გადაწყვეტილება №22514/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22514/2/2024
11 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------ი“ (ს/ნ -------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 24.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------ის“ 9.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22514/2/2024).
დავის საგანი:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა;
2. კაპიტალის შემცირების საფუძვლით გაცემული თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
3. ავტომობილის საინვოისო ღირებულების 25%-ის დირექტორის ხელფასად ჩათვლა;
4. დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №261-30 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 28 თებერვლის №4353 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 118 505 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 55 923
დღგ - 21 792
მოგების გადასახადი - 269
საშემოსავლო გადასახადი - 33 471
ქონების გადასახადი - 391
ჯარიმა - 29 046
საურავი - 33 536
პროცედურული გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა -----ი მასალების გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიაზე. ეწევა -----ი მასალის შეძენა-რეალიზაციასაც. ამასთან, მის საკუთრებაშია ექსკავატორი, რომლითაც მომსახურებას უწევს სხვადასხვა საგზაო და სამშენებლო კომპანიებს --------ი მასალების დატვირთვის დროს. ასევე, საწარმო ახორციელებს ინერტული მასალების -----ში მისასვლელი გზების მოწყობის სამუშაოებს. საწარმოს დაფუძნებისა და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღია 2018 წლის 19 ივლისი.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივნისის №12582 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 მაისამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 11 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №33012 ბრძანება და №261-30 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 118 505 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 22 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 28 თებერვლის №4353 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, საწარმოს კუთვნილი ავტომანქანები (-----,-----, ---) (სახელმწიფო ნომერი:---,---, ---, ---, ---), რომლითაც იგი ახორციელებს საქმიანობას, ფიქსირდება სხვა პირებს შორის განხორციელებულ ოპერაციებზე გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში (აღნიშნული ოპერაციები არ არის აღრიცხული გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ბუღალტრულ ჩანაწერებში). შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, აღნიშნული სატვირთო მომსახურების გადაზიდვის ღირებულებები განისაზღვრა თავად გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული რეისების ღირებულებიდან (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში დაფიქსირებულია მ 3 -ის ღირებულებები - მინიმალური 10 ლარი).
მომჩივნის განმარტებით, ზოგიერთ შემთხვევაში არ განხორციელებულა საგადასახადო ანგარიშფაქტურების გამოწერა, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში კი ავტომობილები იჯარით ჰქონდა გაცემული და მოიჯარე იყენებდა მესამე მხარეებთან გადაზიდვებში. შემოწმებისას გათვალისწინებული იქნა აღნიშნული გარემოებაც და გადამოწმებული იქნა მესამე მხარეების მიერ გამოწერილი ზედნადებები და ანგარიშ-ფაქტურები. ასევე, გათვალისწინებული იქნა მესამე მხარეებისგან გადმოგზავნილი ინფორმაციაც.
დასაბეგრ ბრუნვაში არ იქნა გათვალისწინებული აღნიშნული გადაზიდვები. ასევე, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების გაანგარიშებაში ჩაირთო საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხები, რომელზეც არ არის გამოწერილი დოკუმენტი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73- ე, 159-ე და 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, მე-8, 49-ე, 61-ე, 73-ე, მე2, 160-ე, 161-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 43-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და განმარტავს, რომ სხვა პირებს შორის განხორციელებულ ოპერაციებზე გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში საწარმოს კუთვნილი ავტომანქანებით განხორციელებულ რეისებზე სატვირთო მომსახურების გადაზიდვის ღირებულებების გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული რეისების ღირებულებიდან გამომდინარე განსაზღვრა, ასევე საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
არასწორად მოხდა მიღებული საკომპენსაციო თანხის დღგ-ის ბრუნვაში ასახვა. აღნიშნული თანხა წარმოადგენდა 2018-2019 წლის დებიტორულ დავალიანებას, რაც ანაზღაურებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში.
დავების განხილვის
საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისი“ შეიცავს არსებით ხარვეზებს. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით, საწარმოს კუთვნილი ავტომანქანები (------,-----, -----) (სახ. ნომერი----, ---, ----, ---, ------), რომლითაც იგი ახორციელებს საქმიანობას, ფიქსირდება სხვა პირებს შორის განხორციელებულ ოპერაციებზე გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში. აღნიშნული ოპერაციები ასევე არ არის აღრიცხული გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ბუღალტრულ ჩანაწერებში. შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ბაზებში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აღნიშნული სატვირთო მომსახურების შესაბამისად განისაზღვრა გადაზიდვის ღირებულებები, რომელიც აღებული იქნა თავად მომჩივნის მიერ განხორციელებული რეისების ღირებულებიდან (ანგარიშ-ფაქტურაში დაფიქსირებულია მ 3 -ის ღირებულებები - მინიმალური 10 ლარი). გადასახადის გადამხდელი ნაწილობრივ ეთანხმება ფაქტობრივ გარემოებას და აცხადებს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში არ განხორციელებულა ანგარიშფაქტურების გამოწერა. დანარჩენ შემთხვევაში კი ავტომობილები იჯარით ჰქონდა გაცემული და მოიჯარე იყენებდა მესამე მხარეებთან გადაზიდვებში. შემოწმებისას გათვალისწინებული იქნა აღნიშნული გარემოებაც და გადამოწმებული იქნა მესამე მხარეების მიერ გამოწერილი ზედნადებები და ფაქტურები, ასევე გათვალისწინებული იქნა მესამე მხარეებისგან გადმოგზავნილი ინფორმაციაც. დასაბეგრ ბრუნვაში არ იქნა გათვალისწინებული აღნიშნული გადაზიდვები. ასევე, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების გაანგარიშებაში მონაწილეობს საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხები, რომელზეც არ არის გამოწერილი დოკუმენტი. ამასთან, გადასახადის გადამხდელს საბუღალტრო პროგრამა „ორისში“ 2019 წლის იანვრისთვის „1410“ ანგარიშზე დებიტორული დავალიანების საწყის ნაშთად დაფიქსირებული აქვს 87 379 ლარი. თუმცა, გადასახადის გადამხდელს 2018 წელს შეძენილი ან ნაქირავები არ ჰყოლია ავტომობილები, რომლითაც მომსახურებას გაწევდა. არ აქვს წარდგენილი დეკლარაციები და არ უფიქსირდება გამოწერილი ან/და მიღებული ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები. ამასთან, შემოწმების პროცესში გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია მესამე მხარეებისგან. ერთ-ერთი კომპანიის მიერ დადასტურებული იქნა, რომ 1.01.2019 წლისთვის შპს „----თან“ დებიტორული დავალიანება არ უფიქსირდება. შემოწმების პროცესში გამოვლენილი დამატებითი რეისები, რომელშიც აღნიშნული კომპანიები მონაწილეობდნენ და გამოწერილი არ ყოფილა ანგარიშ-ფაქტურა, გათვალისწინებული არ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში.
მომჩივანს საგადასახადო დავის წარმოების არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. კაპიტალის შემცირების საფუძვლით გაცემული თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისში“ კაპიტალის ანგარიშის (5150) საწყის ნაშთად დაფიქსირებულია 119 078.42 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მოეთხოვა წარედგინა თანხის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც მომჩივნის მხრიდან არ იქნა წარდგენილი. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის სპეციალურ ვებგვერდზე წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებები არ ემთხვევა პროგრამა „ორისში“ დაფიქსირებულ მონაცემებს.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისში“ დაფიქსირებულია 2019 წლის 1 იანვრიდან მონაცემები, რომლის მიხედვით, საწარმოს „1410“-ის ანგარიშზე 2019 წლის საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებულია შემდეგი დებიტორები, შპს „----ო“ - 1 263 ლარი, შპს „------ი“ - 38 489.10 ლარი, შპს „-------სი“ - 36 247 ლარი, მაგრამ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით აღნიშნულ კომპანიებზე მომსახურების გაწევის ფაქტი არ ფიქსირდება. ამასთან, ამ პერიოდისთვის გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება ავტომობილების შეძენა, რომლითაც მომსახურებას გასწევდა. საწარმოს მიერ წარდგენილია ცნობა საწყისი დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შესახებ, რომელიც შეადგენს 0-ს. ასევე, დგინდება, რომ სალაროს ანგარიშზე „1110“ ხელოვნურად დასმულია 60 000 ლარი, 2019 წლის 1 იანვრის საწყის ნაშთად, ხოლო ამის შემდგომ სალაროდან გადახდილია ავტომობილის ხარჯი, რომელზეც გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ურთიერთშედარების აქტი. ასევე, შესამოწმებელი პერიოდში ხდება კრედიტორული დავალიანების დაფარვა, ხოლო ბუღალტრული ბალანსის გასწორების მიზნით ხელოვნურად არის დასმული კაპიტალის ანგარიშზე 148 655.54 ლარი. შესაბამისად, დადგინდა, რომ კომპანიას არ ჰქონდა საჭიროება კაპიტალში შეეტანა აღნიშნული თანხა (119 078.42 ლარი). შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში, ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებული კაპიტალის შემცირება დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემული ხელფასად. შემოწმების პროცესში ასევე გაანგარიშებული იქნა შესამოწმებელი პერიოდის 1110 სალაროს ანგარიშის მოძრაობა. აღნიშნულ ნაწილში მომჩივანს დამატებითი ვალდებულება არ განესაზღვრა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 61-ე, 491 , 73-ე, 101-ე, 154-ე, 43- ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ კაპიტალის შემცირების საფუძვლით გაცემული თანხებისა და ავტომობილის საინვოისო ღირებულების 25%-ის დირექტორის ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია მისი არგუმენტაციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილებში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება აუდიტორის შეფასებას, ვინაიდან სრულად არ იქნა გათვალისწინებული მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/არგუმენტაცია. კერძოდ, არ იქნა გათვალისწინებული პარტნიორის კრების ოქმი, რომლითაც მოხდა კაპიტალის გაზრდა.
აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ კაპიტალის გაზრდის საჭიროება არ ჰქონდათ, თუმცა დადგენილი გარემოებაა, რომ ამ პერიოდში კომპანიას ახალი დაწყებული აქვს საქმიანობა. 2019-2020 წლებში აწარმოებდნენ მოლაპარაკებას მცირე ზომის ექსკავატორ დამტვირთველის შეძენაზე -----იის ფედერაციულ რესპუბლიკაში და ხდებოდა გარკვეული თანხების მობილიზაცია საზოგადოების კაპიტალში, თუმცა აღნიშნული ექსკავატორის შეძენა ვეღარ მოხერხდა, რადგან მეორად ტექნიკაზე მოიმატა ფასებმა და ანალოგიური ტექნიკა საქართველოში შეიძინეს 2021 წელს.
მომჩივანი ითხოვს წარმოდგენილი მტკიცებულებების და არგუმენტაციის გათვალისწინებით, გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტაციის/მტკიცებულების გათვალისწინებით, მოახდინოს დამატებით დარიცხული თანხების შემცირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისში“ კაპიტალის ანგარიშის (5150) საწყის ნაშთად დაფიქსირებულია 119 078 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს რამოდენიმეჯერ მოეთხოვა წარედგინა აღნიშნული თანხის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც მათი მხრიდან არ იქნა წარდგენილი. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის სპეციალურ ვებ-გვერდზე წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებები არ ემთხვევა პროგრამა „ორისში“ დაფიქსირებულ მონაცემებს. საგადასახადო კოდექსის 51-ე, 491 , 72-ე, 70-ე, 43-ე მუხლების შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს ვალდებულებაა შეისწავლოს, გაანალიზოს და გააკონტროლოს გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე. ამ მიზნით, იგი უფლებამოსილია ნებისმიერ (მათ შორის, ხანდაზმულ) პერიოდზე ჩაატაროს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები ან/და გადასახადის გადამხდელისგან გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ამასთან, აღნიშნული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, თუ გამოიკვეთა, რომ პირს არამართლზომიერად აქვს გაზრდილი/შემცირებული საწყისი ბუღალტრული ნაშთები (მათ შორის, ფინანსური მოგების/ზარალის საწყისი ნაშთები), საგადასახადო ორგანო უნდა დაეყრდნოს სწორ ნაშთებს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვროს პირის შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები. ვინაიდან შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარდგენილი არ იყო სრულყოფილი დოკუმენტაცია და ინფორმაცია ფინანსური აღრიცხვის შესახებ, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისი“, სადაც მონაცემები დაფიქსირებულია 1.01.2019 წლიდან, გადასახადის გადამხდელს 1410-ის ანგარიშზე 2019 წლის საწყის ნაშთად დაფიქსირებული ჰყავს შემდეგი დებიტორები: შპს „----ო“ -1 263 ლარი, შპს „-----ი“ - 38 489 ლარი, შპს „---ი“ - 36 247 ლარი. თუმცა, შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღნიშნულ კომპანიებზე მომსახურების გაწევის ფაქტი არ ფიქსირდება. ამასთან, ამ პერიოდისთვის გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება ავტომობილების შეძენა, რომლითაც მომსახურებას გაწევდა. შპს „-----ის“ მიერ წარდგენილია ცნობა საწყისი დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შესახებ, რომელიც შეადგენს ნულს. ასევე, დგინდება, რომ სალაროს ანგარიშზე 1110 ხელოვნურად დასმულია 60 000 ლარი 1.01.2019 წლის საწყის ნაშთად, ხოლო ამის შემდგომ სალაროდან გადახდილია ავტომობილის ხარჯი, რომელზეც გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ურთიერთშედარების აქტი და შესამოწმებელი პერიოდში ხდება კრედიტორული დავალიანების დაფარვა. ბუღალტრული ბალანსის გასწორების მიზნით კი ხელოვნურად არის დასმული კაპიტალის ანგარიშზე 148 655 ლარი. შესაბამისად, დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა საჭიროება კაპიტალში შემოეტანა აღნიშნული თანხა - 119 078 ლარი. შესამოწმებელ პერიოდში ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებული კაპიტალის შემცირება დაკვალიფიცირდა როგორც დირექტორზე - ------ზე (პ/ნ -------) გაცემული ხელფასი. შემოწმების პროცესში ასევე გაანგარიშებული იქნა შესამოწმებელი პერიოდის „1110“ - სალაროს ანგარიშის მოძრაობა. აღნიშნულ ნაწილში მომჩივანს დამატებითი ვალდებულება არ განესაზღვრა.
ამასთან, საგადასახადო დავის წარმოების ეტაპზე გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. ავტომობილის საინვოისო ღირებულების 25%-ის დირექტორის ხელფასად ჩათვლა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელს პოლონეთიდან შემოყვანილი ჰყავს ავტომობილი -----ო, რომელზეც არ იქნა წარდგენილი თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების შესაბამისად, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისო ღირებულებით გადახდილი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო დარჩენილი 25% ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მითითებულია მე-2 დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის შეფასებას, ვინაიდან კომპანიის მიერ სრულად იქნა ანაზღაურებული საინვოისო ღირებულება. ამასთან, საბჭოში არსებული პრაქტიკის მიხედვით, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელს პოლონეთიდან შემოყვანილი ჰყავს ავტომობილი -----ო, რომელზეც არ იქნა წარდგენილი თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ მეთოდური მითითების მიხედვით, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებელისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადახდილი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო დარჩენილი ნაწილი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
საგადასახადო დავის წარმოების ეტაპზე მომჩივანს არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
4. დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №261-30 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 118 505 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 55 923 ლარი, ჯარიმა - 29 046 ლარი და საურავი - 33 536 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 275-ე, 272-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმა-საურავებისგან, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. კაპიტალის შემცირების საფუძვლით გაცემული თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.. ავტომობილის საინვოისო ღირებულების 25%-ის დირექტორის ხელფასად ჩათვლა. დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №12582 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 მაისამდე. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №33012 ბრძანება და №261-30 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 118 505 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №4353 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი
ამასთან,საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5„ა“.9„ბ“); 101(1); 154(1„ა“); 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1); 269(7);