ბრძანება N 23411
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23411
04 ნოემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------------ის“ (ს/ნ-------------------)
(ფაქტ. მის.:---------------------------------;
იურ. მის.: ---------------------------------)
2024 წლის 6 აგვისტოს საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №112) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 2 ოქტომბრის №23902/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------------ის“ (ს/ნ-------------------) 2024 წლის 6 აგვისტოს №91266/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 ივლისის №081-177 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით: გადასახადის გადამხდელი ითხოვს ფულის ნაშთის გაანგარიშებისას იმპორტით შეძენილი საქონლის ღირებულების სრულად გათვალისწინებას. განმარტავს, რომ ფულის ნაშთის დადგენის დროს შემოწმების მიერ სრულად არ იქნა გათვალისწინებული არარეზიდენტი საწარმოსაგან იმპორტირებული საქონლის ღირებულება. გადამხდელს წარმოდგენილი აქვს შედარების აქტი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 1 მარტის №4618 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------------ის“ (ს/ნ-------------------) საჩივრები. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------------ის“ (ს/ნ-------------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (რეზიდენტობის ცნობები);
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმების და წარმოდგენილი მტკიცებულებების (მ.შ საჩივარზე თანდართული) გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე,სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) გათვალისწინებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს“.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 1 მარტის №4618 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 28 ივნისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 519 865 ლარი, მათ შორის: გადასახადი 347 492 ლარი, ჯარიმა 172 373 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 23 ივლისის №081-177 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნულ კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2024 წლის 6 აგვისტოს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 სექტემბრის №20056 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 2 ოქტომბრის №23902/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 სექტემბრის №20056 ბრძანება და იმპორტირებული საქონლის ღირებულების ნაწილის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერების ნაწილში, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 2 ოქტომბრის №23902/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საბჭოს მიაჩნია, რომ იმპორტირებული საქონლის ღირებულების ნაწილის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საჩივარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს“.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითება (დანართი №8). ფულის მოძრაობის გაანგარიშებისას გამოკლებულ იქნა არარეზიდენტ მომწოდებელზე გადახდილი თანხის 75% (ბანკში გადახდილი თანხის გამოკლებით). შემოწმების მიერ შემცირებულ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი არ ეთანხმება იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდილი საინვოისო ღირებულების 75%-ის გათვალისწინებას. ითხოვს ფულის ნაშთის გაანგარიშებისას იმპორტით შეძენილი საქონლის ღირებულების სრულად გათვალისწინებას. გადამხდელს წარმოდგენილი აქვს შედარების აქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის თანახმად, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------------ის“ (ს/ნ-------------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის თანახმად, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ითხოვს ფულის ნაშთის გაანგარიშებისას იმპორტით შეძენილი საქონლის ღირებულების სრულად გათვალისწინებას. განმარტავს, რომ ფულის ნაშთის დადგენის დროს შემოწმების მიერ სრულად არ იქნა გათვალისწინებული არარეზიდენტი საწარმოსაგან იმპორტირებული საქონლის ღირებულება. გადამხდელს წარმოდგენილი აქვს შედარების აქტი.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის №4618 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადასახადის გადამხდელის საჩივრები.
შემოსავლების სამსახურის აღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 519 865 ლარი, აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №081-177 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნულ კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის №20056 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის №23902/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №20056 ბრძანება და იმპორტირებული საქონლის ღირებულების ნაწილის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერების ნაწილში, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის თანახმად, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9 „ბ“); 101(1); 154(1 ,,ა“2 „ა“ და „ბ“);