ბრძანება N 16543

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.07.2026
№ დოკუმენტი 16543
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16543

21 ივლისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“-ის (ს/ნ ----- ) (მის.: ----- )

2026 წლის 28 ივნისისა და 2 ივლისის

საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 2 და 10 ივლისის სხდომებზე (ოქმი N 58 და N 61) განიხილა შპს „-----“-ის (ს/ნ ----- ) 2026 წლის 28 ივნისის N 103144/1/2026 და 2 ივლისის N 688503 (რეგ. N -----) საჩივრები, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 21 მაისის N 007- 118 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, ასევე, შემმოწმებლის მიერ გაანგარიშებულ ფასნამატს. აცხადებს, რომ აღნიშნული მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არ არის გონივრული და კანონიერი, ვინაიდან არ არსებობდა კანონმდებლობით დადგენილი პირობები, რა დროსაც შემმოწმებელი უფლებამოსილი იყო გამოეყენებინა არაპირდაპირი მეთოდი. გადამხდელი ასევე, არ ეთანხმება ინვენტარიზაციის ჩატარებას და ინვენტარიზაციის შედეგებიდან გამომდინარე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას. აცხადებს, რომ დაირღვა ინვენტარიზაციის ჩატარების წესი, კერძოდ, გადამხდელს არ ჩაბარებია ინვენტარიზაციის დანიშვნის ბრძანება, არ მისცემია ვადა საინვენტარიზაციო კომისიის შექმნისათვის, ამდენად, არ შექმნილა საინვენტარიზაციო კომისია და გადამხდელის წარმომადგენლის გარეშე უკანონოდ შედგა მიმდინარე კონტროლის ღონისძიების მოქმედების განხორციელების შესახებ ოქმი და თვითნებურად ჩაითვალა, რომ გადამხდელს არ გააჩნდა სმფ-ის ნაშთი. განმარტავს, რომ შემოწმების მიერ აუდირებული ფასნამატი განისაზღვრა 57%-ის ოდენობით, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არც გადამხდელს გადაცემია და არც შემოწმების მასალებში ფიქსირდება. შესაბამისად, მიაჩნია, რომ დაუსაბუთებელია აუდირებული ფასნამატის გამოყენება.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აღნიშნავს, რომ შემმოწმებელი ვალდებული იყო მოეხდინა ფულის ნაშთთან დაკავშირებული ინფორმაციის სისწორის შემოწმება სააღრიცხვო დოკუმენტაციების საფუძველზე, დაედგინა მისი ზუსტი ოდენობა და აქტში მიეთითებინა შესაბამისი დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, არ ჩატარებულა სალაროში ფულის ნაშთის შემოწმება (ინვენტარიზაცია), შესაბამისად გაურკვეველია როგორ დადგინდა ნაღდი ფულის არსებობა/არარსებობის ფაქტი. მიუთითებს, რომ თუ გაიზიარებს ინვენტარიზაციის შედეგებს, საწარმოს გააჩნია დანაკლისი, შესაბამისად, აღნიშნული იბეგრება მოგების გადასახადით. ასევე, სალაროში არ შემოსულა თანხა, რაც თავის მხრივ უკანონოს ხდის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად დაკვალიფიცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 25 მარტის N 6459 და 11 მაისის N 10493 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“-ის (ს/ნ ----- ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2025 წლის 2 ივლისიდან 2026 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები, სასაქონლო/მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2026 წლის 25 მარტის ჩათვლით და სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის 2026 წლის 30 მარტის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 13 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 21 მაისის N 11229 ბრძანება და ამავე თარიღის N 007-118 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 701 872 ლარი, მათ შორის, გადასახადი 453 714 ლარი, ჯარიმა 226 857 ლარი, საურავი 21 301 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს იმპორტირებული აქვს 2 358 429 ლარის თვითღირებულების საქონელი (მამაკაცის, ქალის, ბავშვის ფეხსაცმელი, ტანსაცმელი და სხვა). კომპანიის სახელზე არ არის რეგისტრირებული საკონტროლო - სალარო აპარატი და პოს - ტერმინალი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 25 მარტის N 6444 ბრძანებით დაინიშნა კომპანიის სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა და ნაშთის ოდენობა განისაზღვრა ნული ლარის ოდენობით. ასევე, 2026 წლის 24 მარტის N 6303 ბრძანების საფუძველზე გადამხდელთან ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. აღნიშნული ბრძანება ვერ ჩაბარდა გადამხდელს. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელი არ მონაწილეობდა შემოწმების პროცესში, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრა გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, კერძოდ, კომპანიის შემოსავლის გაანგარიშებისას შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი საშუალო 57.7%. აღნიშნული ფასნამატით გაანგარიშდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი და საანგარიშო პერიოდების მიხედვით ჩართულ იქნა ერთობლივ შემოსავალში.

ამასთან, შემოწმების მიერ გაანგარიშდა ფულის მოძრაობა (გათვალისწინებულია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული მასალები). აღნიშნულის საფუძველზე, დადგინდა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობა. შემოწმების პროცესში უცნობია დებიტორ - კრედიტორების შესახებ ინფორმაცია, შესაბამისად, მიჩნეულ იქნა, რომ თანხები სრულად არის როგორც მიღებული, ასევე გადახდილი უცხოელ მომწოდებლებთან. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმების მიერ დადგენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა. გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ. გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს იმპორტირებული აქვს 2 358 429 ლარის თვითღირებულების საქონელი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის შედეგად სმფ-ების ნაშთი განისაზღვრა ნული ლარის ოდენობით. ასევე, გადამხდელთან ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. ვინაიდან, გადამხდელი არ მონაწილეობდა შემოწმების პროცესში, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, კომპანიის შემოსავლის გაანგარიშებისას შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი საშუალო 57.7%. აღნიშნული ფასნამატით გაანგარიშდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი და საანგარიშო პერიოდების მიხედვით ჩართულ იქნა ერთობლივ შემოსავალში. ამასთან, შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა და სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შეძენილი საქონლის თვითღირებულებაზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-----“-ის (ს/ნ ----- ) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლი ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, ასევე, შემმოწმებლის მიერ გაანგარიშებულ ფასნამატს.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური შემოწმება სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის და სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით. შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა ბრძანება და გადასახდელად განესაზღვრა ჯარიმა და საურავი.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5,,ა") (9 ,,ბ"); 275; 159(,,ა",,ბ");.