გადაწყვეტილება № 21817/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 21817/2/2024
17 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, რუხაძის შემადგენლობით, 15.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,--------“-ის 8.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21817/2/2024).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა შემოწმებისას დადგენილი ფასნამატით;
2. სალაროს ნაშთის და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლილი თანხების განსაზღვრა ხარჯების გაუთვალისწინებლად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 18.04.2023 წლის №001-54 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 19.12.2023 წლის №32037 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 212 574 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 135 939
დღგ - 102 288
საშემოსავლო გადასახადი - 33 531
ქონების გადასახადი - 120
ჯარიმა - 67 865
საურავი - 8 770
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 18.04.2023 წლის №8367 ბრძანება და №001-54 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 23.06.2023 წლის №14471 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭოს 27.10.2023 №20383/2/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 19.12.2023 წლის №32037 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შემოწმებისას დადგენილი ფასნამატით
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული აქვს დღგით დასაბეგრი ბრუნვა 263 874 ლარის ოდენობით. გადამხდელს მიღებული აქვს ელ. ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები სურსათზე, საყოფაცხოვრებო საქონელსა და სარემონტო-საიზოლაციო მასალებზე, ხოლო გამოწერილი აქვს ელ. ანგარიშ-ფაქტურები მომსახურებაზე. გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით გაწეულ მომსახურებებთან ნაწილობრივ დაკავშირდა მიღებული საქონელი/მომსახურება, ხოლო მიღებული საქონლის დარჩენილი ნაწილი ჩაითვალა რეალიზებულად. იქიდან გამომდინარე, რომ მიღებული საქონელი და მომსახურება სრულად ვერ დაუკავშირდა სარემონტო მომსახურებებს.
აღნიშნული მომსახურების ამონაგებად გათვალისწინებული იქნა 12%-იანი ფასნამატი, სხვა დარჩენილ სარემონტო-საიზოლაციო მასალებზე - 15,32%-იანი ფასნამატი, ხოლო სურსათსა და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე გავრცელდა 13.32%-იანი ფასნამატი (სხვა მსგავსი ტიპის ეკონომიკური საქმიანობის დროს შემოწმებით დადგენილი ფასნამატის ოდენობა). ამასთან, საანგარიშო პერიოდების ბოლოსათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის დადგენის მიზნით, გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტება, რომ სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონლის ნაშთი პერიოდების ბოლოს არ უფიქსირდებოდა.
შედეგად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, დაეყრდნო აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომ ვინაიდან საწარმო არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.
შემოსავლების სამსახურმა მართლზომიერად მიიჩნია შემოწმების მიერ სხვა მსგავსი ტიპის ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი გადამხდელის შემოწმების დროს დადგენილი ფასნამატის გამოყენება და ასევე, არაპირდაპირი მეთოდით მიღებულ და გადამხდელის მიერ აღიარებულ შემოსავლებს შორის სხვაობის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სარგებლად განხილვა.
ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო ორგანომ არ გაითვალისწინა, რომ საწარმო ახორციელებდა არა საქონლის რეალიზაციას, არამედ საშუამავლო-საკურიერო საქმიანობა. საწარმოს არ აქვს არანაირი სავაჭრო ობიექტი ან/და ფართი. მას ასევე ჰქონდა საოფისე და საწყობის ფართები, სავაჭრო დახლები და მაღაზია, როგორც საკუთრებაში არსებულ ასევე, იჯარით ან სხვა რაიმე ფორმით აღებული. აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება კომპანიაზე რომელიც საშუამავლო საქმიანობას ეწევა გავრცელდეს ვაჭრობის სფეროში არსებული ფასნამატი. მის მიერ მოძიებული და აღდგენილი იქნა რამოდენიმე კლიენტი, რომლებმაც დაწერეს ახსნა-განმარტებები არსებულ საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც წარმოადგენს დანართის სახით, ასევე მოიძია ტაქსის მძღოლი, რომელიც ემსახურებოდა კომპანიას კლიენტისთვის შეძენილი საქონლის გადაზიდვაში, რომელსაც ასე წარმოადგენს დანართის სახით.
მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გათვალისწინება, თუ მოთხოვნილი იქნება დამატებითი ინფორმაცია მზად არის შეასრულოს აღნიშნული მოთხოვნა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
შემოწმებისას დადგინდა, რომ გადამხდელს მიღებული აქვს ელ. ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები სურსათზე, საყოფაცხოვრებო საქონელსა და სარემონტო-საიზოლაციო მასალებზე, ხოლო გამოწერილი აქვს ელ. ანგარიშ-ფაქტურები მომსახურებაზე. გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით გაწეულ მომსახურებებთან ნაწილობრივ დაკავშირდა მიღებული საქონელი/მომსახურება, ხოლო მიღებული საქონლის დარჩენილი ნაწილი ჩაითვალა რეალიზებულად. იქიდან გამომდინარე, რომ მიღებული საქონელი და მომსახურება სრულად ვერ დაუკავშირდა სარემონტო მომსახურებებს, აღნიშნული მომსახურების ამონაგებად გათვალისწინებული იქნა 12%-იანი ფასნამატი, სხვა დარჩენილ სარემონტო-საიზოლაციო მასალებზე - 15,32%-იანი ფასნამატი, ხოლო სურსათსა და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე გავრცელდა 13.32%-იანი ფასნამატი (სხვა მსგავსი ტიპის ეკონომიკური საქმიანობის დროს შემოწმებით დადგენილი ფასნამატის ოდენობა).
მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს მოპასუხე ორგანოს დასახელებული არგუმენტების საპირწონე საწინააღმდეგო არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2. სალაროს ნაშთის და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლილი თანხების განსაზღვრა ხარჯების გაუთვალისწინებლად
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შემოწმებით ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, რომლის შესაბამისადაც, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდებოდა შემოწმებით დადგენილ/მიღებულ შემოსავალსა და დადასტურებული ხარჯის ოდენობას შორის სხვაობა 167 657 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ იქნა დამატებით წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები (გარდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახული პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტებისა). ამასთან, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 2023 წლის თებერვალში ჩატარებულია სალაროს ინვენტარიზაცია, რის მიხედვითაც ფულის ნაშთი შეადგენს ნულოვან მაჩვენებელს. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროს ნაშთი ნულოვანს შეადგენს. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მოთხოვნების შესაბამისად, აღნიშნული სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ მართლზომიერია შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით მიღებულ და გადამხდელის მიერ აღიარებულ შემოსავლებს შორის სხვაობის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სარგებლად განხილვა.
ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურს არანაირი დამატებითი არგუმენტაცია და კვლევა არ ჩაუტარებია სადავო საკითხთან დაკავშირებით და გადაწყვეტილება ფაქტიურად იდენტურია წინა გადაწყვეტილების. სასაქონლო ზედნადებებიდან ჩანს, რომ კლიენტების მოთხოვნის შესაბამისად მის მიერ ხდებოდა საქონლის მიწოდება კლიენტის მიერ მითითებულ მისამართზე. როგორც ახსნა-განმარტებებში და საქმის მასალებიდან ჩანს, რომ გადაზიდვას ახორციელებდა, როგორც დირექტორის პირადი მანქანით ასევე, დაქირავებული სპეც. მანქანებით და ტაქსებით კომპანიას კლიენტის მოთხოვნის შესასრულებლად ჰქონდა ტრანსპორტირების (გადაზიდვის ხარჯი, რომელშიც შედიოდა, როგორც ბენზინის ღირებულება, მანქანის და მძღოლის) მომსახურების საფასური. შესაბამისად, მოითხოვს ტრანსპორტირების ხარჯის გათვალისწინებას. შემოსავლების სამსახურს თავისუფლად შეუძლია მოიძიოს თბილისის ტერიტორიაზე ტრანსპორტირების მომსახურების საფასური, თუ ვერ ან არ დაადგენს, მას თვითონ შეუძლია ამის დადგენა და მოწოდება ოღონდ დრო დასჭირდება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმებისას დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდებოდა შემოწმებით დადგენილ/მიღებულ შემოსავალსა და დადასტურებული ხარჯის ოდენობას შორის სხვაობა 167 657 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ იქნა დამატებით წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები (გარდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახული პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტებისა). ამასთან, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 2023 წლის თებერვალში ჩატარებულია სალაროს ინვენტარიზაცია, რის მიხედვითაც ფულის ნაშთი შეადგენს ნულოვან მაჩვენებელს. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროს ნაშთი ნულოვანს შეადგენს. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მოთხოვნების შესაბამისად, აღნიშნული სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად.
მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს მოპასუხე ორგანოს დასახელებული არგუმენტების საპასუხო არგუმენტს ან დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა შემოწმებისას დადგენილი ფასნამატით;
2. სალაროს ნაშთის და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლილი თანხების განსაზღვრა ხარჯების გაუთვალისწინებლად.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებისას დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდებოდა შემოწმებით დადგენილ/მიღებულ შემოსავალსა და დადასტურებული ხარჯის ოდენობას შორის სხვაობა 167 657 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ იქნა დამატებით წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები (გარდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახული პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტებისა). ამასთან, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 2023 წლის თებერვალში ჩატარებულია სალაროს ინვენტარიზაცია, რის მიხედვითაც ფულის ნაშთი შეადგენს ნულოვან მაჩვენებელს. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროს ნაშთი ნულოვანს შეადგენს. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მოთხოვნების შესაბამისად, აღნიშნული სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;
101(1);154(1);