ბრძანება N 4797

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 18.03.2025
№ დოკუმენტი 4797
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 4797

18 მარტი 2025

ბრძანება

შპს „---------“-ის (ს/ნ „---------“ )

(მის.: „---------“)

2025 წლის 12 თებერვლის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 თებერვალს გამართულ ხდომაზე (ოქმი №17) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ „---------“) №94151/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 დეკემბრის №006-570 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადამხდელი არ ეთანხმება ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ თანხის ხელფასად დაკვალიფიცირებას. განმარტავს, რომ აღნიშნული თანხით განხორციელდა კრედიტორული დავალიანების დაფარვა, თუმცა შემოწმების შემჭიდროებული ვადების გამო ვერ მოხერხდა გადახდის დამდასტურებელი დოკუმენტის გადაგზავნა. შესაბამისად, არ უნდა განხორციელდეს აღნიშნული თანხის დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით.

2. გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვას. განმარტავს, რომ კომპანიასა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის გაფორმებული არცერთი ხელშეკრულება არ განსაზღვრავს ავანსის ანგარიშ-ფაქტურის განაშთვის პირობებს. აღნიშნული ხელშეკრულებები ითვალისწინებს შესრულებული სამუშაოს წარდგენისას „ეა“ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერას, ხელშეკრულებაში ასევე მოცემულია ავანსის გაქვითვის ფორმულა, თუმცა აღნიშნული ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს თითოეული შესრულებიდან ავანსის თანხის გარდა, გარკვეული თანხების დაკავებას, რაც რეალურად ამცირებს კომპანიის დავალიანებას დამკვეთის წინაშე. შპს „--------“-ის დავალიანება საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენდა 1 605 228.73 ლარს, შემოწმებით აღნიშნული დავალიანების ნაშთი უნდა შეადგენდეს 2 422 298.62 ლარს. შესაბამისად, გაუგებარია რატომ არ ეძლევა კომპანიას საშუალება ავანსის ფაქტურები განაშთოს მის მიერ დამკვეთის წინაშე რეალურად არსებული დავალიანების შესაბამისად. შემოწმების პერიოდში, კომპანიამ შეატყობინა შემოსავლების სამსახურს და წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომ 2024 წლის 27 მაისის მდგომარეობით, შპს „---------“-სა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის არსებული ყველა ხელშეკრულება შეწყდა, შესაბამისად აღარ არსებობს ავანსის დღგ-ით დაბეგვრის საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 მარტის №4847 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---------“- ის (ს/ნ „---------“) გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 2 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 26 დეკემბერს გამოსცა №27367 ბრძანება და №006-570 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 391 862 ლარი, მათ შორის, გადასახადი 193 090 ლარი, ჯარიმა 140 939 ლარი და საურავი 57 833 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. ბუღალტრული პროგრამის მონაცემებით დგინდება, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული აქვს 74 989 ლარი, რომლის გახარჯვაც არ ჩანს. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული თანხა გახარჯულია მიზნობრივად, თუმცა ბუღალტრულ გატარებაშია გამორჩენილი. აღნიშნულთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა 58 461 ლარის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო დარჩენილ თანხაზე ინფორმაცია არ წარუდგენია. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, 16 528 (74 989-50 461) ლარი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელს დამკვეთისაგან მიღებული აქვს ავანსები, რაზეც პირმა გამოწერა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და დაბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით. პირს ასევე გამოწერილი აქვს ძირითადი („ეა“) საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომელსაც ნაშთავს ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რათა არ მოხდეს ერთი და იგივე ოპერაციის თანხის ორჯერ დაბეგვრა. რიგ შემთხვევაში პირს განაშთვები აქვს არასწორად, კერძოდ:

1) ერთი ოპერაციის ძირითადი ფაქტურები შემცირებული აქვს სხვა ოპერაციის ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით;

2) დამკვეთთან დადებული ხელშეკრულების თანახმად პირს არ შეეძლო ერთი მომსახურების ფარგლებში გამოწერილი ყველა „ეა“ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შემცირება ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით. კონტრაქტი ითვალისწინებდა ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურების განაშთვის პირობებს, კონტრაქტის ფარგლებში დამკვეთი განსაზღვრავდა რომელი „ეა“ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა უნდა შემცირებულიყო ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით და რა თანხით. შემოწმებით დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები ორი სახის პროექტის ფარგლებში გაწეულ მომსახურებებზე:

1. რომელიც დაიწყო შესამოწმებელ პერიოდამდე და შესამოწმებელ პერიოდში გაგრძელდა;

2. რომელიც დაიწყო შესამოწმებელ პერიოდში და არ დამთავრებულა. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 1601 მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, სადაც აღნიშნავს, რომ აღნიშნული თანხით განხორციელდა კრედიტორული დავალიანების დაფარვა, თუმცა შემოწმების შემჭიდროებული ვადების გამო ვერ მოხერხდა გადახდის დამდასტურებელი დოკუმენტის წარდგენა შემოწმებისათვის. მომჩივანი, დავის წარმოების ეტაპზე დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით დავის წარმოების პროცესში წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ხოლო, ამ კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ანაზღაურება სრულად ან ნაწილობრივ გადახდილია საქონლის მიწოდებამდე/ მომსახურების გაწევამდე, მიღებული ანაზღაურების შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს უფლება აქვს, საქონლის მიწოდებამდე/ მომსახურების გაწევამდე ანაზღაურების გადახდისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაითვალოს მისაწოდებელი საქონლის/ გასაწევი მომსახურების შეძენისთვის გადახდილი დღგ.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლითაც დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს რიგ შემთხვევაში განაშთვები აქვს არასწორად, კერძოდ:

1) ერთი ოპერაციის ძირითადი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები შემცირებული აქვს სხვა ოპერაციის ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით;

2) დამკვეთთან დადებული ხელშეკრულების თანახმად პირს არ შეეძლო ერთი მომსახურების ფარგლებში გამოწერილი ყველა „ეა“ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შემცირება ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით. კონტრაქტი ითვალისწინებდა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების განაშთვის პირობებს, კონტრაქტის ფარგლებში დამკვეთი განსაზღვრავდა რომელი „ეა“ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა უნდა შემცირებულიყო ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით და რა თანხით. შედეგად, შემოწმებით დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები ორი სახის პროექტის ფარგლებში გაწეულ მომსახურებებზე:

1. რომელიც დაიწყო შესამოწმებელ პერიოდამდე და შესამოწმებელ პერიოდში გაგრძელდა;

2. რომელიც დაიწყო შესამოწმებელ პერიოდში და არ დამთავრებულა. აღნიშნულის საფუძველზეც პირს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „--------“-ის (ს/ნ „---------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით დავის წარმოების პროცესში წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ თანხის ხელფასად დაკვალიფიცირებას.

2. გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. ბუღალტრული პროგრამის მონაცემებით დგინდება, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული აქვს 74 989 ლარი, რომლის გახარჯვაც არ ჩანს. გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული თანხა გახარჯულია მიზნობრივად, თუმცა ბუღალტრულ გატარებაშია გამორჩენილი. აღნიშნულთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო დარჩენილ თანხაზე ინფორმაცია არ წარუდგენია. შემოწმების მიერ, სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და სსკ-ის 154-ე მუხლის თანახმად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

2. შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელს დამკვეთისაგან მიღებული აქვს ავანსები, რაზეც პირმა გამოწერა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და დაბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით. პირს ასევე გამოწერილი აქვს ძირითადი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომელსაც ნაშთავს ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რათა არ მოხდეს ერთი და იგივე ოპერაციის თანხის ორჯერ დაბეგვრა. რიგ შემთხვევაში პირს განაშთვები აქვს არასწორად.სსკ-ის 159-ე, 1601 მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით დავის წარმოების პროცესში წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9),101,154,163,164.