გადაწყვეტილება №25593/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25593/2/2025
04 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ---------- (---------) (პას/ნ -----------------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------------ის (-------------) 4.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25593/2/2025).
დავის საგანი:
საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 14.05.2025 წლის №EL------- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 7.07.2025 წლის №15276 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 3 204,29 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
14.05.2025 წელს -------დან საბაჟო გამშვები პუნქტი „------“ კონტროლის ზონაში №----- სატრანსპორტო საშუალებით შემოვიდა მომჩივანი. მებაჟე-ოფიცრის მიერ მოხდა მისი შეჩერება და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება -----------ს სხეულის სკანერის მეშვეობით დათვალიერებისა, რა დროსაც სხეულზე აღმოჩენილ იქნა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, კერძოდ, არადეკლარირებული ერთი ცალი 19,2 გრამი ოქროს ყელსაბამი, რომელიც ეკეთა ყელზე. აღნიშნულზე შედგა „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი №-----/------“.
საბაჟო დეპარტამენტის 14.05.2025 წლის №-------/2025 ექსპერტის დასკვნის თანახმად, საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრა 3 204,29 ლარით.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად საქონლის შემოტანისთვის მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის 14.05.2025 წლის №EL------ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 3 204,29 ლარის ოდენობით. სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ჩამორთმეული არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობა დაილუქა საბაჟო ლუქით, შედგა „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის №--------- ოქმი“.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 7.07.2025 წლის №15276 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტზე, 309-ე მუხლის 132-ე ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 27.08.2019 წლის №254 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები და მათი განხორციელების წესის“ (დანართი №2) პირველი მუხლის პირველ, მე-4 და მე-5 პუნქტებზე, ამავე წესის მე-2 მუხლის პირველ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე და დადგენილად მიაჩნია, რომ საბაჟო კონტროლის განხორციელებისას სხეულის სკანერის მეშვეობით დათვალიერებისას მომჩივანს სხეულზე (ყელსაბამზე ასხმული) აღმოჩნდა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული 3 204,29 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელი, კერძოდ ოქროს ყელსაბამი (19,2 გრამი).
დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი ის ფაქტი, რომ აღნიშნული საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა მომჩივანმა, თუმცა საბაჟო გამშვებ პუნქტში შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოსთვის არ წარუდგენია. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა 3 204,29 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
საგულისხმოა, რომ მომჩივანს საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილების რამდენიმე ფაქტი უფიქსირდება. შესაბამისად, მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და საგადასახადო შეღავათით სარგებლობასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურები. ამასთან, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები და საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფორმა ცხადყოფს, რომ მომჩივნისთვის ცნობილი იყო მის მიერ გადაადგილებული საქონლის დეკლარირების ვალდებულების თაობაზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
14.05.2025 წელს საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტზე გააჩერა მებაჟემ და სთხოვა, რომ შესულიყო სკანერში. სკანირების შემდეგ მას განუცხადეს, რომ მისი კუთვნილი პირადი ყელსაბამის გამო, რომელიც ეკეთა ტრადიციულად სხეულზე, უნდა დაჯარიმებულიყო. გაუგებარია დაჯარიმების მიზეზი, ვინაიდან ყელსაბამი მებაჟემ ნახა თავიდანვე და განუცხადა, რომ ყელსაბამი იყო მისი პირადი და არც საბაჟოს გვერდით ავლით და არც მალულად არ გადმოუტანია. აღნიშნული საიუველირო ნაკეთობას ატარებს ყოველდღიურად და არაერთხელ გადმოსულა საზღვარზე და არავის არაფერი არ უთქვამს. ასევე ავტომანქანაში არაფერი არ აღმოჩენილა და ყელსაბამი იყო მისი პირადი და სხეულზე და არა ავტომანქანაში და რატომ ჩამოართვეს ავტომანქანა.
არ ყოფილა არანაირი საფუძველი დაჯარიმების და ოქროს ყელსაბამის და ჯვრის ჩამორთმევის და მითუმეტეს ავტომანქანის. შესაბამისად უნდა გაუქმდეს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №----- და დაუბრუნდეს პირადი ყელსაბამი და ავტომანქანა.
შემოსავლების სამსახურმა გამოსცა ბრძანება №15276 რომლითაც მომჩივანს უარი ეთქვა სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებაზე, იმ მოტივით თითქოს მასზე არსებული ყელსაბამი და ჯვარი და ასევე ავტომანქანა არ ეკუთვნის მას. მიუხედავად იმისა, რომ პირადი ნივთი მას ყელზე ეკეთა ტრადიციულად. ითხოვს დაუბრუნდეს კუთვნილი ყელსაბამი ჯვართან ერთად და ავტომანქანა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საჩივარზე დადგენილი ხარვეზის თაობაზე, მომჩივანს გაეგზავნა 6.08.2025 წლის №--/--- წერილი და ეცნობა, რომ საჩივარს არ ერთვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მის გამოცემასთან დაკავშირებული დოკუმენტის ასლი (საბაჟო დეპარტამენტის 14.05.2025 წლის №---- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი), საჩივარი წარმომადგენლის მიერ არის წარმოდგენილი და მას არ ერთვის წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული წერილი ადრესატს ჩაბარდა საჩივარში მითითებულ მისამართზე (თბილისი, ---- ქ. №-- ბინა №---).
21.08.2025 წელს წარმოდგენილია განცხადება, სადაც მითითებულია, რომ დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრებული აქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და საქმეზე წარმოდგენილი აქვს ადვოკატის ორდერი და წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
9.10.2025 წელს საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირ განხილვას ესწრებოდა -------------ი (----------) (პას/ნ --------) და საჩივარზე ხელმომწერი პირი ------ი. საბჭოს სხდომაზე მომჩივანმა დაადასტურა, რომ საბაჟო დავის წარმოებაში ---------ი მოქმედებდა, როგორც მისი რწმუნებული პირი.
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.
საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: ბ) ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; ე) დაათვალიეროს ფიზიკური პირი; ი) განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1 “, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას.
„საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები და მათი განხორციელების წესის“ (დანართი №2) პირველი მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს, რომ საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფა მოიცავს სამართალდამრღვევი პირის, საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ გამოსაყენებელ ღონისძიებებს და მათი განხორციელების პროცედურებს.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტი განსაზღვრავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილება ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც თან დაერთვის სამართალდარღვევის ოქმს ან სამართალდარღვევისთვის საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილებას. მე-5 პუნქტის მიხედვით კი, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება შეწყდება, თუ სამართალდამრღვევი პირი ნებაყოფლობით აღასრულებს სამართალდარღვევისთვის შეფარდებულ საბაჟო სანქციას ან თუ მის მიმართ გამოყენებულ იქნება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად დასაშვებია გამოყენებული იქნეს სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.
საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
საქმეზე წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ მომჩივანს --------დან შემოსვლისას აღმოაჩენდა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, არადეკლარირებული ერთი ცალი 19,2 გრამი ოქროს ყელსაბამი.
მომჩივნის განმარტებით, მებაჟეს თავიდანვე განუცხადა, რომ ყელსაბამი იყო მისი პირადი და არც საბაჟოს გვერდით ავლით და არც მალულად არ გადმოუტანია. აღნიშნული საიუველირო ნაკეთობას ატარებს ყოველდღიურად და არაერთხელ გადმოსულა საზღვარზე და არავის არაფერი არ უთქვამს. ასევე ავტომანქანაში არაფერი არ აღმოჩენილა და ყელსაბამი იყო მისი პირადი და სხეულზე და არა ავტომანქანაში. გაუგებარია დაჯარიმების და ავტომანქანის ჩამორთმევის მიზეზი.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 7.08.2025 წლის №----- წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი აღმოჩენილ იქნა სგპ „---------ს“ უფლებამოსილი პირის მიერ მომჩივნის სხეულის სკანერის მეშვეობით. მომჩივანთან ერთად მგზავრობდა სომხეთის 3 მოქალაქე, რომლებიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდნენ ქვეითად შემოსვლის დარბაზის გავლით. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ ასევე განხორციელდა მათი დათვალიერება, რის შედეგად, გამოვლინდა, რომ მათ მიერ ასევე ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანას საბაჟო კონტროლისგან მალულად. მათ მიმართაც განხორციელდა შესაბამისი საბაჟო ფორმალობები. კერძოდ:
- --------ს (------ პასპ.№-------) სხეულის სკანერის მეშვეობით დათვალიერების შედეგად აღმოაჩნდა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ძვირფასი თვლებით. კერძოდ: ყელსაბამზე ასხმული ჰქონდა ბეჭდები და საყურეები, ასევე ხელჩანთაში აღმოაჩნდა სამაჯური და ჯვრები (რომელიც მსგავსია -------------ის ყელსაბამზე შებმულ ჯვართან), საერთო წონით 70,84 გრამი.
- -----------ს (--------პასპ.№--------) სხეულის სკანერის მეშვეობით დათვალიერების შედეგად ასევე აღმოაჩნდა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ძვირფასი თვლებით. კერძოდ: ყელსაბამზე ასხმული ჰქონდა ბეჭდები და საყურეები, ასევე ჯიბეში ჰქონდა ჯვრები (რომელიც მსგავსია --------ის ყელსაბამზე შებმულ ჯვართან), საერთო წონით 61,94 გრამი.
--------სა და ------ის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი არადეკლარირებული საქონლის ღირებულებიდან გამომდინარე საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.
- ---------ის სხეულის სკანერის მეშვეობით დათვალიერებისას სხეულზე აღმოჩენილ იქნა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, კერძოდ, 25,8 გრამი, 585 სინჯის ოქროს ყელსაბამი ჯვრით (56 ცალი ბრილიანტის თვლით), საქონლის საბაჟო ღირებულება №-----/2025 ექსპერტის დასკვნის საფუძველზე განისაზღვრა 5 227,75 ლარით. გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე კი --------ის მიმართ ასევე შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №------, რომლითაც შეეფარდა ფულადი ჯარიმა 5 227,75 ლარის ოდენობით. ყველა პირი წარმოადგეს ერთ ოჯახს და მათ მიერ შენიღბვის მიზნით გადანაწილებული ოქროს ნაკეთობები იდენტურია, როგორც ვიზუალურად, ასევე სახეობების მიხედვით.
ამასთან, საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ --------თან (------ პასპ.№--------) და -------თან (---------პასპ.№--------) დადებულია საპროცესო შეთხმება.
საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა საკითხის განხილვისას განმარტა, რომ სანქციის აღსეულების უზრუნველყოფის მიზნით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალება დაუბრუნდა მომჩივანს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივანის ფიზიკური დათვალიერებისას აღმოაჩნდა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული დაუდეკლარირებელი საქონელი, საბჭოს მიაჩნია, რომ ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევისთვის სანქციის შეფარდება განხორციელდა კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალიწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებით შემოვიდა მომჩივანი. მებაჟე-ოფიცრის მიერ მოხდა მისი შეჩერება და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი სხეულის სკანერის მეშვეობით დათვალიერებისა, რა დროსაც სხეულზე აღმოჩენილ იქნა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, კერძოდ, არადეკლარირებული ერთი ცალი 19,2 გრამი ოქროს ყელსაბამი, რომელიც ეკეთა ყელზე. აღნიშნულზე შედგა „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი.საბაჟო დეპარტამენტის ექსპერტის დასკვნის თანახმად, საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრა 3 204,29 ლარით.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად საქონლის შემოტანისთვის მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 3 204,29 ლარის ოდენობით. სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ჩამორთმეული არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობა დაილუქა საბაჟო ლუქით, შედგა „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი“.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №15276 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ვინაიდან მომჩივანის ფიზიკური დათვალიერებისას აღმოაჩნდა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული დაუდეკლარირებელი საქონელი, საბჭოს მიაჩნია, რომ ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევისთვის სანქციის შეფარდება განხორციელდა კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალიწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 27(1); 70(1); 73(1 „ა“); 168(1);