ბრძანება N 17647

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.07.2023
№ დოკუმენტი 17647
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17647

20 ივლისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 21 და 27 ივნისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 ივლისის სხდომაზე (ოქმი №71) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) 2023 წლის 21 ივნისის №81808/1/2023 და 27 ივნისის №81921/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ივნისის №249-9 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივრებში არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული ჯართის შეძენების დაბეგვრას გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით და აცხადებს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში მხოლოდ მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული, რომ ჯართი შეძენილია ფიზიკური პირებისგან. ამასთან, მომჩივანი დაზუსტებული საჩივრით ითხოვს კონკრეტული სასაქონლო ზედნადებების რეალიზაციიდან ამოღებას, ვინაიდან მისი განმარტებით, აღნიშნული ზედნადებები გაუქმებულია და საქონლის მიწოდება არ განხორციელებულა;

2. არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული ფულადი სახსრების დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების ოდენობას და აცხადებს, რომ გაუგებარია, შემმოწმებელმა როგორ გაიანგარიშა აღნიშნული თანხა. მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოწმებას სრულად არ აქვს შესწავლილი შავი და ფერადი ლითონის აღრიცხვის ჟურნალები, ასევე, არ აქვს გათვალისწინებული შესყიდვის აქტები. მისი განმარტებით, არასწორია დოკუმენტური შეძენებიდან მინიმალური ფასის აღება და №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 ოქტომბრის №22097 და 2023 წლის 1 თებერვლის №1651 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 19 აპრილიდან 2023 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 5 ივნისის №12490 ბრძანება და ამავე თარიღის №249-9 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 4 084 001 ლარი, მათ შორის, გადასახადი 2 603 649 ლარი, ჯარიმა 1 301 925 ლარი და საურავი 178 427 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

„1. გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს შავი და ფერადი ლითონების შეძენარეალიზაცია. შეძენების დიდი ნაწილი განხორციელებულია ფიზიკური პირებისგან, რომლის აღრიცხვას საწარმო ნაწილობრივ აწარმოებს ჯართის აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალში. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის შესრულებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლით დადგენილი ვალდებულება. საგადასახადო შემოწმება სრული შეძენების დასადგენად დაეყრდნო გადამხდელის მიერ წარმოდგენილ სპეციალურ ჟურნალებში არსებულ ინფორმაციას სრულად, ხოლო შეძენების იმ ნაწილზე, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ ყოფილა წარმოდგენილი, შემოწმებამ იხელმძღვანელა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით და ხარჯი განსაზღვრულ იქნა მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური ღირებულებით. აღნიშნული მეთოდით გადამხდელის მიერ ფიზიკური პირებისგან შეძენილმა ჯართმა შეადგინა 12 213 280 ლარი, რომელიც დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით. გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი აქვს საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები. შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში. საწარმოს საქმიანობის შედეგად შემოსული თანხები, რომლის ეკონომიკური საქმიანობისთვის გახარჯვა შემოწმებით არ დასტურდება, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით შესაბამის საანგარიშო პერიოდში. გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.“

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის თანახმად:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3 - პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.

3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:

ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;

ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შეძენების დიდი ნაწილი განხორციელებულია ფიზიკური პირებისგან, რომლის აღრიცხვას საწარმო ნაწილობრივ აწარმოებს ჯართის აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალში, თუმცა გადამხდელის მიერ არ არის შესრულებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლით დადგენილი ვალდებულება. შემოწმება შეძენების დასადგენად დაეყრდნო გადამხდელის მიერ წარმოდგენილ სპეციალურ ჟურნალებში არსებულ ინფორმაციას, ხოლო შეძენების იმ ნაწილზე, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ ყოფილა წარმოდგენილი, იხელმძღვანელა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით და ხარჯი განსაზღვრულ იქნა მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური ღირებულებით.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოწმებისთვის არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, გარდა საბანკო ამონაწერისა და ახსნა-განმარტებებისა. საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულ იქნა დოკუმენტაცია, მათ შორის, ფერადი ლითონების მიღება-ჩაბარების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალები და შესყიდვის აქტები, რომლებიც შესწავლილი და დამუშავებულ იქნა შემოწმების მიერ, შედგენილ იქნა გაანგარიშების ცხრილები და ის შესყიდვის აქტები, რომლებიც არ იყო ასახული ჟურნალებში, გათვალისწინებულ იქნა შეძენების სრული ანგარიშის შედგენისას. შემოწმება საქონლის მოძრაობის ანგარიშის შედგენისას სრულად დაეყრდნო გადამხდელის მიერ განხორციელებულ რეალიზაციებს, რის შედეგადაც გაირკვა, რომ სპეციალურ ჟურნალებში შეძენები არ არის ასახული სრულად. ამასთან, სრული შეძენების დასადგენად შემოწმება დაეყრდნო საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებულ სპეციალურ ჟურნალებსა და შესყიდვის აქტებში, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში დაფიქსირებულ მონაცემებს, ხოლო შეძენების იმ ნაწილზე, რომელზეც არ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტურად დამადასტურებელი მტკიცებულებები, შემოწმებამ ხარჯები განსაზღვრა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენებით მსგავსი საქონლის შეძენაზე საწარმოს შეძენებიდან დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური ღირებულებით. რაც შეეხება, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შეძენების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, აღნიშნული განპირობებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მე-2 ნაწილით და გამოყენებულია იმ შეძენებზე, რაზეც არ ყოფილა სასაქონლო ზედნადები გამოწერილი და არც ფერადი ლითონების აღრიცხვის ჟურნალებში იყო შეტანილი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ამასთან, აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული შეძენების ფიზიკური პირებისგან შეძენილად მიჩნევა და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა 3%-იანი განაკვეთით შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმების მიერ შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში და საწარმოს საქმიანობის შედეგად შემოსული თანხები (11 158 837 ლარი), რომლის ეკონომიკური საქმიანობისთვის გახარჯვა შემოწმებით არ დასტურდება, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოწმებისთვის არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, გარდა საბანკო ამონაწერისა და ახსნა-განმარტებებისა. ფერადი ლითონების მიღება-ჩაბარების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალები და შესყიდვის აქტები ამოღებულ იქნა საგამოძიებო ორგანოს მიერ და გათვალისწინებულ იქნა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში შედგენილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებული მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით გაანგარიშებული შემოსავლის დირექტორის ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივრებში არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული ჯართის შეძენების დაბეგვრას გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით.

2. არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული ფულადი სახსრების დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების ოდენობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოწმებისთვის არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, გარდა საბანკო ამონაწერისა და ახსნა-განმარტებებისა. საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულ იქნა დოკუმენტაცია, მათ შორის, ფერადი ლითონების მიღება-ჩაბარების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალები და შესყიდვის აქტები, რომლებიც შესწავლილი და დამუშავებულ იქნა შემოწმების მიერ, შედგენილ იქნა გაანგარიშების ცხრილები და ის შესყიდვის აქტები, რომლებიც არ იყო ასახული ჟურნალებში, გათვალისწინებულ იქნა შეძენების სრული ანგარიშის შედგენისას. შემოწმება საქონლის მოძრაობის ანგარიშის შედგენისას სრულად დაეყრდნო გადამხდელის მიერ განხორციელებულ რეალიზაციებს, რის შედეგადაც გაირკვა, რომ სპეციალურ ჟურნალებში შეძენები არ არის ასახული სრულად. ამასთან, სრული შეძენების დასადგენად შემოწმება დაეყრდნო საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებულ სპეციალურ ჟურნალებსა და შესყიდვის აქტებში, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში დაფიქსირებულ მონაცემებს, ხოლო შეძენების იმ ნაწილზე, რომელზეც არ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტურად დამადასტურებელი მტკიცებულებები, შემოწმებამ ხარჯები განსაზღვრა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენებით მსგავსი საქონლის შეძენაზე საწარმოს შეძენებიდან დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური ღირებულებით.

2. გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოწმებისთვის არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, გარდა საბანკო ამონაწერისა და ახსნა-განმარტებებისა. ფერადი ლითონების მიღება-ჩაბარების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალები და შესყიდვის აქტები ამოღებულ იქნა საგამოძიებო ორგანოს მიერ და გათვალისწინებულ იქნა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში შედგენილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ამასთან, აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული შეძენების ფიზიკური პირებისგან შეძენილად მიჩნევა და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა 3%-იანი განაკვეთით შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით გაანგარიშებული შემოსავლის დირექტორის ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101(1); 1333; 154(1„ა“); 275.