გადაწყვეტილება №25130/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.06.2025
№ დოკუმენტი 25130/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25130/2/2025

12 ივნისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.05.2025 განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 29.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25130/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21405 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2024 წლის №161-13 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 8.04.2025 წლის №6787 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 254 131,07 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 146 825

დღგ - 32 988

საშემოსავლო გადასახადი - 113 808

ქონების გადასახადი - 29

ჯარიმა - 73 036

საურავი - 34 270,07

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია სრულყოფილი ინფორმაცია: ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები. გადასახადის გადამხდელმა წარადგინა საბუღალტრო პროგრამის „ორისის“ არასრულყოფილი ასლი. შედარებული იქნა სატენდერო დოკუმენტაცია, მიღებაჩაბარების აქტები, საბანკო ჩარიცხვები, გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება სასაქონლო ზედნადებებით მასალების შეძენა რომელიც გადაზიდულია მისამართებზე, სადაც საწარმოს შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტებით პროექტის განხორციელება არ უფიქსირდება. აღნიშნული მასალები ჩაითვალა რეალიზებულად, ხოლო რეალიზაციის თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

გადასახადის გადამხდელთან 20.02.2024 წელს ჩატარებულია სალაროს ინვენტარიზაცია, რომლითაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სალაროს და ნაღდი ფულის ნაშთი არ უფიქსირდება. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს აღრიცხვა-ანგარიშგებას. შესაბამისად, არაპირდაპირ იქნა გაანგარიშებული სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი, აღნიშნული ნაშთის მიზნობრიობა/ფაქტობრივად არსებობა შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით არ დასტურდება. აღნიშნული თანხა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.07.2024 წლის №161-9 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21405 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, პროექტებთან მიმართებით შესაბამის ობიექტზე გადაზიდული მასალების/სასაქონლო ზედნადებების შესახებ გაშიფრული ინფორმაცია;

ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეესწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეესწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21405 ბრძანების აღსრულების შედეგად, მომჩივანს აუდიტის დეპარტამენტის 11.12.2024 წლის დასკვნის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 15 697 ლარით (გადასახადი 10 866 ლარი, ჯარიმა 4 831 ლარი). აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2024 წლის №161-13 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 6.02.2025 წლის №1773 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 7.03.2025 წლის №24826/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 8.04.2025 წლის №6787 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადაანგარიშების დროს აუდიტის დეპარტამენტმა 79 765 ლარის შეძენილი მასალებიდან გაითვალისწინა 26 998 ლარის მასალა, თუმცა, არ გაითვალისწინა 52 767 ლარის შეძენა. ძირითადი მიზეზი არის ამ შეძენების დროს გამოწერილი ზედნადებებში არასწორად მითითებული მისამართები, რომელიც ვერ შეედარა კომპანიის მიერ მოგებული სახელწიფო ტენდერების მისამართებს. არსებული პრობლემა გამოწვეულია მომწოდებლის მიერ დაშვებული შეცდომით და დაუდევრობით. კომპანიამ ამ ფაქტის გამოსასწორებლად დაამყარა კომუნიკაცია მსხვილ მომწოდებლებთან როგორებიცაა:

შპს ---, შპს --- და შპს ---. შეუთანხმდა, რომ აღნიშნული მისამართები წარმოადგენს დაუდევრობას რაზეც მომწოდებლები მოიწერებიან ოფიციალურ წერილს. საწარმოს ძირითადი დამკვეთი სახელმწიფო სტრუქტურებია, რაზეც მოგებულია ტენდერები და გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტები, თუმცა, შემოწმება მოხდა არა მიღება-ჩაბარების აქტში აღნიშნული პროდუქციის დასახელებებით და რაოდენობებით არამედ, სასაქონლო ზედნადებებში ჩაწერილი მისამართებით, რაც უსამართლოა. გარდა ამისა, სახელმწიფო სტრუქტურები ზედმიწევნით ზუსტად უშეცდომოდ იბარებენ შესრულებულ სამუშაოს და დახარჯულ მასალას და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ზედნადებში მისამართის ველში დაშვებულ შეცდომას ან დაუდევრობას. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას მთლიანად შესყიდული აქვს 1 022 605 ლარის ღირებულების მასალა საიდანაც საეჭვო რჩება 52 767 ლარის მასალა, რაც მთლიანობაში სრული შესყიდვის 5,11% ია. კომპანიას 2021 წლის საწყის ეტაპზე გააჩნდა დავალიანება უპროცენტო სესხის სახით მისი დირექტორის და დამფუძნებლის ---ის მიმართ რომელიც შემოტანილი იყო სახელმწიფო ტენდერის (NAT---) სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელებისთვის და აღნიშნული თანხა შეადგენდა 76 590 (სამოცდათექვსმეტი ათას ხუთას ოთხმოცდაათი ლარი) რომელზეც გაფორმებულია სესხის ხელშეკრულება (18.12.2020 წელი) და სალაროს გასავლის ორდერებით (17.03.2020 – 9 300 ლარი; 25.03.2021 – 10 000 ლარი; 30.03.2021 – 8 520 ლარი; 28.05.2021- 6 100 ლარი; 12.06.2021 – 7 570 ლარი; 21.08.2021 – 6 400 ლარი; 26.08.2021 – 4 600 ლარი; 16.11.2021 – 5 600 ლარი; 19.11.2021 – 8 100 ლარი; 21.11.2021 – 5 000 ლარი 17.12.2021 – 5 400 ლარი) - დასტურდება მისი უკან დაბრუნება/გადახდა. კონკრეტული ინფორმაცია მოძიებულ იქნა შემოწმების დროს საბუღალტრო დოკუმენტაციის გავლის შედეგად. აღნიშნული თანხა გატანილია ნაწილ-ნაწილ იმდაგვარად რომ კომპანიას საფრთხე არ შექმნოდა შეესრულებინა სახელმწიფო ტენდერი N---. აუდიტორმა მოითხოვა შემოტანილი სესხის მიზნობრიობა. აღნიშნული თანხა გაიცა მცირე მეწარმეებზე დაგროვილი დავალიანების დასაფარად, რომლებიც ემსახურებოდნენ საწარმოს, რათა დავალიანების დაფარვის შემდეგ პრობლემა არ შექმნოდა ზემოხსენებულ ტენდერს. კომპანია თანამშრომლობს სანდო ხელოსნების ჯგუფთან, რაც ძირითადი საფუძველია ტენდერის ხარისხიანად შესრულებისთვის. გარდა ამისა, პანდემიის პერიოდის დროს კომპანია გააჩნდა ზარალი რამაც გამოიწვია დამფუძნებლის მიერ კომპანიაში სესხის სახით თანხის შემოტანა. 30.09.2023 წელს, ---თან, საქვეანგარიშოდ გატანილ თანხაზე 280 000 ლარზე, გაფორმდა სესხის ხელშეკრულება და დაავალდებულა აღნიშნული თანხა დაფაროს 31.12.2024 წლამდე - 140 000 ლარის ოდენობით და 31.12.2025 წლამდე 140 000 ლარის ოდენობით. შემოსავლების სამსახურმა აღნიშნული თანხა დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21405 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: - პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, პროექტებთან მიმართებით შესაბამის ობიექტზე გადაზიდული მასალების/სასაქონლო ზედნადებების შესახებ გაშიფრული ინფორმაცია;

ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეესწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეესწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21405 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 11.12.2024 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, სადაც მითითებულია შემდეგი: გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ ცხრილის სახით წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია. კერძოდ, გადასახადის გადამხდელმა ზედნადებებთან დააკავშირა იმ პროექტებზე გამოწერილი ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა მომსახურების შემადგენელი ნაწილიც იყო ზედნადებებით შეძენილი საქონელი. წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდა ისეთი შემთხვევები, როცა ზედნადებში მითითებული მიტანის მისამართები არ ემთხვევა ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურებით იდენტიფიცირებულ ობიექტის მისამართებს. ასევე, ზოგ შემთხვევაში ზედნადების თარიღი აღემატებოდა დაკავშირებული ანგარიშ-ფაქტურების საანგარიშო პერიოდს. ზოგ შემთხვევაში ზედნადების თარიღი უსწრებდა ხელშეკრულების თარიღს. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციიდან, მხოლოდ 26 998 ლარის ღირებულების ზედნადებები დაიდენტიფიცირდა და დაკავშირდა პროექტებთან. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დღგ-ის თანხა 4 117 ლარით, საშემოსავლო გადასახადის თანხა 6 749 ლარით, ხოლო ჯარიმა 15 697 ლარით. გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა 18.12.2020 წლით დათარიღებული სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კომპანიას დამფუძნებლისგან (შემოწმების მიღმა პერიოდში) აღებული აქვს 76 590 ლარის ოდენობით უპროცენტო სესხი. ხელშეკრულების მონაწილე ორივე მხარის ხელმომწერი პირია კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელი ----. ამასთან ხელშეკრულება არ არის დადასტურებული ნოტარიულად. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული სესხის საჭიროება კომპანიას წარმოეშვა 20.01.2021 წელს სახელმწიფო ტენდერის (NAT---) სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელებისათვის.

ასევე, წარმოდგენილ იქნა 2021 წლით დათარიღებული გასავლის ორდერები, რომლის მიხედვითაც სესხი დაფარულია სრულად. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა საგადასახადო ორგანოსთან. ბუღალტრული პროგრამა წარმოდგენილი იყო არასრულყოფილი ფორმით. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სესხის საჭიროების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით კი აღნიშნული სესხის საჭიროება ვერ დადგინდა. ამასთან, ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშება განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდით და იმ დაშვებით, რომ კომპანიას არ გააჩნდა დებიტორ-კრედიტორი და სალაროს საწყისი ნაშთები. შესაბამისად აღებული სესხის საწყის ნაშთში გათვალისწინება და შემდგომ გასავლის ორდერების მიხედვით გადახდილად ჩათვლა არ ცვლის ფულის მოძრაობის გაანგარიშებას და მათემატიკურ შედეგს. გადასახადის გადამხდელის მიერ ასევე წარმოდგენილია 30.09.2023 წლის სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც საწარმოს კომპანიის დირექტორზე/დამფუძნებელზე გაცემულმა სესხმა შეადგინა 280 000 ლარი, რომელიც ამავე პირს კომპანიიდან საქვეანგარიშოდ გატანილი აქვს 1.01.2022-დან 30.09.2023 წლამდე პერიოდებში. აღნიშნული ხელშეკრულებით გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ 2022 წლიდან დირექტორის მიერ სალაროდან გატანილი თანხები ჩაითვალოს სესხად. აღნიშნულ ხელშეკრულებაშიც მონაწილე მხარეების ხელმომწერი პირია კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელი ---. ამასთან, არც ეს ხელშეკრულება არ არის დადასტურებული ნოტარიულად.

ამავდროულად წარმოდგენილია მხოლოდ სალაროს გასავლის ორდერები, თუმცა, გადასახადის გადამხდელის მიერ არაა აღრიცხული სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობა, რომლის მიხედვითაც დადასტურდებოდა აღნიშნულ პერიოდში გაცემული სესხის ოდენობის თანხის სალაროში არსებობის ფაქტი. ასევე, ხელშეკრულება არ ითვალისწინებს რაიმე სახის პროცენტის ან სარგებლის დარიცხვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკითხი არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოწმების პროცესში მომჩივანთან გაგზავნილი იყო სასაქონლო ზედნადებების ჩამონათვალი, რათა მიეწერა შესრულებული პროექტების მიხედვით გადაზიდული მასალების მისამართები. თუმცა, გადასახადის გადამხდელმა არ ითანამშრომლა შემოწმებასთან. შემდეგ, გადაანგარიშების პროცესში ჩაერთო მომჩივანი და აღნიშნულ ცხრილში გაშიფრა მისამართები. ანალიზის შედეგად, დადგინდა, რომ სატენდერო ხელშეკრულებების თარიღები და შეძენილი მასალების თარიღები არ ემთხვევა ერთმანეთს. ამასთან, გადამოწმებულია კამერების ჩანაწერებიც და მასალები მიტანილი არ არის იმ დროისთვის მიმდინარე პროექტის მისამართზე. რაც შეეხება სესხს, შემოწმების პროცესში მომჩივანს არ მიუწოდებია ინფორმაცია სესხთან დაკავშირებით. გადაანგარიშების ეტაპზე კი გადასახადის გადამხდელის არგუმენტი, რომ სესხი სჭირდებოდა ტენდერით აღებული ვალდებულებების შესასრულებლად არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან სესხის ხელშეკრულება გაფორმებულია 2020 წლის დეკემბერში და ტენდერში გამარჯვება კი ფიქსირდება იანვარში. შესაბამისად, წინასწარ ვერ ეცოდინებოდა გაიმარჯვებდა თუ არა აღნიშნულ ტენდერში. ამასთან, ფინანსური ანგარიშგებები არის ნულოვანი. შესაბამისად, დადგინდა, რომ აღნიშნული სესხის თანხა გადასახადის გადამხდელს არ სჭირდებოდა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი არსებითი მნიშვნელობის რაიმე არგუმენტი/მტკიცებულებები, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21405 ბრძანება. ამასთან, არც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარდგენილ საჩივარს არ ერთვის რაიმე სახის მტკიცებულებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21405 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21405 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელთან 20.02.2024 წელს ჩატარებულია სალაროს ინვენტარიზაცია, რომლითაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სალაროს და ნაღდი ფულის ნაშთი არ უფიქსირდება. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს აღრიცხვა-ანგარიშგებას. შესაბამისად, არაპირდაპირ იქნა გაანგარიშებული სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი, აღნიშნული ნაშთის მიზნობრიობა/ფაქტობრივად არსებობა შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით არ დასტურდება. აღნიშნული თანხა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21405 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21 .