გადაწყვეტილება №27658/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.07.2026
№ დოკუმენტი 27658/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27658/2/2026

16 ივლისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "--------" (ს/ნ "--------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,2.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "--------"-ს 25.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27658/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 6.03.2026 წლის №5138 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 23.04.2026 წლის №006-140 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 8.06.2026 წლის №12461 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 110 524.21 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 59 493.69

დღგ - 1 542.21

მოგების გადასახადი - 21 412.94

საშემოსავლო გადასახადი - 36 538.54

ჯარიმა - 29 355.6

საურავი - 21 674.92

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობაა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა, ასევე, არასპეციალიზებული საბითუმო ვაჭრობა.

აუდიტის დეპარტამენტის 19.06.2025 წლის №13119 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.06.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 26.12.2025 წლის №AR019924 საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

- კომპანიის მიერ დაქირავებულ პირზე გაცემული ხელფასისა და გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემების დაბეგვრის სისწორის შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვაობა ფაქტობრივ და დეკლარირებულ მონაცემებს შორის. ასევე, გაირკვა რომ გაწეულია ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის. ამასთან, კომპანიამ 13.09.2024 წელს შეიძინა საცხოვრებელი ბინა, რომლითაც უსასყიდლოდ სარგებლობდა კომპანიის დირექტორი.

კომპანიის მიერ გაწეული არაეკონომიკური ხარჯი და საწარმოს დირექტორის მიერ საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ სარგებლობა ჩაითვალა დირექტორის ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

- კომპანიას 2023 წლის 4 აგვისტოს, 29 ნოემბერს, 29 დეკემბერს, 2024 წლის 21 ივნისსა და 4 ოქტომბერს, დირექტორზე, გაცემული ჰქონდა 5 სესხი, რომელიც გაცემის მომენტში არ ჰქონდა დაბეგრილი მოგების გადასახადით. აღნიშნული სესხებიდან პირველი სესხის ნაწილი დაბრუნებულია 10.06.2024 წელს. შემოწმების შედეგად კომპანიის მიერ დირექტორზე გაცემული სესხი ჩაითვალა უპროცენტო სესხად და გაანგარიშდა შესაბამისი სარგებელი.

შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის №28611 ბრძანება და ამავე თარიღის №081-371 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 6.03.2026 წლის №5138 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- პირველ სადავო საკითხთან (საწარმოს დირექტორის მიერ კომპანიის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ სარგებლობის განხილვა დირექტორის ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად) დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. ინფორმაცია აღნიშნულ პერიოდში გადახდილი კომუნალური გადასახადების შესახებ;

ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 6.03.2026 წლის №5138 ბრძანება, არ დაკმაყოფილების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 2.04.2026 წლის №26978/2/2026 (7.04.2026წ. 03/25253) გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 6.03.2026 წლის №5138 ბრძანების აღსრულების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 17.04.2026 წლის დასკვნაში, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.04.2026 წლის №9006 ბრძანება და ამავე თარიღის №006-140 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 8.06.2026 წლის №12461 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე.

პირველ სადავო საკითხთან (საწარმოს დირექტორის მიერ კომპანიის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ სარგებლობის დირექტორის ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად განხილვასთან) დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბინის კომუნალური გადასახადების ქვითრები (ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი). აღნიშნული ქვითრების ანალიზისას გაირკვა, რომ ბინის შეძენის პერიოდიდან - შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე, ფიქსირდებოდა უწყვეტად ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მოხმარების ფაქტი. ასევე, დადგინდა, რომ ზამთრის პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მოცულობა იყო გაზრდილი, რაც მიუთითებს ამ პერიოდში აღნიშნული ბინით სისტემატურად სარგებლობის ფაქტზე. რაც შეეხება აღნიშნული ბინის საოფისე და სასაწყობე ფართად გამოყენების ფაქტს, აღნიშნულ მისამართზე („-------“) არ ფიქსირდებოდა გამოწერილი ან მიღებული, საქონლის შეძენის ან რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, გარდა მიღებული №„-------“ სასაქონლო ზედნადებისა და შიდა გადაზიდვის №„-------“ სასაქონლო ზედნადებისა, რომლებიც იყო პირადი ხასიათის. შესაბამისად, წარდგენილი კომუნალური ქვითრების ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების მიერ დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

მე-2 სადავო საკითხთან (სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან გათავისუფლებასთან) დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან გადამხდელს სადავო საკითხად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურმა დავის საგნის სიღრმისეული განხილვის გარეშე, ფორმალური საფუძვლით (სსკ-ის 304-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით), გამოსცა სადავო ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ბრძანება არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ეყრდნობა ფაქტების ტენდენციურ, არასწორ ინტერპრეტაციას, შემდეგ გარემოებათა გამო:

აქტივის ეკონომიკური დანიშნულება:

შეძენის დღიდან, 43.60 კვ.მ. ფართი, ექსკლუზიურად გამოიყენება საწარმოს ეკონომიკური საქმიანობისთვის, კერძოდ, როგორც საოფისე და სასაწყობე სივრცე. ვინაიდან კომპანიის ძირითადი საქმიანობაა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა და საბითუმო ვაჭრობა, აღნიშნულ სივრცეში განთავსებულია და ინახება სამუშაო მასალები და ინვენტარი. აღნიშნული ფაქტი თავისთავად გამორიცხავს ბინის პირადი საცხოვრებელი მიზნით გამოყენებას.

კომუნალური ქვითრების არასწორი ანალიზი:

საგადასახადო ორგანომ და შემოსავლების სამსახურმა ქვითრებში დაფიქსირებული კომუნალური რესურსების მინიმალური მოხმარება მიიჩნიეს იმის მტკიცებულებად, რომ ბინით „სისტემატურად სარგებლობდნენ საცხოვრებლად“. აღნიშნული დასკვნა მოკლებულია ყოველგვარ ეკონომიკურ და ლოგიკურ კავშირს. საოფისე და სასაწყობე რეჟიმში ფართის გამოყენება ბუნებრივად განაპირობებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მინიმალურ დანახარჯს (ვინაიდან იქ არ ხდება მუდმივი ცხოვრება, წყლის, ბუნებრივი აირის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ინტენსიური მოხმარება). რესურსების მინიმალური ხარჯვა პირიქით ადასტურებს, რომ აქტივი არ გამოიყენებოდა ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელ სახლად.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლისა და 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის დარღვევა:

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად განიხილება დაქირავებულის მიერ პირადი მიზნით მიღებული სიკეთე. მოცემულ შემთხვევაში, დირექტორის მიერ ფართში ყოფნა და მისი მართვა ემსახურება მხოლოდ საწარმოს ეკონომიკურ ინტერესებს. საგადასახადო ორგანომ დაარღვია საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი (ოპერაციის შინაარსის უპირატესობა მის ფორმასთან მიმართებით) და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი, ვინაიდან გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე, ცალმხრივი და სუბიექტური ვარაუდების საფუძველზე.

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის მე-2 ნაწილის არასწორი გამოყენება:

შემოსავლების სამსახურმა უარი თქვა საჩივრის არსებით განხილვაზე იმ მოტივით, რომ აუდიტის დეპარტამენტმა შეასრულა წინა ბრძანების დავალება. მიაჩნია, რომ დავალების ფორმალური შესრულება (დოკუმენტების ფიზიკურად მიღება და მათზე უარის თქმა) არ ნიშნავს საქმის ობიექტურ გადაწყვეტას. საგადასახადო ორგანომ არ შეასრულა ბრძანების მთავარი პირობა - მტკიცებულებების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით ვალდებულებების კორექტირება.

ჯარიმებისგან გათავისუფლების საფუძველი (სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი):

კომპანია მთელი საგადასახადო პერიოდის განმავლობაში მოქმედებდა სრულიად კეთილსინდისიერად. სადავო დარიცხვა მთლიანად გამოწვეულია ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და საგადასახადო კანონმდებლობის ნორმათა ინტერპრეტაციის სირთულით. ვინაიდან გადასახადის გადამხდელის ქმედება არ ყოფილა მიმართული გადასახადებისგან თავის არიდებისკენ, არსებობს ყველა სამართლებრივი საფუძველი, რომ საწარმო გათავისუფლდეს დაკისრებული საგადასახადო ჯარიმებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.

მომჩივანი ზემოაღნიშნული სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ითხოვს გაუქმდეს სადავო აქტები იმ ნაწილში, რომელიც ეხება საწარმოს დირექტორის მიერ ბინის უსასყიდლოდ სარგებლობის ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად განხილვას და მასზე დაკისრებულ საგადასახადო სანქციებს. ამდენად, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, კომპანია სრულად უნდა გათავისუფლდეს დაკისრებული საგადასახადო ჯარიმებისგან.

შუამდგომლობა საქმის ზეპირ განხილვაზე მომჩივნის დასწრების თაობაზე:

საგადასახადო კოდექსის 300-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებათა სრულყოფილი, ობიექტური და მრავალმხრივი შესწავლის, ასევე საჩივარში მოყვანილ არგუმენტაციასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების უშუალოდ წარდგენის მიზნით, ითხოვს საჩივარი განხილულ იქნას ზეპირი მოსმენით და მიეცეს შესაძლებლობა, პირადად (ან/და უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით) მიიღოს მონაწილეობა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 6.03.2026 წლის №5138 ბრძანებით, პირველ სადავო საკითხთან (საწარმოს დირექტორის მიერ კომპანიის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ სარგებლობის განხილვა დირექტორის ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად) დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. ინფორმაცია აღნიშნულ პერიოდში გადახდილი კომუნალური გადასახადების შესახებ;

ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 6.03.2026 წლის №5138 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 17.04.2026 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ:

კომპანიამ 13.09.2024 წელს შეიძინა 43.60 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ქალაქი „-------“, „-------“ შემოწმების პროცესში გაირკვა, რომ აღნიშნული ბინით უსასყიდლოდ სარგებლობდა კომპანიის დირექტორი. 24.03.2026 წელს კომპანიამ წარადგინა ზემოაღნიშნული ბინის კომუნალური გადასახადების ქვითრები (ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის). აღნიშნული ქვითრების ანალიზისას გაირკვა, რომ ბინის შეძენის პერიოდიდან - შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე, ფიქსირდებოდა უწყვეტად ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მოხმარების ფაქტი. ასევე, დადგინდა, რომ ზამთრის პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მოცულობა იყო გაზრდილი, რაც მიუთითებს ამ პერიოდში აღნიშნული ბინით სისტემატურად სარგებლობის ფაქტზე. რაც შეეხება აღნიშნული ბინის საოფისე და სასაწყობე ფართად გამოყენების ფაქტს, აღნიშნულ მისამართზე არ ფიქსირდებოდა გამოწერილი ან მიღებული, საქონლის შეძენის ან რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, გარდა მიღებული №„-------“სასაქონლო ზედნადებისა და შიდა გადაზიდვის №„-------“ სასაქონლო ზედნადებისა, რომლებიც იყო პირადი ხასიათის (შეძენილია 1 თმის დასახვევი უთო და შიდა გადაზიდვით მიტანილია 1 მაგიდა). შესაბამისად, წარდგენილი კომუნალური ქვითრების ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

მომჩივანი მიუთითებს, რომ არასწორად განხორციელდა კომუნალური ქვითრების ანალიზი, კერძოდ საგადასახადო ორგანომ და შემოსავლების სამსახურმა ქვითრებში დაფიქსირებული კომუნალური რესურსების მინიმალური მოხმარება მიიჩნიეს იმის მტკიცებულებად, რომ ბინით „სისტემატურად სარგებლობდნენ საცხოვრებლად“. აღნიშნული დასკვნა მოკლებულია ყოველგვარ ეკონომიკურ და ლოგიკურ კავშირს. საოფისე და სასაწყობე რეჟიმში ფართის გამოყენება ბუნებრივად განაპირობებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მინიმალურ დანახარჯს (ვინაიდან იქ არ ხდება მუდმივი ცხოვრება, წყლის, ბუნებრივი აირის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ინტენსიური მოხმარება). რესურსების მინიმალური ხარჯვა პირიქით ადასტურებს, რომ აქტივი არ გამოიყენებოდა ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელ სახლად.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ შეძენილია საცხოვრებელი ბინა და აღნიშნული ბინით უსასყიდლოდ სარგებლობდა კომპანიის დირექტორი, თუმცა აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელმა წერილობით არ დაადასტურა, გაასაჩივრა და განმარტა, რომ აღნიშნული ფართი გამოიყენება საწარმოს ეკონომიკური საქმიანობისთვის, კერძოდ, როგორც საოფისე და სასაწყობე სივრცე. აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად მომჩივანს დაევალა საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების მ.შ. აღნიშნულ პერიოდში გადახდილი კომუნალური გადასახადების შესახებ ინფორმაციის წარდგენა. წარმოდგენილი ქვითრების ანალიზით დადასტურდა საცხოვრებელ სახლში ცხოვრების ფაქტი, ვიანიდან უწყვეტად ფიქსირდებოდა ელექტრონერგიის და ბუნებრივი აირის ხარჯი, რომელიც ზამთარში იმატებდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ მისამართზე არ ფიქსირდებოდა გამოწერილი ან მიღებული, საქონლის შეძენის ან რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტები. შესაბამისად, შემოწმების შედეგად ამ ნაწილში, ანალოგიურ ტერიტორიაზე საცხოვრებელი ბინის ქირის მინიმალური თანხის (400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში) სარგებლად განხილვის შედეგად, განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.

მომჩივნის არგუმენტზე, კერძოდ დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებაზე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის 6.03.2026 წლის №5138 ბრძანებით არ იყო დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 6.03.2026 წლის №5138 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ბრძანება არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ეყრდნობა ფაქტების ტენდენციურ, არასწორ ინტერპრეტაციას.

ითხოვს საჩივარი განხილულ იქნას ზეპირი მოსმენით და მიეცეს შესაძლებლობა, პირადად მიიღოს მონაწილეობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიის მიერ დაქირავებულ პირზე გაცემული ხელფასისა და გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემების დაბეგვრის სისწორის შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვაობა ფაქტობრივ და დეკლარირებულ მონაცემებს შორის. ასევე, გაირკვა რომ გაწეულია ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის. ამასთან, კომპანიამ შეიძინა საცხოვრებელი ბინა, რომლითაც უსასყიდლოდ სარგებლობდა კომპანიის დირექტორი. კომპანიის მიერ გაწეული არაეკონომიკური ხარჯი და საწარმოს დირექტორის მიერ საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ სარგებლობა ჩაითვალა დირექტორის ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა

შემოწმების შედეგად კომპანიის მიერ დირექტორზე გაცემული სესხი ჩაითვალა უპროცენტო სესხად და გაანგარიშდა შესაბამისი სარგებელი. შემოწმების შედეგად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 6.03.2026 წლის №5138 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

275.