გადაწყვეტილება №20053/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 12.10.2023
№ დოკუმენტი 20053/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20053/2/2023

12 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------ (ს/ნ ------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ს 22.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20053/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატით;

2. არაპირდაპირი მეთოდით მიღებულსა და გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებულ შემოსავლებს შორის სხვაობის, საწარმოს დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 5 დეკემბრის №081-247 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 მაისის №10933 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 148 530,07 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 93 347

დღგ - 69 562

საშემოსავლო გადასახადი - 23 785

ჯარიმა - 46 149

საურავი - 9 034,07

 

პროცედურული გარემოებები:

მომჩივნის საქმიანობაა სიგარეტით და სხვადასხვა სახის თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2021 წლის 21 ივლისიდან 2022 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება.

საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 29 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 2022 წლის 5 დეკემბრის №30583 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №081-247 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 მაისის №10933 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატით

ფაქტების აღწერა

კომპანია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესყიდვას ახორციელებდა ადგილობრივ ბაზარზე. სულ შეძენილი ჰქონდა 596 719 ლარის საქონელი, ხოლო დოკუმენტით რეალიზებული - 38 050 ლარის საქონელი, ამასთან, საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებით საცალოდ რეალიზებული - 176 350 ლარის საქონელი. 2021-2022 წლების საანგარიშო პერიოდებში, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა როგორც საცალო, ისე საბითუმო ვაჭრობა.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, აგრეთვე, საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით.

გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი შეადგენდა 1.4%-ს. ამასთან, დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან რეალიზაციაში მცირე იყო და სასაქონლო ზედნადებები გამოწერილი იყო აუდირებულ კომპანიებზე. შემოწმების პროცესში გაანგარიშდა რპთ, რომელზეც საცალოდ რეალიზაციის წილის მიხედვით გავრცელდა აუდირებული ფასნამატი 8%-ის ოდენობით. შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე-164-ე მუხლების საფუძველზე, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 158- ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებზე; 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

რეალიზებული საქონლის ფასნამატის მოცულობა განსაზღვრულია 8 პროცენტით, რაც ძალიან მაღალია თამბაქოთი ვაჭრობის სფეროში, საიდან არის მოტანილი ეს პროცენტი გაუგებარია. შემოწმების აქტით იკვეთება, რომ აუდიტორი გადამხდელის საქმიანობის შეფასებისას ეყრდნობა ინტუიციას და აღნიშნავს, რომ ფასნამატი დაბალია, აქვე აღნიშნავს, რომ საგადასახადო დოკუმენტებით რეალიზებულ პროდუქციაზე ფასნამატის 2.4 პროცენტია, მან კი ვალდებულებების განსაზღვრისას გამოიყენა 8 პროცენტი.

ფასნამატის ცნება, მაშინ როდესაც სისტემატურად იცვლება ეროვნული ვალუტის კურსი აბსურდულია. ფასნამატის განსაზღვრა ბიზნესის პრეროგატივაა და არა მაკონტროლებლის. ეკონომიკაში არსებობს ფასების ინდექსის ცნება, რომელსაც სტატისტიკური ორგანოები განსაზღვრავენ და იგი საჯაროა, ამასთან არსებობს ფასების ინდექსის განსაზღვრის მეთოდოლოგიაც, წარმოებისთვის კი არსებობს რენტაბელობის ცნება, რომელსაც ზემოდან ვერავინ ვერ დაარეგულირებს. ეს ბიზნესში უხეში ჩარევის მცდელობაა.

აუდიტორი ეყრდნობა მათ ბაზაში არსებულ ინფორმაციას, ეს ინფორმაცია კი გადამხდელისთვის დახურულია, ანუ პირწმინდად ირღვევა საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლი.

საგადასახადო სამართალდარღვევის ნაწილში აუდიტორი აღნიშნავს, რომ გადამხდელს სულ შეძენილი აქვს 596 719 ლარის პროდუქცია, რომლიდანაც დოკუმენტურად გაყიდულია 38 050 ლარის პროდუქცია 1,4 პროცენტი ფასნამატით. ანუ გადამხდელს საცალო ქსელში გაყიდული აქვს სულ 559 197 ლარის პროდუქცია, მისი ფასნამატიდან გამომდინარე რეალიზაცია შეადგენს 603 929 ლარს, რასაც დღგ ერიცხება 108 707 ლარი. დღგ გადახდილია შეძენებზე, ნაწილი დღგ დეკლარირებული და გადახდილია. მაშინ საიდან დასაბეგრი ბრუნვა 386 459 ლარი. აქტით არ იკვეთება რომ მას დაბრუნებული აქვს დღგ, ამდენად შეძენებზე გადახდილი სავარაუდოდ 85 300 ლარის დღგ სად წავიდა, ის ხომ მომწოდებლებზე გადახდილია.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსაზრების საფუძველზე, სხვა რაიმე სამართლებრივი პროცედურის გარეშე ფასნამატის გამოყენება და მის საფუძველზე დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არამართებულია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილ სიგარეტსა და თამბაქოს შემცველ პროდუქციაზე, საცალოდ რეალიზებული პროდუქციის ფასნამატის განსაზღვრისათვის, გამოიყენა საშუალო შეწონილი აუდირებული ფასნამატი, შესაბამისი ობიექტის მისამართის მიხედვით.

შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებაში აღნიშნავს, რომ გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. არ ახორციელებდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის აღრიცხვას და ჩამოწერას. ასევე, შემოწმების პროცესში წარდგენილი ახსნა-განმარტებით გადამხდელი აღნიშნავდა, რომ ჰქონდა დებიტორული (58 393 ლარი) და კრედიტორული (360 079 ლარი) დავალიანება, თუმცა შემოწმების მიერ აღნიშნული ინფორმაციის მესამე მხარესთან გადამოწმების შედეგად დებიტორული დავალიანების არსებობა არ დადასტურდა. ამასთან, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის და სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის შედეგად კომპანიას სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი არ დაუფიქსირდა, ასევე გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა სალარო და შესაბამისად, ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა ნული ლარის ოდენობით. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კომპანიის წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელს შემოწმების ბრძანების გამოცემის შემდგომ, 2022 წლის 3 აგვისტოს, დეკლარირებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 357 540 ლარის ოდენობით, რომლის შესაბამისი გადასახადი გადამხდელს არ აქვს გადახდილი ბიუჯეტში. ამასთან, გადასახადის გადამხდელის პირველადი დოკუმენტებით და საკონტროლო-სალარო აპარატის ფისკალური მონაცემებით (პირველი ივლისის შემდგომ ინვენტარიზაციის თარიღამდე) საწარმოს რეალიზაცია შეადგენდა 9 751 ლარს, ხოლო შეძენები 0 ლარს. შემმოწმებელი მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმებოდა საგადასახადო შემოწმების შედეგებს, თუმცა თავისი გაანგარიშებები და დამატებითი მტკიცებულებები შემოწმებისათვის არ წარუდგენია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მართებულია.

რაც შეეხება სიგარეტის სარეალიზაციო ფასს, საბჭო მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით წლების და სახეობების მიხედვით თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმზე დადგენილ საცალო სარეალიზაციო ფასებზე და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ზემოთ ხსენებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით შესაბამისი პერიოდების მიხედვით დადგენილი საცალო სარეალიზაციო ფასებით (თუ არ აჭარბებს შემოწმებით დადგენილ ფასს და არ იქნება ნაკლები დეკლარირებულ მონაცემზე) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება).

 

2. არაპირდაპირი მეთოდით მიღებულსა და გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებულ შემოსავლებს შორის სხვაობის, საწარმოს დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა

ფაქტების აღწერა

შემოწმების პროცესში არაპირდაპირი მეთოდით ანალიზი გაუკეთდა ფულის მოძრაობას. შემოწმებით დადგენილ შემოსავალს შეუპირისპირდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და საბანკო ამონაწერის მიხედვით დოკუმენტურად დადასტურებული დადგენილი ხარჯები. აღნიშნულის შედეგად გამოვლენილი ფულის დანაკლისი შესამოწმებელ პერიოდში დაკვალიფიცირდა საწარმოს ანგარიშვალდებული პირისათვის (დირექტორი) გადახდილ ხელფასად/მასთან გათანაბრებულ განაცემად და საგადასახადო კოდექსის 101- ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს ასევე დაკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობისათვის შეეფარდა ჯარიმა ამავე კოდექსის 291-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გაუგებარია რატომ ხდება სალაროს ნაშთის ხელფასად აღიარების დროს მისი აგროსვა. სალაროს ნაშთი წარმოშობილია საწარმოს ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების და ხარჯების სხვაობით, ფაქტობრივ მოვლენებში განმარტებულია ხელფასის, როგორც ეკონომიკური მაჩვენებლის სსკ-ის ნორმების შესაბამისი განმარტება. შემოწმების აქტით იკვეთება მხოლოდ 118 525 ლარის გაცემა, საიდან მოდის ეს ციფრი უცნობია.

გადამხდელს სულ შეძენილი აქვს 597 149 ლარის პროდუქცია დღგ-ის ჩათვლით, 8 პროცენტიანი ფასნამატით რეალიზაცია გამოდის 644 921 ლარი დღგ-ის ჩათვლით, სხვაობა 47 772 ლარი, საიდან ეს ციფრები გაუგებარია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოწმებით გამოვლენილი ფულის დანაკლისის საწარმოს დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვის ნაწილში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 17.05.2023 წლის №10933 ბრძანება;

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს თამბაქოზე და თამბაქოს ნაწარმზე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს შესაბამისი პერიოდების მიხედვით საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით აღნიშნულ საქონელზე დადგენილი საცალო სარეალიზაციო ფასებით (თუ არ აჭარბებს შემოწმებით დადგენილ ფასს და არ იქნება ნაკლები დეკლარირებულ მონაცემზე);

4. აუდიტის დეპარტამენტმა ამ გადაწყვეტილების პირველი სადავო საკითხის აღსრულების შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს შემოწმებით გამოვლენილი ფულის დანაკლისის საწარმოს დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვის ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები;

5. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;

6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატით;

2. არაპირდაპირი მეთოდით მიღებულსა და გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებულ შემოსავლებს შორის სხვაობის, საწარმოს დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. კომპანია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესყიდვას ახორციელებდა ადგილობრივ ბაზარზე. სულ შეძენილი ჰქონდა 596 719 ლარის საქონელი, ხოლო დოკუმენტით რეალიზებული - 38 050 ლარის საქონელი, ამასთან, საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებით საცალოდ რეალიზებული - 176 350 ლარის საქონელი. 2021-2022 წლების საანგარიშო პერიოდებში, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა როგორც საცალო, ისე საბითუმო ვაჭრობა. საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი შეადგენდა 1.4%-ს. ამასთან, დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან რეალიზაციაში მცირე იყო და სასაქონლო ზედნადებები გამოწერილი იყო აუდირებულ კომპანიებზე. შემოწმების პროცესში გაანგარიშდა რპთ, რომელზეც საცალოდ რეალიზაციის წილის მიხედვით გავრცელდა აუდირებული ფასნამატი 8%-ის ოდენობით. შემოწმების შედეგად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.

2. შემოწმების პროცესში არაპირდაპირი მეთოდით ანალიზი გაუკეთდა ფულის მოძრაობას. შემოწმებით დადგენილ შემოსავალს შეუპირისპირდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და საბანკო ამონაწერის მიხედვით დოკუმენტურად დადასტურებული დადგენილი ხარჯები. აღნიშნულის შედეგად გამოვლენილი ფულის დანაკლისი შესამოწმებელ პერიოდში დაკვალიფიცირდა საწარმოს ანგარიშვალდებული პირისათვის (დირექტორი) გადახდილ ხელფასად/მასთან გათანაბრებულ განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს ასევე დაკისრა შესაბამისი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მართებულია. რაც შეეხება სიგარეტის სარეალიზაციო ფასს, საბჭო მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით წლების და სახეობების მიხედვით თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმზე დადგენილ საცალო სარეალიზაციო ფასებზე და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ზემოთ ხსენებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით შესაბამისი პერიოდების მიხედვით დადგენილი საცალო სარეალიზაციო ფასებით (თუ არ აჭარბებს შემოწმებით დადგენილ ფასს და არ იქნება ნაკლები დეკლარირებულ მონაცემზე) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება).

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოწმებით გამოვლენილი ფულის დანაკლისის საწარმოს დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვის ნაწილში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 61(3), 73(5)(9"ბ"), 101(1), 154(1"ა"), 158(1), 159(1"ა""ბ").