ბრძანება N 27760

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 13.11.2023
№ დოკუმენტი 27760
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27760

13 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“-ის (ს/ნ "------")

(მის.: "------")

2023 წლის 7 აგვისტოს საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №111) განიხილა შპს „------“-ის (ს/ნ "------") 2023 წლის 7 აგვისტოს №134718/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივლისის №081-132 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს. ასევე, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებას და საშემოსავლო გადასახადში დარიცხულ თანხებს, კერძოდ: სალაროს ნაშთის გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 მარტის №5246 და 26 აპრილის №9109 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „------“-ის (ს/ნ "------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი ივნისიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 7 ივლისის №16422 ბრძანება და ამავე თარიღის №081-132 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 487 385 ლარი, მათ შორის, გადასახადი 282 323 ლარი, ჯარიმა 176 818 ლარი, საურავი 28 244 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

 საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს საკვები პროდუქტებით და სასმელებით ვაჭრობა, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ჯამში შეადგენს 15 957 746 ლარს. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონით გათვალისწინებული ფორმით. შემოწმების პროცესში წარმოდგენილია მხოლოდ საქონლის მოძრაობის პროგრამა, რომელიც გადამოწმებული იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციასთან (გამოწერილი ელ. სასაქონლო ზედნადებების ნაწილში) და დადასტურდა მისი სანდოობა ამ ნაწილში. ამასთან გამოვლინდა სხვაობები წარმოდგენილ პროგრამა ორისში ჩამოწერილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებსა და საქონლის მოძრაობის პროგრამაში არსებულ ჩამოწერილ საქონელს შორის, რითაც დგინდება, რომ სხვაობის ნაწილში ჩამოწერილი საქონლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, ვინაიდან პროგრამა ორისში სმფ-ები ჩამოწერილია ჯამურად, ყოველი წლის ბოლოს, ხოლო საქონლის მოძრაობის პროგრამაში რეალიზაციის ოპერაციის ნაწილზე შესაბამისი საქონლის ჩამოწერა არ ფიქსირდება და თვითღირებულებად დაფიქსირებულია 0 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე დგინდება, რომ გადამხდელი არასრულად აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, შესაბამისად შემოწმების მიერ შემოსავალი გაანგარიშდა შემდეგი მეთოდით: გადამხდელის მიერ ცნობის სახით წარმოდგენილ სასაქონლო-მატერიალური მასალების საწყისი/საბოლოო ნაშთებით და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ელ. სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი სმფ-ებით დადგინდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება ყოველი წლის მიხედვით, რასაც გამოაკლდა წარმოდგენილ საქონლის მოძრაობის პროგრამაში აღრიცხული რეალიზებული საქონლის თვითღირებულება და გამოვლენილ სხვაობაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გავრცელდა წარმოდგენილი საქონლის მოძრაობის პროგრამიდან დოკუმენტით (ს/ზედნადებით) რეალიზაციის შემთხვევაში დადგენილი შესაბამისი ჯგუფის საშუალო შეწონილი ფასნამატი. რეალიზაციის დაანგარიშებისას გათვალისწინებულია საქონლის აღრიცხვის პროგრამაში 0 ლარით ჩამოწერილი საქონლის წილი აღრიცხული შემოსავალი, გაორების თავიდან ასაცილებლად. შემოწმებით დადგენილ შემოსავალს დაემატა მარკეტინგული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი და განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შესაბამისად, დაკორექტირდა გადამხდელის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 გადასახადის გადამხდელი არასრულად აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, კერძოდ, წარმოდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში მონაცემები ასახულია ჯამურად ყოველი წლის ბოლოს, აღნიშნულიდან გამომდინარე სალაროში ფულის მოძრაობა გაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდზე, თვეების მიხედვით შემდეგი მეთოდით: წინა შემოწმებით დადგენილ ნაშთს გამოაკლდა დამფუძნებლის მიმართ ვალდებულება და დაემატა შემოწმებით დადგენილ შემოსავალს, გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, გამოაკლდა გაცემული ხელფასები და ბიუჯეტში გადახდილი თანხები, დაემატა ბანკში ფულის საწყისი ნაშთი და გამოაკლდა ბანკში ფულის საბოლოო ნაშთი, გაანგარიშებაში გათვალისწინებულია გადამხდელის მიერ ცნობის სახით წარმოდგენილი დებიტორული და კრედიტორული დავალიანების ნაშთები, ამასთან შესამოწმებელი პერიოდის საწყისი დებიტორული და კრედიტორული დავალიანების ნაშთები გადმოტანილია წინა შემოწმების მონაცემებიდან. აღნიშნული გაანგარიშების შედეგად გადამხდელს მთელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში უფიქსირდება უძრავი ნაშთი. შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 08 ივლისის №22708 ბრძანების მიხედვით გაანგარიშდა გონივრული ნაშთის ოდენობა (ამ ნაწილში შემოსავალი განისაზღვრა საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებით, და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებსა და საბანკო გადარიცხვით გადახდილ ხარჯს შორის სხვაობით, აღნიშნულის მიხედვით გონივრული ნაშთი განისაზღვრა ყოველთვიურად საკასო შემოსავლის და საკასო ხარჯის მეათედით). დადგინდა სხვაობა განსაზღვრულ ყოველთვიურ სალაროს უძრავ ნაშთსა და შესაბამისი თვის გონივრულ ნაშთს შორის, არაგონივრული ნაშთიდან მინიმალური ნაშთი ჩაითვალა 2020 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდში გაცემულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შემოწმებით დადგენილ არაგონივრულ ნაშთს და ივნისში ხელფასად განხილულ ნაშთს შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა პერიოდის ბოლოს 2023 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდის ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მდებარეობს საქონელი მიწოდების განხორციელების მომენტში, თუ არ ხორციელდება საქონლის გაგზავნა ან ტრანსპორტირება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში არცერთი სამართალდარღვევა არ ფიქსირდება, აღრიცხვას აწარმოებს კანონმდებლობის შესაბამისად და არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ საქონლის არაიდენტიფიცირებული რეალიზაციის დროს საქონლის ფასნამატი დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატზე ნაკლები იყო. მიუთითებს, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა არასწორადაა განსაზღვრული და საჩივარს თან ურთავს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ცხრილს, რომელიც მისი განმარტებით გასათვალისწინებელია. გადასახადის გადამხდელი, ასევე საჩივარს თან ურთავს, ცხრილს საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებასთან დაკავშირებით და ითხოვს აღნიშნული ცხრილების გათვალისწინებით გაანგარიშდეს საგადასახადო ვალდებულებები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------“-ის (ს/ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს. ასევე, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებას და საშემოსავლო გადასახადში დარიცხულ თანხებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის მიერ ცნობის სახით წარმოდგენილ სასაქონლო-მატერიალური მასალების საწყისი/საბოლოო ნაშთებით და ელ. სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი სმფ-ებით დადგინდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება ყოველი წლის მიხედვით, რასაც გამოაკლდა წარმოდგენილ საქონლის მოძრაობის პროგრამაში აღრიცხული რეალიზებული საქონლის თვითღირებულება და გამოვლენილ სხვაობაზე გავრცელდა წარმოდგენილი საქონლის მოძრაობის პროგრამიდან დოკუმენტით რეალიზაციის შემთხვევაში დადგენილი შესაბამისი ჯგუფის საშუალო შეწონილი ფასნამატი. რეალიზაციის დაანგარიშებისას გათვალისწინებულია საქონლის აღრიცხვის პროგრამაში 0 ლარით ჩამოწერილი საქონლის წილი აღრიცხული შემოსავალი, გაორების თავიდან ასაცილებლად. შემოწმებით დადგენილ შემოსავალს დაემატა მარკეტინგული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი და განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შესაბამისად, დაკორექტირდა გადამხდელის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

შემოწმებით დადგინდა სხვაობა განსაზღვრულ ყოველთვიურ სალაროს უძრავ ნაშთსა და შესაბამისი თვის გონივრულ ნაშთს შორის, არაგონივრული ნაშთიდან მინიმალური ნაშთი ჩაითვალა 2020 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდში გაცემულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შემოწმებით დადგენილ არაგონივრულ ნაშთს და ივნისში ხელფასად განხილულ ნაშთს შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა პერიოდის ბოლოს 2023 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდის ხელფასად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია,რომ აუდიტის დეპარტამენტმა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით,სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში,განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5,9),101,154,158,159,160,161,163,164.