გადაწყვეტილება № 25728/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 25728/2/2025
24 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ----- 26.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25728/2/2025).
დავის საგანი:
დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების სისწორე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 16 ივნისის №149-6 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 6.08.2025 წლის №17715 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 64 848,44 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 36 909,71
ჯარიმა - 18 827,10
საურავი - 9 111,63
ფაქტების აღწერა
მომჩივნის საქმიანობაა სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო საქონლის საცალო რეალიზაცია ქ. თბილისში.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდებში საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების, ასევე ჩასათვლელი დღგ-ის თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 13 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
გადასახადის გადამხდელი შემოსავალს იღებს საბანკო ტერმინალისა და საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად განისაზღვრა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილ იქნა წერილობითი განცხადება, მეწარმის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში გათვალისწინების თაობაზე.
საგადასახადო კოდექსის 175-ე და 176-ე მუხლების გათვალისწინებით, დაკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა. შემოწმებით განსაზღვრულსა და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული თანხების სხვაობაზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზეც გამოიცა 2025 წლის 16 ივნისის №12491 ბრძანება და ამავე თარიღის №149-6 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 6.08.2025 წლის №17715 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე,180-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
არის უზუსტობა სალაროში ამორტყმულ თანხებში, ასევე არ არის ზოგიერთი ჩათვლა გამოყენებული, ასევე მეწარმის მიერ ხდებოდა ტერმინალზე გატარებული თანხის სალარო აპარატზე ასახვა იგივე თანხის, რამაც გამოწვია თანხის გაორება. ზემოთ აღნიშნულმა გარემოებებმა გამოიწვია თანხების გაზრდა. ითხოვს აღნიშნული გარემოების გათვალისწინებას და გადასახდელი თანხის შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ, ასევე ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია, ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
წარმოდგენილ საჩივარში მომჩივანი აცხადებს, რომ საკონტროლო-სალარო აპარატზე შეცდომით იყო ამობეჭდილი ჩეკები, რაც არ იყო დაკორექტირებული და აგრეთვე ხდებოდა ტერმინალზე გატარებული თანხის საკონტროლო-სალარო აპარატზე ამობეჭდვა, რაც იწვევდა თანხების გაორებას. სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 5.11.2025 წლის №98088-21-14 წერილი, სადაც მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით, აღნიშნულია, რომ შემოწმების შედეგები საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენამდე განხილულ იქნა გადასახადის გადამხდელთან და ბუღალტრულ აღრიცხვაზე პასუხისმგებელ პირთან, თუმცა შემოწმების ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ მომხდარა რაიმე სახის პოზიციის ან/და არგუმენტაციის (მ.შ ბუღალტრული აღრიცხვის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტის) წარდგენა შეცდომით ამორტყმულ ჩეკებთან თუ სალაროსა და საბანკო ტერმინალში გაორებულ თანხებზე. ამასთან, გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, ხოლო მისი საქმიანობის სპეციფიკიდან (საყოფაცხოვრებო საქონლის საცალო რეალიზაცია) გამომდინარე საგადასახადო შემოწმებისთვის შეუძლებელია შედარება და გამიჯვნა საკონტროლო სალარო-აპარატსა და საბანკო ტერმინალებში გაორებული თანხების. რაც შეეხება დღგ-ის ჩათვლის ნაწილს, მომჩივნის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილ იქნა წერილობითი განცხადება, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის ჩათვლაში გათვალისწინების თაობაზე. თავდაპირველად, გადასახადის გადამხდელი იყო დღგ-ის არაკვალიფიციური გადამხდელი, თუმცა საგადასახადო შემოწმების პერიოდში მას მიენიჭა დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსი, რის საფუძველზეც შეძლო მიღებული საგადასახადო ელ. ანგარიშ-ფაქტურების დადასტურება და შესაბამისად, შემოწმების ფარგლებში აღნიშნული გათვალისწინებულ იქნა და დაკორექტირდა (გაიზარდა) დღგ-ს ჩასათვლელი თანხა 7 311 ლარის ოდენობით.
მომჩივანი არ წარმოადგენს იმგვარ დოკუმენტებს/მტკიცებულებებს, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, არ არსებობს შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანების გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების სისწორე.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო საქონლის საცალო რეალიზაცია. შემოსავლის მიღებას ძირითადად ახორციელებდა საბანკო ტერმინალისა და საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით. არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად განისაზღვრა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილ იქნა წერილობითი განცხადება, მეწარმის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში გათვალისწინების თაობაზე. , დაკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა. შემოწმებით განსაზღვრულსა და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული თანხების სხვაობაზე, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, არ არსებობს შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანების გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 159(1);175;176(1);