გადაწყვეტილება №22793/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.06.2024
№ დოკუმენტი 22793/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22793/2/2024

27 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 6.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22793/2/2024).

 

დავის საგანი:

სარკინიგზო კონტეინერის ზოგადი დეკლარირების ვადის დარღვევა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 5.03.2024 წლის №EL243922 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7166 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 1 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

9.02.2024 წელს, საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ გავლით №---------- სარკინიგზო ვაგონით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა ----------დან შპს „----------“ (ს/ნ ----------) სახელზე გამოგზავნილი, №---------- კონტეინერში განთავსებული საქონელი (ლედ განათებები). საბაჟო გამშვებ პუნქტში გამოწერილი №---------- რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით აღნიშნული საქონელი გაშვებულ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ (----------) დანიშნულებით.

3.03.2024 წელს, შპს „----------“ (ს/ნ ----------) წარმომადგენელმა მიმართა გაფორმების ეკონომიკურ ზონა „----------“ და განაცხადა, რომ კონტეინერი, რომლებშიც განთავსებული ზემოთ დასახელებული საქონელი, წარმოადგენდა მის საკუთრებას და მოითხოვა აღნიშნული კონტეინერის როგორც საქონლის თავისუფალი მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა.

საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქონლის სახით შემოტანილ კონტეინერზე დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით არ იყო შესრულებული ზოგადი დეკლარირების ვალდებულება, შედგენილ იქნა 5.03.2024 წლის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL243922, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახური, რომლის 2.04.2024 წლის №7166 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 213-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, ამავე ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 165-ე მუხლზე.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან არ შესრულდა ზემოაღნიშნული ნორმებით დადგენილი მოთხოვნები და მის მიერ საქონლის სახით შემოტანილ კონტეინერზე დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით არ იყო შესრულებული ზოგადი დეკლარირების ვალდებულება. შესაბამისად, ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირების ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ადმინისტრაციული აქტით საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

---------- შეძენილი იქნა კონტეინერი (როგორც ძირითადი საშუალება). თანხა გადარიცხული იქნა საბანკო ოპერაციის საშუალებით. მომწოდებელი კომპანიის მიერ გამოწერილი იქნა შესაბამისი ინვოისი. მომწოდებელი კომპანიის მიერ აღნიშნული კონტეინერი გაგზავნილი იქნა სატრანსპორტო (გადამზიდავი) კომპანიაში. სატრანსპორტო კომპანიის მიერ აღნიშნულ კონტეინერში ჩატვირთული იქნა სხვა კომპანიის კუთვნილი საქონელი. მათ მიერ დაშვებული იქნა შეცდომა და სატრანსპორტო დოკუმენტში მომჩივნის მიერ შეძენილი კონტეინერი არ იქნა ასახული როგორც საქონელი (ასახული იქნა მხოლოდ როგორც ტარა). თუმცა, აღსანიშნავია, რომ გადამზიდავი კომპანიის მიერ სატრანსპორტო დოკუმენტში დაფიქსირებული იქნა, რომ ტვირთის გადაზიდვა ხორციელდებოდა მომჩივნის კომპანიის კუთვნილი კონტეინერით. კონტეინერის ჩამოსვლის შემდგომ, მომჩივნის მიერ საბაჟო ორგანოში წარდგენილი იქნა კონტეინერის განბაჟებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი (ინვოისი), სატრანსპორტო დოკუმენტი. თუმცა, სატრანსპორტო კომპანიის მიერ დაშვებული შეცდომის გამო, საბაჟო დეპარტამენტმა კომპანია დააჯარიმა.

კომპანია პირნათლად ასრულებს საგადასახადო ვალდებულებებს. უცნობი იყო სატრანსპორტო კომპანიის მიერ დაშვებული შეცდომის შესახებ. დღეის მდგომარეობით, სრულყოფილად განახორციელა იმპორტირებული კონტეინერის განბაჟების პროცედურები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს გათვალისწინებულ იქნას რომ აღნიშნული შეცდომა არ იყო განზრახ დაშვებული და როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი, გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციის თანხისგან, რომელიც ჯამურად შეადგენს 1 000 ლარს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტში, სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა.

ამავე ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 213-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საქონლის შემოტანისას ზოგადი დეკლარირება ხორციელდება ერთერთი შემდეგი დოკუმენტის წარდგენით:

ა) სატრანსპორტო დოკუმენტი:

ა.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIRწიგნაკი;

ა.ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი;

ა.გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედნადები;

ა.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები;

ბ) საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულების ან ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისი), ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტის დედანი ან ასლი (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის ზოგადი დეკლარირების შემთხვევისა);

გ) საფოსტო გზავნილების დეკლარაცია ან საფოსტო გზავნილების ნუსხა – საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონლის შემთხვევაში;

დ) ATA წიგნაკი.

საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

საქმეზე წარმოდგენილი მასალებიდან დგინდება, რომ 3.03.2024 წელს, მომჩივნის წარმომადგენელმა მიმართა გაფორმების ეკონომიკურ ზონა „----------“ და განაცხადა, რომ კონტეინერები, რომლებშიც განთავსებული ზემოთ დასახელებული საქონელი, ასევე წარმოადგენდა მის საკუთრებას და მოითხოვა აღნიშნული კონტეინერების როგორც საქონლის თავისუფალი მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა.

ვინაიდან მომჩივნის მიერ დაირღვა ზემოაღნიშნული საქონლის ზოგადი დეკლარირების ვადა, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით, ან არ იყო მისთვის ცნობილი ის გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან მომჩივნის გათავისუფლების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სარკინიგზო კონტეინერის ზოგადი დეკლარირების ვადის დარღვევა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეზე წარმოდგენილი მასალებიდან დგინდება, რომ 3.03.2024 წელს, მომჩივნის წარმომადგენელმა მიმართა გაფორმების ეკონომიკურ ზონა „თბილისს“ და განაცხადა, რომ კონტეინერები, რომლებშიც განთავსებული ზემოთ დასახელებული საქონელი, ასევე წარმოადგენდა მის საკუთრებას და მოითხოვა აღნიშნული კონტეინერების როგორც საქონლის თავისუფალი მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა. ვინაიდან მომჩივნის მიერ დაირღვა ზემოაღნიშნული საქონლის ზოგადი დეკლარირების ვადა, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით, ან არ იყო მისთვის ცნობილი ის გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან მომჩივნის გათავისუფლების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 165.