ბრძანება N 2273
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 2273
05 თებერვალი 2026
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
(მის.: „-------“)
2026 წლის 6 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 22 იანვრის სხდომაზე (ოქმი №4) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2026 წლის 6 იანვრის №99779/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 12 დეკემბრის №038-7 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ დამატებული ღირებულების გადასახადს. განმარტავს, რომ შპს „------- -ს“ საქმიანობის საგანს წარმოადგენს სხვადასხვა პროდუქტების იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. საქონელი ძირითად შემთხვევაში არ არის დახარისხებული და არ აქვს სტანდარტული სახე. ხშირ შემთხვევაში პროდუქციის ნაწილი არის დაზიანებული, გააჩნია არა სასაქონლო სახე და მისი რეალიზაცია ხორციელდება საბაზრო ფასზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად. ხოლო, ზოგიერთ შემთხვევაში პროდუქციის რეალიზაცია საერთოდ ვერ ხდება (გამომდინარე იქიდან რომ მალფუჭებადია). პროდუქციის ის წილი, რომელიც გამოირჩევა ვიზუალური და ხარისხობრივი მახასიათებლებით, ძირითად შემთხვევაში იყიდება ე.წ. „ქსელურ მარკეტებზე“ და კვების ობიექტებზე, ხოლო პროდუქციის დანარჩენი ნაწილი წარმოადგენს ხარისხობრივად და ვიზუალურად დაბალი მახასიათებლების მქონე პროდუქციას და მისი რეალიზაცია ხდება საბაზრო ფასზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ასეთი პროდუქციის შემძენი პირები, ძირითად შემთხვევაში არ ითხოვენ სასაქონლო ზედნადებს და შესაბამისად, აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია ხდება სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნავს, რომ საქონლის გაფუჭების/დაზიანების ფაქტებს ხშირად ჰქონდა ადგილი, თუმცა ვერ ხერხდებოდა მისი ჩამოწერა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვინაიდან სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი სერვისი არის ფასიანი და შემდგომ ასევე პროდუქციის გადაყრა დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან. ხშირია შემთხვევები, როდესაც მსგავსი წუნდებული საქონლის რეალიზაცია ხდება ცხოველთა და ფრინველთა ფერმებზე, ცხადია საბაზრო ფასზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად (შესაძლოა კილოგრამი 5-10 თეთრადაც კი), რაც ფინანსურად უფრო მომგებიანია, ვიდრე სახელმწიფო სერვისებში თანხის გადახდა და შემდგომ კი გადაყრასთან დაკავშირებული ხარჯის გაწევა. აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, აუდიტორების მიერ მომზადებულ ფასანმატის გაანგარიშებაში და ფასნამატის ფორმირებისას დიდწილად მონაწილეობა მიიღო ისეთ „ქსელურ მარკეტებზე“ პროდუქციის რეალიზებამ, სადაც შედარებით მაღალი ფასნამატი ფიქსირდება. შესაბამისად, გადამხდელი მიიჩნევს, რომ დოკუმენტური რეალიზაციიდან სწორი ტენდენციის დანახვა შეუძლებელია. გადამხდელი მიუთითებს, რომ მათ შემთხვევაში შემოსავლების სწორად განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანია, რომ გამოყენებულ იქნას „სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემები“, კერძოდ, გამოყენებულ იქნას, მსგავსი, აუდირებული კომპანიის ფასნამატი, რომელსაც გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვა, აწარმოებს გაფუჭებული პროდუქციის ჩამოწერას. საუბარია ისეთ გადასახადის გადამხდელებზე, სადაც რეალურად შესაძლებელია ბაზარზე არსებულ ტენდენციებზე დაკვირვება.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად განსაზღვრული ფულის ნაშთის მიხედვით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს. მიუთითებს, რომ შემოწმების აქტის მიხედვით აუდიტორი ფულადი სახსრების მოძრაობის დასადგენად იყენებს არაპირდაპირ მეთოდს. ხოლო აღნიშნულ გაანგარიშებაში შესამოწმებელი პერიოდის ხარჯების ნაწილში გათვალისწინებული არ არის სხვადასხვა მომსახურების თანხები, რომლებზეც გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნული ხარჯების ჯამმა შეადგინა 124 549 ლარი (დღგ-ს ჩათვლით, საჩივარზე დართულია ცხრილი). კერძოდ, აღნიშნულ მომსახურებებს წარმოადგენს „მაცივრის იჯარა“, „კომუნალური გადასახადები“, „მანქანის დგომის საფასური“ და ა.შ. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ხარჯი დაკავშირებული იყო გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან, შესაბამისად, მონაწილეობა უნდა მიეღო არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში. გადამხდელი ითხოვს, გათვალისწინებულ იქნას აღნიშნული ხარჯები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფულის მოძრაობის ხარჯვით ნაწილში.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 ივნისის №13104 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------- - ს“ (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 11 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 12 დეკემბრის №27367 ბრძანება და ამავე თარიღის №038-7 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 147 766 ლარი, მათ შორის გადასახადი 589 005 ლარი, ჯარიმა 293 574 ლარი და საურავი 265 187 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
1. შპს „-------- -ს “ ეკონომიკური საქმიანობის საგანს წარმოადგენს ხილით და ბოსტნეულით ვაჭრობა. პროდუქტის შეძენა ხდება ძირითადად იმპორტის გზით (სულ შეძენილი საქონლის (1 228 593 ლარი), მათ შორის 85% შეადგენს იმპორტირებულს, ხოლო 15% შეძენილია ადგილობრივ ბაზარზე (187 715 ლარი დღგ-ს გარეშე). შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, კერძოდ, საბაჟო დეკლარაციების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქონლის იმპორტისას უმეტეს შემთხვევაში ხდება საქონლის ღირებულების აფასება. რეალიზაციის 71% შეადგენს დოკუმენტით რეალიზაცია (ზედნადები, ა/ფ) 1 379 537 ლარის ოდენობით, ხოლო 29% - დოკუმენტის გარეშე (საცალოდ). დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 54%-ს. გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს, შესაბამისად სმფ-ის ჩამოწერა არ ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. შემოწმების მიერ საცალო რეალიზაციის დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და საბაჟო დეკლარაციების დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში შპს „---------“ მიერ შეძენილია 11 დასახელების საქონელი. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ახსნაგანმარტებით 2023 წლის ივნისის თვეში კომპანიამ საქმიანობა შეწყვიტა და აღნიშნული პერიოდისთვის სასაქონლო ნაშთი და დებიტორული დავალიანება არ გააჩნდა. კომპანიას 2023 წლის ივნისის შემდეგ აღარ უფიქსირდება საქონლის შეძენა-რეალიზაცია. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად, არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა გადამხდელის დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა, კერძოდ: შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე გავრცელებულ იქნა დოკუმენტით რეალიზებული საქონლის ფასნამატი, თითოეული სახეობის მიხედვით თვის ჭრილში ყველა კონკრეტული დასახელების საქონელზე და ჩართულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას დოკუმენტით რეალიზაციასთან ერთად. დოკუმენტით რეალიზებული პროდუქტის ფასნამატი საშუალოდ შეადგენს 133%-ს. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე და 161-ე მუხლების მიხედვით და გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
2. შპს „--------“ -ს მიერ გამოწერილი/მიღებული პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა ნაღდი ფულადი სახსრების მოძრაობა. საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დოკუმენტის გარეშე რეალიზაციის ნაწილში გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და შესაბამისად შემოსავლის გაზრდა. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ახსნა- განმარტებით 2023 წლის ივნისის თვეში კომპანიამ საქმიანობა შეწყვიტა და აღნიშნული პერიოდისთვის სასაქონლო ნაშთი, დებიტორული და კრედიტორული დავალიანება არ გააჩნდა და ასევე სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს ნულ ლარს. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ივნისის ბრძანების თანახმად 2025 წლის 26 ივნისს ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის საფუძველზეც შედგენილი ოქმის თანახმად კომპანიას სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია. საბანკო ანგარიშებზე რიცხული ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისშიც და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს-ნული ლარია. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოწმებით დადგენილ შემოსავლებს გამოკლდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები. მ.შ. დოკუმენტურად დადასტურებული სმფ-ს შეძენის ხარჯი, გაცემული ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი და სხვა განაცემის შინაარსით გადახდილი თანხები. შემოწმებით გამოვლენილი აღურიცხველი ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც სალაროში არ დასტურდება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან ამავე კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლის შესაბამისად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და საბაჟო დეკლარაციების დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში შპს „------ -ს “ მიერ შეძენილია 11 დასახელების საქონელი. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტებით 2023 წლის ივნისის თვეში კომპანიამ საქმიანობა შეწყვიტა და აღნიშნული პერიოდისთვის სასაქონლო ნაშთი და დებიტორული დავალიანება არ გააჩნდა. კომპანიას 2023 წლის ივნისის შემდეგ აღარ უფიქსირდება საქონლის შეძენა-რეალიზაცია. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად, არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა გადამხდელის დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა, კერძოდ: შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე გავრცელებულ იქნა დოკუმენტით რეალიზებული საქონლის ფასნამატი, თითოეული სახეობის მიხედვით თვის ჭრილში ყველა კონკრეტული დასახელების საქონელზე და ჩართულ იქნა დღგით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას დოკუმენტით რეალიზაციასთან ერთად. დოკუმენტით რეალიზებული პროდუქტის ფასნამატი საშუალოდ შეადგენს 133%-ს. შემოწმების შედეგად გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზეც არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად ფულის ნაშთის გაანგარიშებაში შესამოწმებელი პერიოდის ხარჯების ნაწილში გათვალისწინებული არ არის სხვადასხვა მომსახურების თანხები, რომლებზეც გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნული ხარჯების ჯამმა შეადგინა 124 549 ლარი (წარმოდგენილია დანართი ცხრილის სახით). აცხადებს, რომ ეს ხარჯები დაკავშირებული იყო გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან, შესაბამისად, მონაწილეობა უნდა მიეღო არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში. ამასთან, საჩივრის დანართად წარმოდგენილ მომსახურების ხარჯებთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ აღნიშნული წარმოადგენს ტექნიკურ შეცდომას და ფულადი სახსრების გაანგარიშების ნაწილში უნდა იყოს გათვალისწინებული.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, მათ შორის ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------- -ს “ (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, მათ შორის ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ დამატებული ღირებულების გადასახადს.
2.გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად განსაზღვრული ფულის ნაშთის მიხედვით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.
ფაქტობრივი გარემოებები
1.საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს ხილით და ბოსტნეულით ვაჭრობა.შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქონლის იმპორტისას უმეტეს შემთხვევაში ხდება საქონლის ღირებულების აფასება. რეალიზაციის 71% შეადგენს დოკუმენტით რეალიზაცია,ხოლო 29% - დოკუმენტის გარეშე.დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 54%-ს.გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს, შესაბამისად სმფ-ის ჩამოწერა არ ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანის მიერ შეძენილია 11 დასახელების საქონელი.გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ახსნაგანმარტებით 2023 წლის ივნისის თვეში კომპანიამ საქმიანობა შეწყვიტა და აღნიშნული პერიოდისთვის სასაქონლო ნაშთი და დებიტორული დავალიანება არ გააჩნდა. კომპანიას 2023 წლის ივნისის შემდეგ აღარ უფიქსირდება საქონლის შეძენა-რეალიზაცია. შემოწმების შედეგად, არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა გადამხდელის დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა.შემოწმებამ იხელმძღვანელა სსკ-ის 160-ე და 161-ე მუხლების მიხედვით და გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა.
2.შემოწმებით გამოვლენილია აღურიცხველი ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც სალაროში არ დასტურდება, სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან ამავე კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლის შესაბამისად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, მათ შორის ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5,9),101,154,163,164.