ბრძანება N 24872

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.11.2025
№ დოკუმენტი 24872
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24872

12 ნოემბერი 2025

ბრძანება

შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“)

(ფაქტ. მის.: „-------“ )

2025 წლის 13 ოქტომბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 30 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №90) განიხილა შპს „------“-ის (ს/ნ „-------“) 2025 წლის 13 ოქტომბრის №98343/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 12 სექტემბრის №127-25 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1.მომჩივანი არ ეთანხმება მიღებული შემოსავლის 25%-ის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ შემოწმების მიერ მოგების მარჟად 25%-ის მიჩნევა არამართლზომიერია და რეალურად, აღნიშნულ სექტორში მოგების მარჟა შეადგენს 3-5%-ს.

2.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული საქონლის რეალიზებულად განხილვას და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 აგვისტოს №17799 და 2 სექტემბრის №19356 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „------“-ის (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 29 მაისიდან 2025 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 11 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 12 სექტემბრის №20161 ბრძანება და ამავე თარიღის №127–25 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 187 913 ლარი, მათ შორის გადასახადი 114 402 ლარი, ჯარიმა 57 201 ლარი და საურავი 16 310 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

 გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართით ან/და ნარჩენით ვაჭრობა. შემოწმების პროცესში გადამხდელთან მოხდა სატელეფონო კომუნიკაცია. გაგზავნილ საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შესახებ ბრძანებას და ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ შეტყობინებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2025 წლის 8 აგვისტოს, წერილით განსაზღვრულ ვადაში გადამხდელმა წარმოადგინა საბანკო ამონაწერები. შემოწმების პროცესში შეძენილ სასაქონლომატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით არ იქნა წარმოდგენილი აღრიცხვის ჟურნალი, საბუღალტრო რეგისტრები და შეძენის დამადასტურებელი საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც შემოწმებას საშუალებას მისცემდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დაედგინა დაბეგვრის ობიექტი და განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ გამოიყენა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის დებულებები, 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა საწარმოს მიერ შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე გაწეული ხარჯის მოცულობა. რეალიზაციის ზედნადებებში დაფიქსირებული საქონელი (შავი და ფერადი ლითონის ჯართი), რომლის შეძენაც სასაქონლო ზედნადებებით არ ფიქსირდებოდა ჩაითვალა ფიზიკური პირებისგან შეძენილად. ხარჯად ჩაითვალა გადამხდელის მიერ დაფიქსირებული ერთობლივი შემოსავლის 75%, რამაც შეადგინა 1 001 232 ლარი. აღნიშნული თანხა ჩითვალა ფიზიკურ პირებზე გადახდილად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის, საბანკო ამონაწერების და მესამე პირებისგან გამოთხოვილი ინფორმაციის შესწავლა/ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის (შავი ან/და ფერადი ლითონის ჯართი) ღირებულება შეადგენდა სულ ჯამში 1 334 976 ლარს, ხოლო სმფ-ის დოკუმენტური (მათ შორის შესყიდვის აქტით) შეძენა არ უფიქსირდებოდა. საწარმოს გარდა ზემოაღნიშნული დოკუმენტური რეალიზაციისა, უფიქსირდებოდა შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებების გამოწერა (ფერადი ლითონის ჯართზე). ვინაიდან შემოწმებისთვის უცნობი იყო აღნიშული სმფ-ების ტრანსპორტირების დასრულების ადგილზე მათი არსებობის ფაქტი, ამასთან, არ ფიქსირდებოდა გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით აღნიშნული საქონლის რეალიზაცია, შემოწმებამ მიიჩნია რეალიზებულად (საწარმოს დოკუმენტური ფასის და სხვა საქონელზე საბაზრო ფასის გამოყენებით). შედეგად, შემოწმებისთვის უცნობი იყო ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესაძენად გადახდილი თანხების მოცულობა. შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის შედეგად მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებით, გადამხდელს წარმოდგენილი ჰქონდა ნულოვანი დეკლარაციები. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად, შემოწმების მიერ განისაზღვრა ფულადი საშუალებების ნაშთი (333 744 ლარი), რომელიც შესაბამის პერიოდში დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის თანახმად:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.

3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:

ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;

ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. პ) პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის, საბანკო ამონაწერების და მესამე პირებისგან გამოთხოვილი ინფორმაციის შესწავლა/ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის (შავი ან/და ფერადი ლითონის ჯართი) ღირებულება შეადგენდა სულ ჯამში 1 334 976 ლარს, ხოლო სმფის დოკუმენტური (მათ შორის შესყიდვის აქტით) შეძენა არ უფიქსირდებოდა. შემოწმების პროცესში შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით გადამხდელს არ წარუდგენია აღრიცხვის ჟურნალი, საბუღალტრო რეგისტრები და შეძენის დამადასტურებელი საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც შემოწმებას საშუალებას მისცემდა გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დაედგინა დაბეგვრის ობიექტი და განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. კერძოდ, 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენებით, საწარმოს შემოსავლის 75%-ის მიჩნევა ხარჯად, ფიზიკური პირებისგან შეძენილად და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა 3%-იანი განაკვეთით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის საფუძველზე შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს გარდა დოკუმენტური რეალიზაციისა, უფიქსირდებოდა შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებების გამოწერა (ფერადი ლითონის ჯართზე). ვინაიდან შემოწმებისთვის უცნობი იყო აღნიშული სმფ-ების ტრანსპორტირების დასრულების ადგილზე მათი არსებობის ფაქტი, ამასთან, არ ფიქსირდებოდა გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით აღნიშნული საქონლის რეალიზაცია, შემოწმებამ მიიჩნია რეალიზებულად (საწარმოს დოკუმენტური ფასის და სხვა საქონელზე საბაზრო ფასის გამოყენებით).

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლითაც არ ეთანხმება შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებული საქონლის რეალიზებულად განხილვას. მიუთითებს, რომ შიდა გადაზიდვით ხდებოდა საქონლის მიტანა შემსყიდველ კლიენტთან, იქ წონიდნენ საქონელს და მიწოდების სასაქონლო ზედნადების გამოწერით ხდებოდა საქონლის რეალიზაცია. ასევე, ზოგ შემთხვევაში საქონელს იღებდა ახლო სოფლებიდან და შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადები იწერებოდა საქონლის შეძენის მისამართიდან კომპანიის ობიექტამდე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებებში მთითებული ჯართის რეალიზებულად განხილვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. გაშიფრული ინფორმაცია. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება ერთი და იმავე საქონლის ორჯერ დაბეგვრის ფაქტი, უზრუნველყოს აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------“-ის (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებებში მითითებული ჯართის რეალიზებულად განხილვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. გაშიფრული ინფორმაცია;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება ერთი და იმავე საქონლის ორჯერ დაბეგვრის ფაქტი, უზრუნველყოს აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი არ ეთანხმება მიღებული შემოსავლის 25%-ის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2.გადამხდელი არ ეთანხმება შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული საქონლის რეალიზებულად განხილვას და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.გადამხდელის საქმიანობაა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართით ან/და ნარჩენით ვაჭრობა.

რეალიზაციის ზედნადებებში დაფიქსირებული საქონელი,რომლის შეძენაც სასაქონლო ზედნადებებით არ ფიქსირდებოდა ჩაითვალა ფიზიკური პირებისგან შეძენილად. ხარჯად ჩაითვალა გადამხდელის მიერ დაფიქსირებული ერთობლივი შემოსავლის 75%, რამაც შეადგინა 1 001 232 ლარი. აღნიშნული თანხა ჩითვალა ფიზიკურ პირებზე გადახდილად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით სსკ-ის 133³ მუხლის შესაბამისად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

2.შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის შედეგად მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებით, გადამხდელს წარმოდგენილი ჰქონდა ნულოვანი დეკლარაციები. შემოწმებით, სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად, შემოწმების მიერ განისაზღვრა ფულადი საშუალებების ნაშთი,რომელიც შესაბამის პერიოდში დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან სსკ-ის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. კერძოდ, 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენებით, საწარმოს შემოსავლის 75%-ის მიჩნევა ხარჯად, ფიზიკური პირებისგან შეძენილად და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა 3%-იანი განაკვეთით სსკ-ის 1333 მუხლის საფუძველზე შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. გაშიფრული ინფორმაცია. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება ერთი და იმავე საქონლის ორჯერ დაბეგვრის ფაქტი, უზრუნველყოს აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5),101,1333,154.