გადაწყვეტილება №20079/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.11.2023
№ დოკუმენტი 20079/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 20079/2/2023

02 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი:„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------- 27.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20079/2/2023).

 

დავის საგანი:

1. უძრავი ქონების გამოსყიდვის პირობით რეალიზაციის შემთხვევების ფინანსურ ოპერაციად განხილვა და სარგებელის დაბეგვრა;

2. უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

3. ჯარიმებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №039-14 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 19.04.2023 წლის №8565 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 120 994 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 64 111

ჯარიმა - 29 453

საურავი - 27 430

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №039-14 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.04.2023 წლის №8565 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. უძრავი ქონების გამოსყიდვის პირობით რეალიზაციის შემთხვევების ფინანსურ ოპერაციად განხილვა და სარგებელის დაბეგვრა ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები.

შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი სისტემატურად ახდენდა უძრავი ქონების რეალიზაციას გამოსყიდვის პირობით. ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებული ოპერაციები ატარებს სისტემურ ხასიათს სარგებლის მიღების მიზნით, საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის საფუძველზე გადამხდელის საქმიანობა ჩაითვალა ეკონომიკურ საქმიანობად და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის მე-15 მუხლის მიხედვით, განხორციელებული ოპერაციები დაკვალიფიცირდა „ფინანსურ ოპერაციად“, ხოლო საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით დადგენილი ყოველთვიური 2%-იანი სარგებელი დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე, მე-4 მუხლის პირველ, მე-2, მე-5 და მე-6 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი სისტემატურად ახდენდა უძრავი ქონების რეალიზაციას გამოსყიდვის პირობით. შემოწმებით, აღნიშნული საქმიანობა განხილულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობად და საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდით და ფიზიკურ პირებზე დარიცხულ ყოველთვიურ სარგებლად განისაზღვრა 2%, რის საფუძველზეც პირს დაუდგინდა გასესხებული თანხებიდან მიღებული სარგებელი, რომელიც დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ასევე, უძრავი ქონების (ფიზიკური პირების საცხოვრებელი ფართი) ყიდვისა და შემდგომი რეალიზაციის შედეგად მიღებული ნამეტი, შემოწმებით დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით.

სესხზე დარიცხული სარგებლის სესხით სარგებლობის დღეთა რაოდენობის მიხედვით გაანგარიშებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების მიერ საპროცენტო სარგებლის განსაზღვრა განხორციელდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ხელშეკრულებების გათვალისწინებით. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად. ხოლო, საპროცენტო სარგებელთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ განმარტებაზე, რომლის თანახმად, გაცემულ სესხებზე შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული 2%-იანი განაკვეთი არ შეესაბამება რეალურ საპროცენტო განაკვეთს და ითხოვს მოხდეს საპროცენტო განაკვეთის ცვლილება.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით ერთობლივი შემოსავლის გაანგარიშების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, სესხის მიმღები პირების, სათანადო წესით დამოწმებული, ახსნაგანმარტებები მომჩივნისთვის სადავო პერიოდში გადახდილი სესხის პროცენტის შესახებ. განსაზღვრულ

ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2022 წლის №16604 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდის შემოწმება. ფაქტობრივად შემოწმებამ მოიცვა 2017-2018 წლების საქმიანობაც.

აღნიშნულის გამო 5 შემთხვევაში (კერძოდ: ---------- , ---------- , ---------- , ---------- და ---------- მონაცემები) ზედმეტად არის სარგებელში შეტანილი 20 309 ლარი, რაზეც შემოწმებით ზედმეტად არის დარიცხული საშემოსავლო გადასახადი 4 160 ლარი და ჯარიმა 2 031 ლარი. აღნიშნული დარიცხვა უნდა დაკორექტირდეს.

აუდიტორის მიერ იპოთეკური სესხების სარგებლობის პერიოდი გამოთვლილია თვეების მიხედვით, ნაცვლად დღეებისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარგებლის თანხა იზრდება 65 ლარით. მთლიანი სარგებლის საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 31 514 ლარს, ხოლო ჯარიმა 15 757 ლარს.

წარმოდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ---------- და ---------- , 2019-2022 წლებში, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო მომჩივნისთვის და არც მისი უფლებამოსილი პირისათვის არ გადაუხდიათ ყოველთვიური სარგებელი, ჯარიმა და პირგასამტეხლო. შემოწმებით, აღნიშნული პირების სარგებელი გამოთვლილია 52 895 ლარის ოდენობით, რაზეც საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 10 579 ლარს, ხოლო ჯარიმა 5 290 ლარს, რაც ექვემდებარება კორექტირებას.

აღნიშნული მოცემულობების გათვალისწინებით შემცირებას ექვემდებარება საურავების ოდენობაც.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფინანსურ მომსახურებად/ოპერაციად განიხილება კრედიტის (სესხის) აღება/გაცემა/გადაცემა, სინდიცირება, სტრუქტურირება, მართვა და განკარგვა, მათ შორის, კრედიტის (სესხის) უზრუნველსაყოფად განხორციელებული ქმედებები (ქონების/აქტივის დაგირავება, საკრედიტო რისკის მესამე პირზე ნაწილობრივ ან მთლიანად გადაყიდვა, გარანტიების ან ანალოგიური შინაარსის ფინანსური ინსტრუმენტების გაცემა/დამოწმება/მართვა/განკარგვა ან ასეთი ინსტრუმენტის შეძენა/მის ბენეფიციარად ყოფნა), კრედიტის (სესხის) მომსახურება (საპროცენტო სარგებლისა და ძირის გადახდა) და კრედიტზე (სესხზე) საპროცენტო სარგებლისა და კრედიტის (ძირის) დაფარვის მიღება, აგრეთვე ფაქტორინგი.

საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა ფიზიკური პირის მიერ საბანკო დაწესებულებებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე ფულადი სახსრების განთავსებიდან პროცენტების სახით მიღებული შემოსავლებისა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ სარგებლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტად მიჩნევა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის 19.04.2023 წლის №8565 ბრძანებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, სესხის მიმღები პირების, სათანადო წესით დამოწმებული, ახსნა-განმარტებები მომჩივნისთვის სადავო პერიოდში გადახდილი სესხის პროცენტის შესახებ. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 19.04.2023 წლის №8565 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

2. უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

უძრავი ქონების (ფიზიკური პირების საცხოვრებელი ფართი) ყიდვისა და შემდგომი რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულების გაფორმების თარიღია 2017-2018 წელი, თუმცა მიღებული შემოსავალი ამ პერიოდში არ არის დეკლარირებული და დაბეგრილი, ასევე კლიენტსა და ი/მ ---------- შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიმდინარეობა და ოპერაციის დასრულება ხდება შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში. ხშირ შემთხვევაში ხელშეკრულებებში არ არის დაფიქსირებული საპროცენტო შემოსავლის ოდენობა და გადახდის ვადები. ამასთან, საგადასახადო შემოწმებით დარიცხვა არ განხორციელებულა 2022 წლის დაუსრულებელ (მიმდინარე) სასესხო ხელშეკრულებებზე.

პირველი დავის საგნის ნაწილში მითითებული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ზარალის ოდენობასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 121-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ განმარტებაზე, სადაც მითითებულია, რომ ქონების რეალიზაციიდან სალდირებული ზარალი ჯამში შეადგენს 14 714 ლარს და ითხოვს მის გათვალისწინებას.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ზარალის ოდენობის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

წარმოდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ --------- და ----------, 2019-2022 წლებში, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო არ გადაუხდიათ ყოველთვიური სარგებელი, ჯარიმა და პირგასამტეხლო. შემოწმებით, აღნიშნული პირების სარგებელი გამოთვლილია 52 895 ლარის ოდენობით, რაზეც საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 10 579 ლარს, ჯარიმა 5 290 ლარი, რაც ექვემდებარება კორექტირებას.

აღნიშნული მოცემულობებიდან გამომდინარე, ცვლილებას ექვემდებარება ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალიც.

---------- და ------- მიერ, 2019-2021 წლებში, სამ შემთხვევაში ქონების რეალიზაციიდან, რომელთა ღირებულება იყო 209 948 ლარი, ამონაგებმა შეადგინა 191 247 ლარი, ანუ მიღებულ იქნა ზარალი 18 701 ლარის ოდენობით.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველ ნაწილზე და №1511 სიტუაციურ სახელმძღვანელოზე და აღნიშნავს, რომ 2017-2020 წლებში 5 შემთხვევაში, შემოწმებით დადგინდა შემოსავალი უძრავი ქონების რეალიზაციიდან 89 107 ლარი, საიდანაც 2 წელზე მეტით უძრავი ქონების ფლობის შემთხვევაშიც, დარიცხულია 17 821 ლარი საშემოსავლო გადასახადი, რეალურად კი საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 2 534 ლარს, ხოლო ჯარიმა 1 267 ლარს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის 121-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. მეწარმე ფიზიკური პირის მიერ აქტივის (გარდა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული აქტივისა) რეალიზაციით მიღებული ზარალის კომპენსაცია ხდება იმავე სახის აქტივის რეალიზაციით მიღებული ღირებულების ნამეტით. თუ ზარალის კომპენსაცია იმავე წელს შეუძლებელია, ზარალი მომდევნო წელს არ გადაიტანება.

2. საგადასახადო წლის განმავლობაში ფიზიკური პირის (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ აქტივის რეალიზაციით მიღებული ზარალის კომპენსაცია ხდება იმავე სახის აქტივის რეალიზაციით მიღებული ნამეტით. ამასთანავე, თუ ზარალის კომპენსაცია იმავე წელს შეუძლებელია, ზარალი მომდევნო წელს არ გადაიტანება.

მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, 2020 და 2022 წლების მონაცემებს ეთანხმება, თუმცა 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე მოგება, შემოსავალი და ზარალი არ არის სწორად გათვალისწინებული, შესაბამისად უნდა შემცირდეს 2021 წლის ქონების რეალიზაციიდან საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ობიექტი.

შემოსავლების სამსახურის 19.04.2023 წლის №8565 ბრძანებით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ზარალის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 19.04.2023 წლის №8565 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

3. ჯარიმებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 29 453 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ითხოვს, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სრულიად გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმებისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოწმების შედეგად განსაზღვრულია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები, რაც საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად დეკლარირებული არ არის.

ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული ჯარიმისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. უძრავი ქონების გამოსყიდვის პირობით რეალიზაციის შემთხვევების ფინანსურ ოპერაციად განხილვა და სარგებელის დაბეგვრა;

2. უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

3. ჯარიმებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი სისტემატურად ახდენდა უძრავი ქონების რეალიზაციას გამოსყიდვის პირობით. ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებული ოპერაციები ატარებს სისტემურ ხასიათს სარგებლის მიღების მიზნით.ს საქმიანობა ჩაითვალა ეკონომიკურ საქმიანობად და განხორციელებული ოპერაციები დაკვალიფიცირდა „ფინანსურ ოპერაციად“. დადგენილი ყოველთვიური 2%-იანი სარგებელი დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;275(2);269(7);