გადაწყვეტილება №19579/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19579/2/2023
16 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------ს 2.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19579/2/2023).
დავის საგანი:
დამფუძნებლის წინაშე არსებული ვალდებულების (კაპიტალის) შემცირება და სხვაობის თანხის დივიდენდად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №021-113 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 21.04.2023 წლის №8741 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 72 156 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 42 935
დღგ - 1 322
მიწა-არასასოფლო - (-63)
მოგების გადასახადი - 33 457
საშემოსავლო გადასახადი - 9 467
ქონების გადასახადი - (-1 248)
ჯარიმა - 21 594
საურავი - 7 627
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის ძირითადი საქმიანობაა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ქ. -------ში (ქ. ------, ------ ქ., შესახვევი --I, №---, მიწის საკადასტრო კოდი: --------).
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 22 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განხორციელებულია შემდეგი გარემოებით:
შემოწმების პროცესში შესწავლილი იქნა, როგორც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული პროგრამა „ორისი“. აღნიშნული ბუღალტრული ჩანაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2019 პირველი იანვრისთვის (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის) დამფუძნებლის წინაშე ვალდებულება (საკუთარი კაპიტალი 5150) გააჩნდა 387 523 ლარის ოდენობით. შემოწმების პროცესში აღნიშნულ ნაშთთან დაკავშირებით მოთხოვნილ იქნა, როგორც ახსნა-განმარტება, ასევე ყველა ის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც დადასტურდებოდა საწყისი კაპიტალის ნაშთის ნამდვილობა.
შემოწმებისათვის წარდგენილი განმარტებით, გადასახადის გადამხდელს 2012 წელს შეძენილი აქვს მიწის ნაკვეთი (შეძენის ღირებულება 35 000 აშშ დოლარი, საკადასტრო კოდი: -------), რომელზეც იგეგმებოდა სასტუმროს მშენებლობა (წარდგენილია აღნიშნული ნებართვის ასლი), ასევე, შეძენილი იყო სხვადასხვა სამშენებლო მასალები (ჯამში 91 793 ლარის ღირებულების, აღნიშნული დასტურდება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით). ვინაიდან, აღნიშნულ პერიოდში, გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა სხვა ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, ხარჯების დაფარვა ხდებოდა პროკრედიტ ბანკიდან აღებული სესხებით.
შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელის მიერ, წარდგენილი იქნა საბანკო ამონაწერები დაფუძნებიდან შემოწმების დაწყების პერიოდამდე. აღნიშნულის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს ხანდაზმულ პერიოდში აღებული აქვს ჯამში 783 202 ლარის ოდენობის სესხი, რომლის ძირისა და პროცენტის დაფარვა ხდებოდა დღევანდელი დირექტორის/დამფუძნებლის -------ს მიერ განხორციელებული შენატანებით (წარდგენილია იმდროინდელი დამფუძნებლის მიერ გაცემული მინდობილობა, რომელიც --------ს აძლევდა კომპანიის მართვის სრულ უფლებამოსილებას).
შემოწმების პროცესში ვერ იქნა წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდებოდა სესხად აღებული თანხების მიზნობრიობა. იმ ხარჯებზე დაყრდნობით, რომელთა გაწევა ნამდვილად დასტურდებოდა (მიწისა და სამშენებლო მასალების ღირებულება) გაანგარიშებულ იქნა იმ თანხების ოდენობა, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო საკუთარი კაპიტალის საწყისი ნაშთი, ასევე, სესხზე გადახდილი პროცენტებიდან გათვალისწინებულ იქნა მხოლოდ ის ნაწილი, რაც მოხმარდა აღნიშნულ მშენებლობას (შესაბამისი პროპორციის გათვალისწინებით). აღნიშნულის გათვალისწინებით, საკუთარი კაპიტალის საწყისი ნაშთი 2019 წლის 1 იანვრისთვის განისაზღვრა 182 262 ლარის ოდენობით.
ბუღალტრული პროგრამისა და საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის დამფუძნებელს, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, კომპანიის საბანკო ანგარიშიდან გაჰქონდა თანხები, საკუთარი კაპიტალის შემცირების ხარჯზე. შემოწმების მიერ, დაკორექტირდა აღნიშნული ოპერაციები და ის თანხები, რომელთა ოდენობაც აჭარბებდა საკუთარი კაპიტალის ოდენობას, ჩაითვალა შესაბამის პერიოდებში გაცემულ დივიდენდებად.
შემოწმების პროცესში, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ 2019-2021 წლების განმავლობაში მიღებული და გაუნაწილებელი მოგების ოდენობა, რომლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შეეძლო შესაბამის პერიოდებში დივიდენდის განაწილება. საგადასახადო კოდექსის 97-ე, 981 და 130-ე მუხლების საფუძველზე, გაცემული დივიდენდი ჩაითვალა განაწილებულ მოგებად, რამაც გამოიწვია დარიცხვა მოგების და საშემოსავლო გადასახადების ნაწილში, ასევე გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ნოემბრის №29798 ბრძანება და №021-113 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 21.04.2023 წლის №8741 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 491 მუხლზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-12 ნაწილზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 981 მუხლის პირველ ნაწილზე, 130-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით განისაზღვრა საწარმოს საწესდებო კაპიტალის საწყისი ნაშთი, 2019 წლის 1 იანვრისთვის, რამაც შეადგინა 182 262 ლარი. ბუღალტრული პროგრამისა და საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ კომპანიის დამფუძნებელს, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საკუთარი კაპიტალის შემცირების ხარჯზე, კომპანიის საბანკო ანგარიშიდან გაჰქონდა თანხები. შემოწმებით დაკორექტირდა აღნიშნული ოპერაციები და ის თანხები, რომელთა ოდენობაც აჭარბებდა საკუთარი კაპიტალის ოდენობას, ჩაითვალა შესაბამის პერიოდებში გაცემულ დივიდენდებად. გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, ხანდაზმული პერიოდის საგადასახადო დოკუმენტაციის შემოწმებასთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების განსასაზღვრად საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი. აღნიშნავს, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან. დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
2019 წლის 1 იანვრისთვის კომპანიის ვალდებულება დამფუძნებლის -------ს მიმართ შეადგენდა 387 523 ლარს, რაც წარმოშობილი იყო უშუალოდ დამფუძნებლის მიერ კომპანიაში განხორციელებული შენატანებით და რაც მოხმარდა ამავე კომპანიის მიზნებს. აღნიშნული ვალდებულების წარმოშობასთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია და მტკიცებულებები წარედგინა აუდიტორებს. კერძოდ: პროკრედიტ ბანკიდან კომპანიის საჭიროებისათვის და მშენებლობის განხორციელებისათვის მიღებული საკრედიტო ამონაწერები, სადაც სრულად არის მითითებული თანხის ხარჯვის მიზნობრიობა და ინფორმაცია კრედიტის გადახდაზე, მათ შორის პროკრედიტ ბანკის საკრედიტო კომიტეტის სხდომის ოქმი, სადაც მითითებულია კრედიტის მიზნობრიობა, მშენებლობის განხორციელების მიზნით მიწის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მათ შორის საჯარო რეესტრის ამონაწერი, ე.წ. ერესიდან კომპანიის მიერ მშენებლობის საწარმოებლად, სამშენებლო მასალების შეძენის დამადასტურებელი საგადასახადო დოკუმენტაცია. ასევე, წარედგინა მშენებლობის პროექტი და ყველა ნებართვა, მშენებლობის მწარმოებელი და პროექტის შემდგენი პირების ხელწერილები თანხის მიღების თაობაზე, კერძოდ: ------- ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილით ადასტურებს მონოლითური კარკასის და ბლოკის სამუშაოების შესრულებაში ანაზღაურების 54 000 ლარის მიღებას, --------- ადასტურებს მის მიერ განხორციელებული გეოლოგიური კვლევის, მონოლითური კონსტრუქციის და არქიტექტურული პროექტის და სამშენებლო სამუშაოების პროექტის შეთანხმებას და ნებართვის მიღებისათვის ანაზღაურების 25 000 ლარის მიღებას, --------- ასევე, ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილით ადასტურებს 2017 წელს აშენებული მონოლითური კარკასის დემონტაჟისათვის ანაზღაურების 29 000 ლარის მიღებას. აღნიშნულიდან სრულად დასტურდება აღნიშნული თანხის კომპანიის მიზნებისათვის ხარჯვა, შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის პოზიცია, რომ არ დასტურდება თანხების მიზნობრივი ხარჯვა ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. აღნიშნული დოკუმენტაცია ასევე წარდგენილი იყო და ამჟამადაც აქვს შემოსავლების სამსახურს.
ამდენად, სრულიად დაუსაბუთებლად შემცირდა დამფუძნებლის წინაშე კომპანიის ვალდებულება 387 523 ლარის ოდენობით 182 162 ლარამდე, ანუ 205 361 ლარით, რამაც გამოიწვია დარიცხვა.
აღნიშნული დარიცხვა ასევე უკანონოა იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ აუდიტორებმა არსებული ვალდებულების შესწავლის მიზნით მოახდინეს კომპანიის მიერ უკვე ხანდაზმული პერიოდის 2012-2017 წლის საგადასახადო დოკუმენტაციის, კერძოდ, საშემოსავლო და ქონების დეკლარაციების შემოწმება, რაც ეწინააღმდეგება საგადასახადო კანონმდებლობას.
აუდიტორები შემოწმების აქტში მსჯელობენ, რომ კომპანიას რეალურად აქვს შეძენილი სამშენებლო მასალები, ასევე არ უარყოფენ შენობის აშენების ფაქტს, თუმცა არ ითვალისწინებენ მუშა-ხელის ხელფასს, პროექტზე, გეოლოგიურ კვლევაზე და სამშენებლო ნებართვებზე გაწეულ დანახარჯებს, რაც ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული, მით უმეტეს, როდესაც გააჩნიათ იმ პირების ხელწერილები, რომლებმაც მიიღეს თანხა შენობის ასაშენებლად, ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაციის მოსამზადებლად და მოგვიანებით ამ შენობის დემონტაჟისთვის.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის საფუძველზე:
1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.
2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
შემოწმებით, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით განისაზღვრა საწესდებო კაპიტალის საწყისი ნაშთი, 2019 წლის 1 იანვრისთვის, რამაც შეადგინა 182 262 ლარი. ბუღალტრული პროგრამისა და საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის დამფუძნებელს, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საკუთარი კაპიტალის შემცირების ხარჯზე, კომპანიის საბანკო ანგარიშიდან გაჰქონდა თანხები. შემოწმებით დაკორექტირდა აღნიშნული ოპერაციები და ის თანხები, რომელთა ოდენობაც აჭარბებდა საკუთარი კაპიტალის ოდენობას ჩაითვალა შესაბამის პერიოდებში გაცემულ დივიდენდებად.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ კომპანიის ვალდებულება დამფუძნებლის მიმართ შეადგენს 387 523 ლარს, რაც წარმოშობილი იყო უშუალოდ დამფუძნებლის მიერ კომპანიაში განხორციელებული შენატანებით და მოხმარდა ამავე კომპანიის მიზნებს. აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია და მტკიცებულებები წარედგინა აუდიტორებს. კერძოდ: პროკრედიტ ბანკიდან კომპანიის საჭიროებისათვის და მშენებლობის განხორციელებისათვის მიღებული საკრედიტო ამონაწერები, სადაც სრულად არის მითითებული თანხის ხარჯვის მიზნობრიობა და ინფორმაცია კრედიტის გადახდაზე, მათ შორის პროკრედიტ ბანკის საკრედიტო კომიტეტის სხდომის ოქმი, მშენებლობის განხორციელების მიზნით მიწის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მათ შორის საჯარო რეესტრის ამონაწერი, სამშენებლო მასალების შეძენის დამადასტურებელი საგადასახადო დოკუმენტაცია, ასევე, მშენებლობის პროექტი და ყველა ნებართვა, მშენებლობის მწარმოებელი და პროექტის შემდგენი პირების ხელწერილები თანხის მიღების თაობაზე. აღნიშნული დოკუმენტებით სრულად დასტურდება თანხების კომპანიის მიზნებისათვის ხარჯვა, შესაბამისად, პოზიცია, რომ არ დასტურდება თანხების მიზნობრივი ხარჯვა ყოველგვარ საფუძველს მოკლებულად, ხოლო დამფუძნებლის წინაშე კომპანიის ვალდებულების 205 361 ლარით შემცირება დაუსაბუთებლად მიაჩნია. უკანონოდ მიაჩნია ხანდაზმული პერიოდის, 2012-2017 წლის საგადასახადო დოკუმენტაციის, შემოწმება. შემოწმების მიერ, მუშა-ხელის ხელფასის, პროექტზე, გეოლოგიურ კვლევაზე და სამშენებლო ნებართვებზე გაწეული დანახარჯების გაუთვალისწინებლობა საფუძველს მოკლებულად მიაჩია, როდესაც გააჩნიათ იმ პირების ხელწერილები, რომლებმაც მიიღეს თანხა შენობის ასაშენებლად, ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაციის მოსამზადებლად და მოგვიანებით ამ შენობის დემონტაჟისთვის.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადს გადამხდელის წარმომადგენელმა დამატებით აღნიშნა, რომ თავდაპირველად განსაზღვრული იყო სასტუმროს მშენებლობა, შეძენილი იქნა მასალები, შემდეგ შეიცვალა და გადაწყდა მრავალბინიანი სახლის მშენებლობა, ანუ რაც იყო აშენებული მოხდა მისი დემონტაჟი, შემმოწმებელს წარუდგინეს ნოტარიულად დამოწმებული, ფიზიკური პირების ხელმოწერილი განმარტებები, რომლითაც პირები ადასტურებენ თანხების მიღებას გაწეული მომსახურებებისათვის, კარკასის ასაშენებლად, პროექტზე, ნებართვის აღებაზე გადახდილი თანხებთან და სხვა ხარჯებთან დაკავშირებით, რომელიც შემოწმებით არ იქნა გათვალისწინებული და ასეთი ხარჯები 109 000 ლარია. აღნიშნული ეხება კაპიტალს, რადგან სესხი იქნა გამოტანილი დამფუძნებლის მიერ, შეტანილი კომპანიის კაპიტალში და ხმარდებოდა მშენებლობას. ერთი, რაც ვერ წარადგინეს ზოგიერთ ხარჯზე, ესაა საძირკვლის ამოღებაზე, ბეტონის ჩასხმაზე დოკუმენტაცია, რადგან ეს ხალხი აღარ არიან, მაგრამ მომსახურების მიღებაზე, რაც საჩივარშიცაა აღნიშნული, არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ნოტარიულად არის დამოწმებული, საჩივარზეა თანდართული და 109 000 ლარის გადახდა დასტურდება სამუშაოს და მომსახურების გამწევ პირებზე. მოგება და დივიდენდი მიღებული იქნა მას შემდეგ, რაც დაიწყო კომპანიამ მრავალბინიანი სახლის მშენებლობა, ხოლო მანამდე ყველა ხარჯი გაწეული იქნა ბანკიდან აღებული სესხით, მანამდე შემოსავლები კომპანიას არ გააჩნდა. ერთი რამ რაც არ იქნა განხორციელებული კომპანიის მიერ, ესაა გაცემული ხელფასები არ იქნა დეკლარირებული (თუნდაც ამ 109 000 ლარზე), ანუ რაც გადახდილი იქნა კონკრეტული პირებისათვის დემონტაჟისათვის, პროექტისთვის, თუმცა ეს პერიოდი ხანდაზმულ პერიოდს ეხება. შემმოწმებელმა ჩათვალა, რომ 200 000 ლარის ხარჯი არ გაწეულა კომპანიის მიზნებისათვის, არ იყო კაპიტალში შეტანილი და კომპანიის ვალდებულება შეამცირა დამფუძნებლის მიმართ, რასაც არ ეთანხმება. შემოწმების დროს რა წარადგინა კომპანიამ არ იცის, მაგრამ საჩივარზე დანართის სახით წარმოდგენილია ნოტარიულად დამოწმებული მტკიცებულებები, რომ თანხა მიიღეს ფიზიკურმა პირებმა კონკრეტული საქმიანობის გაწევისათვის და ჯამში ესეთი თანხები 109 000 ლარია. შემოწმების მიერ მხოლოდ მასალების (187 000 ლარი) და მიწის შეძენაა გათვალისწინებული, სხვა ხარჯები არა, ითხოვს წარმოდგენილი დოკუმენტების გათვალისწინებას. ამასთან ამჟამად არ წარმოუდგენია, მაგრამ ზოგიერთი ხარჯის გაწევის (მაგ. ნაგვის გატანის და სხვა) დოკუმენტის წარდგენაც შეუძლია.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ როცა მოითხოვეს სხვაობის 200 000 ლარის დადასტურება, კერძოდ განმარტება რა სახით იყო ეს თანხები შესული კაპიტალში დადგინდა, რომ კაპიტალის შევსების გზით თანხები არ შედიოდა, ბუღალტერთან აქტიური კომუნიკაცია ქონდათ, რომელმაც ახსნა, რომ წინა პერიოდში აღებული იყო სესხი და მის ძირს და პროცენტს იხდიდა დამფუძნებელი, შესაბამისად, თანხის კაპიტალში შეტანა არ ხდებოდა, მაგრამ შინაარსობრივად ხდებოდა სესხის დაფარვა. თავდაპირველად, როცა სასტუმრო შენდებოდა, კომპანიას არ ქონდა შემოსავალი, რითაც დადასტურდებოდა რა მიზნით ხდებოდა სესხის დაფარვა, კაპიტალში შენატანად არსად ფიქსირდებოდა, მათ შორის არც ბანკში სესხის გატანის დანიშნულებაში, კაპიტალში დაუტოვეს ის ხარჯი რაც დაინახეს, რომ გასწია. რაც შეეხება ფიზიკური პირის ხელწერილებს, შემოწმების პერიოდში წარდგენილი იქნა მხოლოდ ხელწერილები, რომელშიც ფიზიკური პირები აღნიშნავდნენ რომ მიიღეს ანაზღაურება და რომ გადასახადის გადახდა ევალებოდა კომპანიას, ნოტარიულად არ იყო დამოწმებული. ერთი გარემოებაცაა, რომ გაცემული თანხები დაბეგრილი არ იყო. რასაც ხედავდნენ და დასტურდებოდა მიწის, მასალების ხარჯები გათვალისწინებული იქნა, მაგრამ დანარჩენი, კერძოდ ფიზიკურ პირების მიერ გაწეულ მომსახურებაზე თანხების გადახდა, რაც არ დასტურდებოდა არ იქნა გათვალისწინებული.
ხანდაზმული პერიოდის საგადასახადო დოკუმენტაციის შემოწმებასთან დაკავშირებით, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის განმარტებას, რომ საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების განსასაზღვრად საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი.
ამასთან, საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მომჩივანს მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს წარდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების შეფასება და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 21.04.2023 წლის №8741 ბრძანება;
3. მომჩივანს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები;
4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად წარდგენილი მტკიცებულებების, ასევე წარმოდგენილ საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების შეფასება და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და მიღებული შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დამფუძნებლის წინაშე არსებული ვალდებულების (კაპიტალის) შემცირება და სხვაობის თანხის დივიდენდად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2019 პირველი იანვრისთვის (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის) დამფუძნებლის წინაშე ვალდებულება (საკუთარი კაპიტალი 5150) გააჩნდა 387 523 ლარის ოდენობით. შემოწმების პროცესში აღნიშნულ ნაშთთან დაკავშირებით მოთხოვნილ იქნა, როგორც ახსნა-განმარტება, ასევე ყველა ის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც დადასტურდებოდა საწყისი კაპიტალის ნაშთის ნამდვილობა. შემოწმების პროცესში ვერ იქნა წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდებოდა სესხად აღებული თანხების მიზნობრიობა. იმ ხარჯებზე დაყრდნობით, რომელთა გაწევა ნამდვილად დასტურდებოდა (მიწისა და სამშენებლო მასალების ღირებულება) გაანგარიშებულ იქნა იმ თანხების ოდენობა, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო საკუთარი კაპიტალის საწყისი ნაშთი, ასევე, სესხზე გადახდილი პროცენტებიდან გათვალისწინებულ იქნა მხოლოდ ის ნაწილი, რაც მოხმარდა აღნიშნულ მშენებლობას (შესაბამისი პროპორციის გათვალისწინებით). აღნიშნულის გათვალისწინებით, საკუთარი კაპიტალის საწყისი ნაშთი 2019 წლის 1 იანვრისთვის განისაზღვრა 182 262 ლარის ოდენობით. კომპანიის დამფუძნებელს, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, კომპანიის საბანკო ანგარიშიდან გაჰქონდა თანხები, საკუთარი კაპიტალის შემცირების ხარჯზე. შემოწმების მიერ, დაკორექტირდა აღნიშნული ოპერაციები და ის თანხები, რომელთა ოდენობაც აჭარბებდა საკუთარი კაპიტალის ოდენობას, ჩაითვალა შესაბამის პერიოდებში გაცემულ დივიდენდებად. გაცემული დივიდენდი ჩაითვალა განაწილებულ მოგებად, რამაც გამოიწვია დარიცხვა მოგების და საშემოსავლო გადასახადების ნაწილში, ასევე გადასახადის გადამხდელს დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.
აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 21.04.2023 წლის №8741 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მომჩივანს მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს წარდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების შეფასება და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 49(1"ე"), 491, 61(3), 73(4)(9"ბ"), 8(12), 97(1"ა"), 981(1), 130(1), 154(1"ზ").