ბრძანება N 12792

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.06.2023
№ დოკუმენტი 12792
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 12792

08.06.2023

შპს ,,------------“ (ს/ნ -----------)

(მის.: ------------------- )

2023 წლის 7 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 25 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №57) განიხილა შპს ,,----------“ (ს/ნ ----------) №40016/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 თებერვლის №002-12 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და აცხადებს, რომ თემები, რომლებიც წინა საჩივარში ეწერა, ისევ სადავოა. აღნიშნული სადავო საკითხებია:

1. ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე (დირექტორზე) გაცემული სესხის (438000 ლარის), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადით დაბეგვრა.

2. ფიზიკურ პირზე (თანამშრომელზე) გაცემული თანხების უპროცენტო სესხად გადაკვალიფიცირების საფუძველზე საშემოსავლო გადასახადის ნაწილში თანხების დარიცხვა, ასევე, ჯარიმის შეფარდება.

3. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაუქმება. კერძოდ, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გაუმიჯნავ საქონელსა და მომსახურებაზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ პროპორციულ ჩასათვლელ თანხას და ჯარიმას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 8 ივნისის №14245 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 დეკემბრის №002-460 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2022 წლის 22 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ, მე-5 და მე-6 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 8 ივნისის №14245 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 31 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 9 თებერვლის №002-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

1. კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ, 2020 წლის 28 თებერვლიდან ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული აქვს სესხი 438 000 ლარის ოდენობით ურთიერთდამოკიდებულ დაქირავებულ პირზე (დირექტორზე). ბუღალტრულ პროგრამაში გაცემულ სესხზე დარიცხული პროცენტები არ არის ასახული. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის თანხები დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. დავების ეტაპზე გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელთა გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით იქნა შესწავლილი საკითხი. შესწავლის შედეგად აქტისგან განსხვავებული გარემოებები არ გამოვლენილა და შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები დარჩა უცვლელი.

2. კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ, 2020 წლის 28 თებერვლიდან ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული აქვს სესხი 438 000 ლარის ოდენობით, ურთიერთდამოკიდებულ დაქირავებულ პირზე (დირექტორზე). ბუღალტრულ პროგრამაში გაცემულ სესხზე დარიცხული პროცენტები არ არის ასახული. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლისა და „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების შესაბამისად, შემოწმებით პროცენტის თანხა ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

დავების ეტაპზე გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელთა გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით იქნა შესწავლილი საკითხი. შესწავლის შედეგად აქტისგან განსხვავებული გარემოებები არ გამოვლენილა და შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები დარჩა უცვლელი.

3. გადაანგარიშების პროცესში სადავო საკითხთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა გაანგარიშება ექსელის ცხრილის სახით და შესაბამისი განმარტება. წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით იქნა შესწავლილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით გაუქმებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხები. შედეგად სხვაობები არ გამოვლინდა და აქტით განსაზღვრული ვალდებულებები დარჩა უცვლელი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

 

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ, 2020 წლის 28 თებერვლიდან ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული აქვს სესხი 438 000 ლარის ოდენობით ურთიერთდამოკიდებულ დაქირავებულ პირზე (დირექტორზე) ბუღალტრულ პროგრამაში გაცემულ სესხზე დარიცხული პროცენტები არ არის ასახული. ამასთან კომპანიის დამფუძნებელ პირზე გადახდილი ფართის ღირებულების თანხები, შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, დაკვალიფიცირდა დამფუძნებელ პირზე გაცემულ უპორცენტო სესხად. სესხად გაცემულ თანხები განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, დაანგარიშდა სარგებელი საბაზრო საპროცენტო განაკვეთით (20%) დღეების მიხედვით, ხოლო სარგებლის თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად.

დავის პერიოდში კომპანიამ წარმოადგინა პოზიცია რომ აღნიშნული სესხი დაბრუნებულია შესამოწმებელი პერიოდის ბოლო დღეს (30.06.2021), შესაბამისად ითხოვს დაბეგრილი მოგების გადასახადის ჩათვლას. კომპანიის განცახდებით ზემოაღნიშნული თანხა (438 000) შესულია საწარმოს სალაროში, შესაბამისად წარმოდგენილია მხოლოდ სალაროს შემოსავლის ორდერი (აღნიშნულ შემთხვევაში ორივე მხარეს წარმოადგენს ერთი და იგივე პირი), არ არსებობს საბანკო ამონაწერი ან/და სხვა დამოუკიდებელი მხარის მიერ წარმოდგენილი ობიექტური მტკიცებულება (საბანკო ამონაწერი ან სხვა).

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ სახვადასხვა დროს გატანილია ფულადი სახსრები, რომელიც გადამხდელს შეფასებული აქვს სესხად (კონტრაქტი წარმოადგინა), თუმცა არ ჰქონდა დაბეგრილი მოგების გადასახადით. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის 30 ივნისის მდგომარეობით, აღნიშნული სესხის გარდა კიდე რჩება სალაროში 300 000 ლარამდე და ივლისში დივიდენდის სახით გატანილია 170 000 ლარი, შემდეგ პერიოდშიც დივიდენდი დეკლარირებული არ არის. შესაბამისად, საწარმოს ზემოაღნიშნული დივიდენდის გასაცემად ისედაც ჰქონდა ფულადი რესურსი და 438 000 ლარი, არ მოხმარებია 170 000 ლარის დივიდენდის გაცემას.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის შესაბამისად, შემოწმების მიერ დამატებით იქნა შესწავლილი დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გაუქმების საკითხთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ წარდგენილი გაანგარიშების ცხრილი, თუმცა შესწავლის შედეგად აქტისგან განსხვავებული გარემოებები არ გამოვლინდა. შესაბამისად, შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები დარჩა უცვლელი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს ,,-----------“ (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს

1.ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე (დირექტორზე) გაცემული სესხის მოგების გადასახადით დაბეგვრა.

2.ფიზიკურ პირზე (თანამშრომელზე) გაცემული თანხების უპროცენტო სესხად გადაკვალიფიცირების საფუძველზე საშემოსავლო გადასახადის ნაწილში თანხების დარიცხვა, ასევე, ჯარიმის შეფარდება.

3. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაუქმება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგად, კომპანიას, შესამოწმებელ პერიოდში, გაცემული აქვს სესხი ურთიერთდამოკიდებულ დაქირავებულ პირზე (დირექტორზე).

ბუღალტრულ პროგრამაში გაცემულ სესხზე დარიცხული პროცენტები არ არის ასახული.შედეგად, საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაჯარიმდა.შემოწმებით პროცენტის თანხა ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

302(6);304(21);