გადაწყვეტილება №20542/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20542/2/2023
13 დეკემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------10.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20542/2/2023).
დავის საგანი:
არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის გამოყენებული ფასნამატის ოდენობა და განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №047-47 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13957 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 486 955 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 302 168
დღგ - 162 544
საშემოსავლო გადასახადი - 139 624
ჯარიმა - 150 430
საურავი - 34 357
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს თამბაქოს პროდუქტით საბითუმო და საცალო რეალიზაცია ქ. -------- იჯარით აღებულ ფართში.
აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 5.08.2021 წლიდან 1.07.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 5.08.2021 წელს. ამავე პერიოდიდან რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად. რეალიზაციას ახორციელებს მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით. 2021 წელს დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს 2%-ს, ხოლო 2022 წელს - 5%-ს.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 26.09.2022 წლის №24544 და 27.09.2022 წლის №24670 ბრძანებებით დაინიშნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაცია. 30.09.2022 წლის №98826-2112 წერილის მიხედვით, გადამხდელთან დაკავშირება ვერ განხორციელდა. 5 აპრილის №8450 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურული სახელმძღვანელოს მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით ჩაითვალა, რომ აღნიშნული გადამხდელის სალაროს ნაღდი ფულის ნაშთი ნულის ტოლია, რაზეც 27.09.2022 წელს შედგენილია სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმი. ვინაიდან გადამხდელთან დაკავშირება ვერ განხორციელდა, შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზას. კომპანიის შემოსავლების განსაზღვრა მოხდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
შესამოწმებელ პერიოდში არსებულ პირველად დოკუმენტებზე და ერთიან ელექტრონულ ბაზებზე დაყრდნობით მოხდა შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების დაკავშირება რეალიზაციის დოკუმენტებთან. შედეგად, დადგენილ იქნა ფასნამატი, რომელიც შეადგენს - 2%-ს. 10.03.2022 წელს განხორციელებული საკონტროლო შესყიდვის ანალიზის საფუძველზე განსაზღვრული იქნა არადოკუმენტური ფასნამატი - 6,6%, რომელიც გავრცელდა გადამხდელის მიერ დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ სმფ-ების თვითღირებულებაზე (საწყისს დამატებული შეძენილი საქონელი და გამოკლებული დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება და საბოლოო მარაგი, გადასახადის გადამხდელს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთი შეადგენს 0 ლარს).
შემოწმებით დადგენილი სხვაობით გაიზარდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმების შედეგად საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმებით ჩატარებულ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. გათვალისწინებული იქნა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილი შემოსავლები. ხარჯის ნაწილში გათვალიწინებული იქნა კრედიტორებზე გადახდილი თანხები და სახელფასო განაცემები, ასევე ბიუჯეტში გადახდილი თანხები. შედეგად გამოვლინდა - 558 512 ლარი განკარგვადი თანხა, რომელიც გადამხდელს უფიქსირდება 2022 წლის თებერვლის თვიდან. აღნიშნული თანხა ჩაითვალა მისი წარმოშობის მომენტიდან საწარმოს პასუხისმგებელ პირზე (დირექტორი --------- პ/ნ --------) ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად შესაბამისი პერიოდების მიხედვით და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად. აღნიშნულის შედეგად, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. ამასთან, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 39-ე მუხლის, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-3 ნაწილის და „სხვა ჯარიმების“ გამოყენების შესახებ №2521 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად, მთელ შესამოწმებელ პერიოდზე გამოვლენილი სამართალდარღვევებისთვის, საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა მხოლოდ ერთხელ 100 ლარის ოდენობით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №047-47 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13957 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გადამხდელთან დაკავშირება ვერ განხორციელდა. შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს. საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების მიერ შესამოწმებელ პერიოდში არსებულ პირველად დოკუმენტებზე და ერთიან ელექტრონულ ბაზებზე დაყრდნობით მოხდა შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების დაკავშირება რეალიზაციის დოკუმენტებთან. შედეგად, დადგენილ იქნა ფასნამატი, რომელიც შეადგენს - 2 %-ს. 10.03.2022 წელს იგივე ტერიტორიაზე მსგავსი საქმიანობის მქონე სხვა პირთან ჩატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების საფუძველზე განსაზღვრულ იქნა აუდირებული ფასნამატი (არადოკუმენტური) – 6,6%, რომელიც შემოწმების მიერ გავრცელებულ იქნა გადამხდელის მიერ დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ სმფ-ების თვითღირებულებაზე. შედეგად, შემოწმებით დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გამოვლინდა ნაღდი ფულის დანაკლისი, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო შემოწმების აქტი და თანდართული მასალები შინაარსობრივად საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტების კონსტატაციის საფუძველზე საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტის განსაზღვრის დასასაბუთებლად არ პასუხობს საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლის მოთხოვნებს. აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ფაქტობრივად საკითხების ირგვლივ აუდიტორი შემოიფარგლა ზოგადი ინფორმაციით, კერძოდ, სამართლებრივი და ეკონომიკური მოვლენების ზოგადი აღწერით და საერთო ციფრობრივი მასალებით, საიდანაც სურვილის შემთხვევაშიც კი, რთულდება საკითხების ირგვლივ სამართლებრივი და ეკონომიკური დასაბუთებების წარდგენა, უფრო მეტიც აქტს საერთოდ არ ახლავს შედეგების ცხრილებიც კი, რაც საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების უგულვებელყოფაა.
ფაქტობრივი მოვლენების აღწერის დროს აუდიტორი აღნიშნავს, რომ 2022 წლის მარტის თვეში განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, ოღონდ დაკონკრეტებული არ არის სად განხორციელდა იგი (აქტს არ ახლავს შესყიდვის აქტი), რეალიზებული საქონლის არადოკუმენტური ფასნამატი განსაზღვრულია 6,6%-ის ოდენობით, რაც მაღალია, რადგან გაყიდვების ანალიზის შედეგად, ირკვევა, რომ ადგილი აქვს ძალიან მცირე პარტიებად რეალიზაციას (საშუალოდ 1 ბლოკი - 10 ცალი), სადაც მითითებულია თანხა პირობითად 50 ლარი (1 ცალი - 5 ლარი), აუდიტორს კი 1 ცალი გაყიდული აქვს 5,24 ლარად (50*0,98/0,936=52,35), საბჭომ განსაჯოს ასეთი ფასები არსებობს თუ არა. ყველა პროდუქციაზე ერთნაირი ფასნამატია - ფილტრიანზეც და უფილტროზეც.
საგადასახადო შემოწმების აქტის დანართის დღგ-ის გაანგარიშებიდან იკვეთება, რომ შემოწმების შედეგად დაზუსტდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და გაანგარიშების შედეგად გადასახადის გადამხდელს ეკისრება დამატებით ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი 32 828 ლარი და არა 162 544 ლარი (ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით აქტის შინაარსიდან გამომდინარე სწორად არის გაანგარიშებული) ანუ დავების დასრულების შემდეგ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დაფიქსირდება აქტით დარიცხული 162 544 ლარი, რაც არაობიექტურად ასახავს რეალურ სურათს. დეკლარაციაში დაშვებულია დღგ-ის შემცირება და არა შემოწმების აქტის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ რა ექნება გადასახდელი. ბრუნვებით გადასახდელია 32 828 ლარი, რაზეც საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე ერიცხება საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
გაუგებარია ფასნამატით მიღებული შედეგების მოცულობამ რატომ შეადგინა 1 423 504 ლარი დღგის გარეშე.
ზედაპირული გაანგარიშებით - სულ საწარმოს ფუნქციონირების დაწყებიდან 1.06.2022 წლამდე შეძენილია 1 242 053 ლარის სმფ, მათ შორის დღგ-ის გარეშე შეძენილია 960 ლარის სმფ ----------. აუდიტორის მიერ დაფიქსირებულია მხოლოდ საბითუმო და საცალო ვაჭრობა თამბაქოს ნაწარმით. აუდიტორის მიერ გამოყენებული ფასნამატი 6,6% ანუ დღგ-ის გარეშე 6,6% ფასნამატით ერთობლივი შემოსავლები შეადგენს 1 324 028 ლარს (1 242 053*1,066), შესაბამისად დაერიცხება დღგ 238 325 ლარი, მომწოდებლებზე გადახდილია 223 403 ლარის დღგ. დამატებით დარიცხვას ექვემდებარება 238 325-223 403=14 922 ლარი (ეს უხეში გაანგარიშებით). აღნიშნული საკითხი განხილვის დროს საერთოდ იგნორირებულია, გაუგებარია რატომ, დარიცხულია გადასახადები, რომელიც მისი შედეგებიდან გამომდინარე სისხლის სამართლის კოდექსის 2018-ე მუხლის შესაბამისად სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველია.
შემოწმების აქტით იკვეთება, რომ აუდიტორი გადასახადის გადამხდელის საქმიანობის შეფასებისას ეყრდნობა თავის ინტუიციას და აღნიშნავს, რომ ფასნამატი დაბალია, აქვე აღნიშნავს, რომ საგადასახადო დოკუმენტებით რეალიზებულ პროდუქციაზე ფასნამატია 2%. ის კი ვალდებულებების განსაზღვრისას იყენებს 6,6%-იან ფასნამატს. მიზეზი ალბათ ის არის მხოლოდ, რომ მისი შეფასებით ფასნამატი დაბალია, მაგრამ არ ფიქსირდება ბიზნესისთვის ფასნამატის განსაზღვრის რა სამართლებრივი საფუძვლები არსებობს, რომელი ნორმატიული აქტი არეგულირებს ფასნამატის სისტემას, თუ აუდიტის დეპარტამენტს თავისი შეხედულებით შეუძლია, როცა დასჭირდება მაშინ გამოიყენოს უსაფუძვლოდ ფასნამატის მის ხელთ არსებული ინფორმაცია.
ფასნამატის ცნება, მაშინ როდესაც სისტემატურად იცვლება ეროვნული ვალუტის კურსი აბსურდულია. ფასნამატის განსაზღვრა ბიზნესის პრეროგატივაა და არა მაკონტროლებლის. ეკონომიკაში არსებობს ფასების ინდექსის ცნება, რომელსაც სტატისტიკური ორგანოები განსაზღვრავენ და იგი საჯაროა, ამასთან, არსებობს ფასების ინდექსის განსაზღვრის მეთოდოლოგიაც, წარმოებისთვის კი არსებობს რენტაბელობის ცნება, რომელსაც ზემოდან ვერავინ ვერ დაარეგულირებს. ეს ბიზნესში უხეში ჩარევის მცდელობაა, ანუ ბიზნესმენის დასჯის ირიბი მექანიზმია.
აუდიტორი ეყრდნობა მათ ბაზაში არსებულ ინფორმაციას, ეს ინფორმაცია კი გადასახადის გადამხდელისთვის დახურულია, ანუ ირღვევა საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლი. არასწორია აუდიტორის შეფასება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20.05.2022 წლის №1/2/876 განსაზღვრული ნორმებიდან გამომდინარე.
გაუგებარია, რატომ ხდება სალაროს ნაშთის ხელფასად აღიარების დროს მისი აგროსვა. სალაროს ნაშთი წარმოშობილია საწარმოს ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებისა და ხარჯების სხვაობით. ფაქტობრივ მოვლენებში განმარტებულია ხელფასის, როგორც ეკონომიკური მაჩვენებლის საგადასახადო ნორმების შესაბამისად განმარტება.
აქტით იკვეთება მხოლოდ 93 461 ლარის გაცემა, საიდან მოდის ეს ციფრი უცნობია, რადგან აქტს არავითარი გაანგარიშება არ ახლავს, მხოლოდ ვარაუდი შეიძლება და შესაბამისად მსჯელობაც რთულია.
საგადასახადო შემოწმებების დროს გავრცელებული პრაქტიკაა სალაროს ნაშთის აგროსვა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების საფუძველზე, რაც არასამართლიანია და ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს და თავისი შინაარსით წარმოადგენს გადასახადების ფარული ზრდის საფუძვლებს, რადგან ფიზიკურ პირს ეკისრება დამატებით გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის მოძიება, რომელიც რატომღაც უნდა გადაიხადოს საგადასახადო აგენტმა. გადასახდელი თანხა წარმოდგენილია, როგორც განყენებული დამატებით მოსაძიებელი სიდიდე, რაც ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის ფუნდამენტურ დებულებებს.
იურიდიულმა პირმა, რომელსაც სალაროში დარჩენილი აქვს ნაშთი, გადასახადის გადამხდელისთვის ნაშთის ზემოთ დარიცხული საშემოსავლო გადასახადი როგორ უნდა აღრიცხოს, როცა მისი მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია, ანუ გამოდის, რომ ის უნდა ჩამოიწეროს საწარმოს განკარგულებაში დარჩენილი მოგებიდან (მოცემული ხარჯების ბუღალტრულად ჩამოწერის სხვა მექანიზმი არ არსებობს), ანუ გამოდის, რომ გადასახადის გადამხდელი ბიუჯეტში იხდის იმაზე მეტ გადასახადს, რაც საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებით არის განსაზღვრული. იგივე შემთხვევაში სალაროში ნაშთად დარჩენილი თანხა მეწარმე სუბიექტზე რომ გაიცეს, როგორ უნდა აისახოს სუბიექტის ერთობლივ შემოსავალში, აგროსილი თუ ნაშთად ფიქსირებული? მომჩივანი აგრეთვე მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლზე და საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საბიუჯეტო გადასახადების განსაზღვრული ნორმების ფარული ზრდის მაგალითს.
ფაქტობრივ მოვლენებში აუდიტორი აღწერს სალაროს ნაშთის გაანგარიშების მეთოდიკას და აფიქსირებს ნაშთს 558 512 ლარს, საიდან მიიღო ეს რიცხვი გაუგებარია.
აუდიტორი აღნიშნავს, რომ გაითვალისწინა გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული ყველა ხარჯი, მათ შორის მომწოდებლებზე გადახდილი თანხები, საბიუჯეტო სახდელები, გაცემული ხელფასები და სხვა ანუ აუდიტორი აღნიშნვას, რომ საწარმოს არ ჰყავს კრედიტორები.
უხეში გაანგარიშებით - სულ საწარმოს ფუნქციონირების დაწყებიდან 1.06.2022 წლამდე შეძენილი აქვს 1 242 053 ლარის სმფ (ინფორმაციის წყარო rs.ge). აუდიტორს მიერ დაფიქსირებული ფასნამატია 6,6% ანუ დღგ-ის გარეშე 6,6% ფასნამატით ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 1 324 028 ლარს (1 242 053*1,066), შესაბამისად დაერიცხება დღგ 238 325 ლარი, ანუ სულ დღგ-ის ჩათვლით ერთობლივი შემოსავლები შეადგენს 1 562 353 ლარს, სულ შეძენები შეადგენს 1 465 448 ლარს, გადახდილია ხელფასები 4 655 ლარი, ამას ემატება საბიუჯეტო გადახდები და სხვა.
ამგვარად საწარმოს მიერ გაწეულია მინიმუმ 1 465 448 + 4 655 = 1 470 103 ლარი, ესე იგი სალაროს ნაშთი უნდა შეადგენდეს 1 562 353 - 1 4701 03 = 92 250 ლარს და არა 558 512 ლარს.
ზემოთმოყვანილი საკითხებიდან იკვეთება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მეტიც მან თავისი საპროექტო შედეგები დააფუძნა იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას დაირღვა საგადასახადო კოდექსის ნორმები (საგადასახადო ორგანოებისა და გადასახადის გადამხდელის უფლება-ვალდებულებების ნაწილში). ასევე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 96-ე მუხლი, რაც თავის მხრივ ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილობის საფუძველია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმებით შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს თამბაქოს პროდუქტით საბითუმო და საცალო რეალიზაცია. რეალიზაციას ახორციელებს მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 26.09.2022 წლის №24544 და 27.09.2022 წლის №24670 ბრძანებებით დაინიშნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაცია. გადამხდელთან დაკავშირება ვერ განხორციელდა. გადამხდელის სალაროს ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა ნული, რაზეც 27.09.2022 წელს შედგენილია სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმი. ვინაიდან გადამხდელთან დაკავშირება ვერ განხორციელდა, შემოწმება განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზის მონაცემებით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მართებულია.
საბჭო მიუთითებს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დასაბეგრი შემოსავალი, სადაც სადავო შემთხვევაში ჩართული იქნა კომპანიის მიერ საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გამოკლებით. აღნიშნული წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ მიღებულ შემოსავალს. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრება საშემოსავლო გადასახადის და ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის დარიცხვამდე აყვანილი თანხიდან განხორციელდა მართლზომიერად.
რაც შეეხება სიგარეტის სარეალიზაციო ფასს, საბჭო მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით წლების და სახეობების მიხედვით თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმზე დადგენილ საცალო სარეალიზაციო ფასებზე და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ზემოთ ხსენებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით შესაბამისი პერიოდების მიხედვით დადგენილი საცალო სარეალიზაციო ფასებით (თუ არ აჭარბებს შემოწმებით დადგენილ ფასს და არ იქნება ნაკლები დეკლარირებულ მონაცემზე) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13957 ბრძანება;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს თამბაქოზე და თამბაქოს ნაწარმზე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს შესაბამისი პერიოდების მიხედვით საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით აღნიშნულ საქონელზე დადგენილი საცალო სარეალიზაციო ფასებით (თუ არ აჭარბებს შემოწმებით დადგენილ ფასს და არ იქნება ნაკლები დეკლარირებულ მონაცემზე) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება) და შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის გამოყენებული ფასნამატის ოდენობა და განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებით შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს თამბაქოს პროდუქტით საბითუმო და საცალო რეალიზაცია.რეალიზაციას ახორციელებს მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით. შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს. საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.შემოწმების მიერ შესამოწმებელ პერიოდში არსებულ პირველად დოკუმენტებზე და ერთიან ელექტრონულ ბაზებზე დაყრდნობით მოხდა შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების დაკავშირება რეალიზაციის დოკუმენტებთან. შედეგად, დადგენილ იქნა ფასნამატი, რომელიც შეადგენს - 2 %-ს. 2022 წლის 10 მარტს იგივე ტერიტორიაზე მსგავსი საქმიანობის მქონე სხვა პირთან ჩატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების საფუძველზე განსაზღვრულ იქნა აუდირებული ფასნამატი (არადოკუმენტური) - 6.6%, რომელიც შემოწმების მიერ გავრცელებულ იქნა გადამხდელის მიერ დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ სმფ-ების თვითღირებულებაზე. შედეგად, შემოწმებით დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გამოვლინდა ნაღდი ფულის დანაკლისი, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;136(3);61(3);73(5,9);159(1ა,ბ);164(1);101(1);154(ა);