ბრძანება N 4260

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.03.2023
№ დოკუმენტი 4260
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 4260

06.03.2023

შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )

(მის.:"------" )

2022 წლის 28 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №11) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“ ) 2022 წლის 28 სექტემბრის №176574/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 01 სექტემბრის №047-30 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და მის საფუძველზე განსაზღვრულ ფასნამატს. განმარტავს, რომ შემოწმება დაეყრდნო გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს, აღნიშნული ინფორმაცია კი უცნობია გადამხდელისთვის, რომლითაც ირღვევა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლის მოთხოვნები. ამასთან, შემოწმების აქტში არ ჩანს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 20 მაისის №1/2/876 გადაწყვეტილებაზე მითითებით განმარტავს, თუ რატომ არ უნდა გამოეყენებინა შემოწმებას არაპირდაპირი მეთოდი და მის საფუძველზე განესაზღვრა ფასნამატი.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის ოდენობას და დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვას, ასევე ხელფასად გაცემული თანხის ე.წ. აგროსვას. მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ 76 127 ლარის სალაროს ნაშთი მიღებულია ფასნამატის ხარჯზე, რეალიზაციად აღიარებული თანხებიდან, რაც უსაფუძვლოდ და სამართლებრივად დაუსაბუთებლად აგროსილია, დარიცხულია საშემოსავლო გადასახადი (კოეფიციენტი 0,8) და განხილულია დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საშემოსავლო გადასახადით იბეგრება ფაქტობრივად მიღებული თანხები, მოცემულ შემთხვევაში კი პირობითად მიღებულად ეთვლება თითქოსდა გადასახდელი საშემოსავლო გადასახადიც, რაც არც აქტით და არც სხვა რაიმე დოკუმენტით არ დგინდება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 17 ივნისის №15437 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“ ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 29 დეკემბრიდან 2022 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 30 აგვისტოს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის პირველი სექტემბრის №22758 ბრძანება და ამავე თარიღის №047-30 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 116 077 ლარი, მათ შორის, გადასახადი 76 210 ლარი, ჯარიმა 38 205 ლარი, საურავი 1 662 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. შპს „-------“ საქმიანობის სახეა საცალო ვაჭრობა სიგარეტებით, საყოფაცხოვრებო ქიმიითა და პროდუქტებით. გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესის შესაბამისად. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც ფაქტობრივი ნაშთი კომპანიას არ გააჩნია. შემოწმების პროცესში ანალიზი ჩაუტარდა გადამხდელის მიერ შეძენილ, რეალიზებულ და ნაშთად არსებულ საქონელს. შემოწმების შედეგად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განისაზღვრა ბუღალტრული და ფაქტობრივი ნაშთი, რომელიც დაემთხვა ერთმანეთს და სხვაობა არ გამოვლენილა. აღნიშნული ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ შეძენილი საქონელი სრულად რეალიზებული აქვს სხვადასხვა პერიოდში, თუმცა სრულად არა აქვს დაბეგრილი და ასახული შესაბამის დეკლარაციებში.

შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შეძენილ საქონელზე გავრცელებული იქნა სხვა მსგავსი/იდენტური საქონლის აუდირებული ფასნამატი. შემოწმების შედეგად დამატებით გამოვლენილი რეალიზებული საქონელი, რომლის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი გადამხდელს არ ჰქონდა დაბეგრილი დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ახსნა-განმარტება, რომლის თანახმადაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. შემოწმების შედეგად, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების გათვალისწინებით მიღებული იქნა ფულადი ნაშთი 76 127 ლარის ოდენობით. აღნიშნული განხილულია ანგარიშვალდებული პირისთვის გადახდილ ხელფასად/მასთან გათანაბრებულ განაცემად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, რის გამოც შემოწმების მიმდინარეობისას შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს საქონელი სრულად აქვს რეალიზებული სხვადასხვა პერიოდში, თუმცა სრულად არა აქვს დაბეგრილი და ასახული შესაბამის დეკლარაციებში. შემოწმებით შეძენილ საქონელზე გავრცელდა სხვა მსგავსი/იდენტური საქონლის აუდირებული ფასნამატი. დამატებით გამოვლენილი რეალიზებული საქონელი დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში. ასევე, შემოწმების შედეგად, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების გათვალისწინებით მიღებული იქნა ფულადი ნაშთი, რომელიც განხილულია ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ საგადასახადო ორგანოში არსებული მონაცემების მიხედვით განსაზღვრული ფასნამატის გამოყენება, რამაც გამოიწვია დამატებითი შემოსავლის განსაზღვრა, მართლზომიერია, ხოლო მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების გათვალისწინებით მიღებული ფულადი ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“ ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.