ბრძანება N 16553

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.07.2025
№ დოკუმენტი 16553
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 16553

23 ივლისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“ (ს/ნ -----) (მის.: -----)

2025 წლის 4 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 18 ივლისის სხდომაზე (ოქმი N 57), განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) N 105256/21-10-19 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 7 ივნისის N EL287117 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2025 წლის 29 მაისს შპს „-----“ საბაჟო საწყობში შევიდა საექსპორტო კონტეინერი. 2025 წლის 7 ივნისს აღნიშნული კონტეინერის გატანა საბაჟო საწყობიდან მოხდა მხოლოდ ექსპორტის დეკლარაციის საფუძველზე. საბაჟოსთან შეთანხმებით კონტეინერი დაბრუნდა საბაჟო საწყობში. 2025 წლის 13 ივნისს გამოიწერა აღრიცხვის მოწმობა, რის საფუძველზეც მოხდა კონტეინერის გაშვება საექსპორტოდ. ვინაიდან ტვირთის ტრანსპორტირება ხდებოდა საზღვაო ბორნით ჩათვალა, რომ ექსპორტის დეკლარაციით გაშვება მიზანშეწონილი იყო.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 29 მაისს შპს „-----“ (ს/ნ -----) საბაჟო საწყობში გამოცხადდა N SEBU----- კონტეინერი, რომლითაც გადაადგილდებოდა N -----/D----- აღრიცხვის მოწმობით საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი. აღნიშნულ კონტეინერში სხვა საქონელთან ერთად განთავსებული იყო N -----/A----- საბაჟო დეკლარაციით ექსპორტის პროცედურაში მოქცეული საქონელიც.

2025 წლის 7 ივნისს საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელმა – შპს „-----“ N -----/21- 10-19 განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და აცნობა, რომ N SEBU----- კონტეინერში განთავსებული მთლიანი საქონლის საბაჟო კონტროლის ზონიდან გაშვება განხორციელდა მხოლოდ N -----/A----- საბაჟო დეკლარაციით.

საბაჟო ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, გადამზიდავმა – შპს „-----“ (ს/ნ -----) N SEBU------ კონტეინერი დააბრუნა შპს „-----“ საბაჟო საწყობში, რის შემდეგ, 2025 წლის 13 ივნისს, საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ გამოიწერა N -----/D------ აღრიცხვის მოწმობა და საქონელი გაშვებულ იქნა საბაჟო კონტროლის ზონიდან.

ვინაიდან შპს „-----“ მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის განმეორებით დარღვევას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 7 ივნისს შედგენილ იქნა N EL287117 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „------“ (ს/ნ ------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:

საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;

საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

ამავე კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.

ამავე საკანონმდებლო აქტის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი N 3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

„ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, სანებართვო პირობებს წარმოადგენს კანონით ან კანონის საფუძველზე საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნებისა და ინფორმაციის ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას.

„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“, „გ“ და „ქ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია:

დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოს მოთხოვნები;

ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას;

უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.

საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება - მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.

ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლით დადგენილია, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი ადგენს, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, – იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან დარღვეული იყო „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილების მე-8 მუხლის „ა“, „გ“ და „ქ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სანებართვო პირობები. შესაბამისად, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევას, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“ (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საბაჟო საწყობში გამოცხადდა კონტეინერი სადაც სხვა საქონელთან ერთად განთავსებული იყო საბაჟო დეკლარაციით ექსპორტის პროცედურაში მოქცეული საქონელიც. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელმა კომპანიამ განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და აცნობა, რომ აღნიშნულ კონტეინერში განთავსებული მთლიანი საქონლის საბაჟო კონტროლის ზონიდან გაშვება განხორციელდა მხოლოდ საბაჟო დეკლარაციით. საბაჟო ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, გადამზიდავმა მომჩივანს კონტეინერი დააბრუნა მომჩივანის საბაჟო საწყობში, რის შემდეგ, საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ გამოიწერა აღრიცხვის მოწმობა და საქონელი გაშვებულ იქნა საბაჟო კონტროლის ზონიდან. გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა 6000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება:

მომჩივანის მიერ დარღვეული იყო „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილების მე-8 მუხლის „ა“, „გ“ და „ქ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სანებართვო პირობები. შესაბამისად, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევას. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:მუხლი 176(2);