ბრძანება N 9759
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 9759
04 მაისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ის (ს/ნ --------------)
(მის.: -------------------------------)
2026 წლის 9 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 30 აპრილის სხდომაზე (ოქმი №34) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ --------------) 2026 წლის 9 აპრილის №-----/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 26 მარტის №007-65 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატს. ასევე აცხადებს, რომ შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე. აღნიშნავს, რომ საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, აღებულ იქნა სხვა მსგავსი საწარმოს ბრუნვები და მისთვის დღემდე უცნობია, რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული და რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობა გადამხდელის იდენტური. ასევე გაუგებარია თუ რატომ აიღო შემმოწმებელმა სხვა კომპანიის ფასნამატი და არ გამოიყენა საცალო რეალიზაციაზე გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი. მიუთითებს, რომ არსებობს არაერთი გადაწყვეტილება, სადაც გაცილებით ნაკლები აუდირებული ფასნამატი იქნა გამოყენებული, მაგალითად, შპს „----“-ის საგადასახადო შემოწმებისას, რომელიც ვაჭრობს იდენტური საქონლით და შემოწმებით ფასნამატი გავრცელდა 26%.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმებით არასწორად იქნა გაანგარიშებული საწარმოს ფასნამატი, რამაც განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთის დადგენა, ასევე, არასწორი ვირტუალური ფულის ნაშთის ე.წ. „აგროსვა“ და არარსებული ფულის 20%-ის ნაცვლად 25%-ით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 18 თებერვლის №3663 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „-------“-ის (ს/ნ --------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2025 წლის 20 მაისიდან 2026 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 18 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 26 მარტის №6744 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №007-65 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 286 091 ლარი, მათ შორის, გადასახადი 174 894 ლარი, ჯარიმა 103 329 ლარი და საურავი 7 868 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს იმპორტირებული საქონლის რეალიზაცია --- ბაზრობის ტერიტორიაზე. კერძოდ, ახდენს --დან ტანსაცმლის იმპორტს. შემოწმების შედეგად დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, საბაჟო დეკლარაციები. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 25 თებერვლის №4265 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის ჩატარების პროცედურა, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ასევე, დარეგისტრირებულ იურიდიულ მისამართზეც ვერ მოიძებნა, შესაბამისად, სმფ-ების ფაქტობრივი აღრიცხვა ვერ განხორციელდა და მათი არსებობა ვერ დადგინდა. შემოწმების პროცესშიც გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, გაეცნო გაგზავნილ შეტყობინებას, თუმცა არ ითანამშრომლა შემოწმებასთან და დაჯარიმდა ინფორმაციის წარუდგენლობისთვის. გადამხდელს არ გააჩნია დოკუმენტური რეალიზაცია და არ არის წარდგენილი საბუღალტრო აღრიცხვა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 73-ე, 49-ე და 61-ე მუხლების გათვალისწინებით, გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებული აქვს 365 120 ლარის თვითღირებულების ტანსაცმელი. გადამხდელის იმპორტირებულ საქონელზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა სარეალიზაციო ფასები და ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად. გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით, სულ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 2 337 ლარს, ხოლო შემოწმების შედეგად განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 961 778 ლარს. შემოწმებით დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. დასაბეგრი ბრუნვის სხვაობაზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე. 1611 , 163- ე და 164-ე მუხლების მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. რაც შეეხება დღგ-ის თანხის ჩათვლებს, გათვალისწინებულ იქნა საბაჟო იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ-ის თანხა 149 924 ლარი.
შემოწმებით განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი. შემოწმებით განსაზღვრული შემოსავალი 1 134 897 ლარი (დღგ-ის გარეშე 961 778) ჩაითვალა მიღებულად. რაც შეეხება ხარჯებს, შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტური ხარჯები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, იმპორტის ხარჯები, საბაჟო --- ხარჯები. შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამხდელს სალაროში უნდა გააჩნდეს 608 473 ლარი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 16 თებერვლის №3348 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ პროცედურა, რომლის შედეგების მიხედვითაც ვერ განხორციელდა კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენელთან დაკავშირება და ჩაითვალა, რომ სალაროს ნაღდი ფულის ნაშთი განსაზღვრულია და იგი ნოლის ტოლია. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გროს თანხა 760 592 ლარის ოდენობით, ფორმა შინაარის გათვალისწინებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, დაკვალიფიცრდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებულია 365 120 ლარის თვითღირებულების ტანსაცმელი. გადამხდელს არ გააჩნია დოკუმენტური რეალიზაცია. გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში არ იქნა წარდგენილი საბუღალტრო აღრიცხვა.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმებით ფასნამატი არ გავრცელებულა აფასებულ ღირებულებაზე. შემოწმების პროცესში განისაზღვრა საქონლის თვითღირებულები საბაჟო ინვოისების მიხედვით და არა აფასებების მიხედვით და შემდგომ განისაზღვრა სარეალიზაციო ფასები. დოკუმენტური ფასნამატის გამოყენებასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ გადამხდელს საერთოდ არ გააჩნია დოკუმენტური რეალიზაცია, ხოლო რაც შეეხება გადამხდელის პოზიციას სხვა კომპანიასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტში არსებული მონაცემების მიხედვით, შპს „----“ იმპორტს ახორციელებს ---დან და ირანიდან. შპს „---“ და შპს „----“ ვაჭრობას ახორციელებენ ერთმანეთისგან განსხვავებული საქონლით. კერძოდ, შპს „----“ ვაჭრობს ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმლით, ხოლო შპს „----“ ფეხსაცმლით (საშინაო, რეზინის, სპორტული). შპს „----“-ის საქმიანობა შემოწმებით განხილულ იქნა საბითუმო ვაჭრობად და გავრცელდა საბითუმო ფასნამატი, ხოლო შპს „----“-ზე (ს/ნ ---------) არ დადგენილა საბითუმო ვაჭრობა და ჩაითვალა საცალო მოვაჭრედ, რის შესაბამისადაც განისაზღვრა სარეალიზაციო ფასები. ზემოთ მოყვანილი არგუმენტების საფუძველზე, ეს ორი პირი ახორციელებს სხვადასხვა ტიპის რეალიზაციას (საცალო და საბითუმო) და განსხვავებული საქონლით ვაჭრობას. შესაბამისად, ორივე კომპანიაზე განხორციელდა ინდივიდუალური მიდგომა სარეალიზაციო ფასების განსაზღვრისთვის.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან, სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, იმპორტირებულ საქონელზე სარეალიზაციო ფასების განსაზღვრა და შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად განხილვა. ასევე, მართლზომიერად განხორციელდა გადამხდელის საქმიანობის შედეგად შემოწმებით განსაზღვრული თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და შესაბამისად დაბეგვრა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“-ის (ს/ნ --------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №3663 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2025 წლის 20 მაისიდან 2026 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №6744 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და №007-65 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 286 091 ლარი, მათ შორის, გადასახადი 174 894 ლარი, ჯარიმა 103 329 ლარი და საურავი 7 868 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა,რომ შემოწმების შედეგად დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, საბაჟო დეკლარაციები. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №4265 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის ჩატარების პროცედურა, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ასევე, დარეგისტრირებულ იურიდიულ მისამართზეც ვერ მოიძებნა, შესაბამისად, სმფ-ების ფაქტობრივი აღრიცხვა ვერ განხორციელდა და მათი არსებობა ვერ დადგინდა. შემოწმების პროცესშიც გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, გაეცნო გაგზავნილ შეტყობინებას, თუმცა არ ითანამშრომლა შემოწმებასთან და დაჯარიმდა ინფორმაციის წარუდგენლობისთვის. გადამხდელს არ გააჩნია დოკუმენტური რეალიზაცია და არ არის წარდგენილი საბუღალტრო აღრიცხვა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 73-ე, 49-ე და 61-ე მუხლების გათვალისწინებით, გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებული აქვს 365 120 ლარის თვითღირებულების ტანსაცმელი. გადამხდელის იმპორტირებულ საქონელზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა სარეალიზაციო ფასები და ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად. გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით, სულ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 2 337 ლარს, ხოლო შემოწმების შედეგად განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 961 778 ლარს. შემოწმებით დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. დასაბეგრი ბრუნვის სხვაობაზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე. 1611 , 163- ე და 164-ე მუხლების მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. რაც შეეხება დღგ-ის თანხის ჩათვლებს, გათვალისწინებულ იქნა საბაჟო იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ-ის თანხა 149 924 ლარი.
ამასთან,შემოწმებით განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი. შემოწმებით განსაზღვრული შემოსავალი 1 134 897 ლარი (დღგ-ის გარეშე 961 778) ჩაითვალა მიღებულად. რაც შეეხება ხარჯებს, შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტური ხარჯები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, იმპორტის ხარჯები, საბაჟოს ხარჯები. შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამხდელს სალაროში უნდა გააჩნდეს 608 473 ლარი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №3348 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ პროცედურა, რომლის შედეგების მიხედვითაც ვერ განხორციელდა კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენელთან დაკავშირება და ჩაითვალა, რომ სალაროს ნაღდი ფულის ნაშთი განსაზღვრულია და იგი ნოლის ტოლია. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გროს თანხა 760 592 ლარის ოდენობით, ფორმა შინაარის გათვალისწინებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, დაკვალიფიცრდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“.9„ბ“); 101(1); 154(1,,ა“.2 „ა“ და „ბ“); 158(1); 159(1„ა“); 163(1.2); 164(1);