ბრძანება N 5289
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 5289
20.03.2023
შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: ---------- )
(იურ. მის.: ---------- )
2022 წლის 22 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 იანვრისა და 22 თებერვლის სხდომებზე (ოქმი №4 და №17) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) 2022 წლის 22 აგვისტოს №74097/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 ივლისის №001-138 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლებისა და ხარჯების შეპირისპირებით არსებული სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას და ითხოვს სალაროდან გატანილი ნაღდი ფული ჩაითვალოს წმინდა მოგების განაწილებად, რომელიც საწარმოს მიღებული აქვს 2011 წლიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდში და გაანგარიშდეს მოგების გადასახადი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 93-ე ნაწილის საფუძველზე, ხოლო დანარჩენი თანხა დაიბეგროს (დივიდენდი) საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით. მიუთითებს, რომ მას შემოწმების პროცესში 2-ჯერ ჰქონდა წარდგენილი ახსნა-განმარტება აუდიტის დეპარტამენტისთვის აღნიშნული ფულადი ნაშთის მოგების განაწილებად განხილვასთან დაკავშირებით, თუმცა არ იქნა გათვალისწინებული.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 12 აპრილის №9237 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი სექტემბრიდან 2022 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 21 ივლისის №19465 ბრძანება და 22 ივლისის №001-138 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 164 283 ლარი, მათ შორის გადასახადი 101 255 ლარი, ჯარიმა 50 628 ლარი და საურავი 12 400 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
შემოწმებამ შეისწავლა გადამხდელის შესახებ ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა შემდეგი: გადამხდელთან ჩატარებულია კამერალური საგადასახადო შემოწმება 2016 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდზე, რაზეც შედგენილია 2020 წლის 26 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარუდგენია სამეურნეო ოპერაციების ამსახველი ბუღალტრული აღრიცხვა, კომპანიის დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების შესახებ ინფორმაცია, გამომდინარე აქედან, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმებამ საწარმოს მიერ მიღებულ შემოსავალსა და ხარჯებს შორის სხვაობა განიხილა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაბეგრა გადახდის წყაროსთან. მიმდინარე შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარადგინა საბუღალტრო პროგრამა ორისი, სადაც გადამხდელის მიერ შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის არსებული - ნაღდი ფულის, აქტივებისა და ვალდებულებების შესახებ ასახული საწყისი ნაშთები არ შეესაბამებოდა ჩატარებული შემოწმების მიერ დადგენილ მონაცემებს. შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციით, საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების გათვალისწინებით, შემოსავლებისა და ხარჯების შეპირისპირებით, განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდებში სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი. ვინაიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არ დასტურდებოდა აღნიშნული ნაშთის სალაროში არსებობა, შემოწმებამ განიხილა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის საფუძველზე დაბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, შემოწმებით გაანგარიშდა უპროცენტო სესხზე დარიცხული სარგებელი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია, გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 -ე მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
დადგენილია, რომ მიმდინარე შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარადგინა საბუღალტრო პროგრამა ორისი, სადაც გადამხდელის მიერ შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის არსებული - ნაღდი ფულის, აქტივებისა და ვალდებულებების შესახებ ასახული საწყისი ნაშთები არ შეესაბამებოდა ჩატარებული შემოწმების მიერ დადგენილ მონაცემებს. შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციით, საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების გათვალისწინებით, შემოსავლებისა და ხარჯების შეპირისპირებით, განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდებში სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც არ დადასტურდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია ვერ იქნება გათვალისწინებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე შემოწმების ფარგლებში გამოვლენილი ფულადი სახსრების ნაშთი წარმოადგენს 2019 წლის პირველი სექტემბრიდან 2022 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდში მიღებულ მოგებას და არ წარმოადგენს 2011-2015 წლებში მიღებული მოგების განაწილებას. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ფულის ნაშთი შემოწმებამ განიხილა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად. ასევე, აუდიტის დეპარტამენტი წარმოდგენილ ინფორმაციაში განმარტავს, რომ 2011-2015 წლების საანგარიშო პერიოდზე საგადასახადო შემოწმება არ ჩატარებულა, ამასთან, წინა საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი ინფორმაცია გაუნაწილებელი მოგების შესახებ (წინა საგადასახადო შემოწმებისას გადამხდელს არ მოუთხოვია 2011- 2015 წლებში მიღებული მოგების განაწილება). აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციით შეუძლებელია განისაზღვროს 2019 წლის პირველი სექტემბრის პერიოდისთვის არსებული გაუნაწილებელი მოგების ნაშთი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლებისა და ხარჯების შეპირისპირებით განსაზღვრული სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო სესხზე დარიცხული სარგებლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლებისა და ხარჯების შეპირისპირებით არსებული სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას და ითხოვს სალაროდან გატანილი ნაღდი ფული ჩაითვალოს წმინდა მოგების განაწილებად.
ფაქტობრივი გარემოებები
იმდინარე შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარადგინა საბუღალტრო პროგრამა ორისი, სადაც გადამხდელის მიერ შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის არსებული - ნაღდი ფულის, აქტივებისა და ვალდებულებების შესახებ ასახული საწყისი ნაშთები არ შეესაბამებოდა ჩატარებული შემოწმების მიერ დადგენილ მონაცემებს. შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციით, საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების გათვალისწინებით, შემოსავლებისა და ხარჯების შეპირისპირებით, განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდებში სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც არ დადასტურდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ემოსავლებისა და ხარჯების შეპირისპირებით განსაზღვრული სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო სესხზე დარიცხული სარგებლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 982; 101(1,2); 154(1„ა“); 275.