ბრძანება N 23882

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.10.2026
№ დოკუმენტი 23882
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23882

21 ოქტომბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 13 აგვისტოს, 4 სექტემბრის, 18 სექტემბრის და 24 სექტემბრის

საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 17 სექტემბრის და 30 სექტემბრის სხდომებზე (ოქმი №85 და №89) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) 2026 წლის 13 აგვისტოს №104046/1/2026, 4 სექტემბრის №104421/1/2026, 18 სექტემბრის №104671/1/2026 და 24 სექტემბრის №104765/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 18 ივნისის №021-59 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

უცხოურ მომწოდებლებზე ავანსის სახით გადარიცხული თანხებისა და საქონლის მიწოდებით წარმოქმნილი მოთხოვნების არარეზიდენტზე გაცემულ სესხად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 ოქტომბრის №23531 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----“ (ს/ნ ----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის პირველი მაისიდან 2025 წლის პირველ ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდებში მოგების ყოველთვიური გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 8 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 18 ივნისის №13363 ბრძანება და ამავე თარიღის №---- საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა 441 874 ლარი.

მათ შორის:

მოგების გადასახადი - 272 258

ჯარიმა - 136 129

საურავი - 33 487

 

აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:

შემოწმების ეტაპზე გადასახადის გადამხდელმა წარადგინა საბუღალტრო ჩანაწერები, საბანკო ამონაწერები კომპანიის კუთვნილი ანგარიშებიდან (ანგარიშები რეგისტრირებულია უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებში) და შემოწმებასთან დაკავშირებული სხვა სააღრიცხვო დოკუმენტები. შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა, როგორც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების ეტაპზე წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აღნიშნული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ავანსის სახით გადარიცხული აქვს თანხები სხვადასხვა არარეზიდენტი პირებისთვის. აგრეთვე, გადამხდელს უფიქსირდება საქონლის მიწოდებით წარმოქნილი მოთხოვნები (დებიტორული დავალიანება) არარეზიდენტი პირების მიმართ (აღნიშნული ოპერაციები აღრიცხულია კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერებში 1480 და 1410 ანგარიშებზე). არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომპანიის მიერ უცხოურ მომწოდებლებზე გადარიცხული თანხები და წარმოქმნილი მოთხოვნები გონივრული ვადის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, განხილულ იქნა არარეზიდენტზე სესხის გაცემად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 ნაწილის საფუძველზე, დაერიცხა მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი აცხადებს, რომ კომპანია ახორციელებს ტროპიკული ხილით საბითუმო ვაჭრობას. კომპანიის მომწოდებელს წარმოადგენს არაერთი შორეული ქვეყნის საწარმო. განმარტავს, რომ აღნიშნული საქონლით ვაჭრობა მოითხოვს განსაკუთრებული სპეციფიკით მუშაობას. მიუთითებს, რომ კომპანიის მიერ მომწოდებლებისთვის წინასწარ ხორციელდება თანხების გადახდა, რათა სეზონისთვის მოხდეს პროდუქტის შენახვა და შემდგომში მიწოდება. თავის მხრივ, ვაჭრობა მყიდველებისა და მომწოდებლების შემთხვევაშიც იგივე პრინციპით ხორციელდება, წინასწარ ირიცხება ავანსის თანხები. ასევე, განსხვავებულია საქონლის ტრანსპორტირებაც, კერძოდ, ტრანსპორტირებისას საჭიროა შესაბამისი სტანდარტების დაცვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ტრანსპორტირების დროს საქონლის გაფუჭების შემთხვევები. მომჩივანი აღნიშნავს, რომ პირებს შორის სასესხო ურთიერთობის არსებობის ფაქტი სულ მცირე გამყარებული უნდა იყოს მხარეების ურთიერთდამოკიდებულებით, რაც გავლენას ახდენს კომპანიების საქმიანობის პირობებზე/ეკონომიკურ შედეგებზე. მსგავსი ტიპის შემოსავალი კომპანიას დოკუმენტურად არ უდგინდება, ხოლო კომპანიებთან ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობას, შესაბამისად, მიაჩნია, რომ არამართლზომიერია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენება. გარდა აღნიშნულისა, მომჩივანი განმარტავს, რომ ბუნდოვანია დებიტორული და კრედიტორული დავალიანებისთვის გონივრული ვადის განსაზღვრა, რომელიც არ გამომდინარეობს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ დანართი №11-დან. აღნიშნული მეთოდური მითითების მიხედვით, გონივრულ ვადად განსაზღვრულია არანაკლებ უწყვეტი 12 კალენდარული თვე. შესაბამისად, გადამხდელი ვერ იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას, რომლის მიხედვით მოგების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას გათვალისწინებული იყო კანონმდებლობით განსაზღვრული გონივრული ვადა. აღნიშნულის დასადასტურებლად გადამხდელი წარმოადგენს ცხრილს, რომლითაც დასტურდება, რომ უცხოურ მომწოდებლებზე გადარიცხული თანხები და წარმოქმნილი მოთხოვნები არ აღემატება 12 კალდენდარულ თვეს. ასევე, გადამხდელს საჩივრებზე დანართის სახით წარმოდგენილი აქვს ცხრილი სადაც ასახულია ბრუნვები პერიოდის განმავლობაში და დებიტორული დავალიანების საბოლოოო ნაშთი, საბანკო ამონაწერები, ასევე, ბანკიდან გამოთხოვილი ცნობა თანხის გადახდებთან დაკავშირებით და აღნიშნულზე მითითებით ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

შემოსავლების სამსახურის პოზიცია:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა, როგორც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების ეტაპზე წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ავანსის სახით გადარიცხული აქვს თანხები სხვადასხვა არარეზიდენტი პირებისთვის. აგრეთვე, გადამხდელს უფიქსირდება საქონლის მიწოდებით წარმოქნილი მოთხოვნები (დებიტორული დავალიანება) არარეზიდენტი პირების მიმართ. შედეგად, კომპანიის მიერ უცხოურ მომწოდებლებზე გადარიცხული თახები და წარმოქმნილი მოთხოვნები გონივრული ვადის გათვალისწინებით განხილულ იქნა არარეზიდენტზე სესხის გაცემად.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების აქტის შესაბამისად, დებიტორული დავალიანება კომპანიასთან (-----), რაზედაც განხორციელდა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, შეადგენს 1 541 189 ლარს. დავების ეტაპზე წარმოდგენილი ინფორმაციით, აღნიშნულ კომპანიასთან (-----) 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დებიტორული დავალიანება შემცირებულია 90 547 ლარით და შეადგენს 1 450 641 ლარს. აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ დავალიანების შემდგომი ცვლილების ფაქტი არაარსებითია, არ იწვევს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივი გარემოებების ცვლილებას და შესაბამისად, არ არსებობს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი.

შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----“ (ს/ნ ----) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

უცხოურ მომწოდებლებზე ავანსის სახით გადარიცხული თანხებისა და საქონლის მიწოდებით წარმოქმნილი მოთხოვნების არარეზიდენტზე გაცემულ სესხად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების ეტაპზე დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ავანსის სახით გადარიცხული აქვს თანხები სხვადასხვა არარეზიდენტი პირებისთვის, ასევე უფიქსირდება საქონლის მიწოდებით წარმოქმნილი მოთხოვნები (დებიტორული დავალიანება) არარეზიდენტი პირების მიმართ. არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, უცხოურ მომწოდებლებზე გადარიცხული თანხები და წარმოქმნილი მოთხოვნები გონივრული ვადის გათვალისწინებით განხილულ იქნა არარეზიდენტზე სესხის გაცემად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:982;