ბრძანება N 15183

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.06.2023
№ დოკუმენტი 15183
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 15183

29 ივნისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

------- (პ/ნ -------)

(მის: -------, -------)

2023 წლის 7 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 ივნისის სხდომაზე (ოქმი №68) განიხილა ------- (პ/ნ -------) №96781-21-10 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივნისის №EL212184 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორის განმარტებით, ცხოვრობს და მუშაობს საფრანგეთში საიდანაც ჩამოფრინდა საქართველოში. თან ჰქონდა გარკვეული ოდენობის ნაღდი თანხა, რადგან საქართველოში აპირებდა ბინის შეძენას და დედისთვის ოპერაციის გაკეთებას. მომჩივანი ასევე მიუთითებს, რომ აღნიშნული თანხა მას დეკლარირებული ჰქონდა გამოფრენამდე და საფრანგეთში აეროპორტის თანამშრომლისგან მიღებული ინფორმაციით, არ შეექმნებოდა პრობლემა საქართველოს აეროპორტში, რადგან ჰქონდა შესაბამისი დოკუმენტაცია. მისი განზრახვა არ ყოფილა თანხის დამალვა, უბრალოდ არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში უნდა მოეხდინა თანხის დეკლარირება.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს ქმედების საპატიოდ ჩათვლას, სადავო ოქმის გაუქმებას და მის საფუძველზე გადახდილი თანხის დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 7 ივნისს რეისით ------- (-------), ჩამოფრინდა საქართველოს მოქალაქე ------- (პ/ნ -------). მოქალაქეს დეკლარირების მოთხოვნით არ მიუმართავს გამშვები პუნქტის თანამშრომლებისთვის.

საპასპორტო კონტროლის გავლის შემდგომ, როდესაც აღნიშნული მოქალაქე მწვანე დერეფნის გავლით გადაადგილდებოდა თავისი კუთვნილი ხელბარგით გასასვლელისკენ, საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ უფლებამოსილი თანამშრომელის მიერ, ეჭვის საფუძველზე მოხდა მისი შეჩერება, რის შემდგომაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოქალაქის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების თაობაზე, რაზედაც შედგა მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების N- 69001/000178 ოქმი

დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ აღნიშნული პიროვნება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გადაადგილებდა დაუდეკლარირებელ თანხას, კერძოდ 100 050 ევროს, რამაც საქართველოს ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით შეადგინა 280 059,96 ლარი.

ვინაიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის გადმოტანას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტზე, 2023 წლის 7 ივნისს შედგენილ იქნა №EL212184 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ------- საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 28 005,996 ლარის ოდენობით. დაკისრებული ჯარიმის თანხა გადახდილ იქნა ოქმის ჩაბარებისთანავე.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:

საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;

საქონელი არის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი, ელექტროენერგია, თბოენერგია, გაზი, წყალი.

ამავე კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია; ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; დაათვალიეროს ფიზიკური პირი; განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 29-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლის ზონა არის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, სადაც საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების და პირის მიმართ ხორციელდება საბაჟო კონტროლის ღონისძიებები.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი აზუსტებს, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, აქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აგრეთვე თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებებს და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ღონისძიებებს.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს:

ა) პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა;

ბ) პირმა, რომელიცსაქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს;

გ) პირმა, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით გადატანილი ან გადმოტანილი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს საგადასახადო კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევისთვის სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი ხშირად გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე და მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ფიზიკური პირისთვის დეკლარირების ვალდებულების წარმოშობის შემთხვევების თაობაზე. აღნიშნულს ადასტურებს საჩივარზე დართული დოკუმენტის ქსეროასლიც, რომლის შინაარსის თანახმად, წარსულში ფრენის განხორციელებამდე (საფრანგეთი (პარიზი) რეისი AF 3030), სავარაუდოდ 2023 წლის აპრილის თვეში) დეკლარირებული აქვს გაურკვეველი ოდენობის თანხა ევროში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მიმართ გამოცემული სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ------- (პ/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანის განმარტემოთ არ ქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში უნდა მოეხდინა თანხის დეკლარირება. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს ქმედების საპატიოდ ჩათვლას, სადავო ოქმის გაუქმებას და მის საფუძველზე გადახდილი თანხის დაბრუნებას

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელის მიერ, ეჭვის საფუძველზე მოხდა მოქალაქის შეჩერება, რის შემდგომაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოქალაქის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების თაობაზე. დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ აღნიშნული პიროვნება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გადაადგილებდა დაუდეკლარირებელ თანხას, კერძოდ 100 050 ევროს, რამაც საქართველოს ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით შეადგინა 280 059,96 ლარი.

ვინაიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის გადმოტანას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მიმართ გამოცემული სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 27(1); 70(1); 73(1); 163(1); 169(3);