გადაწყვეტილება №14271 /2/2017
📄 სრული ტექსტი
№14271 /2/2017
08.06.2018
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: -----------------
შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 08.06.2018 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----------------- 14.03.2017 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე.
დავის საგანი:
მილსადენების უძრავ ქონებად განხილვა, სამმაგად აფასება და ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაზრდა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2016 წლის №-----------„საგადასახადო მოთხოვნა“
2. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2016 წლის №-----------„საგადასახადო მოთხოვნა“
3. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2016 წლის №-----------„საგადასახადო მოთხოვნა“
4. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2016 წლის №-----------„საგადასახადო მოთხოვნა“
5. აუდიტის დეპარტამენტის 27.03.2017 წლის №-----------„საგადასახადო მოთხოვნა“
6. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2016 წლის №-----------„საგადასახადო მოთხოვნა“
7. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2016 წლის №-----------„საგადასახადო მოთხოვნა“
8. აუდიტის დეპარტამენტის 27.03.2017 წლის №-----------„საგადასახადო მოთხოვნა“
9. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2016 წლის №-----------„საგადასახადო მოთხოვნა“
10.აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2016 წლის №-----------„საგადასახადო მოთხოვნა“
11.აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2016 წლის №-----------„საგადასახადო მოთხოვნა“
12.შემოსავლების სამსახურის 23.02.2017 წლის№----------- ბრძანება.
დარიცხული თანხა სულ: 1479438 ლარი
მათ შორის:
დღგ- 6682 ლარი (ძირითადი)
მოგების გადასახადი - 138849 ლარი (ძირითადი)
საშემოსავლო გადასახადი - (-18061) ლარი (ძირითადი)
ქონების გადასახადი - 538403 ლარი (ძირითადი)
ჯარიმა -388685 ლარი
საურავი - 424880 ლარი.
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა -------------- და რეორგანიზაციის შედეგად მასთან შერწყმული ----------- კომპანიების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმებამ მოიცვა 01.04.2012 წლიდან 31.12.2013 წლამდე საანგარიშო პერიოდი და 2016 წლის 23 დეკემბერს შედგა შემოწმების შუალედური აქტი.
შემოწმების შედეგებზე გამოიცა N ------------- 2016 წლის 26 დეკემბრის №007-456 „საგადასახადო მოთხოვნა“ თანხით სულ 16937 ლარი,--------- 27.12.2016 წლის №94-398 „საგადასახადო მოთხოვნა“ თანხა სულ - 229854.59 ლარი, ------------ (ს/ნ -------------) 27.12.2016 წლის №094-399 „საგადასახადო მოთხოვნა“ თანხა სულ 313767.64 ლარი, N ------------- 27.12.2016 წლის №039-28 „საგადასახადო მოთხოვნა“ თანხა სულ - 53646.75 ლარი, N ------------- 27.12.2016 წლის №046-11 „საგადასახადო მოთხოვნა“ თანხა სულ 129281.76 ლარი, N ------------- 27.12.2016 წლის №048-11 „საგადასახადო მოთხოვნა“ თანხა სულ - 26389 ლარი, N ------------- 27.12.2016 წლის №050-16 „საგადასახადო მოთხოვნა“ თანხა სულ - 85041.73 ლარი, N ------------- 27.12.2016 წლის №052-31 „საგადასახადო მოთხოვნა“ თანხა სულ - 270439.27 ლარი, N ------------- 27.12.2016 წლის №094-401 „საგადასახადო მოთხოვნა“ თანხა სულ 141074.58 ლარი, N ------------- 27.12.2016 წლის №064-33 „საგადასახადო მოთხოვნა“ თანხა სულ 15931.25 ლარი, N -------------27.12.2016 წლის №094-400 „საგადასახადო მოთხოვნა“ თანხა სულ 197074.41 ლარი.
-------------- მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც 23.02.2017 წლის №4422 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
სადავო საკითხი:
მილსადენების უძრავ ქონებად განხილვა, სამმაგად აფასება და ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაზრდა
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტის თანახმად, შემოწმებით დადგინდა, რომ -------- კომპანიებს შესამოწმებელ პერიოდში გააჩნდათ ისეთი ძირითადი საშუალებები უძრავი ქონების სახით (მილსადენები, შენობა-ნაგებობები) რომელთა შექმნის/შეძენის შესახებ ინფორმაცია გადასახადის გადამხდელმა ვერ მიაწოდა შემოწმებას. შემოწმებით გადასახადის გადამხდელს სსკ-ს 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით ასეთი აქტივებისათვის ქონების გადასახადით დასაბეგრი საბალანსო ღირებულება განესაზღვრა სამმაგი ოდენობით, რის შედეგადაც გაზრდილ იქნა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა (2012 წელს და 2013 წელს). შესაბამისად დამატებით დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია
სადავო საკითხთან დაკავშირებით დავების განხილვის საბჭო მიუთითებს სსკ-ის 201-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად ქონების გადასახადის გადამხდელია:
ა) რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;
სსკ-ის 202-ე მუხლის თანახმად:
1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, – ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით.
2. დასაბეგრი ქონების ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასება არ ვრცელდება:
ა) საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავს გადაფასების მეთოდის გამოყენებით და აქვს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება; ამასთანავე, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის მიხედვით უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე.
ამავე კოდექსის 150-ე მუხლის მიხედვით:
1. ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
ამავე კოდექსის 186-ე მუხლის თანახმად მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.
2. ნივთის გადაცემად ითვლება: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. სზაკ–ის 96–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
სსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ: გ) გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ გაზის გამანაწილებელ კომპანიებს მილსადენებზე საკუთრების უფლება დარეგისტრირებული აქვთ საჯარო რეესტრში, ასევე დავების განხილვის საბჭო აღნიშნავს, რომ მილსადენები მყარად არის მიწა(ში)ზე დამაგრებული და მისი განუყოფელი ნაწილია, რითაც დასტურდება რომ აღნიშნული მილსადენები წარმოადგენს უძრავ ნივთს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დავების განხილვის საბჭო მიუთითებს, რომ შემოწმებით მილსადენები კანონის შესაბამისად იქნა განხილული უძრავ ნივთად, მაგრამ აღნიშნული მილსადენების საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ექსპერტიზის დასკვნა. ამდენად, დავების განხილვის საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ექსპერტიზის განმახორციელებელ პირთან დადებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე. ექსპერტიზის დასკვნით უნდა დადგინდეს გაზის გამანაწილებელი კომპანიების საკუთრებაში არსებული მილსადენების საბაზრო ღირებულება (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვის შინაარსი შეთანხმდეს შემმოწმებელთან), რომელიც შეისწავლოს/გაანალიზოს აუდიტის დეპარტამენტმა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს აღნიშნული დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ფასის გათვალისწინებით ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის კორექტირება.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემმოწმებლის მიერ არასწორად მოხდა ქონების გადასახადის მიხედვით საგადასახადო ვალდებულების დაკისრება კომპანიების საკუთრებაში არსებული მილსადენების ნაწილში. სსკ-ის 202-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს ქონების გადასახადის განაკვეთს, რომელიც 2000-2004 წლებში და 2000 წლამდე შეძენილ უძრავ ქონებასთან მიმართებაში გადასახადის განაკვეთს ზრდის ჩამონათვალი წლების მიხედვით შესაბამის კოეფიციენტზე გამრავლებით. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა გადასახადის გაანგარიშების მიზნებისათვის გამოსაყენებელ კოეფიციენტებს ცალსახად ადგენს მხოლოდ უძრავი ქონების მიმართ. ჩვენს შემთხვევაში ეს ნორმა შემმოწმებლის მიერ გამოყენებულია მილსადენებზეც, რომელიც მოქმედი კანონმდებლობითა და სპეციფიკის გათვალისწინებით არ წარმოადგენს უძრავ ქონებას შემდეგი სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე:
სსკ-ის მე-2 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ურთიერთობების რეგულირებისას ამ კოდექსში გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობის ტერმინები და ცნებები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ შესაბამის კანონმდებლობაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლში განმარტებულია ნივთის ცნება, კერძოდ: „უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე“. ამავე კოდექსის 150-ე მუხლი განსაზღვრავს ნივთის შემადგენელ ნაწილს, კერძოდ:
1. ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს.
აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილით ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილია ის, რისი გამოცალკევებაც შეუძლებელია ნივთის ან ნაწილის განადგურების ან დანიშნულების მოსპობის გარეშე. შესაბამისად, დანიშნულების მოსპობა გულისხმობს ამ ნივთის სამეურნეო მიზნობრივი გამოყენების უნარის დაკარგვას, როგორც მთლიანად, ისე მნიშვნელოვანი სახით.
მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს ნივთი, რომელიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან, მყარად დაკავშირებულად შეიძლება ჩაითვალოს არამარტო შენობა-ნაგებობა, არამედ სხვა ნივთებიც. მყარ კავშირად მიიჩნევა ისეთი კავშირი, როცა მიწის ნაკვეთიდან ნივთის მოცილება მოითხოვს დიდ ენერგიასა და დანახარჯებს, ან იწვევს უზომოდ დიდ დაზიანებას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით მოძრავი ნივთი არ შეიძლება ჩაითვალოს მიწის შემადგენელ ნაწილად. სწორედ, რომ მოძრავ ნივთს წარმოადგენს გაზსადენის მილები, რადგან საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდეს მილსადენის დემონტაჟი (დაშლა) და გადატანა სხვა ადგილზე და მისი ხელახლა დამონტაჟების შემთხვევაში მას შეუძლია შეასრულოს იგივე ფუნქცია და ამოცანები. ამ შემთხვევაში არ ხდება მათი დანიშნულების მოსპობა და ეს პროცესი იწვევს მათ უზომოდ დიდ დაზიანებას.
შემოსავლების სამსახური გაზსადენის მილებს საჯარო რეესტრის რეგისტრაციის საფუძვლით ანიჭებს უძრავი ნივთის კატეგორიას. ქონების რეგისტრაციის წესი და მისი პრინციპები განსაზღვრულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და კანონქვემდებარე აქტებით. ხსენებული კანონით რეგისტრაციის მიზნებისათვის ხაზოვანი ნაგებობები განეკუთვნება უძრავ ქონებას, ხოლო ხაზოვანი ნაგებობაა: საკომუნიკაციო ნაგებობა, საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, გვირაბი, საჰაერო-საბაგირო გზა, ელექტროგადამცემი ხაზი, კავშირგაბმულობის ხაზი, ფუნიკულიორი, დამბა, არხი. კანონის რეგულირების სფეროდან გამომდინარე ქონების სტატუსის განსაზღვრა ხორციელდება რეგისტრაციის მიზნებისათვის. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ხაზოვანი ნაგებობის განმარტებაში შესულია ისეთი სახის აქტივები, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს მოძრავ ქონებას (მაგ. ელექტროგადამცემი ხაზები, კავშირგაბმულობის ხაზი, მილსადენი და ა.შ.) გარდა ამისა უნდა აღინიშნოს, რომ კანონი მოძრავი ნივთის განმარტებაზე აპელირებს სამოქალაქო კოდექსზე, კერძოდ მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც მოძრავი ნივთი არის ნებისმიერი ნივთი, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით არ არის უძრავი, გარდა მექანიკური სატრანსპორტო, საფრენი და მცურავი საშუალებებისა. შესაბამისად, თუ ნივთი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთისათვის დადგენილ პრინციპებს საჯარო რეესტრის კანონის მიზნებისათვის იგი ითვლება მოძრავ ნივთად. სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, ამ კანონის მიზნებისათვისაც გაზსადენის მილები განეკუთვნება მოძრავ ნივთს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მოქმედი ნორმატიული აქტების მიხედვით ხაზოვანი ნაგებობა -გაზსადენი წარმოადგენს მოძრავ ნივთს, ხოლო „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის თანახმად მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული ხაზოვანი ნაგებობის უძრავ ნივთად განხილვა ხდება მხოლოდ რეგისტრაციის მიზნებისათვის. ამასთან, რეგისტრაციის მიზნისათვის ხაზოვანი ნაგებობის უძრავ ნივთად განხილვა არ ცვლის მის სამართლებრივ ბუნებას და თავისი შინაარსით მოძრავ ნივთს ვერ გარდაქმნის უძრავად.
იმ შემთხვევაშიც კი თუ გავიზიარებთ შემოსავლების სამსახურის დასაბუთებას, რომლის საფუძველს წარმოადგენს კომპანიის მიერ ქონების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, უნდა მომხდარიყო საჩივრის დაკმაყოფილება თუნდაც გაზმომარაგების სისტემის დაბალი წნევის გაზსადენებზე დარიცხული ქონების გადასახადის ნაწილში.
აღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმებიც. საგადასახადო კანონმდებლობა შენობა-ნაგებობასა და მილსადენს განიხილავს როგორც სხვადასხვა სახის აქტივებს. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს სსკ-ის 111-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ამორტიზაციას დაქვემდებარებული ძირითადი საშუალებების ჯგუფები, რომლის თანახმად მე-3 ჯგ-ში აისახება: „სარკინიგზო , საზღვაო და სამდინარო სატრანსპორტო საშუალებები; ძალოვანი მანქანები და მოწყობილობა; თბოტექნიკური მოწყობილობა, ტურბინული მოწყობილობა, ელექტროძრავები და დიზელგენერატორები, ელექტროგადაცემისა და კავშირგაბმულობის მოწყობილობები; მილსადენები“. ანუ, ამ ჯგ-ში გაერთიანებულია ყველა მოძრავი ძირითადი საშუალება, ხოლო შენობა-ნაგებობა (უძრავი ნივთი) აისახება ცალკე მე-4 ჯგ-ში.
ქონების გადასახადის ელექტრონული დეკლარირების არსებული ვერსიითაც სრულად დადასტურებულია კომპანიის მიდგომის მართებულობა, რადგან დეკლარაციის ელექტრონული ფორმა უძრავი ქონების აფასების კოეფიციენტის ველის შევსების საშუალებას იძლევა მხოლოდ მაშინ, თუ ქონების დასახელებაში მითითებულია შენობა-ნაგებობა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, დამატებით საგადასახადო ვალდებულების დაკისრება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და ექვემდებარება შემცირებას.
ამასთან, ელ. ვებ გვერდი გამოხატავს ადმინისტრაციული ორგანოს მიდგომას. მნიშვნელოვანია, რომ სხვა შემთხვევაში ჯგუფში შემავალი კომპანიის საგადასახადო შემოწმებისას მის საკუთრებაში არსებულ მილსადენების მიმართ სამმაგი კოეფიციენტის გამოყენების საკითხი არ დაუყენებია შემმოწმებლებს და შესაბამისად ამ ნაწილში დამატებითი ვალდებულების დაკისრება არ მომხდარა. ამდენად, სანქციის დაკისრებისას უნდა ემსჯელა მისი დაკისრების მართებულობაზე სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით. ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლების ფაქტობრივი გარემოება და ამ მიმართულებით დამკვიდრებული პრაქტიკული მიდგომიდან, კომპანიის მიზანს არ წარმოადგენდა საგადასახადო ვალდებულებისგან თავის არიდება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოს სანქციის დაკისრებაზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა შეესწავლა ფაქტობრივი გარემოება და არ მოეხდინა სანქციის დაკისრება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ურთიერთობების რეგულირებისას ამ კოდექსში გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობის ტერმინები და ცნებები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ შესაბამის კანონმდებლობაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;
ამავე კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-4 ნაწილის შესაბამისად:
1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, – ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით.
2. დასაბეგრი ქონების ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასება არ ვრცელდება:
ა) საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავს გადაფასების მეთოდის გამოყენებით და აქვს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. ამასთანავე, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით.
4. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:
ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;
ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე.
ამავე კოდექსის 150-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.
2. ნივთის გადაცემად ითვლება: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით:
ა) უძრავი ნივთი – მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, შენობა ნაგებობა (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) და ხაზობრივი ნაგებობა;
დ) ხაზობრივი ნაგებობა – საკომუნიკაციო ნაგებობა, საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, გვირაბი, საჰაერო-საბაგირო გზა, ელექტროგადამცემი ხაზი, კავშირგაბმულობის ხაზი, ფუნიკულიორი, დამბა, არხი;
შემოწმებით დადგინდა, რომ გაზის გამანაწილებელ კომპანიებს შესამოწმებელ პერიოდში გააჩნდათ ისეთი ძირითადი საშუალებები უძრავი ქონების სახით (მილსადენები, შენობა-ნაგებობები) რომელთა შექმნის/შეძენის შესახებ ინფორმაცია გადასახადის გადამხდელმა ვერ მიაწოდა შემოწმებას. სსკ-ს 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ასეთი აქტივებისათვის ქონების გადასახადით დასაბეგრი საბალანსო ღირებულება განისაზღვრა სამმაგი ოდენობით, შედეგად გაიზრდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა (2012 წელს და 2013 წელს). რამაც გამოწვია დამატებით თანხების დარიცხვა ქონების გადასახადის სახით, ასევე განისაზღვრა ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით მიჩნეული იქნა, რომ მილსადენები კანონის შესაბამისად იქნა განხილული უძრავ ნივთად. მაგრამ, მილსადენების საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით, გადამხდელს მიეცა შესაძლებლობა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ექსპერტიზის დასკვნა, რისთვისაც, გადამხდელს წინადადება მიეცა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ექსპერტიზის განმახორციელებელ პირთან დადებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე. ექსპერტიზის დასკვნით უნდა დადგინდეს გაზის გამანაწილებელი კომპანიების საკუთრებაში არსებული მილსადენების საბაზრო ღირებულება (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვის შინაარსი შეთანხმდეს შემმოწმებელთან), რომელიც აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლოს/გაანალიზოს და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს აღნიშნული დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ფასის გათვალისწინებით ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის კორექტირება.
მომჩივანს კომპანიების საკუთრებაში არსებული მილსადენების ნაწილში ქონების გადასახადის დარიცხვა არასწორად მიაჩნია. აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ნორმა გადასახადის გაანგარიშების მიზნებისათვის გამოსაყენებელ კოეფიციენტებს ცალსახად ადგენს მხოლოდ უძრავი ქონების მიმართ, მილსადენები მოქმედი კანონმდებლობითა და სპეციფიკის გათვალისწინებით არ წარმოადგენს უძრავ ქონებას. გაზსადენის მილები მოძრავ ნივთს წარმოადგენს, რადგან საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდეს მისი დემონტაჟი (დაშლა) და გადატანა სხვა ადგილზე, მისი ხელახლა დამონტაჟების შემთხვევაში მას შეუძლია შეასრულოს იგივე ფუნქცია და ამოცანები. თუ ნივთი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთისათვის დადგენილ პრინციპებს საჯარო რეესტრის კანონის მიზნებისათვის იგი ითვლება მოძრავ ნივთად. სამოქალაქო კოდექსის ნორმების გათვალისწინებითაც, ამ კანონის მიზნებისათვისაც გაზსადენის მილები განეკუთვნება მოძრავ ნივთს. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის თანახმად მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული ხაზოვანი ნაგებობის უძრავ ნივთად განხილვა ხდება მხოლოდ რეგისტრაციის მიზნებისათვის. შემოსავლების სამსახური დასაბუთების გაზიარების შემთხვევაშიც კი თუ საფუძველია ქონების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, უნდა მომხდარიყო საჩივრის დაკმაყოფილება თუნდაც გაზმომარაგების სისტემის დაბალი წნევის გაზსადენებზე დარიცხული ქონების გადასახადის ნაწილში. საგადასახადო კოდექსით ამორტიზაციას დაქვემდებარებული ჯგუფების მიხედვით მე-3 ჯგუფში გაერთიანებულია ყველა მოძრავის საშუალება და მათ შორის „..მილსადენები“, ხოლო შენობა-ნაგებობა (უძრავი ნივთი) ასახულია ცალკე მე-4 ჯგ-ში. დეკლარაციის ელექტრონული ფორმაც უძრავი ქონების აფასების კოეფიციენტის ველის შევსების საშუალებას იძლევა მხოლოდ მაშინ, თუ ქონების დასახელებაში მითითებულია შენობა-ნაგებობა. ამდენად, ქონების გადასახადში დაკისრებული საგადასახადო ვალდებულებები ექვემდებარება შემცირებას, ხოლო დარიცხული სანქციები გაუქმებას სსკ-ის 269(7) მუხლის საფუძველზე.
აუდიტის დეპარტამენტი 05.04.2017 წლის №41427-21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში სადავო საკითხთან მიმართებით მომჩივნის არგუმენტებზე დამატებით აღნიშნავს შემდეგს: სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის კომენტარის პირველი ნაწილი განმარტავს, რომ „საჯარო რეესტრის“ შესახებ საქართველოს კანონში გამოყენებული უძრავი ნივთის ცნება (უძრავი ნივთი-მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობა (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) და ხაზოვანი ნაგებობა) განსხვავებულია სამოქალაქო კოდექსში არსებული უძრავი ნივთის განმარტებისაგან, თუმცა აქვე კომენტარი მიუთითებს, რომ „სამართლებრივად ამ განსხვავებას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ვინაიდან ხაზობრივი ნაგებობა (საკომუნიკაციო ნაგებობა, საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, გვირაბი, საჰაერო-საბაგირო გზა, ელექტროგადამცემი ხაზი, კავშირგაბმულობის ხაზი, ფუნიკულიორი, დამბა, არხი) სამოქალაქო კოდექსის გაგებით წარმოადგენს უძრავი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილს.“ აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ყველა გაზსადენი წარმოადგენს უძრავი ნივთის (ამ შემთხვევაში მიწის) არსებით შემადგენელ ნაწილს, ანუ უძრავ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის კომენტარის მე-10 პუნქტი პირდაპირ განმარტავს, რომ „მნიშვნელობიდან გამომდინარე, ნორმა (150-ე მუხლი) შენობა-ნაგებობებს ცალსახად მიაკუთვნებს მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილად. როგორც წესი, შენობა-ნაგებობები საძირკვლით მყარად არის დაკავშირებული მიწის ნაკვეთთან. შენობის ნანგრევებიც წარმოადგენს არსებით შემადგენელ ნაწილს, ისევე როგორც შენობა-ნაგებობების შემადგენელი ნაწილები, როგორიცაა ბეტონი, აგური, ქვები და სხვა. შენობა-ნაგებობებს განეკუთვნება ასევე, ღობე და გალავანი. საკომუნიკაციო ნივთები, როგორიცაა ბუნებრივი აირის და წყლის მილები, ასევე არხი, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, როგორც ხაზობრივი ნაგებობები (საკომუნიკაციო ნაგებობა, საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, გვირაბი, საჰაერო-საბაგირო გზა, ელექტროგადამცემი ხაზი, კავშირგაბმულობის ხაზი, ფუნიკულიორი, დამბა, არხი) წარმოადგენენ უძრავ ნივთებს. აღნიშნული ნივთები მიწასთან მყარად არის დაკავშირებული და შესაბამისად განეკუთვნება მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილებს“. რადგან გაზსადენები, მათი კონსტრუქციის თავისებურებებიდან გამომდინარე, მყარად არის დაკავშირებული მიწასთან და არ წარმოადგენს დროებითი სარგებლობის ნაგებობას, უნდა ჩაითვალოს უძრავ ნივთად, ანუ სსკ-ის 202-ე მუხლის მიზნებისათვის უძრავ ქონებად. შემოწმებულ საწარმოებს მილსადენებზე, რომელთა ღირებულება ჩვენს მიერ ქონების გადასახადის განსაზღვრის მიზნით, სსკ-ის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით აფასებულ იქნა, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლება რეგისტრირებული ჰქონდათ როგორც ხაზოვან ნაგებობებზე. აქვე აღსანიშნავია, რომ გაზსადენები მათ საკუთრებას წარმოადგენდა რეგისტრაციამდეც. მათი ნაწილი შექმნილია საკუთარი ძალებით, ხოლო ნაწილი კი შეძენილი. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მიხედვითაც რეგისტრაციის მიზნებისათვის ხაზობრივი ნაგებობები (მ.შ. ყველა სახის მილსადენი) განეკუთვნება უძრავ ქონებას. საჭიროებს თუ არა მშენებლობის ნებართვას გარკვეული ტიპის ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობა, შეიძლება იყოს განმსაზღვრელი ამ ნაგებობაზე უფლების რეგისტრაციისა, მაგრამ არ შეიძლება იყოს განმსაზღვრელი იმისა მიეკუთვნება თუ არა ეს ნაგებობა სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლით დადგენილი უძრავი ნივთის კატეგორიას.
აუდიტის დეპარტამენტი, მომჩივნის არგუმენტებზე, მილსადენების მესამე საამორტიზაციო ჯგუფში არსებობის და ელექტრონული დეკლარირების ბაზაში ქონების გადასახადის დეკლარაციის შევსებისას არსებული გარემოებების თაობაზე, აღნიშნავს, რომ გარდა იმისა, რომ ელექტრონული დეკლარირებისას მომჩივნის მიერ მითითებული პრობლემა გასწორებულია, აღნიშნული არ შეიძლება გახდეს საფუძველი იმისა, რომ მილსადენები არ მიეკუთვნება სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლით დადგენილი უძრავი ნივთის კატეგორიას.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტი შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილების აღსრულებაზე დამატებით აღნიშნავს, რომ: გადამხდელმა წარმოადგინა (20.03.2017 წელს) სს ------------------ და ------------------ შორის 2013 წლის 15 ნოემბერს დადებული ხელშეკრულება და ------------------ 2014 წლის 17 მარტის დასკვნა ამ ხელშეკრულების საფუძველზე. დასკვნის მიხედვით ყველა შემოწმებული საწარმოს მიხედვით ცალ-ცალკეა განსაზღვრული გაზსადენების საბაზრო (სამართლიანი) ღირებულება 2012 წლის მდგომარეობით. ფაქტიურად, საზოგადოებას შემოწმების დაწყებამდე დიდი ხნით ადრე გააჩნდა გაზის გამანაწილებელ კომპანიების საკუთრებაში არსებული მილსადენების საბაზრო ღირებულების შეფასების დოკუმენტი, მაგრამ დასკვნა შემოწმებისათვის არათუ წარმოდგენილი, ინფორმაცია მისი არსებობის თაობაზე ცნობილი არ ყოფილა. უფრო მეტიც შემოწმებულ საწარმოებს არ გამოუყენებიათ აღნიშნული დოკუმენტები, რათა ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება შეეფასებინათ საბაზრო (სამართლიანი) ღირებულებით. წარმოდგენილი დასკვნის შესწავლა/გაანალიზების პროცესში წამოიჭრა რიგი საკითხები გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების გამოყენების ვადებთან და გარკვეულ სიტუაციებში გამოყენების მიზანშეწონილობაზე. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილების სრულყოფილად აღსრულების უზრუნველსაყოფად მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული განმარტებისათვის შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოსათვის მიმართვა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით წარმოდგენილი მასალებით კი ირკვევა, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს (18.04.2017 წლის №46403-21 წერილი) მიეცა განმარტება გაზის გამანაწილებელი კომპანიების საკუთრებაში არსებული მილსადენების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით იხელმძღვანელოს კომპანია დელოიტის 2014 წლის 17 მარტის დასკვნით და აღნიშნული დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ფასის გათვალისწინებით განახორციელოს ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის კორექტირება, რაც როგორც შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე აუდიტის დეპარტამენტის 31.05.2017 წლის დასკვნიდან ირკვევა განხორციელდა და სადავო საკითხთან მიმართებით მოხდა შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება ქონების, მოგების გადასახადების კუთხით და საბოლოო ჯამში დარიცხული თანხების შემცირება.
ყოველივე ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის და საქმესთან არსებული გარემოებების გათვალისწინებით საბჭო მიიჩნევს, რომ მილსადენების განხილვა უძრავ ნივთად მართებულია. ასევე მართებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მილსადენების საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტისათვის ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის მიზანშეწონილობაზე. ამდენად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი სადავო საკითხის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
ლაშა ხუციშვილი