ბრძანება N 32765
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 32765
26 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------ს“ (ს/ნ ------------)
(მის.: ---------------------------)
2023 წლის 10 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №129) განიხილა შპს „-------ს“ (ს/ნ ------------) №84863/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 ოქტომბრის №040-21 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე დღგ-ს დარიცხვას. მიიჩნევს, რომ მთლიან შესამოწმებელ პერიოდზე ზედაპირულად არის მიყენებული 17.5%-იანი ფასნამატი. მაშინ როცა 2021 წელს დოკუმენტური ფასნამატი იყო 14% და შემმოწმებელს შეეძლო აღნიშნული ფასნამატი გამოეყენებინა 2020 წელზე. აცხადებს, რომ შემოწმებამ არ გააანალიზა საცალო რეალიზაციის წილი მთლიან რეალიზაციაში, რომელიც 95%-ს შეადგენდა. გადამხდელი მიუთითებს, რომ შემოწმებამ დოკუმენტური ფასნამატი თვის ან წლის ჭრილში არ გამოიყვანა, რასაც არ ეთანხმება. გადამხდელი აცხადებს, რომ მასთან არ ჩატარებულა ინვენტარიზაცია, რადგან უფლებამოსილი პირი არ იმყოფებოდა საქართველოში, ამიტომ გაუგებარია სმფ-ს ნაშთად რატომ მიიჩნიეს 0 ლარი. შესაბამისად, არ ეთანხმება აღნიშნული ინვენტარიზაციის შედეგებს.
2. გადამხდელი არ ეთანხმება გადახდის წყაროსთან დაბეგრილ საშემოსავლო გადასახადს. მიუთითებს, რომ შემოწმებამ ე.წ. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დათვალა შპს „-----ს“ შემოსავლები, ხოლო აღნიშნულის შედეგად გაანგარიშდა საშემოსავლო გადასახადი სანქციის თანხასთან ერთად. გადამხდელი აღნიშნავს, რომ გადასახადის გაანგარიშება შემმოწმებლების მხრიდან განხორციელდა მთელი რიგი პროცედურული დარღვევებითა და არასწორი ინტერპრეტაციებით. კერძოდ, საშუალო ფასნამატად გამოყენებულია 17. 5% და სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთები დათვლილია არასწორად. აღნიშნულიდან გამომდინარე სალაროს არაგონივრული ნაშთიც გაანგარიშებულია არაზუსტი მონაცემების მიხედვით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №6503 და 12 სექტემბრის №22159 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------ს“ (ს/ნ ------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 23 ივლისიდან 2023 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2023 წლის 6 ივნისის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 9 ოქტომბრის №24915 ბრძანება და ამავე თარიღის №040-21 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 512 588 ლარი, მათ შორის, გადასახადი 302 503 ლარი, ჯარიმა 150 139 ლარი, საურავი 59 946 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
1. შპს „----“ შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებს გაყინული ხორცპროდუქტების და ცხიმების შეძენა (მცირედი ნაწილის იმპორტი)/რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია შესამოწმებელ პერიოდში დაბეგვრის ობიექტის დადგენა, კერძოდ, გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა საანგარიშო პერიოდის ბუღალტრული აღრიცხვა, სადაც ჩამოწერებს ახორციელებს უმეტესად თვის ბოლოს ჯამური თანხით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, შემოწმებამ გადამხდელის შემოსავლები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. გადასახადის გადამხდელს 2020 წელს დოკუმენტური რეალიზაცია არ ჰქონდა განხორციელებული. 2021 წელს დოკუმენტური ფასნამატი შეადგენდა 14%-ს, ხოლო საცალო 10%-ს, 2022 წელს დოკუმენტური ფასნამატი შეადგენდა 21%-ს, საცალო -4%-ს. 2020, 2021, 2022 და 2023 წლებში საცალოდ რეალიზებულ სასაქონლომატერიალური ფასეულობების თვითღირებულებაზე (სახეობების მიხედვით, შეძენის წილის პროპორციულად) გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების (სასაქონლო ზედნადებები) საფუძველზე დათვლილი ფასნამატი 17.5%. აგრეთვე, შპს „-----თან“ ჩატარდა ინვენტარიზაცია 2023 წლის ივნისის თვეში, ფაქტობრივი ნაშთი იყო 0 ლარი, ხოლო 2023 წლის 1 მარტამდე სმფ-ის საბოლოო ნაშთი იყო 932 530 ლარი, 2023 წლის იანვრიდანივნისამდე პერიოდებში განხორციელებული იყო საქონლის მოძრაობა და ამ პერიოდისთვის სმფ-ის საბოლოო ნაშთი უნდა ყოფილიყო 670 516 ლარის ოდენობით, ვინაიდან ფაქტობრივად არ იყო ნაშთი, მოხდა წინა პერიოდებში გადანაწილება (რეალიზაციად აღიარება) შესაბამისი ფასნამატების გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „----ს“ დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
2. გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება როგორც საკასო შემოსავალი, ისე საკასო ხარჯი. შემოწმებით გაანგარიშებულ იქნა საწარმოს არაგონივრული ნაშთი „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ N9 დანართის შესაბამისად, (საკასო შემოსავლის და შესაბამისად სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას შემოწმების მიერ გათვალისწინებული იქნა არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავლები 1 131 866.8 ლარი), საწარმოს არაგონივრული ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განისაზღვრა 519 422.25 ლარით, სალაროს ნაშთი შემცირებულია საანგარიშო პერიოდების მიხედვით დამფუძნებლის მიმართ არსებული ვალდებულებით. კერძოდ, 602 215.68 ლარის ოდენობით (შემოწმებით საწარმოს დამფუძნებლის მიმართ ვალდებულება არ გააჩნია). შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101- ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით,ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან -შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით და წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტებით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ამასთან, ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, და შემოწმების ხელთ არსებული დოკუმენტაცია/ინფორმაციით ვერ დგინდება დაბეგვრის ობიექტი, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით განხორციელდა მართლზომიერად. ხოლო რაც შეეხება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებულ ფასნამატს, შემოწმების მიერ 2020, 2021, 2022 და 2023 წლებში საცალოდ რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულებაზე (სახეობების მიხედვით, შეძენის წილის პროპორციულად) გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების (სასაქონლო ზედნადებები) საფუძველზე დათვლილი ფასნამატი 17.5%. ამასთან, ინვენტარიზაციის შედეგებიდან გამომდინარე, სმფ-ის ნაშთი, რომელიც გადამხდელს უნდა ჰქონოდა (თუმცა ფაქტობრივად არ ჰქონდა) გადანაწილდა პერიოდებში და მოხდა მისი რეალიზაციად აღიარება შესაბამისი ფასნამატების გათვალისწინებით, შესაბამისად, გადამხდელს განესაზღვრა დღგ. ზემოაღნიშნული მეთოდით დადგენილი შემოსავლის გათვალისწინებით, შემოწმებამ განსაზღვრა საწარმოს არაგონივრული ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, რომელიც დაკვალიფიცირდა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების მიერ ფასნამატის განსაზღვრას, თუმცა საჩივარში არ არის მითითებული კონკრეტული არგუმენტები, რომელიც გაამყარებდა მომჩივნის პოზიციას. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------ს“ (ს/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება:
1.შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე დღგ-ს დარიცხვას.
2. გადახდის წყაროსთან დაბეგრილ საშემოსავლო გადასახადს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №6503 და №22159 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 23 ივლისიდან 2023 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2023 წლის 6 ივნისის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ №24915 ბრძანება და №040-21 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 512 588 ლარი, მათ შორის, გადასახადი 302 503 ლარი, ჯარიმა 150 139 ლარი, საურავი 59 946 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია შესამოწმებელ პერიოდში დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ამიტომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, შემოწმებამ გადამხდელის შემოსავლები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.მომჩივანს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
ასევე,გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება როგორც საკასო შემოსავალი, ისე საკასო ხარჯი. შემოწმებით გაანგარიშებულ იქნა საწარმოს არაგონივრული ნაშთი „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ N9 დანართის შესაბამისად, საწარმოს არაგონივრული ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განისაზღვრა 519 422.25 ლარით, სალაროს ნაშთი შემცირებულია საანგარიშო პერიოდების მიხედვით დამფუძნებლის მიმართ არსებული ვალდებულებით.შედეგად,საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101- ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“,9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“,2 „ა“ და „ბ“); 159(1 „ა“) ;163(1); 164(1);