ბრძანება N 5192
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5192
09 მარტი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----------ს“ (ს/ნ ------------------)
(მის.: -------------------------------------)
2026 წლის 22 იანვრის და 5 თებერვლის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 5 მარტს გამართულ სხდომაზე (ოქმი №20) განიხილა შპს „-----------ს“ (ს/ნ ------------------) 2026 წლის 22 იანვრის №---/1/2026 და 5 თებერვლის №---/1/2026 და №---/1/2026 (წერილის ნომერი: ---) საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 23 დეკემბრის №002-201 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივსა და ბუღალტრულ ნაშთებს შორის გამოვლენილ სხვაობაზე გავრცელებულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ სმფ-ების ინვენტარიზაციისას შედეგების გამოყვანა მოხდა არასწორად და არ იქნა გათვალისწინებული საწყობში განთავსებული სმფ-ების ნაწილი, იმ მიზეზით, რომ აღწერის პირველადი ჩანაწერი ვერ მოიძებნა. ასევე, შემოწმების პროცესში აუდიტის დეპარტამენტს განემარტა, რომ ინვენტარიზაციის თარიღისათვის ბუღალტრულ ნაშთში არ იყო გათვალისწინებული მაკომპლექტებელი საქონლის ჩამოწერა, რომელიც უნდა ჩამოწერილიყო ძირითადი საქონლის რეალიზაციასთან ერთად. შესაბამისად, ბუღალტრულ ჩანაწერებში ფიქტიურად არსებულ მაკომპლექტებელი საქონლის ნაშთზე დადგინდა დანაკლისი, რაც დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, მიუთითებს, რომ შემოწმებამ სმფ-ების არასწორი კატეგორიზაციის გამო ფასნამატი განსაზღვრა არასწორად.
2. მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დამატებით მიღებული შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ შემოწმებამ კომპანიის მიმართ არსებული უიმედო დებიტორული დავალიანება 65 087 ლარი ჩათვალა მიღებულად და განიხილა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, ვინაიდან კომპანიამ ვერ შეძლო შესაბამის დებიტორებთან შედარების აქტების გაფორმება. 3. მომჩივანი აცხადებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას განაწილებული ჰქონდა მოგება, რომელიც წარმოშობილი იყო 2017 წლის 1 იანვრამდე, შესაბამისად, ითხოვს გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლებში გათვალისწინებას.
4. მომჩივანი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 ივნისის №13047 და 15 დეკემბრის №27495 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----------ს“ (ს/ნ ------------------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2025 წლის 4 აგვისტოს ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 19 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 23 დეკემბრის №28170 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №002-201 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 680 689 ლარი, მათ შორის გადასახადი 412 913 ლარი, ჯარიმა 182 922 ლარი და საურავი 84 853 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
● შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა იმპორტირებული და ადგილობრივი სანათი მოწყობილობების შეძენა-რეალიზაცია, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას პროგრამა „ორისში“, სადაც კომპანიის დეკლარირებული ფასნამატი შეადგენდა 85%-ს. დოკუმენტური რეალიზაცია დეკლარირებული ბრუნვის 99%-ია. გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს აფიქსირებდა საქონლის მზარდ ნაშთს, თვითღირებულებით 3 786 131 ლარის ოდენობით, შემოწმების მიერ დანიშნულ იქნა მიმდინარე კონტროლის პროცედურა, კერძოდ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, შედეგად ფაქტობრივი ნაშთი განისაზღვრა საბაზრო ღირებულებით 6 139 740 ლარის ოდნებით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გაკეთდა საქონლის მოძრაობის ანალიზი შესამოწმებელი პერიოდის ჭრილში. გამოვლენილი სხვაობები (ცალკეული დასახელების საქონლის) ჩაითვალა მიწოდებად (საბაზრო ღირებულებით დღგ-ის გარეშე 844 754 ლარი) პერიოდების მიხედვით, გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატით და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგრვას. ამასთანავე გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდებში ბუღალტრული აღრიცხვის დეკლარირებულ ბრუნვასთან შეპირისპირებით გამოუვლინადა ზედმეტად დაბეგრილი დღგ-ის ბრუნვები, რომელიც შემოწმების მიერ იქნა გათვალისწინებული და დაექვემდებარა შესაბამის პერიოდებში შემცირებას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, კომპანიას დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
● გადასახადის გადამხდელს (ზემოაღნიშნული, დამატებითი რეალიზაციიდან გამომდინარე) გამოუვლინდა დამატებით მიღებული შემოსავალი, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო თვეში დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. პირს, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას პროგრამა „ორისში“, სადაც კომპანიის დეკლარირებული ფასნამატი შეადგენდა 85%-ს, ხოლო დოკუმენტური რეალიზაცია დეკლარირებული ბრუნვის - 99%-ს. გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს აფიქსირებდა საქონლის მზარდ ნაშთს, 3 786 131 ლარის თვითღირებულებით. შემოწმების მიერ დანიშნულ იქნა მიმდინარე კონტროლის პროცედურა, კერძოდ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის შედეგად ფაქტობრივი ნაშთი განისაზღვრა საბაზრო ღირებულებით 6 139 740 ლარის ოდნებით. შემოწმების მიერ, გამოვლენილი სხვაობები ცალკეული დასახელების საქონლის მიხედვით ჩაითვალა მიწოდებად პერიოდების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატით და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგრვას. ასევე, გადასახადის გადამხდელს (ზემოაღნიშნული, დამატებითი რეალიზაციიდან გამომდინარე) გამოუვლინდა დამატებით მიღებული შემოსავალი, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო თვეში დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმად, სმფ-ების ინვენტარიზაციისას შედეგების გამოყვანა მოხდა არასწორად და არ იქნა გათვალისწინებული საწყობში განთავსებული სმფ-ების ნაწილი, იმ მიზეზით, რომ აღწერის პირველადი ჩანაწერი ვერ მოიძებნა. ასევე, შემოწმების პროცესში აუდიტის დეპარტამენტს განემარტა, რომ ინვენტარიზაციის თარიღისათვის ბუღალტრულ ნაშთში არ იყო გათვალისწინებული მაკომპლექტებელი საქონლის ჩამოწერა, რომელიც უნდა ჩამოწერილიყო ძირითადი საქონლის რეალიზაციასთან ერთად. შესაბამისად, ბუღალტრულ ჩანაწერებში ფიქტიურად არსებულ მაკომპლექტებელი საქონლის ნაშთზე დადგინდა დანაკლისი, რაც დაიბეგრა დღგ-ით. კერძოდ, მომჩივანი მიუთითებს კომპანიის ცენტრალურ საწყობში არსებული საქონლის კონკრეტული კატეგორიების ნაშთებზე, როგორებიცაა: ე.წ „ვოშერები“ (რომელიც მთლიანი დანაკლისის 50%-ს წარმოადგენს) და „შარები“ და აცხადებს, რომ მომწოდებელმა აღნიშნული საქონელი დაამზადა კომპანიის შეკვეთით და უნიკალური მახასიათებლებით, რომელიც არ შეიძლება მიეწოდოს სხვა კლიენტს. ასევე, საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად შეუძლიათ წარმოადგინონ როგორც ფოტო და ვიდეო მასალა, ასევე, მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ მომწოდებლის მიერ ინვოისში მითითებული და საწყობში არსებული საქონელი არის იდენტური და უნიკალური მახასიათებლების მქონე.
მომჩივანმა დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე დამატებით განმარტა, რომ დაუსაბუთებელია ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისის პერიოდების მიხედვით მიწოდებად განხილვა, ვინაიდან სახეზე არ არის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სხვაობები შემოწმების შედეგად დაკვალიფიცირდა რეალიზებულად დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად და დაიბეგრა დღგ-ით, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, ხოლო აღნიშნული რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი დაკვალიფიცირდა პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნული შინაარსობრივად გულისხმობს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას, თუმცა, საგადასახადო შემოწმების აქტში არ არის მითითებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ არის დასაბუთებული მისი გამოცემისას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს აღნიშნული მეთოდის გამოყენებით მიზანშეწონილად არ მიაჩნია ინვენტარიზაციით გამოვლენილი სმფ-ებს შორის სხვაობის წინა საანგარიშო პერიოდებში რეალიზებულად განხილვა დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების გაზრდა და აღნიშნული რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლის პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივსა და ბუღალტრულ ნაშთებს შორის გამოვლენილ სხვაობაზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, რომლითაც დაიდენტიფიცირდება კომპანიის მარაგში ფაქტობრივად არსებული და ინვოისში მითითებული საქონლის იდენტურობა. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ჩართულობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ასევე, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისის პერიოდების მიხედვით მიწოდებად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას და იხელმძღვანელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით.
დებიტორული დავალიანების მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივრებში წარმოდგენილ განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, შემოწმებამ კომპანიის მიმართ არსებული უიმედო დებიტორული დავალიანება 65 087 ლარი ჩათვალა მიღებულად და განიხილა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, ვინაიდან კომპანიამ ვერ შეძლო შესაბამის დებიტორებთან შედარების აქტების გაფორმება. ასევე მომჩივანი აღნიშნავს, რომ დებიტორები წარმოადგენენ იურიდიულ პირებს და მათზე გადახდილი თანხები არ უნდა დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის მესამე მხარისგან (ოპერაციის მონაწილე მხარისგან) გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 43-ე ნაწილის თანახმად, წმინდა მოგება არის მოგება, რომელიც შესაძლებელია განაწილდეს დივიდენდის სახით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამავე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის თანახმად, თუ რეზიდენტი საწარმო დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე, რომ შემოწმებამ მოგების გადასახადის ჩათვლაში გაითვალისწინოს კომპანიას მიერ განაწილებული მოგება, რომელიც წარმოშობილი იყო 2017 წლის 1 იანვრამდე.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მე-3 სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ 2017 წლამდე გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის საკითხის შესწავლის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მ.შ. ინფორმაცია საწარმოს ფინანსური შედეგების შესახებ. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს ფინანსური შედეგების გათვალისწინებით, შეისწავლოს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები და საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ ვალდებულებებზე სანქციის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული ჯარიმისა და საურავის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1.შპს „-----------ს“ (ს/ნ ------------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივსა და ბუღალტრულ ნაშთებს შორის გამოვლენილ სხვაობაზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, რომლითაც დაიდენტიფიცირდება კომპანიის მარაგში ფაქტობრივად არსებული და ინვოისში მითითებული საქონლის იდენტურობა;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ჩართულობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისის პერიოდების მიხედვით მიწოდებად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას და იხელმძღვანელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით;
დ) დებიტორული დავალიანების მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის მესამე მხარისგან (ოპერაციის მონაწილე მხარისგან) გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ 2017 წლამდე გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის საკითხის შესწავლის მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მ.შ. ინფორმაცია საწარმოს ფინანსური შედეგების შესახებ;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს ფინანსური შედეგების გათვალისწინებით შეისწავლოს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება:
1.სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივსა და ბუღალტრულ ნაშთებს შორის გამოვლენილ სხვაობაზე გავრცელებულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2.შემოწმების მიერ დამატებით მიღებული შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
3.ითხოვს გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლებში გათვალისწინებას.
4.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის №13047 და №27495 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2025 წლის 4 აგვისტოს ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №28170 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და №002-201 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 680 689 ლარი, მათ შორის გადასახადი 412 913 ლარი, ჯარიმა 182 922 ლარი და საურავი 84 853 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა,რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას პროგრამა „ორისში“, სადაც კომპანიის დეკლარირებული ფასნამატი შეადგენდა 85%-ს. დოკუმენტური რეალიზაცია დეკლარირებული ბრუნვის 99%-ია. გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს აფიქსირებდა საქონლის მზარდ ნაშთს, თვითღირებულებით 3 786 131 ლარის ოდენობით, შემოწმების მიერ დანიშნულ იქნა მიმდინარე კონტროლის პროცედურა, კერძოდ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, შედეგად ფაქტობრივი ნაშთი განისაზღვრა საბაზრო ღირებულებით 6 139 740 ლარის ოდნებით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გაკეთდა საქონლის მოძრაობის ანალიზი შესამოწმებელი პერიოდის ჭრილში. გამოვლენილი სხვაობები (ცალკეული დასახელების საქონლის) ჩაითვალა მიწოდებად (საბაზრო ღირებულებით დღგ-ის გარეშე 844 754 ლარი) პერიოდების მიხედვით, გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატით და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგრვას. ამასთანავე გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდებში ბუღალტრული აღრიცხვის დეკლარირებულ ბრუნვასთან შეპირისპირებით გამოუვლინადა ზედმეტად დაბეგრილი დღგ-ის ბრუნვები, რომელიც შემოწმების მიერ იქნა გათვალისწინებული და დაექვემდებარა შესაბამის პერიოდებში შემცირებას.ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, კომპანიას დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ამასთან,გადასახადის გადამხდელს (ზემოაღნიშნული, დამატებითი რეალიზაციიდან გამომდინარე) გამოუვლინდა დამატებით მიღებული შემოსავალი, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო თვეში დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. პირს, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივსა და ბუღალტრულ ნაშთებს შორის გამოვლენილ სხვაობაზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, რომლითაც დაიდენტიფიცირდება კომპანიის მარაგში ფაქტობრივად არსებული და ინვოისში მითითებული საქონლის იდენტურობა,ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ჩართულობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
ამასთან,ზემოაღნიშნული შესრულების შედეგების გათვალისწინებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისის პერიოდების მიხედვით მიწოდებად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას და იხელმძღვანელოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით.ხოლო, დებიტორული დავალიანების მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის მესამე მხარისგან (ოპერაციის მონაწილე მხარისგან) გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ასევე,გადასახადის გადამხდელის მიერ 2017 წლამდე გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის საკითხის შესწავლის მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მ.შ. ინფორმაცია საწარმოს ფინანსური შედეგების შესახებ.ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს ფინანსური შედეგების გათვალისწინებით შეისწავლოს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
ხოლო,საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული ჯარიმისა და საურავის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9„ბ“); 97(1„ა“); 981(1.12); 101(1); 130(1); 154(1„ა“.2 „ა“ და „ბ“); 158(1); 159(1„ა“ და „ბ“); 163(პირველი და მე-2); 164(1); 269(7); 286(9);