გადაწყვეტილება №26911/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.04.2026
№ დოკუმენტი 26911/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26911/2/2026

01 აპრილი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.03.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 16.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26911/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 14.08.2025 წლის №18343 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2025 წლის №001-322 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 27.02.2026 წლის №4681 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 495 702.57 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 286 589.79

დღგ - 138 785.46

საშემოსავლო გადასახადი - 147 691.17

ქონების გადასახადი - 113.16

ჯარიმა - 150 446.76

საურავი - 58 666.02

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობაა სარესტორნო მომსახურების გაწევა იჯარით აღებულ ფართში.

აუდიტის დეპარტამენტის 7.05.2025 წლის №9038 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის, 9.06.2023 წლიდან 1.03.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების, გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 30.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:

გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 865 897 ლარს. ამავე პერიოდში სარესტორნო საქმიანობასთან დაკავშირებული სურსათის შესყიდვის ღირებულება შეადგენს 1 143 127 ლარს. შემოწმების ეტაპზე საწარმოში ჩატარდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა, რომლის მიხედვით დაიდენტიფიცირდა გამაგრილებელი უალკოჰოლო სასმელისა („კოკა-კოლა“ და „მირინდა“) და კერძების სარეალიზაციო ღირებულება, რაც თანხვედრაშია იმავე პერიოდში რესტორნის საძიებო გვერდზე გამოქვეყნებულ მენიუსთან. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია კალკულაციები გარკვეული კერძების მიხედვით, რომლითაც დადგინდა, რომ ძირითადი კერძების საბაზისო პროდუქცია არის ქათმის ხორცი და ბრინჯი ან ცხვრის ხორცი და ბრინჯი. აღნიშნული საქონლისა და კერძების სარეალიზაციო ღირებულების მიხედვით დადგინდა შესაბამისი ფასნამატები (ცხვრის კერძი 102%, ქათმის კერძი 169%, უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელი 140%), ხოლო საშუალო ფასნამატმა შეადგინა 104,8%. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ საბუღალტრო აღრიცხვაში ასახულია მხოლოდ ტერმინალის მონაცემები (საკონტროლო-სალარო აპარატით დაფიქსირებული შემოსავალი სულ 777 ლარს შეადგენს). საბუღალტრო პროგრამით დაფიქსირებული ფასნამატი შეადგენს 36,7%. ამასთან, საკონტროლო შესყიდვის დროს დაფიქსირდა სამართალდარღვევა. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელა საწარმოს მენიუს ფასნამატებით. ამასთან, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 17.07.2023 წელს, ნაცვლად ამავე წლის 2 აგვისტოსი. ასევე, არაპირდაპირი მეთოდით დადგენილ შემოსავალსა და ხარჯს შორის სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სარგებლად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე, 282-ე მუხლებით

აღსანიშნია, რომ გადასახადის გადამხდელს მიღებული მომსახურებებისა და საქონლის საფუძველზე სრულად არ აქვს მიღებული კუთვნილი დღგ-ის ჩათვლები. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის სახელზე გამოწერილი და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში, წარმოადგენს დღგ-ის თანხის ჩათვლის მიღების საფუძველს. შედეგად, გადასახადის გადამხდელს ჩასათვლელი თანხის გათვალისწინებით, შეუმცირდა დღგ.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.07.2025 წლის №14625 ბრძანება და ამავე თარიღის №001- 134 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 14.08.2025 წლის №18343 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ტერმინალით რეალიზებული საქონლის თვითღირებულების შესახებ გაშიფრული ინფორმაცია და კომუნალური გადასახადების ხარჯებთან დაკავშირებით დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 14.08.2025 წლის №18343 ბრძანება არ გასაჩივრებულა.

შემოსავლების სამსახურის 14.08.2025 წლის №18343 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილია აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2025 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხები, ჯამში 26 569 ლარით, მათ შორის, გადასახადი 17 713 ლარით და ჯარიმა 8 856 ლარით.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2025 წლის №28967 ბრძანება და ამავე თარიღის №001-322 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.02.2026 წლის №4681 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, დღგ-ის თანხის ჩათვლასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველ-მე-4 ნაწილებზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 180-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 69-ე, 176-ე და 180-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, პირი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება. შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების ასახვის მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია წარადგინოს საგადასახადო დეკლარაცია, მათ შორის შესწორებული (დაზუსტებული) ფორმით.

აგრეთვე, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარდგენილ არგუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება, ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

9.06.2023 წლიდან ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას იჯარით აღებულ ფართში. პიროვნება, რომელიც ეხმარებოდა დეკლარაციების წარდგენაში, საქართველოდან წავიდა, ახალმა ბუღალტერმა დეკლარაციები არ წარადგინა ჯეროვნად, არ იყო საქართველოში და ამის კონტროლს ვერ ახერხებდა, რამაც გამოიწვია გადასახადების არასწორად გადახდა. აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების დანიშვნის შესახებ შეიტყო დაგვიანებით და დასახმარებლად მიმართა ახალ ბუღალტრებს, რომლებიც დაეხმარნენ შემოწმების მიმდინარეობის პერიოდში.

საქმიანობა დაიწყო სტანდარტული მენიუს ფასებით, თუმცა ობიექტი საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც სტუდენტური სასადილო. საქმიანობის 95%-ს შეადგენს არაბი და ირანელი სტუდენტები, რომლებიც ძირითად კერძებს მიირთმევენ არა მენიუს ფასებად არამედ სტუდენტურ ფასებში: ქათამი 15 ლარად, ნაცვლად 25 ლარისა და ცხვარი 25-30 ლარად, ნაცვლად 40 ლარისა. აქედან გამომდინარე, აღნიშნული კერძების ფასნამატი მერყეობს 37%-მდე. აღნიშნული დასტურდება ფეისბუქ გვერდით, სადაც მუდმივად არეკლამებს აღნიშნულ ფასებს. ასევე ტიკტოკზე არის ვიდეოები, სადაც არაბი სტუდენტები დამოუკიდებლად ახსენებენ რესტორანს და დაბალ ფასებს.

ასევე მოიძია ადგილობრივი სარესტორნე ჩეკები, სადაც თითქმის 100%-ით დასტურდება კერძის დასახელება, აღნიშნული დაბალი ფასი, რასაც თავზე დაკრული აქვს ტერმინალის ჩეკები.

ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას ფასნამატის დაანგარიშებისას და შესაბამისად აქტით დარიცხული თანხის კორექტირებას.

ასევე, დარიცხვა გამოწვეულია, იმით რომ მისაღები აქვს იჯარით აღებული ფართის მფლობელი - შპს ------- დღგ-ის ჩათვლისთვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რაც საკმაოდ დიდი თანხაა, სამწუხაროდ მათი ბუღალტერი ვერ ახერხებს აღნიშნული ფაქტურების გამოგზავნას. ვინაიდან არ აქვს დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსი და იქნებ ერთჯერადად მიეცეს აღნიშნული სტატუსი, რომ გამოუწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. სამწუხაროდ წინა საჩივრის საფუძველზე არ განხორციელდა ფასნამატის კორექტირება, წარადგინა დოკუმენტაცია, კერძოდ რესტორნის ჩეკები და შესაბამისი საბანკო ტერმინალის ამონაწერი რეესტრის სახით. ზოგ სარესტორნე ჩეკს დაკარგული აქვს ტერმინალის ჩეკი, თუმცა ბანკთან კომუნიკაციისას გაარკვია, რომ ჩეკების რეესტრით შესაძლებელია რესტორნის ჩეკის ნამდვილობის დადასტურება.

კომპანიის მოთხოვნებიდან დაკმაყოფილდა მხოლოდ კომუნალური გადასახადების ხარჯებთან დაკავშირებული საკითხი, ითხოვს დანარჩენი ორი მოთხოვნის, ფასნამატის და იჯარის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, ნაწილშიც საჩივრის განხილვას.

ზემოაღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით ითხოვს შემცირდეს გადასახადი და მოეხსნას ჯარიმა და საურავები, რადგან სურს საქართველოში ბიზნესის გაგრძელება და განვითარება. გადაიხდის აღნიშნულ და ყველა სავალდებულო გადასახადს, რადგან უკვე თანამშრომლობს ბუღალტერთან და მისი დახმარებით დროულად გადაიხდის ყველა სავალდებულო გადასახადს. ითხოვს მიეცეს საშუალება გააგრძელოს ეკონომიკური საქმიანობა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 14.08.2025 წლის №18343 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ტერმინალით რეალიზებული საქონლის თვითღირებულების შესახებ გაშიფრული ინფორმაცია და კომუნალური გადასახადების ხარჯებთან დაკავშირებით დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 14.08.2025 წლის №18343 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილია აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2025 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ:

- გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელმა წარადგინა სარესტორნე ჩეკები მატერიალური სახით, ასევე, ექსელის ფაილით ცხრილები, რომლის მიხედვით მთლიანი თანხიდან (1 562 092 ლარი) მხოლოდ 17 373 ლარის რეალიზაცია არის იდენტიფიცირებული და დართული აქვს ბანკის ჩეკი, ხოლო დანარჩენი თანხები არ არის იდენტიფიცირებული. ვინაიდან, დაკავშირებული თანხების ოდენობა არაარსებითია, საგადასახადო შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული აღნიშნული მტკიცებულებები და შესაბამისად, ამ ნაწილში შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

- გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია საბანკო ამონაწერი, რომლის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში კომუნალური გადასახადების ხარჯი შეადგენს ჯამში 70 851 ლარს. შესაბამისად, ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სარგებლად განხილული თანხა გადაანგარიშების შედეგად შემცირდა აღნიშნული თანხით და დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.

- შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს შპს ------- იჯარით ჰქონდა აღებული კომერციული ფართი, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და იჯარის ხელშეკრულების მონაცემების მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი იჯარის თანხების საერთო ოდენობა შეადგენს 288 862 ლარს. დღეის მდგომარეობით, შპს ------- მოცემულ ოპერაციაზე არ აქვს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, შესაბამისად, ვინაიდან, დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტს წარმოადგენს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, გადაანგარიშების ეტაპზე ვერ განხორციელდა ზემოაღნიშნული დღგ-ის თანხების ჩათვლა.

მომჩივანი ითხოვს კომპანიის დანარჩენი ორი მოთხოვნის, ფასნამატის და იჯარის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, ნაწილშიც საჩივრის განხილვას, კერძოდ შპს ------- ბუღალტერი ვერ ახერხებს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოგზავნას, ვინაიდან არ აქვს დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსი და ითხოვს ერთჯერადად მიეცეს აღნიშნული სტატუსი, რომ გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ფასნამატთან დაკავშირების წარადგინა დოკუმენტაცია, კერძოდ რესტორნის ჩეკები და შესაბამისი საბანკო ტერმინალის ამონაწერი რეესტრის სახით. ზოგ სარესტორნე ჩეკს დაკარგული აქვს ტერმინალის ჩეკი, თუმცა ბანკთან კომუნიკაციისას გაარკვია, რომ ჩეკების რეესტრით შესაძლებელია რესტორნის ჩეკის ნამდვილობის დადასტურება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს შემცირდეს გადასახადი და მოეხსნას ჯარიმა და საურავი, რადგან სურს საქართველოში ბიზნესის გაგრძელება და განვითარება.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების დავალების შესაბამისად მომჩივანმა ვერ შეძლო სრულად დაეკავშირებინა ტერმინალით ასახული თანხები სარესტორნე ჩეკებთან, ტერმინალში ასახვები იყო არა შესადარისი. ხოლო, წარმოდგენილ მატერიალურ ჩეკებზე არ იყო მითითებული პერიოდი, რომ მომხდარიყო იდენტიფიცირება ან დაკავშირება გადახდილ თანხებთან. რაც შეეხება იჯარას, შპს ------- მოცემულ ოპერაციაზე არ აქვს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, შესაბამისად, ვინაიდან, დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტს წარმოადგენს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, გადაანგარიშების ეტაპზე ვერ განხორციელდა ზემოაღნიშნული დღგ-ის თანხების ჩათვლა. აღნიშნულზე შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველ-მე-4 ნაწილებზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 180-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 69-ე, 176-ე და 180-ე მუხლებზე და განმარტა, რომ წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, პირი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება. შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების ასახვის მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია წარადგინოს საგადასახადო დეკლარაცია, მათ შორის შესწორებული (დაზუსტებული) ფორმით.

მომჩივანი არგუმენტს აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 14.08.2025 წლის №18343 ბრძანების არასწორად ან არასრულად აღსრულებაზე არ წარმოადგენს.

აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 14.08.2025 წლის №18343 ბრძანება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

მომჩივანი ასევე ითხოვს მოეხსნას ჯარიმა და საურავი, რასთან დაკავშირებით საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხებზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 14.08.2025 წლის №18343 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

შემოსავლების სამსახურის 14.08.2025 წლის №18343 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბჭოს სხდომაზე, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების დავალების შესაბამისად მომჩივანმა ვერ შეძლო სრულად დაეკავშირებინა ტერმინალით ასახული თანხები სარესტორნე ჩეკებთან, ტერმინალში ასახვები იყო არა შესადარისი. ხოლო, წარმოდგენილ მატერიალურ ჩეკებზე არ იყო მითითებული პერიოდი, რომ მომხდარიყო იდენტიფიცირება ან დაკავშირება გადახდილ თანხებთან. რაც შეეხება იჯარას, შპს ფიდრას მოცემულ ოპერაციაზე არ აქვს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, შესაბამისად, ვინაიდან, დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტს წარმოადგენს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, გადაანგარიშების ეტაპზე ვერ განხორციელდა ზემოაღნიშნული დღგ-ის თანხების ჩათვლა. აღნიშნულზე შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, პირი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება. შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების ასახვის მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია წარადგინოს საგადასახადო დეკლარაცია, მათ შორის შესწორებული (დაზუსტებული) ფორმით. მომჩივანი არგუმენტს აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 14.08.2025 წლის №18343 ბრძანების არასწორად ან არასრულად აღსრულებაზე არ წარმოადგენს.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 14.08.2025 წლის №18343 ბრძანება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)