გადაწყვეტილება №26075/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26075/2/2025
25 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ "------" (ს/ნ "------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,14.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "------"-ის 24.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26075/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლის 20%-ის მიღებულ მოგებად ჩათვლა და ხარჯის გათვალისწინებით დარჩენილი სხვაობის დაქირავებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 9.07.2025 წლის №021-68 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 10.10.2025 წლის №21697 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 287 552.54 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 171 921.28
დღგ - 1 952.83
საშემოსავლო გადასახადი - 169 968.45
ჯარიმა - 85 960.70
საურავი - 29 670.56
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ტანსაცმლისა და აქსესუარების წარმოება, უმეტესად უნიფორმების წარმოება. ძირითადი დამკვეთია შპს "-------".
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლით დადგინდა, რომ მეწარმის მიერ დამკვეთებისთვის გაწეულია 1 223 446 ლარის მომსახურება, ხოლო მის მიერ გადახდის წყაროსთან გაცემული ხელფასები დეკლარირებულია მინიმალური ოდენობით, კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში სულ 64 335 ლარი.
საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ მცირე მეწარმის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე, მომსახურების მიწოდება ხდებოდა დაქირავებული მუშა-ხელის მეშვეობით. შემოწმების პროცესში შესწავლილი იქნა ანალოგიური საქმიანობის კომპანიების მიერ საქმიანობის ფარგლებში მიღებული მარჟა, რომელმაც შეადგინა 20%. აღნიშნულის გათვალისწინებით, მთლიანი შემოსავლის 20% ჩაითვალა მეწარმის მიერ მიღებულ მოგებად, დარჩენილ თანხას გამოაკლდა მეწარმის მიერ გაწეული ყველა ხარჯი (შეძენილი მასალები, ბიუჯეტში გადახდილი თანხა, გაცემული ნაჩვენები ხელფასი) და სხვაობის თანხა ჩაითვალა დაქირავებულ პირებზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივლისის №15488 ბრძანება და №021-68 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 10.10.2025 წლის№21697 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები აღნიშნულ საქმიანობაში სახელფასო დანახარჯის შესახებ;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 10.10.2025 წლის№21697 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, სადავო საკითხთან დაკავშირებით მომჩივნის არგუმენტებზე და მიიჩნია, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გამოვლენილი სხვაობის თანხის დაქირავებულ პირებზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია. თუმცა, საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები აღნიშნულ საქმიანობაში სახელფასო დანახარჯის შესახებ. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის პოზიცია გაუგებარია და არამართებულია, არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას, მიაჩნია, რომ აუდიტორების მიდგომა და გაანგარიშება არამართებულია, მათი ლოგიკა მოკლებულია გონივრულობას და არგუმენტაციას შემდეგ გარემოებათა გამო:
1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულია მეწარმის ცნება და მისი არსებობის მიზანი, ხაზს უსვამს მეწარმის არსებობის და შექმნის მთავარ ფუნდამენტურ პრინციპს - მოგების მიღებას და არ განსაზღვრავს ან კრძალავს, რომელიმე მომსახურების სფეროში ან წარმოების დარგში, მოგების მარჟის მინიმალურ ან მაქსიმალურ ზღვარს. მეწარმე თავისი რისკის ფასად ეწევა საქმიანობას, მოგების მაქსიმალური ზღვარის მისაღებად და არ შემოიფარგლება, რაიმე გონივრულობისა და ვინმეს მიერ დადგენილი ლიმიტით. აუდიტორების მიერ განსაზღვრული მოგების ლიმიტირება სცდება მათ პროფესიული საქმიანობის კომპეტენციას და ზღუდავს თავისუფალი ბაზრისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს, რაც საკმაოდ საშიში ტენდენციაა ისეთი განვითარებადი ბაზრის მქონე ქვეყნისათვის როგორიც საქართველოა. ასევე, საქართველოს კანონი „კონკურენციის შესახებ“ განსაზღვრავს მეწარმე სუბიექტების მიერ ბაზრის ათვისების და მოცულობის კრიტერიუმებს, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების პირობებს, ეკონომიკური აგენტის (მეწარმე სუბიექტის) ბაზრის წილის ოდენობას და ქცევის წესებს. თუ მეწარმე სუბიექტი წინააღმდეგობაში მოვა ზემოაღნიშნულ კანონთან, მხოლოდ კონკურენციის სააგენტოა უფლებამოსილი დააჯარიმოს ან სხვა კანონით განსაზღვრული ქმედებანი განახორციელოს მეწარმის მიმართ. ვინაიდან, კონკურენციის სააგენტოს მიერ რაიმე ქმედებას მეწარმის მიმართ ადგილი არ აქვს, გაუგებარია აუდიტორები თუ რატომ განსაზღვრავენ, რომელიმე დარგში ეკონომიკური აგენტის მისაღებ მარჟას, ან რა გარანტიაა, რომ სხვა კონკურენტი მეწარმის მიმართ დაუშვეს 80%-იანი მოგების მარჟა, ხოლო მცირე მეწარმე "------"-ის მიმართ კი 20%-იანი მოგების მარჟა.
დარღვეულია „მეწარმეთა შესახებ“ და „კონკურენციის შესახებ“ კანონების ფუნდამენტური მოთხოვნები თავისუფალი სამეწარმეო და სავაჭრო ურთიერთობების შესახებ და მიაჩნია, რომ დარიცხვა არის უსაფუძვლო;
2. საშემოსავლო გადასახადის არასწორი არითმეტიკული გაანგარიშება
აუდირებულ პერიოდში, მცირე მეწარმის მიერ მიღებული შემოსავალი დღგ-ის გარეშე შეადგენს 1 026 438.17 ლარს. ხარჯები:
ა) მეწარმის ყოველთვიური გადასახდელი (1%-იანი და 3%-იანი) საშემოსავლო გადასახადი - 13 513.8 ლარი;
ბ) სასაქონლო ზედნადებით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, საბაჟო დეკლარაციებით განხორციელდა 291 680.64 ლარის შესყიდვა (დღგ-ის გარეშე); გ) ხელფასის სახით გაწეულია - 53 403.42 ლარი; დ) იჯარა - 26 822,39 ლარი;
ე) კომუნალური გადასახადი - 16 197.42 ლარი;
ვ) გეზის და ბანკის საკომისიო - 6 239.41 ლარი. სულ გაწეული ხარჯი შეადგენს 394 343.08 ლარს. აუდიტის დეპარტამენტის მიერ არასწორად არის აღიარებული შემოსავალიც და ხარჯიც, რეალურად მცირე მეწარმის გასანაწილებელი მოგება შეადგენს 618 581.29 ლარს (მათ შორის: 2022 წელს - 85 750 ლარს, 2023 წელს - 154 742 ლარს, 2024 წელს - 347 255 ლარს და 2025 წელს - 30 834 ლარს) ნაცვლად აუდიტორების მიერ გაანგარიშებული 679 876 ლარისა.
3. აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული, რომ მცირე მეწარმის მიერ განხორციელდა როგორც სამკერვალო სამუშაოები, ასევე პროდუქციის ბრენდირება სპეციალური დანადგარების მეშვეობით, რომლებზეც მუშაობს ერთი ადამიანი. აუდიტის დეპარტამენტის მიერ საერთოდ არ გათვალისწინებულა სამუშაოს სპეციფიკა, დანადგარების წარმადობა და მეწარმის მიერ წარმოებული პროდუქციის პერიოდულობა. მცირე მეწარმე სამკერვალო სამუშაოებისთვის იყენებს მაღალი წარმადობის თანამედროვე დანადგარებს, რომლებიც მინიმალური ადამიანური რესურსით უმოკლეს ვადებში ასრულებს მოცულობით სამუშაოებს. აუდიტის დეპარტამენტის მიერ საერთოდ არ იქნა შესწავლილი და გათვალისწინებული მითითებული დანადგარების წარმადობა და მუშაობის სპეციფიკა. ერთი დანადგარის წარმადობა შეადგენს: 1 ცალი მრგვალყელიანი მაისური - 1.5 წუთი, პოლოს მაისური - 4 წუთი, შარვალი - 30 წუთი, კლასიკური შარვალი - 20 წუთი, ზედა ტაქტიკური - 35 წუთი, პერანგი - 27 წუთი, პიჯაკი - 1 საათი, ქურთუკი - 1.15 საათი, კეპი - 10 წუთი. შესაბამისად, მარტივად შესაძლებელია დაანგარიშდეს ქვემოთ მითითებული წარმოებულ პროდუქციაზე დახარჯული დრო და ადამიანური რესურსი. კერძოდ: 2022 წელს მეწარმემ ყველაზე დიდი რაოდენობის შეკვეთა დაამზადა აგვისტო სექტემბრის თვეებში. შეკერილი იქნა 910 ერთეული. 2022 წელს მეწარმეს არ გამოუყენებია დაქირავებულ პირთა შრომა, რადგან მისი მიზანი იყო ხარჯების ოპტიმიზაცია და მაქსიმალური მოგების მიღება, შემდგომში განვითარებისთვის. ტექნიკურად მითითებული პროდუქციის შეკერვა თავისუფლად იყო შესაძლებელი ერთი ადამიანის მიერ მის საკუთრებაში არსებული დანადგარების საშუალებით. 2023 წელს დიდი ოდენობის შეკვეთა დამზადდა მაისი-ივნისში (12 ათასი წინდა), აგვისტო-სექტემბერში (600 ცალი შარვალი) დეკემბერში 174 ცალი გრძელმკლავიანი პერანგი, 174 ცალი მოკლემკლავიანი პერანგი და 156 ცალი სარიტუალო პერანგი. აღნიშნულ პერიოდებში მეწამე თავადაც მუშაობდა და იყენებდა 2 დაქირავებული პირის შრომას. ანუ შეკვეთები განხორციელდა 3 ადამიანის მიერ ორ დანადგარზე. შესაბამისად, არ არსებობს დამზადებული მოცულობის პროდუქციის შეუსრულებლობის საფუძველი. 2024 წელს მარტი-აპრილში დამზადდა 16 ათასი ცალი მოკლე მაისური, მაისში - 1 110 ცალი პოლო მაისური, 740 ცალი შარვალი, 185 ცალი კეპი. ნოემბერ-დეკემბერში დამზადდა ფულეს ზედა-ქვედა 2 764 ცალი, ფულეს შარვალი 1984 ცალი. მეწარმემ აღნიშნული შეკვეთები შეასრულა 9 დაქირავებული პირის საშუალებით ორ დანადგარზე. 2025 წელს იანვარში დამზადდა საშეჯიბრო ფორმა 1 734 ცალი, მარტში - 430 ცალი გრძელმკლავიანი პოლო მაისური და 430 ცალი მოკლემკლავიანი პოლო მაისური. მეწარმემ აღნიშნული შეკვეთები შეასრულა 9 დაქირავებული პირის (ანაზღაურება გაცემულია აპრილის თვეში) საშუალებით ორ დანადგარზე.
ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით გაუგებარია, რატომ ჩაითვალა მცირე მეწარმის მიერ შესრულებული სამუშაო 1 ადამიანის მიერ შესრულებულად. ასევე, მიუღებელია მცირე მეწარმის მოგების განსაზღვრა 20%-ით. გაუგებარია, როგორ განსაზღვრა აუდიტის დეპარტამენტმა ანალოგიური საქმიანობის მქონე მცირე მეწარმესთან შედარება, როცა მისთვის ცნობილი არც კი იყო შესამოწმებელი მეწარმის დანადგარების წარმადობა და მუშაობის სპეციფიკა.
შესაბამისად, უსამართლოა აუდიტის დეპარტამენტის მსჯელობა, განხორციელებული დარიცხვა და იგი უნდა გაუქმდეს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ მეწარმის მიერ დამკვეთებისთვის გაწეულია 1 223 446 ლარის მომსახურება, ხოლო მის მიერ გადახდის წყაროსთან გაცემული ხელფასები დეკლარირებულია შესამოწმებელ პერიოდში სულ 64 335 ლარი. მეწარმის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე ჩაითვალა, რომ მომსახურების მიწოდება ხდებოდა დაქირავებული მუშა-ხელის მეშვეობით. ანალოგიური საქმიანობის კომპანიების მიერ საქმიანობის ფარგლებში მიღებული მარჟის შესწავლით დადგინდა, რომ მარჟა შეადგენდა 20%-ს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მთლიანი შემოსავლის 20% ჩაითვალა მეწარმის მიერ მიღებულ მოგებად, დარჩენილ თანხას გამოაკლდა მეწარმის მიერ გაწეული ყველა ხარჯი (შეძენილი მასალები, ბიუჯეტში გადახდილი თანხა, გაცემული ნაჩვენები ხელფასი) და სხვაობის თანხა ჩაითვალა დაქირავებულ პირებზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახურმა სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გამოვლენილი სხვაობის თანხის დაქირავებულ პირებზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია. ამასთან, საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები აღნიშნულ საქმიანობაში სახელფასო დანახარჯის შესახებ. ხოლო, თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების, მ.შ. საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებულ გადაწყვეტილებას, მიიჩნევს, რომ აუდიტორების მიდგომა, გაანგარიშება არამართებულია და აღნიშნავს, რომ გაუგებარია თუ რატომ განსაზღვრავენ აუდიტორები, რომელიმე დარგში ეკონომიკური აგენტის მისაღებ მარჟას, ან რა გარანტიაა, რომ სხვა კონკურენტი მეწარმის მიმართ დაუშვეს 80%-იანი, ხოლო მეწარმის მიმართ კი 20%- იანი მოგების მარჟა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ საშემოსავლო გადასახადი გაანგარიშებულია არასწორად, არასწორად არის აღიარებული შემოსავალიც და ხარჯიც, გასანაწილებელი მოგება შეადგენს 618 581.29 ლარს, ნაცვლად აუდიტორების მიერ გაანგარიშებული 679 876 ლარისა. არ იქნა გათვალისწინებული, რომ მცირე მეწარმის მიერ განხორციელდა, როგორც სამკერვალო სამუშაოები, ასევე პროდუქციის ბრენდირება სპეციალური დანადგარების მეშვეობით, რომლებზეც მუშაობს ერთი ადამიანი, არ გათვალისწინებულა სამუშაოს სპეციფიკა და დანადგარების წარმადობა და მეწარმის მიერ წარმოებული პროდუქციის პერიოდულობა. მცირე მეწარმე სამკერვალო სამუშაოებისთვის იყენებს მაღალი წარმადობის თანამედროვე დანადგარებს, რომლებიც მინიმალური ადამიანური რესურსით უმოკლეს ვადებში ასრულებს მოცულობით სამუშაოებს. აღნიშნავს, რომ გაუგებარია რატომ ჩაითვალა მცირე მეწარმის მიერ შესრულებული სამუშაო 1 ადამიანის მიერ შესრულებულად, მიუღებელია მოგების განსაზღვრა 20%-ით, როგორ განსაზღვრა აუდიტის დეპარტამენტმა ანალოგიური საქმიანობის მქონე მცირე მეწარმესთან შედარება, როცა მისთვის ცნობილი არც კი იყო შესამოწმებელი მეწარმის დანადგარების წარმადობა და მუშაობის სპეციფიკა.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტი 4.11.2025 წლის №------ წერილი, სადაც მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ როგორც შემოწმებისას გამოიკვეთა, მცირე მეწარმე გასცემს მცირე რაოდენობით ხელფასებს, შესამოწმებელ პერიოდში გაცემული აქვს სულ 64 335 ლარის ხელფასი, მსგავსი საწარმოს შესწავლის შედეგად წარმოუდგენელია 1 223 446 ლარის პროდუქციის შექმნა აღნიშნული ხელფასის ფარგლებში. შესწავლილი იქნა ანალოგიურ საქმიანობის საწარმოების მიერ, საქმიანობის ფარგლებში მიღებული მარჟა და მოგების მარჟამ შეადგინა 20%. მცირე მეწარმის საქმიანობის პირობებში (შემოსავალი იბეგრება 1%) არსებობს რისკი, რომ მცირე მეწარმემ ხელფასის სახით განაცემი არ დაადეკლარიროს და შემოსავლად აღიარებული 1%-დან გადასცეს დაუბეგრავად მუშახელს ხელფასები. ასევე აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სექტორში მრავალმა მეწარმემ ვერ გაუძლო კონკურენციას, დაბალ მოგების მარჟას და დახურეს სამკერვალოები. შემოწმების პროცესში შესწავლილი იქნა შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სისტემის მონაცემები, მცირე მეწარმის საქმიანობა და დადგინდა, რომ მეწარმის მიერ დამკვეთებისთვის გაწეულია 1 223 446 ლარის მომსახურება, ხოლო ხარჯით ნაწილში ყველა ხარჯი გათვალისწინებულია (შეძენილი მასალები, ბიუჯეტში გადახდილი თანხა, გაცემული ნაჩვენები ხელფასი). ჩაითვალა, რომ (მცირე მეწარმეს მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე) მომსახურების მიწოდება ხდებოდა დაქირავებული მუშა-ხელის მეშვეობით. შემოწმების მიერ, მთლიანი შემოსავლის 20% ჩაითვალა მეწარმის მიერ მიღებულ მოგებად, დარჩენილ თანხას გამოაკლდა მეწარმის მიერ გაწეული ყველა ხარჯი და სხვაობის თანხა ჩაითვალა დაქირავებულ პირებზე გაცემულ ხელფასად.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა წარმოადგინა საჩივარში დაფიქსირებულის ანალოგიური გარემოებები/არგუმენტები და პოზიციები, ამასთან აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების, მ.შ. საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შესწავლა/გამოკვლევა, მაგრამ ექსპერიმენტის ჩასატარებლად არავინ მისულა, თავად მიმართული აქვთ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსათვის და თხოვნა აქვს, ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის შემდგომ მოხდეს სადავო ბრძანების აღსრულება.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია დარიცხვის ფაქტობრივ გარემოებებში დაფიქსირებულისგან განსხვავებული გარემოებები, ამასთან დაადასტურა, რომ მომჩივანმა აცნობა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსთვის მიმართვაზე, შესაბამისად დასკვნის წარდგენაზე და აღნიშნა, რომ ელოდება ხსენებული დასკვნის წარდგენას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალიწინებით, ვინაიდან, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები აღნიშნულ საქმიანობაში სახელფასო დანახარჯის შესახებ. ხოლო, თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა/გამოკვლევა, მ.შ. საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის საქმიანობაა ტანსაცმლისა და აქსესუარების წარმოება, უმეტესად უნიფორმების წარმოება. ძირითადი დამკვეთია შპს.
მთლიანი შემოსავლის 20% ჩაითვალა მეწარმის მიერ მიღებულ მოგებად, დარჩენილ თანხას გამოაკლდა მეწარმის მიერ გაწეული ყველა ხარჯი და სხვაობის თანხა ჩაითვალა დაქირავებულ პირებზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა სსკ-ის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5),101,154.