ბრძანება N 20401

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 17.09.2025
№ დოკუმენტი 20401
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20401

17 სექტემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის.: ---) 2025 წლის 29 ივლისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №72) განიხილა შპს „--ს“ (ს/ნ ---) 2025 წლის 29 ივლისის №97171/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 ივნისის №041-20 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. მომჩივანი არ ეთანხმება სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ ხარჯებში გათვალისწინებულია მხოლოდ საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული თანხები და ითხოვს შესაძლებლობას, რომ წარმოადგინოს ხარჯის დამადასტურებელი დამატებითი დოკუმენტაცია. ასევე, მომჩივანი არ ეთანხმება ვირტუალური ფულის ნაშთის ე.წ. „აგროსვას“ და 20%-ის ნაცვლად 25%-ით დაბეგვრას გადახდის წყაროსთან.

2. მომჩივანი არ ეთანხმება არარეზიდენტ მომწოდებელთან ზედმეტად გადარიცხული თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ აღნიშნული თანხა არ წარმოადგენდა ავანსს და მისი გადახდა მოხდა დაგვიანებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 მაისის №9042 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 26 იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 26 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2025 წლის 27 ივნისის №14023 ბრძანება და ამავე თარიღის №041-20 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 158 966 ლარი, მათ შორის გადასახადი 103 414 ლარი, ჯარიმა 51 707 ლარი და საურავი 3 844 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. შპს „---“ (ს/ნ ---) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იყო 2024 წლის 26 იანვრიდან და ამავე თარიღიდან იყო დღგ-ის გადამხდელი (უფიქსირდება არაკვალიფიციურის სტატუსი ). საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენდა საქონლის (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები) იმპორტი ჩინეთიდან და ადგილობრივი რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელმა არ წარადგინა შემოწმების მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია-დოკუმენტაცია.

შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, დადგინდა სალაროში ნაღდი ფულის ოდენობა. კერძოდ, გაანგარიშდა კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრების ოდენობა (საწარმოს შემოსავლად განესაზღვრა დღგ-ის დეკლარაციაში ასახული ბრუნვების ჯამი), რა დროსაც გათვალისწინებულ იქნა შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაცია გაწეული ხარჯების შესახებ (იმპორტირებული საქონლის ღირებულება, დოკუმენტურად შეძენილი საქონლის/მომსახურების ღირებულება და საბაჟოზე გადახდილი დღგ). აღნიშნული მეთოდით დათვლილი, საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის ოდენობამ შეადგინა 158 582 ლარი, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგდასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელი საქონლის შეძენას ახორციელებდა იმპორტის გზით. საწარმოს ჩინეთიდან მიღებული ჰქონდა 1 517 417 ლარის (საინვოისო ღირებულება ტრანსპორტირების ჩათვლით) საქონელი, ხოლო მოწოდებული საბანკო ამონაწერის მიხედვით, არარეზიდენტ მომწოდებელთან გადარიცხული ჰქონდა თანხა საქონლის საინვოისო ღირებულებაზე ჯამში 255 076 ლარის ეკვივალენტით მეტი. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბანკის ამონაწერების მიხედვით, ბოლო გადარიცხვა ფიქსირდებოდა 2024 წლის 7 ნოემბერს 100 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო საბაჟოზე ბოლოს საქონელი მიღებული და დეკლარირებულია 2024 წლის 25 ოქტომბერს.

საწარმოს უფიქსირდებოდა საქონლის/მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით ავანსის გადახდა. ამასთან, შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს, ავანსის გადახდიდან გონივრულ ვადაში, ფაქტობრივად არ ჰქონდა მიღებული შესაბამისი საქონელი/მომსახურება. ასევე, არ დასტურდებოდა ავანსის მიმღები პირის მხრიდან ავანსის თანხის/თანხის ნაწილის უკან დაბრუნების ფაქტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, ასევე, ზემოთ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებებისა და დარიცხვის სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მიერ მომწოდებლისთვის გადახდილი ავანსი/ავანსის ნაწილი, რომლის შესაბამისი საქონლის/მომსახურების მიღების ფაქტიც არ იქნა დადასტურებული საგადასახადო შემოწმების დანიშვნის მომენტისთვის, დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენდა საქონლის იმპორტი ჩინეთიდან და ადგილობრივი რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელმა არ წარადგინდა შემოწმების მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია-დოკუმენტაცია.

შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა სალაროში ნაღდი ფულის ოდენობა, კერძოდ, გაანგარიშდა კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრების ოდენობა (საწარმოს შემოსავლად განესაზღვრა დღგ-ის დეკლარაციაში ასახული ბრუნვების ჯამი) და გათვალისწინებულ იქნა შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაცია გაწეული ხარჯების შესახებ (იმპორტირებული საქონლის ღირებულება, დოკუმენტურად შეძენილი საქონლის/მომსახურების ღირებულება და საბაჟოზე გადახდილი დღგ).

აღნიშნული მეთოდით დათვლილი საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ ხარჯებში გათვალისწინებულია მხოლოდ საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული თანხები და ითხოვს მიეცეს ხარჯების დამადასტურებელი დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველი სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, კომპანიას არარეზიდენტ მომწოდებელთან გადარიცხული ჰქონდა თანხა საქონლის საინვოისო ღირებულებაზე ჯამში 255 076 ლარის ეკვივალენტით მეტი.

საწარმოს უფიქსირდებოდა საქონლის/მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით ავანსის გადახდა, თუმცა გადახდიდან გონივრულ ვადაში, ფაქტობრივად არ ჰქონდა მიღებული შესაბამისი საქონელი/მომსახურება. ასევე, არ დასტურდებოდა ავანსის მიმღები პირის მხრიდან ავანსის თანხის/თანხის ნაწილის უკან დაბრუნების ფაქტი. გადასახადის გადამხდელის მიერ მომწოდებლისთვის გადახდილი ავანსი/ავანსის ნაწილი, რომლის შესაბამისი საქონლის/მომსახურების მიღების ფაქტიც არ იქნა დადასტურებული საგადასახადო შემოწმების დანიშვნის მომენტისთვის, დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. მომჩივანი არ ეთანხმება სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ ხარჯებში გათვალისწინებულია მხოლოდ საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული თანხები და ითხოვს შესაძლებლობას, რომ წარმოადგინოს ხარჯის დამადასტურებელი დამატებითი დოკუმენტაცია. ასევე, მომჩივანი არ ეთანხმება ვირტუალური ფულის ნაშთის ე.წ. „აგროსვას“ და 20%-ის ნაცვლად 25%-ით დაბეგვრას გადახდის წყაროსთან.

2. მომჩივანი არ ეთანხმება არარეზიდენტ მომწოდებელთან ზედმეტად გადარიცხული თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ აღნიშნული თანხა არ წარმოადგენდა ავანსს და მისი გადახდა მოხდა დაგვიანებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა სალაროში ნაღდი ფულის ოდენობა, კერძოდ, გაანგარიშდა კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრების ოდენობა (საწარმოს შემოსავლად განესაზღვრა დღგ-ის დეკლარაციაში ასახული ბრუნვების ჯამი) და გათვალისწინებულ იქნა შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაცია გაწეული ხარჯების შესახებ (იმპორტირებული საქონლის ღირებულება, დოკუმენტურად შეძენილი საქონლის/მომსახურების ღირებულება და საბაჟოზე გადახდილი დღგ).

აღნიშნული მეთოდით დათვლილი საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

საწარმოს უფიქსირდებოდა საქონლის/მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით ავანსის გადახდა. ამასთან, შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს, ავანსის გადახდიდან გონივრულ ვადაში, ფაქტობრივად არ ჰქონდა მიღებული შესაბამისი საქონელი/მომსახურება. ასევე, არ დასტურდებოდა ავანსის მიმღები პირის მხრიდან ავანსის თანხის/თანხის ნაწილის უკან დაბრუნების ფაქტი.

აღწერილი ფაქტობრივი გარემოებებისა და დარიცხვის სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მიერ მომწოდებლისთვის გადახდილი ავანსი/ავანსის ნაწილი, რომლის შესაბამისი საქონლის/მომსახურების მიღების ფაქტიც არ იქნა დადასტურებული საგადასახადო შემოწმების დანიშვნის მომენტისთვის, დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველი სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4, 9); 101 (1); 154 (1); 105 (2); 72 (1).