გადაწყვეტილება №21703/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21703/2/2023
23 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----ის 25.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21703/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2023 წლის №022-21 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 29.11.2023 წლის №29527 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 378 575.67 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 217 238
დღგ - 74 707
საშემოსავლო გადასახადი - 142 531
ჯარიმა - 105 261
საურავი - 56 076.67
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობაა სურსათით ვაჭრობა. შესამოწმებელ პერიოდში საწარმო ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებულ ფართში ----.
აუდიტის დეპარტამენტის 6.03.2023 წლის №4145 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა 1.01.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 20.06.2023 წელს შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა შემდეგი:
გადამხდელს არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვა, თუმცა, წარდგენილი აქვს ფინანსური ანგარიშგება, რომლის საფუძველზეც შემოწმებამ იხელმძღვანელა საქონლის საწყისი ნაშთით. 2022 წლის ბოლოს კომპანიამ შეწყვიტა საქმიანობა და მთლიანი სმფ-ის ნაშთი გაყიდა, შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სმფ-ის ნაშთი არის 0 ლარი.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შემოსავლები დაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით:
დადგინდა წლების მიხედვით გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი კატეგორიების მიხედვით და რეალიზებული პროდუქციის ღირებულებაზე კატეგორიის წილის მიხედვით მოხდა აღნიშნული ფასნამატის გავრცელება. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2023 წლის №14637 ბრძანება და ამავე თარიღის №022-21 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 28.08.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 29.11.2023 წლის №29527 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 29.11.2023 წლის №29527 ბრძანება არ დაკმაყოფილებულ ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვა, თუმცა გააჩნია დოკუმენტური რეალიზაცია, მართლზომიერია შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით სმფ-ების კატეგორიებად ჩაშლა და თითოეულ კატეგორიაზე გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატის მისადაგება. აღნიშნულის შესაბამისად მართლზომიერია დღგ-ის ნაწილში შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერია საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
სადავო ადმინისტრაციული აქტის შედგენისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები:
საგადასახადო ორგანოს მიერ თანხების დარიცხვას საფუძვლად დაედო ის გარემოებები, რომლებიც კანონით დადგენილი წესით სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული ამავე აქტის გამომცემი საგადასახადო ორგანოს მიერ. კომპანიამ საქმიანობა შეწყვიტა 31.12.2021 წელს ქალაქ ----ში არსებულ მაღაზიაში. კონსიგნაციით მიღებული საქონელი დაუბრუნდა მომწოდებლებს და დარჩენილი ნაშთი გადატანილ იქნა ქალაქ ----ში არსებულ მაღაზიაში, რომელიც ასევე 3 თვეში დაიხურა. სამწუხაროდ ტექნიკური პრობლემის და შეცდომის გამო ვერ მოხერხდა პროგრამის ბაზების შენახვა (რაც არის კომპანიის ყველაზე დიდი პრობლემა). დღემდე ცდილობენ ბაზების აღდგენას. შემმოწმებელმა არაპირდაპირი მეთოდით გადაანგარიშებისას 2021 საშუალო ფასნამატი 22% განსაზღვრა, რაც უბრალოდ გამორიცხულია. 2021 ზაფხულის თვიდან ცდილობდა კომპანია საქონლის ამოყიდვას, ვითომ აქციების და სხვა შეფარული მარკეტინგული ხრიკების საშუალებით (დაქირავებული თანამშრომლებისთვის რომ არ ყოფილიყო აშკარად შესამჩნევი, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუფრთხილებლად ტოვებდნენ სამსახურს და კონსულტანტის პოვნაც დიდი პრობლემას წარმოადგენდა). ყველაფერი იყიდებოდა ჩვეულებრივზე დაბალ ფასად, შესაბამისად 22% ნამატი უბრალოდ არარეალურია. რაც შეეხება, 2022 წლის 3 თვეში ქალაქ ---ში არსებულ მაღაზიაში გაყიდული საქონლის ფასნამატს (შემმოწმებელი აქაც ამტკიცებს რომ 22% იყო), არ აღემატებოდა ალბათ 5% ჯამში. საქონლის აბსოლუტური უმრავლესობა იყიდებოდა თვითღირებულებით ან უფრო ნაკლებ ფასში. შესაბამისად, გაანგარიშება აქაც აშკარად არასწორია. სასურსათო მაღაზიის დახურვისას ნებისმიერ მეწარმე ცდილობს ნაშთები ამოყიდოს თვითღირებულებით მაინც, რომ მინუსში არ წავიდეს, ეს მარტივი და სრულიად ბუნებრივი და ლიგიკური კანონზომიერებაა. ასეთ პირობებში არავინ არ ფიქრობს მოგების მიღებაზე და ვერც მიიღებს.
შექმნილი მძიმე ფინასური მდგომარეობის გამო დაიწყეს საქონლის ფიზიკურ პირებზე კონსიგნაციით (ნისია) გაყიდვის პროგრამა ნოტარიულად უფორმებდნენ ხელშეკრულებებს ფიზიკურ პირებს და ყოველ რეალიზაციაზე იმ წამიერად იგზავნებოდა სასაქონლო ზედნადები მყიდველის გვერდზე RS.GE-ზე (რომ მომავალში არ ჰქონოდათ პრეტენზიები). კონსიგნაციით საქონელი იყიდებოდა ჩვეულებრივ ფასთან შედარებით მაღალი ფასნამატით რისკების გათვალისწინებით. კონსიგნაციის შემთხვევაში იურიდიულ პირებზეც ვრცელდებოდა იგივე პრინციპი.
სამწუხაროდ მნიშვნელოვანი თანხების ამოღება ვერ მოხერხდა და ამ მეთოდმაც არ გაამართლა. ასეთ სასაქონლო ზედნადებებს დაეყრდნო შემმოწმებელი ფასნამატის გაანგარიშებისას. საჩივარს ერთვის კონსიგნაციის ხელშეკრულების ერთი ასლი ნიმუშისთვის (ყველა ფიზიკურ პირზე ასეთი ხელშეკრულებაა გაფორმებული) და ერთი კონსიგნაციით ფ/პ გაყიდული საქონლის სასაქონლო ზედნადები. ამ სასაქონლო ზედნადებების თავისებურებაც ნათელს ხდის მის შინაარს.
რაც შეეხება, იურიდიულ პირებთან კონსიგნაციებს, უნდა შედარდეს რეალიზაციის და გადახდის თარიღები (ანგარიშსწორება სრულად ხორციელდებოდა ბანკით). შემმოწმებელმა ფასნამატის გაანგარიშებისას (საჩივარს ახლავს ფასნამატის ცხრილი) გამოიყენა 100%-ით კონსიგნაციით განხორციელებული (უმრავლესობა ფიზიკურ პირებზე) რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებები, რითაც არარეალური ფასნამატი მიიღო. კატეგორიულად არ ეთანხმება ფასნამატის გაანგარიშების ამ მეთოდს და მოითხოვს ზედმეტად დარიცხულ რეალიზაციის სრულად გაუქმებას.
ასევე საწარმოს საქმიანობის შესახებ განმარტავს შემდეგს: 2018 წელს როცა კომპანიამ დაიწყო საქმიანობა ქალაქ ---ში თითქმის არ იყო ქსელური მარკეტები. საქმიანობის დაწყებიდან სულ მალე ქალაქში გამოჩდნენ ქსელური მარკეტები თითქმის ყველა კვარტალში. მათთან კონკურენცია უბრალოდ წარმოუდგენელი გახდა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ქსელურ მარკეტებში დისტრიბუტორებს საქონელი შექონდათ 2-ჯერ და უფრო მეტჯერ იაფად ვიდრე ტრადიციულ მარკეტებში (ძალიან მაღალი ქეშებექების წყალობით). ისინი აქციების დროს 15-20% უფრო იაფად ყიდნენ საქონელს ვიდრე თავად ყიდულობდა იგივე დისტრიბუციისგან. რაღაც პერიოდი დაიწყო აქციების დროს საქონლის შეძენა ქსელური მარკეტებიდან და როცა ისინი ამთავრებდნენ აქციებს, შემდგომ ცდილობდა ამ საქონლის ვითომ შედარებით იაფად გაყიდვას (იხილეთ ს/ზედნადებები: ----- დაახლოებით 100 000 ლარის პროდუქცია აქვს შეძენილი მათგან). სამწუხაროდ ამ მეთოდმაც არ გაამართლა და ალბათ ვერც გაამართლებდა. ასევე, ქალაქში დაწყებული სარეკუნსტრუქციო სამუშაოების გამო 2021 მთელი სეზონი თითქმის 8 თვე ხარაჩოებში იყო ჩაფლული, მოუხსნეს რეკლამები, შესასვლელში ხალხს ხან საღებავი ესხმებოდა ხან ნარჩენები (ორჯერ გაარემონტეს პირველი ქალაქმა არ ჩაიბარა).
აღნიშნულმა გადააწყვეტინა დაეხურა ბიზნესი სანამ კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. 2021 წლის ზაფხულიდან დაიწყო საქონლის ამოყიდვა და 31.12.2021 წელს დაკეტა მარკეტი. რაც ვერ გაყიდა გადაიტანა ქალაქ ---ში არსებულ მარკეტში, სამ თვეში ეს მარკეტიც დაიხურა. მოკლედ წარუმატებელი ბიზნესი გამოდგა და მნიშვნელოვანი ზარალი მიიღო ბოლოს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია, ხოლო 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ და „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
მომჩივანი მიუთითებს, რომ მძიმე ფინასური მდგომარეობის გამო დაიწყო საქონლის ფიზიკურ პირებზე კონსიგნაციით (ნისია) გაყიდვა, კერძოდ ნოტარიულად უფორმებდნენ ხელშეკრულებებს ფიზიკურ პირებს და ყოველ რეალიზაციაზე იმ წამიერად იგზავნებოდა სასაქონლო ზედნადები მყიდველის RS.GE-ზე.
კონსიგნაციით საქონელი იყიდებოდა ჩვეულებრივ ფასთან შედარებით მაღალი ფასნამატით რისკების გათვალისწინებით. კონსიგნაციის შემთხვევაში იურიდიულ პირებზეც ვრცელდებოდა იგივე პრინციპი. ასეთ სასაქონლო ზედნადებებს დაეყრდნო შემმოწმებელი ფასნამატის გაანგარიშებისას. შემმოწმებელმა ფასნამატის გაანგარიშებისას (საჩივარს ახლავს ფასნამატის ცხრილი) გამოიყენა 100%-ით კონსიგნაციით განხორციელებული (უმრავლესობა ფიზიკურ პირებზე) რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებები, რითაც არარეალური ფასნამატი მიიღო. კატეგორიულად არ ეთანხმება ფასნამატის გაანგარიშების ამ მეთოდს და მოითხოვს ზედმეტად დარიცხულ რეალიზაციის სრულად გაუქმებას. შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვა, თუმცა გააჩნია დოკუმენტური რეალიზაცია, მართლზომიერია შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით სმფ-ების კატეგორიებად ჩაშლა და თითოეულ კატეგორიაზე გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატის მისადაგება. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესით, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდის და დადგენილი ფასნამატის გამოყენებით, განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატი.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2023 წლის №14637 ბრძანება და ამავე თარიღის №022-21 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 28.08.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 29.11.2023 წლის №29527 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
შემოსავლების სამსახურის 29.11.2023 წლის №29527 ბრძანება არ დაკმაყოფილებულ ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5).