გადაწყვეტილება №19972/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 03/58524
19 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 13.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19972/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 მარტის №006-87 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 ივნისის №12767 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 85 577 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 48 847
დღგ - 18 506
საშემოსავლო გადასახადი - 30 341
ჯარიმა - 26 208
საურავი - 10 522
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობაა თხევადი გაზის ადგილობრივი შეძენა და ძირითადად საცალო რეალიზაცია. კომპანიას იჯარით აქვს აღებული სამი გაზ-გასამართი სადგური ქ. „-------“ -ში , „-------“, „-------“, „-------“ ქუჩაზე.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 აგვისტოს №22397 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 27 ივლისიდან 2022 წლის 1 აგვისტომდე. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 27 თებერვლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს მთლიანი რეალიზაციის თანხის 0.3%-ს. დეკლარირებული მონაცემების მიხედვით საშუალო ფასნამატი შეადგენს 6%-7%-ს. ჩატარებული ანალიზის მიხედვით, 2020 წლის საშუალო ფასნამატია 6.60%, 2021 წელს - 10.61%, 2022 წელს - 3.47%. შესამოწმებელ პერიოდში რიგ თვეებში ფიქსირდება ფასნამატი 13%-დან 29%-მდე, ხოლო რიგ თვეებში გადასახადის გადამხდელს თხევადი გაზი რეალიზებული აქვს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად.
მომჩივანი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა ორისში, სადაც არ ხდება საქონლის მოძრაობის აღრიცხვა ყოველდღიურად. კომპანია საქონლის რაოდენობრივ და თანხობრივ ჩამოწერას ახორციელებს პერიოდულად (ხდება ჯამური რაოდენობის ჩამოწერა ყოველი თვის ბოლოს). შესაბამისად, საცალო რეალიზაციის შემთხვევაში აღნიშნული მონაცემებით შეუძლებელია თითოეული რეალიზაციის და ჩამოწერილი საქონლის რაოდენობრივი და თანხობრივი იდენტიფიცირება.
მომჩივანი შემოსავლების აღრიცხვას ახორციელებს საკონტროლო-სალარო აპარატებისა და საბანკო შემოსავლების (ტერმინალი) საშუალებით. ასევე, მცირე რაოდენობის თხევადი გაზი რეალიზებულია ტალონებით, სასაქონლო ზედნადებითა და ა/ფ-ების საშუალებით.
საწარმო არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვის კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, არ ახორციელებს საქონლის თანხობრივ ან/და რაოდენობრივ ჩამოწერას ყოველდღიურად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის ზუსტი განსაზღვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, მოძიებული იქნა მსგავსი ობიექტის აუდირებული ფასნამატი (15%), რომელიც გავრცელდა რეალიზებული თხევადი გაზის თვითღირებულებაზე. შესაბამისად, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმებით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის შესახებ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, შემოწმებისთვის მიწოდებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია (საბანკო ამონაწერები) და სხვა ხელთ არსებული მასალები. ასევე, ანალიზი განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, განისაზღვრა დამატებითი შემოსავლის თანხები, რომელიც კომპანიის მიერ აღიარებულ შემოსავალს აღემატება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ განსაზღვრული დამატებითი შემოსავალი მიჩნეულ იქნა სრულად მიღებულად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით აღნიშნული თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 მარტის №4536 ბრძანება და №006-87 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 85 577 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 7 აპრილს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 7 ივნისის №12767 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, მე-2, 160-ე, 161-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი, შესამოწმებელ პერიოდში, არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესით და შემოწმების მიმდინარეობისას შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შედეგად, შემოწმების მიერ რეალიზებული თხევადი გაზის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი და გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, განისაზღვრა დამატებითი შემოსავალი, რომელიც განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესით, არ ახორციელებს საქონლის მოძრაობის სრულყოფილ აღრიცხვას და შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. შესაბამისად, დამატებითი შემოსავლის განსაზღვრა რეალიზებული თხევადი გაზის თვითღირებულებაზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, მიღებული ფულადი ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მომჩივნის არგუმენტაცია
სადავო ადმინისტრაციული აქტების შედგენისას არასწორად იქნა მოყვანილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები: საგადასახადო ორგანოს მიერ თანხების დარიცხვას საფუძვლად დაედო ის გარემოებები, რომლებიც კანონით დადგენილი წესით სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული ამავე აქტის გამომცემი საგადასახადო ორგანოს მიერ. უფრო მეტიც, შემოსავლების სამსახურმა თავისი ბრძანება გამოსცა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების სრული უგულველყოფით.
საგადასახადო ორგანომ საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, რაც ყოვლად დაუშვებელია იმის გამო, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისთვის არ არსებობს.
საგადასახადო ორგანომ არასწორად განსაზღვრა და დაადგინა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის ფაქტები და შესაბამისად, უკანონოდ გამოიყენა ზემოხსენებული ნორმა, მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ ამ მუხლით განსაზღვრული არცერთი პირობის არსებობა არ დასტურდება.
საგადასახადო ორგანო აქტში საუბრობს, რომ მომჩივნის მიერ რეალიზებული საქონელი ჩამოწერილია პერიოდულად ყოველი თვის ბოლოს და რომ აღნიშნული ფაქტი გახდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი. არსად საგადასახადო კოდექსში და სხვა ნორმატიულ აქტებში არ წერია, რომ გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საქონელი ჩამოწეროს ყოველდღიურად. ამასთან, საწარმო ახდენს მხოლოდ ერთი და იგივე საქონლის (თხევადი აირის) რეალიზაციას. მას გააჩნია თვის ჭრილში თითქმის იდენტური ფასი, გარდა იმ შემთხევისა თუ ბაზარზე მოხდა სარეალიზაციო ფასის ცვლილება (ზრდა ან/და შემცირება). ასევე, საქონლის რეალიზაცია ხდება საგადასახადო ორგანოს მიერ დალუქული მრიცხველების მონაცემების საფუძველზე და ის ფაქტი, რომ კომპანიის მიერ საბუღალტრო პროგრამაში რეალიზებული თხევადი აირის თვითღირებულება ჩამოწერილია ყოველი თვის ბოლოს, არ ნიშნავს იმას, რომ მომჩივნის მიერ ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება არაა ნაწარმოები დადგენილი წესით. სრულიად ადვილად შეუძლიათ საბუღალტრო პროგრამაში თვის ბოლოს გაკეთებული ჩანაწერი შეცვალონ 30 ან/და 31 ყოველდღიური ჩანაწერით რეალიზაციისთვის განკუთვნილი დალუქული მრიცხველების ყოველდღიური მონაცემების საფუძველზე, ყოველდღიურად ჩამოწერონ მრიცხველების მიხედვით რეალიზებული საქონელი და ეს საერთოდ არ შეცვლის თვის ბოლოს ჩამოწერილი თხევადი აირის მოცულობას როგორც რაოდენობრივ გამოხატულებაში, ასევე მისი ჯამური თვითღირებულების კუთხით. აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საწარმოს გააჩნია საგადასახადო ორგანოს მიერ დალუქული მრიცხველების ყოველდღიური ჩვენებები, რაც საგადასახადო ორგანოსთვის ცნობილია. ასევე, გააჩნიათ სალარო აპარატებით და საბანკო ტერმინალებით ყოველდღიური ნავაჭრის ოდენობა, რომელთა მონაცემებიც ასევე გააჩნია საგადასახადო ორგანოს და ამის ფონზე საუბარი მასზედ, რომ თურმე საგადასახადო ორგანოს არ გააჩნია ინფორმაცია ყოველდღიური ნავაჭრის და ყოველდღიურად ჩამოწერილი თხევადი აირის მოცულობის შესახებ მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკას და არის მტკნარი ტყუილი. შესაბამისად, ამ მხრივ საგადასახადო ორგანოს ქმედება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს, რადაც არ უნდა დაუჯდეს მოხდეს დამატებით არაკუთვნილი გადასახადების დარიცხვა, ხოლო შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ბრძანება კი წარმოადგენს აუდიტის დეპარტამენტის უსაფუძვლო და უკანონო ქმედების გამართლების ფაქტს.
მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად საწარმო არასოდეს არ დაჯარიმებულა. ასევე, ერთი და იგივე სარეალიზაციო ფასის პირობებში, იმის გათვალისწინებით, რომ რეალიზაცია წარმოებს საგადასახადო ორგანოს მიერ დალუქული მრიცხველების მეშვეობით და რომ ამ მრიცხველებში ასახულია ერთი და იგივე დასახელების საქონლის როგორც რაოდენობრივი, ასევე თანხობრივი მაჩვენებლები, ყოვლად დაუშვებელია იმაზე აპელირება, რომ თურმე იმის გამო, რომ მომჩივნის მიერ ამ დალუქული მრიცხველებით რეალიზებული საქონლის მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდი. საგადასახადო კოდექსის არცერთ ნორმაში არ იკითხება, რომ საქონლის ჩამოწერა უნდა მოხდეს ყოველდღიურად. ანუ თუ საწარმო მოახდენდა არა თხევადი, არამედ ბუნებრივი აირის ან/და ბენზინის რეალიზაციას, მაშინ გამოდის, რომ ყველა შემთხვევაში საგადასახდო ორგანოს თავისი ლოგიკით შეუძლია აბსოლუტურად ყველა გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოიყენოს არაპირდაპირი მეთოდი.
გარდა ამისა გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საგადასახადო ორგანო არ საუბრობს მასზედ, თუ რამდენია კომპანიის მიერ იდენტიფიცირებულ გაყიდვებში დაფიქსირებული ფასნამატი, ამტკიცებს, რომ მისი წილი არის მხოლოდ საერთო რეალიზაციის 0,3% და ამ მტკიცებულებას ყოველგვარი გადამოწმების გარეშე იმეორებს შემოსავლების სამსახური თავის დაუსაბუთებელ ბრძანებაში. ასევე, სრულიად ალოგიკური და გაუგებარია, როცა აუდიტის დეპარტამენტი და შემოსავლების სამსახური პარალელურად საბანკო ტერმინალებით ნავაჭრ რეალიზაციას ასევე თვლის არაიდენტიფიცირებულ გაყიდვებად და მასზედაც ავრცელებს მის მიერ გამოყენებულ უსაფუძვლო ფასნამატს. ასევე, არავითარ შემთხვევაში არ ადარებს საბანკო ტერმინალის მიხედვით და სალარო აპარატების მიხედვით ერთსა და იმავე დღეს დაფიქსირებულ სარეალიზაციო ფასებს, რომლებიც ყოველთვის იდენტურია და თავისი ქმედებით ეუბნებათ, რომ თურმე საბანკო ტერმინალით განხორციელებულ გაყიდვის ფასს ზემოთ მომჩივანს თურმე თავისი კლიენტებისთვის გამოურთმევია ზედმეტი თანხა. ასევე, არ საუბრობს იმ ფაქტზე, რომ თიბისი ბანკის საბანკო ტერმინალებით ნავაჭრი თანხა შემოწმებულ პერიოდში მთლიანი რეალიზაციის 30%-ზე მეტს შეადგენს. შესაბამისად, ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული მათი მსჯელობა მასზედ, რომ იდენტიფიცირებული რეალიზაცია მხოლოდ მთლიანი რეალიზაციის 0,3%-ია. გაუგებარია, თუ რომელი დროიდან და რა ნორმატიული დოკუმენტების საფუძველზე ითვლება არაიდენტიფიცირებულ გაყიდვებად საბანკო ტერმინალებით განხორციელებული რეალიზაციები. არსად და არასოდეს და არცერთი ლოგიკით საბანკო ტერმინალით ნავაჭრი თანხა არასოდეს არ ითვლებოდა არაიდენტიფიცირებულ გაყიდვად. ასევე, ერთსა და იმავე დღეს არასოდეს არ დაფიქსირებულა საბანკო ტერმინალის მიხედვით სარეალიზაციო ფასსა და ნაღდზე გაყიდული აირის სარეალიზაციო ფასებს შორის სხვაობა, რაც თავის მხრივ ცალსახად და უპირობოდ მიუთითებს განხორციელებული დარიცხვის უკანონობაზე და უსაფუძვლობაზე. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კომპანიის მიერ რიგ თვეებში თვითღირებულებაზე დაბალი ფასით რეალიზაცია განპირობებულია მხოლოდ იმ გარემოებით, რომ მომჩივნის მიერ საქონელი შეძენილი იქნა მაღალი ფასით, ხოლო დროის გარკვეული პერიოდის შემდეგ ბაზარზე მოხდა ფასების შემცირება, მაშინ როცა საწარმოს ნაშთში ჰქონდა მხოლოდ წინა მაღალი ფასით შეძენილი საქონელი, რის გამოც მოხდა ამ საქონლის ბაზარზე იმ დროისათვის არსებული ფასით რეალიზაცია, რაც ამავე საქონლის თვითღირებულებაზე დაბალი იყო, ხოლო თავის მხრივ ეს თვითღირებულებაზე დაბალი ფასით საქონელი ასევე რეალიზებულია საბანკო ტერმინალების გამოყენებით და ამ საბანკო ბარათების მფლობელების გამოკითხვით, სრულიად ადვილად დადგინდებოდა ის ფაქტი, რომ მათ მფლობელებს კომპანიისთვის საგადასახადო ორგანოს მიერ უკანონოდ დამატებული ფასნამატის მიხედვით მომჩივნისთვის დამატებითი თანხები ხელზე არასოდეს არ გადაუხდიათ.
გარდა ამისა, საწარმო არ არის გაყიდული საქონლის იმპორტიორი და მას ყიდულობს მისი შემომტანებისგან უკვე მათ მიერ დადებული შესაბამისი ფასნამატით, ხოლო მომჩივნისთვის უცნობი სხვა გადასახადის გადამხდელი შეიძლება იყოს ერთდროულად ამ საქონლის შემომტანიც და საცალო ქსელშიც რეალიზატორი. შესაბამისად, ამ კუთხითაც საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედება ყოვლად უკანონოა.
თავად საგადასახადო ორგანო ამბობს აქტში, რომ კომპანიის გაყიდვების მიხედვით დოკუმენტალური ფასნამატი არის ხან 6,6%, ხან 10,81%, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია საგადასახადო ორგანოსთვის, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისას საწარმოს ფასნამატი ამის ნაცვლად განესაზღვრა 15%-ის ოდენობით ისე, რომ საბანკო ტერმინალებით ნავაჭრი თანხაც განეხილა არაიდენტიფიცირებულ გაყიდვად ისეთ პირობებში, როცა ტერმინალით და სალარო აპარატით დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასები ყოველთვის იყო იდენტური, რის გამოც მათ ხელოვნურად გაზარდეს და გაბერეს მომჩივნის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, ხოლო გაზრდილი დასაბეგრი ბრუნვა კი განიხილეს დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად, რაც ასევე ყოვლად დაუშვებელია, ვინაიდან საწარმოს ასეთი დასაბეგრი ბრუნვები ბუნებაში არ ჰქონია და არც ასეთი ოდენობის დამატებითი შემოსავლები არ მიუღია და კომპანიის საგადასახადო ტვირთი ხელოვნურად იქნა გაზრდილი და დამძიმებული.
ამასთან, იმ შემთხვევაში თუ მომჩივნის სამართლიანი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და არ მოხდება უკანონო დარიცხვის ანულირება, საწარმო იძულებითი წესით საერთოდ შეაჩერებს საქმიანობას, არავითარ შემთხვევაში არ გადაიხდის უკანონოდ დარიცხულ თანხას, რის გამოც ბიუჯეტში საერთოდ აღარ შევა საწარმოდან შესაბამისი გადასახადები და უმუშევარი დარჩება კომპანიაში დასაქმებული პერსონალიც.
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 53-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლებს ჰქონდათ სრული ინფორმაცია, თუ რამდენი იყო საწარმოს ფასნამატი, რამდენი იყო ასევე ტერმინალით ნავაჭრი თანხა, რომელიც წარმოადგენს იდენტიფიცირებულ გაყიდვებს. ასევე, ჰქონდათ ინფორმაცია თუ როგორი იყო ტერმინალით დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასი და რომ ეს სარეალიზაციო ფასი და ერთსა და იმავე დღეებში საბანკო ტერმინალით და სალარო აპარატით დაფიქსირებული რეალიზაციის ფასი იყო იდენტური და ასეთ პირობებში, როცა საგადასახადო ორგანოს აქვს ინფორმაცია უშუალოდ გადამხდელის ფასნამატის შესახებ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების არანაირი სამართლებრივი საფუძველები არ არსებობდა, მითუმეტეს არ შეიძლებოდა მომხდარიყო კომპანიაზე სხვა გადამხდელის ფასნამატის გავრცელება.
უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მხრიდან დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 53-ე მუხლის მოთხოვნები. ამდენად, სადავო ადმინისტრაციული აქტები ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, რომელიც დასაბუთებულია მომჩივნის მიერ წარმოდგენილი სამართლებრივი არგუმენტაციით და რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული აქტების ბათილობის საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი გასაჩივრებული აქტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ
ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერად განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ასევე, საგადასახადო ორგანოს მიერ რეალიზებული თხევადი გაზის თვითღირებულებაზე მართებულად გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი. ამასთან, განისაზღვრა დამატებითი შემოსავალი, რომელიც განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და მართლზომიერად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ სრულიად ადვილად შეუძლიათ საბუღალტრო პროგრამაში თვის ბოლოს გაკეთებული ჩანაწერი შეცვალონ 30 ან/და 31 ყოველდღიური ჩანაწერით რეალიზაციისთვის განკუთვნილი დალუქული მრიცხველების ყოველდღიური მონაცემების საფუძველზე, ყოველდღიურად ჩამოწერონ მრიცხველების მიხედვით რეალიზებული საქონელი და ეს საერთოდ არ შეცვლის თვის ბოლოს ჩამოწერილი თხევადი აირის მოცულობას როგორც რაოდენობრივ გამოხატულებაში, ასევე მისი ჯამური თვითღირებულების კუთხით. ამასთან, მიუთითებს, რომ საქონლის 1/3 რეალიზებულია საბანკო ტერმინალების მეშვეობით და მისი იდენტიფიცირება შესაძლებელია.
აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელს არც შემოწმების პროცესში და არც შემოსავლების სამსახურში და დავების განხილვის საბჭოში დავის განხილვისას არ წარმოუდგენია თავისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი გასაჩივრებული აქტები.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმო არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვის კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, არ ახორციელებს საქონლის თანხობრივ ან/და რაოდენობრივ ჩამოწერას ყოველდღიურად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის ზუსტი განსაზღვრა.შესაბამისად,მოძიებული იქნა მსგავსი ობიექტის აუდირებული ფასნამატი (15%), რომელიც გავრცელდა რეალიზებული თხევადი გაზის თვითღირებულებაზე. შესაბამისად, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
შემოწმების მიერ განსაზღვრული დამატებითი შემოსავალი მიჩნეულ იქნა სრულად მიღებულად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით აღნიშნული თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73,136(3),101,154,159,160,161,163,164