ბრძანება N 2193

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.02.2025
№ დოკუმენტი 2193
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2193

10 თებერვალი 2025

ბრძანება

შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“)

(ფაქტ. მის.: „-------“)

2025 წლის 21 და 26 იანვრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 30 იანვრის სხდომაზე (ოქმი №8) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) 2025 წლის 21 იანვრის №93800/1/2025 და 26 იანვრის №93923/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 13 დეკემბრის №039-24 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირ მეთოდს და მის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ საწარმოს გააჩნია სააღრიცხვო დოკუმენტაცია და ამდენად, არ არსებობდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი წინაპირობა. მიუთითებს, რომ კომუნიკაცია შემმოწმებელსა და გადამხდელს შორის მოხდა დაგვიანებით და როდესაც მზადყოფნა გამოთქვა, რომ წარედგინა დოკუმენტაცია აუდიტორისთვის, განემარტა, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი უკვე შედგენილი იყო. ასევე, გადამხდელი არ ეთანხმება აუდირებული ფასნამატის გამოყენებას და ითხოვს დოკუმენტური ფასნამატის გავრცელებას. აღნიშნავს, რომ გადამხდელისთვის უცნობია რომელი მსგავსი საწარმოს ინფორმაცია გამოიყენა შემმოწმებელმა. დამატებით განმარტავს, რომ პარალელურად ჩატარდა სხვა საწარმოს საგადასახადო შემოწმება, რომელიც ვაჭრობს იდენტური საქონლით და შემოწმებაც ჩატარებულია მსგავს შესამოწმებელ პერიოდზე. ამ უკანასკნელის შემთხვევაში ფასნამატი გავრცელდა 26% და მისთვის გაუგებარია ერთსა და იმავე პერიოდში ერთი და იმავე საქონლის ვაჭრობისას, რატომ გავრცელდა შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) შემთხვევაში 58.6%. ასევე, გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მოგების გადასახადში დარიცხულ თანხებს და ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მონაწილეობით საკითხის დამატებით შესწავლა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 20 ივნისის №14425 ბრძანებით ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 27 თებერვლიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 4 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 13 დეკემბრის №26313 ბრძანება და ამავე თარიღის №039–24 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 924 547 ლარი, მათ შორის გადასახადი 551 399 ლარი, ჯარიმა 291 349 ლარი და საურავი 81 799 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

1. საწარმოს საქმიანობაა ტანსაცმლით საბითუმო ვაჭრობა. საწარმოს ადგილობრივი შეძენები არ უფიქსირდება და შესყიდვების 100% შედგება იმპორტირებული საქონლისგან. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელი აღრიცხვას აწარმოებდა ბუღალტრული პროგრამის საშუალებით. საწარმოს რეალიზაციებიდან მიღებული შემოსავალი სრულად შედგებოდა ნაღდი ანგარიშსწორებისგან, ხოლო დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენდა ბრუნვის არაუმეტეს 1%-ს. შემოწმების მიმდინარეობისას საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ 2024 წლის 18 ივლისის №16988 ბრძანების აღსრულების დროს ვერ მოხერხდა ობიექტის პოვნა. შესაბამისად, გადამხდელის წარმოდგენილი საბოლოო ნაშთი შემოწმების მიერ ჩაითვალა რეალიზებულად. შემოწმებამ გამოიყენა მსგავსი ობიექტის აუდირებული ფასნამატი (58%), როგორც დოკუმენტის გარეშე რეალიზაციაზე, ასევე, ნაშთად არსებულ მარაგებთან დაკავშირებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ასევე, შემოწმების მიერ გაანგარიშდა ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე.

2. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდებოდა ავანსად თანხის გადახდა ჩინურ კომპანიაზე. აღნიშნული თანხა გადამხდელის ახსნა-განმარტებით უნდა ჩარიცხვოდა ჰონგ-კონგში (შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანა) რეგისტრირებულ კომპანიას, რომელიც რეალურად წარმოადგენდა საქონლის მომწოდებელს. აღნიშნული განპირობებული იყო იმით, რომ ჰონგ-კონგში რეგისტრირებული კომპანია ვერ აწვდიდა ქართულ კომპანიას ინვოისს, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო ანაზღაურება. შემოწმების მიერ აღნიშნული თანხა ჩაითვალა შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში გადახდილ ავანსად. შესაბამისად, გადამხდელს წარმოეშვა საგადასახადო ვალდებულება მოგების გადასახადის ნაწილში. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში ადგილი ჰქონდა აღნიშნული კომპანიიდან საქონლის მიღებას, რაზეც გადამხდელს მიეცა გადასახადის ჩათვლის უფლება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელი აღრიცხვას აწარმოებდა ბუღალტრული პროგრამის საშუალებით. საწარმოს რეალიზაციებიდან მიღებული შემოსავალი სრულად შედგებოდა ნაღდი ანგარიშსწორებისგან, ხოლო დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენდა ბრუნვის არაუმეტეს 1%-ს. შემოწმების მიმდინარეობისას საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ 2024 წლის 18 ივლისის ბრძანების აღსრულების დროს ვერ მოხერხდა ობიექტის პოვნა, შესაბამისად, გადამხდელის წარდგენილი საბოლოო ნაშთი შემოწმების მიერ ჩაითვალა რეალიზებულად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადამხდელის სააღრიცხვო მონაცემებით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მართლზომიერია. ამასთან, შემოწმების მიერ დოკუმენტის გარეშე რეალიზაციასა და ნაშთად არსებულ მარაგებზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია რეალიზებული პროდუქტის და დამატებითი შემოსავლის განსაზღვრა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოწმების მიერ გაანგარიშებული ფულის ნაშთი, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია.

ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისათვის, აგრეთვე ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისათვის (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსი და საქართველოს ეროვნული ბანკისა) ავანსის გადახდა.

ხოლო, ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 2¹ და 2² ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდებოდა ავანსად თანხის გადახდა ჩინურ კომპანიაზე. აღნიშნული თანხა გადამხდელის ახსნა-განმარტებით უნდა ჩარიცხვოდა ჰონგ-კონგში (შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანა) რეგისტრირებულ კომპანიას, რომელიც რეალურად წარმოადგენდა საქონლის მომწოდებელს. შემოწმების მიერ აღნიშნული თანხა ჩაითვალა შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში გადახდილ ავანსად. შესაბამისად, გადამხდელს წარმოეშვა საგადასახადო ვალდებულება მოგების გადასახადის ნაწილში. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში ადგილი ჰქონდა აღნიშნული კომპანიიდან საქონლის მიღებას, რაზეც გადამხდელს მიეცა გადასახადის ჩათვლის უფლება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანს არ აქვს წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები შემოწმებით განსაზღვრული ჯარიმის არამართლზომიერებასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული ვალდებულებები და აღნიშნულზე შეფარდებული ჯარიმა შეესაბამება საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების შედეგად მოგების გადასახადში განსაზღვრული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1.შპს „------“-ის (ს/ნ „-------“) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირ მეთოდს და მის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. გადამხდელი არ ეთანხმება მოგების გადასახადში დარიცხულ თანხებს და ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მონაწილეობით საკითხის დამატებით შესწავლა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. საწარმოს საქმიანობაა ტანსაცმლით საბითუმო ვაჭრობა. საწარმოს ადგილობრივი შეძენები არ უფიქსირდება და შესყიდვების 100% შედგება იმპორტირებული საქონლისგან. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელი აღრიცხვას აწარმოებდა ბუღალტრული პროგრამის საშუალებით. საწარმოს რეალიზაციებიდან მიღებული შემოსავალი სრულად შედგებოდა ნაღდი ანგარიშსწორებისგან, ხოლო დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენდა ბრუნვის არაუმეტეს 1%-ს. შემოწმების მიმდინარეობისას საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ 2024 წლის 18 ივლისის №16988 ბრძანების აღსრულების დროს ვერ მოხერხდა ობიექტის პოვნა. შესაბამისად, გადამხდელის წარმოდგენილი საბოლოო ნაშთი შემოწმების მიერ ჩაითვალა რეალიზებულად. შემოწმებამ გამოიყენა მსგავსი ობიექტის აუდირებული ფასნამატი (58%), როგორც დოკუმენტის გარეშე რეალიზაციაზე, ასევე, ნაშთად არსებულ მარაგებთან დაკავშირებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.ასევე, შემოწმების მიერ გაანგარიშდა ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან სსკ-ის 154-ე მუხლის საფუძველზე.

2. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდებოდა ავანსად თანხის გადახდა ჩინურ კომპანიაზე. აღნიშნული თანხა გადამხდელის ახსნა-განმარტებით უნდა ჩარიცხვოდა ჰონგ-კონგში რეგისტრირებულ კომპანიას, რომელიც რეალურად წარმოადგენდა საქონლის მომწოდებელს. აღნიშნული განპირობებული იყო იმით, რომ ჰონგ-კონგში რეგისტრირებული კომპანია ვერ აწვდიდა ქართულ კომპანიას ინვოისს, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო ანაზღაურება. შემოწმების მიერ აღნიშნული თანხა ჩაითვალა შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში გადახდილ ავანსად. შესაბამისად, გადამხდელს წარმოეშვა საგადასახადო ვალდებულება მოგების გადასახადის ნაწილში. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში ადგილი ჰქონდა აღნიშნული კომპანიიდან საქონლის მიღებას, რაზეც გადამხდელს მიეცა გადასახადის ჩათვლის უფლება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დაერიცხა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული ვალდებულებები და აღნიშნულზე შეფარდებული ჯარიმა შეესაბამება საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების შედეგად მოგების გადასახადში განსაზღვრული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5,9),982,101,154,158,159.