ბრძანება N 19152
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19152
27 აგვისტო 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ------- (პ/ნ -------)
(მის. --------, -------)
2025 წლის 26 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 21 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №69) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 26 ივლისის №97118/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის პირველი ივლისის №068-9 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი ითხოვს სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას შემოწმებამ გაითვალისწინოს გაწეული ხარჯები სრულად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 13 მაისის №9317 და 23 ივნისის №13347 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 01.01.2022-დან 01.05.2025-მდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის 13.05.2025-ის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის პირველი ივლისის №14438 ბრძანება და ამავე თარიღის №068–9 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 224 025 ლარი, მათ შორის გადასახადი 141 210 ლარი, ჯარიმა 75 115 ლარი და საურავი 7 700 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ------- მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელმწიფო შესყიდვების გზით გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე სამშენებლო-სარემონტო მომსახურების გაწევა, კერძოდ, სკვერების მოწყობა, საცხოვრებელი კორპუსების გამაგრება, სარწყავ-სანიაღვრე არხების მოწყობა, სასაფლაოების შემოღობვის სამუშაოები და სხვა. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმო არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 2 მაისის №8805 ბრძანებით განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვითაც 13.05.2025 წლის მდგომარეობით გადამხდელს სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნდა. საწარმოს დირექტორი მონაწილეობდა შემოწმების პროცესში და წარმოდგენილი აქვს საბანკო ამონაწერები და ცნობა ანგარიშების შესახებ.
შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდით გაიანგარიშა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოწმებით დადგენილ შემოსავლებს გამოაკლდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები, მ.შ დოკუმენტურად დადასტურებული სმფ-ის შეძენის ხარჯი, გაცემული ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი და სხვა განაცემის შინაარსით გადახდილი თანხები. საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთების გათვალისწინებითა და დებიტორ-კრედიტორული დავალიანების სრულად გათვალისწინებით გაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში არსებული ფულის ნაშთი, რისი არსებობაც გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმო არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 2 მაისის №8805 ბრძანებით განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვითაც 13.05.2025 წლის მდგომარეობით გადამხდელს სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნდა. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდით გაიანგარიშა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოწმებით დადგენილ შემოსავლებს გამოაკლდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები, მ.შ დოკუმენტურად დადასტურებული სმფ-ის შეძენის ხარჯი, გაცემული ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი და სხვა განაცემის შინაარსით გადახდილი თანხები. საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთების გათვალისწინებითა და დებიტორკრედიტორული დავალიანების სრულად გათვალისწინებით გაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში არსებული ფულის ნაშთი, რისი არსებობაც გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის პოზიციაზე, რომლითაც ითხოვს სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას შემოწმებამ გაითვალისწინოს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები სრულად. მიუთითებს, რომ შემოწმების მიმდინარეობისას მისი და კომპანიის ბუღალტრის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ვერ შეძლო შემმოწმებლისთვის დროულად მიეწოდებინა მასალები საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენამდე. შესაბამისად, მომჩივანმა წარმოდგენილ საჩივარს დაურთო გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. ასევე, მომჩივანმა საქმის ზეპირი განხილვისას აღნიშნა, რომ გაწეული აქვს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯი, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება არ გააჩნია.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საქმის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია საჭიროებს დამატებით შესწავლას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა მართლზომიერია. ამასთან, ფულის ნაშთის ოდენობის დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ასევე, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი ითხოვს სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას შემოწმებამ გაითვალისწინოს გაწეული ხარჯები სრულად.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმო არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანებით განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვითაც გადამხდელს სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნდა. შემოწმებამ არაპირდაპირი მეთოდით გაიანგარიშა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოწმებით დადგენილ შემოსავლებს გამოაკლდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები, მ.შ დოკუმენტურად დადასტურებული სმფ-ის შეძენის ხარჯი, გაცემული ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი და სხვა განაცემის შინაარსით გადახდილი თანხები. საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთების გათვალისწინებითა და დებიტორკრედიტორული დავალიანების სრულად გათვალისწინებით გაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში არსებული ფულის ნაშთი, რისი არსებობაც გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154