გადაწყვეტილება №19466/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.07.2023
№ დოკუმენტი 19466/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№19466/2/2023

28 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "-------" (პ/ნ "-------" )

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "------" ის 21.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19466/2/2023).

 

დავის საგანი:

1. სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევა;

2. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია გასაჩივრების ვადა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის1) №ELC21240, 2) №ELC21255, 3) №ELC21256, 4) №ELC21257, 5) №ELC21297, 6) №ELC21298, 7) №ELC21299, 8) №ELC21315, 9) №ELC21316, 10) №ELC21341, 11) №ELC21355, 12) №ELC21356, 13) №ELC21381, 14) №ELC21391, 15) №ELC21395, 16) №ELC21396 და 17) №ELC21397 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები;

2. შემოსავლების სამსახურის 18.04.2023 წლის №8381 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: ჯარიმა 17 000 ლარი.

 

პროცედურული გარემოებები

სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევის გამო, მომჩივანს, ზემოთ მითითებული სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 18.04.2023 წლის №8381 ბრძანებით საჩივარი საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №ELC21299 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 18.04.2023 წლის №8381 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევა

ფაქტების აღწერა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის სხვადასხვა პერიოდში მომჩივნის მიერ განხორციელდა სატრანსპორტო საშუალებების ზოგადი დეკლარირება, რომელთა დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენის ბოლო ვადადა განესაზღვრა 2019-2020 წლის შესაბამისი პერიოდი.

მომჩივანს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განუხორციელებია ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტიში დეკლარირება. სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევის გამო მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა თითოეული ოქმით 1 000 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილია და სადავოდ არა რის გამხდარი, რომ მომჩივნის მიერ განხორციელდა სატრანსპორტო საშუალებების ზოგადი დეკლარირება. მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციით ირკვევა, რომ დარღვეულია მომჩივნის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალების გამოცხადებისა და დეკლარირების ვადები, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, 29.11.2022 წელს შედგენილი სადავო სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმები მართლზომიერია.

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

წლების განმავლობაში მინდობილობის საფუძველზე ახდენდა "------"-ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საბაჟო გამშვები პუნქტიდან გამოყვანას და მის ტრანსპორტირებას მესაკუთრისათვის ჩასაბარებლად, საბაჟო გამშვები პუნქტიდან გამოყვანილი ყველა ავტომობილი ჩააბარა მესაკუთრეს ქალაქ "------"-ში. ამის შემდეგ ავტომობილებს რა ბედი ეწეოდა, მას განაბაჟებდნენ, ნაწილებად დაშლიდნენ თუ გაყიდიდნენ ეს მის უფლება მოვალეობაში არ შედიოდა. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები №ELC21240, №ELC21255, №ELC21256, №ELC21257, №ELC21297, №ELC21298, №ELC21299, №ELC21315, №ELC21316, №ELC21341, №ELC21355, №ELC21356, №ELC21381, №ELC21391, №ELC21395, №ELC21396 და №ELC21397 გასაჩივრდა დაგვიანებით, რადგან გადასახადის გადამხდელის გვერდზე ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს, რაც დადასტურებული იქნა შესაბამისი სამსახურის მიერ, შესაბამისად აღნიშნული ოქმები განმეორებით იქნა გამოგზავნილი, რაც დადგენილ ვადაში იქნა გასაჩივრებული. შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე და დარიცხული ჯარიმები კვლავ დარჩა ძალაში. ბრძანებაში მითითებულია, რომ იგი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, შესაბამისად ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის №8381 ბრძანებას და შედგენილ სამართალდარღვევის ოქმებს სრულად.

მინდობილობით მხოლოდ ავტომობილის საბაჟოდან გამოყვანის და მეპატრონისათვის მიყვანის უფლება ჰქონდა, არ ჰქონდა მისი განბაჟების, საზღვარზე გაყვანის ან სხვაგვარად განკარგვის უფლებამოსილება. ასევე მანქანის გამოყვანისას არც წერილობით და არც ზეპირად საბაჟო პუნქტის თანამშრომელს არ გაუფრთხილებია, რომ პირადად იყო ვალდებული კანონით დადგენილ ვადაში მანქანის დადეკლარირების. მხოლოდ უსაფრთხო გადაზიდვაზე იყო პასუხისმგებელი დამკვეთთან, სხვა არაფერი ევალებოდა. შესაბამისად თუ მის მიერ საბაჟოდან გამოყვანილი ტრანზიტული ავტომობილების დადეკლარირება დადგენილ ვადაში არ მოხდა მასზე პასუხი უნდა აგოს ავტომობილების მესაკუთრემ, რადგან უკლებლივ ჩააბარა ისინი.

შესაბამისად მიაჩნია, რომ შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები №ELC21240, №ELC21255, №ELC21256, №ELC21257, №ELC21297, №ELC21298, №ELC21299, №ELC21315, №ELC21316, №ELC21341, №ELC21355, №ELC21356, №ELC21381, №ELC21391, №ELC21395, №ELC21396, №ELC21397 უკანონოა, უსამართლოა და უნდა გაუქმდეს.

ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი და გააუქმოთ შემოსავლების სამსახურის 18.04.2023 წლის №8381 ბრძანება დაკმაყოფილდეს საჩივარი, გაუქმდეს შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და გათავისუფლდეს დარიცხული ჯარიმებისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციის და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 ნაწილების თანახმად:

1.პირს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობა განახორციელოს კანონიერი წარმომადგენლის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით.

4. ფიზიკური პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობის საფუძველზე.

5. საბაჟო წარმომადგენელი არის პირი, რომელიც სხვა პირის დავალებით საბაჟო ორგანოსთან ამ სხვა პირის ურთიერთობისას ახორციელებს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქმედებებსა და საბაჟო ფორმალობებს.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი ქმედების ჩამდენ პირს.

საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანმა პირმა იგი საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული მარშრუტით დაუყოვნებლივ უნდა გადაზიდოს/გადაიტანოს შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე.

ამგვარად, მომჩივანი, რომელმაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა, ვალდებული იყო საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში გამოცხადებულიყო შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე.

ვინაიდან სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების საბაჟო ორგანომდე მიტანისათვის განსაზღვრულ ვადაში მომჩივანი არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილში არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია გასაჩივრების ვადა

ფაქტების აღწერა

მომჩივანი 29.11.2022 წლის №ELC21299 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს გაეცნო შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 3.12.2022 წელს. საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 28.03.2023 წელს.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საქმის მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ ადრესატს 29.11.2022 წლის №ELC21299 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით გაეგზავნა იმავე დღეს, რომელსაც გაეცნო 3.12.2022 წელს და ჩაითვალა ჩაბარებულად. საჩივარი კი შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია 28.03.2023 წელს - გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის (30 დღე) ამოწურვის შემდეგ.

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან 29.11.2022 წლის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ნაწილში საჩივარი წარმოდგენილია გადაწყვეტილებების გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია საჩივრის წარდგენის ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევის თაობაზე, სახეზეა ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები გასაჩივრდა დაგვიანებით, რადგან გადასახადის გადამხდელის გვერდზე ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს, რაც დადასტურებული იქნა შესაბამისი სამსახურის მიერ, შესაბამისად აღნიშნული ოქმები განმეორებით იქნა გამოგზავნილი, რაც დადგენილ ვადაში იქნა გასაჩივრებული. ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის 18.04.2023 წლის №8381 ბრძანებას და ითხოვს გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმებისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციის და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის 2.05.2023 წლის №"------" წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივანი მის მიმართ შედგენილ 29.11.2022 წლის №ELC21299 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს გაეცნო ელექტრონულად, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გერდის საშუალებით 3.12.2022 წელს. საჩივრის წარდგენის ბოლო ვადა უქმე და არასამუშაო დღეების გათვალისწინებით იყო 9.01.2023 წელი. საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 28.03.2023 წელს, მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ. ვინაიდან მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას სადავო აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 18.04.2023 წლის №8381 ბრძანება საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუქტზე და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და გათავისუფლდეს დარიცხული ჯარიმებისგან.

2.გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის 18.04.2023 წლის №8381 ბრძანებას და ითხოვს გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმებისგან.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.მომჩივანს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განუხორციელებია ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტიში დეკლარირება.მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა.

2.ადრესატს 29.11.2022 წლის №ELC21299 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით გაეგზავნა იმავე დღეს, რომელსაც გაეცნო 3.12.2022 წელს და ჩაითვალა ჩაბარებულად. საჩივარი კი შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია 28.03.2023 წელს - გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის (30 დღე) ამოწურვის შემდეგ.

 

გადაწყვეტილება

1.ვინაიდან სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების საბაჟო ორგანომდე მიტანისათვის განსაზღვრულ ვადაში მომჩივანი არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში, ამ ნაწილში არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

2.საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 18.04.2023 წლის №8381 ბრძანება საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

163,165,საგ. კოდექსი : 299(1,4),44(9),301