გადაწყვეტილება №21807/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.03.2024
№ დოკუმენტი 21807/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 21807/2/2024

12 მარტი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: : შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------------“ 7.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21807/2/2024).

 

დავის საგანი:

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 სექტემბრის №081-192 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 5 დეკემბრის №30345 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 218 597 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 134 278

დღგ - 74 278

საშემოსავლო გადასახადი - 60 000

ჯარიმა - 71 986

საურავი - 12 333

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა ვაჭრობა, ძირითადად ხილით და ბოსტნეულით. ასევე, უფიქსირდება უალკოჰოლო და ალკოჰოლური სასმელების და რძის პროდუქტების შეძენა და რეალიზაცია.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 8 მაისის №10078 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2020 წლის 8 დეკემბრიდან 2023 წლის 1 მაისამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 15 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს 2021 წლის იანვარში განხორციელებული აქვს იმპორტის სასაქონლო ოპერაცია. შემოწმების პროცესში კომპანიის უფლებამოსილ პირთან დაკავშირება ვერ მოხერხდა (საწარმოს მიმართ შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით მოთხოვნილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარუდგენლობისთვის). შესაბამისად, არ არის წარდგენილი ინფორმაცია ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ. შედეგად, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 საფუძველზე, განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, კომპანიის დოკუმენტური რეალიზაციიდან გამომდინარე გაანგარიშდა კონკრეტული დასახელების საქონლის ფასნამატები, ხოლო საქონელზე, რომელზეც დოკუმენტური რეალიზაცია არ ფიქსირდებოდა, გავრცელდა შესაბამისი ჯგუფის დოკუმენტურად დადასტურებული საშუალო ფასნამატი. დანარჩენი საქონლის თვითღირებულებაზე, რომელთა დოკუმენტური რეალიზაციაც არ ფიქსირდებოდა, კონკრეტული ჯგუფის/კატეგორიის შესაბამისად, გავრცელდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან დადგენილი აუდირებული ფასნამატი. აღნიშნულის შედეგად დადგინდა დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლისგან მიღებული შემოსავალი, რომელსაც დაემატა დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავალი. შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დადგენილი საქონლის რეალიზაციიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 671 349 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე). შემოწმების შედეგად გამოვლენილი სხვაობა - 412 661 ლარი, 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლების შესაბამისად, დამატებით დაიბეგრა დღგ-ით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დადგენილ მიღებულ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, რომლის შედეგად დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი - 240 000 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). შემოწმებით დადგენილი ფულადი საშუალებების ნაშთის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს უფლებამოსილ პირს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარუდგენია, ასევე არ დასტურდება ნაღდი ფულის სალაროში არსებობის ფაქტი. შესაბამისად, შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად, დამატებით დადგენილი შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 სექტემბრის №23230 ბრძანება და №081-192 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 218 597 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 1 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 5 დეკემბრის №30345 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, მე-8, 49-ე, 61-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე და 43-ე მუხლებზე.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული შემოსავლისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების შეპირისპირებით დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს უფლებამოსილ პირს შემოწმებისთვის არ წარუდგენია, ასევე არ დასტურდება ნაღდი ფულის სალაროში არსებობის ფაქტი, ჩაითვალა საწარმოს დირექტორის ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად, რომელიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

ამასთან, მომჩივნის მხრიდან საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

60 000 ლარი საშემოსავლო გადასახადში საიდან დაერიცხა, როცა სრული რეალიზაცია ზედნადებით იყო 80 000 ლარი. რატომ გავრცელდა ზედნადებით რეალიზებული პროდუქციის ფასნამატი საცალო რეალიზაციაზე. ვინაიდან იყო მალფუჭებადი საქონელი, უნდა მოხდეს აუდიტის დეპარტამენტის მიერ გონივრული გადაანგარიშება, არა ზეპირი ფასნამატით. ითხოვს ცხრილების გადაგზავნას აუდიტის დეპარტამენტის მიერ და დახარისხებულ ფასნამატს გადაუგზავნის. ითხოვს გაუქმდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნა და თავიდან გამოიცეს შემოწმების აქტი. დაბრუნების შემთხვევაში მეილზე მოხდეს ცხრილების გადაგზავნა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამ მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 26.01.2024 წლის №--------- წერილი, სადაც მითითებულია, რომ საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 258 688 ლარს. კომპანიას 2021 წლის იანვარში განხორციელებული აქვს იმპორტის სასაქონლო ოპერაცია. შემოწმების პროცესში საწარმოს უფლებამოსილ პირთან დაკავშირება ვერ მოხერხდა (კომპანიის მიმართ შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად მოთხოვნილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის არ წარდგენისთვის). შესაბამისად, არ არის წარდგენილი ინფორმაცია ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, საწარმოს დოკუმენტური რეალიზაციიდან გამომდინარე გაანგარიშდა კონკრეტული დასახელების საქონლის ფასნამატები, ხოლო საქონელზე რომელზეც დოკუმენტური რეალიზაცია არ ფიქსირდებოდა გავრცელდა შესაბამისი ჯგუფის დოკუმენტურად დადასტურებული საშუალო ფასნამატი, ხოლო დანარჩენი საქონლის თვითღირებულებაზე, რომელთა დოკუმენტური რეალიზაციაც არ ფიქსირდებოდა, კონკრეტული ჯგუფის/კატეგორიის შესაბამისად გავრცელდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან დადგენილი აუდირებული ფასნამატი. აღნიშნულის შედეგად, დადგინდა დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლისგან მიღებული შემოსავალი, რომელსაც დაემატა დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავალი. შემოწმებით დადგენილი საქონლის რეალიზაციიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ჯამურად განისაზღვრა 671 349 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე). შემოწმების შედეგად გამოვლენილი სხვაობა 412 661 ლარი დამატებით დაიბეგრა დღგ-ით.

შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დადგენილ მიღებულ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. შედეგად დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი 240 000 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). შემოწმებით დადგენილი ფულადი საშუალებების ნაშთის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება კომპანიის უფლებამოსილ პირს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარუდგენია. ასევე, არ დასტურდება ნაღდი ფულის სალაროში არსებობის ფაქტი. შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, დამატებით დადგენილი შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტაცია/მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა ვაჭრობა, ძირითადად ხილით და ბოსტნეულით. ასევე, უფიქსირდება უალკოჰოლო და ალკოჰოლური სასმელების და რძის პროდუქტების შეძენა და რეალიზაცია.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული შემოსავლისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების შეპირისპირებით დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს უფლებამოსილ პირს შემოწმებისთვის არ წარუდგენია, ასევე არ დასტურდება ნაღდი ფულის სალაროში არსებობის ფაქტი, ჩაითვალა საწარმოს დირექტორის ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად, რომელიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(5,9);159(1);163(1);164(1)101(1);154(1)