ არ იქნა გათვალისწინებული ხელფასის გაცემის უწყისები. ასევე „კოვიდ 19“-თან დაკავშირებული საშემოსავლო გადასახადის შეღავათები დაქირავებულ თანამშრომლებზე გაცემული თანხებს ნაწილში.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 5 მაისის №10013 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ს“ (ს/ნ ----) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 5 მაისის №10013 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 29 სექტემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 6 966 ლარი, მათ შორის: გადასახადი 6 961 ლარი, ჯარიმა 5 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 11 ოქტომბრის №072-9 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც გამოწერილია შესამოწმებელ პერიოდში გაწეულ ხარჯებზე და გადამხდელის მიერ მიბმული და გათვალისწინებული არ არის სხვა საანგარიშო პერიოდის დეკლარაციებში, დაექვემდებარა დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში გათვალისწინებას. გადასახადის ცვლილებამ არ გამოიწვია დარიცხული ჯარიმის შემცირება, რადგან საგადასახადო შემოწმების აქტით ჯარიმა დარიცხულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმებით დღგ-ის გაანგარიშებისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად, გათვალისწინებულ იქნა დღგ-ის რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით გათვალისწინებული ჩასათვლელი დღგ-ის თანხა. გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ 2020 წლის იანვარის და თებერვლის თვეებში გადამხდელს არ უფიქსირდება შეძენები, შესაბამისად მიღებული არ აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ვერ განხორციელდება ჩათვლა. ამასთან, გადასახადის გადამხდელს შემოწმების მიერ განემარტა, რომ იმ კომპანიებისგან, რომლებშიც მიმდინარეობს საგადასახადო შემოწმება და ვერ ხდება შპს „---თვის“ საგადასახადო ანგარიშფაქტურების გამოწერა, შემოწმების დასრულების შემდგომ შეუძლია მიმართოს წერილობით საგადასახადო ორგანოს და დამატებით მოხდება დღგ-ის თანხების ჩათვლაში გათვალისწინება. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი ითხოვს დღგ-ის თანხის ჩათვლას.

2. გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმებით არ არის გათვალისწინებული ხარჯი გაწეულ მომსახურებაზე.

3. გადამხდელი განმარტავს, რომ არ იქნა გათვალისწინებული ხელფასის გაცემის უწყისები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 5 მაისის №10013 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 29 სექტემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 6 966 ლარი, მათ შორის: გადასახადი 6 961 ლარი, ჯარიმა 5 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 11 ოქტომბრის №072-9 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 174; 304 21.