გადაწყვეტილება №24985/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.01.2026
№ დოკუმენტი 24985/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24985/2/2025

08 იანვარი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,29.05.2025 და 25.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ს 28.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24985/2/2025).

 

დავის საგანი:

დაკისრებული სანქციისგან (საქონლის (საჰაერო ხომალდის (ვერტმფრენის)) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება (შემოტანა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად) გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 19.02.2025 წლის №3024 ბრძანება;

2. შემოსავლების სამსახურის 18.03.2025 წლის №4771 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 903 040 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივანმა, 31.12.2024 წელს №------ განცხადებით, მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და ითხოვა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მის მიერ შემოტანილი საჰაერო ხომალდის (ვერტმფრენი „-------“, სარეგისტრაციო ნომერი „-------“, საქონლის ღირებულება 310 000 ევრო) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა, ხოლო 8.01.2025 წლის №„-------“ განცხადებით წარადგინა საჰაერო ხომალდის ტრანსპორტირების ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი (ინვოისი, ტრანსპორტირების ღირებულება 10 000 ევრო).

წარდგენილი ინფორმაციის შესწავლით გაირკვა, რომ:

– აღნიშნული საჰაერო ხომალდი მომჩივანის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი იყო 27.11.2022 წელს, კერძოდ, შპს „--------“ 30.12.2024 წლის №„-------“ წერილიდან ირკვევა, რომ ვერტმფრენმა „--------“, სარეგისტრაციო ნომრით „-------“, 27.11.2022 წელს, ადგილობრივი დროით 17:38 საათზე გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი,წერტილში „-------“ და ადგილობრივი დროით 18:13 საათზე დაეშვა „-------“-ის საერთაშორისო აეროპორტში;

– განსახილველი საქმის მასალების (მათ შორის, საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის) მიხედვით, საქონლის (ვერტმფრენი, „-------“, სარეგისტრაციო ნომრით „-------“) მიმღებს და შესაბამისად, მის წარდგენაზე/დეკლარირებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა მომჩივანი;

– საჰაერო ხომალდის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანა განხორციელდა ისე, რომ მომჩივანს არ შეუსრულებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, საქონლის წარდგენის, ზოგადი დეკლარირებისა და გაფორმების სავალდებულო ფორმალობები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის მასალები ქვემდებარეობით გაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს (10.01.2025 წ. №„-------“ წერილი). საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს 17.02.2025 წლის №------ წერილით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ მასალების შესწავლის შედეგად არ დაწყებულა სისხლის სამართლის გამოძიება და ეთხოვა საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედება.

საბაჟო დეპარტამენტმა დაადგინა, რომ მომჩივანის მხრიდან ადგილი ჰქონდა 320 000 ევროს (საჰაერო ხომალდის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ოფიციალურ გაცვლით კურსზე (2.8220) გადაანგარიშებით 903 040 ლარის ეკვივალენტი) საბაჟო ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად შემოტანას და რადგან კომპანიას აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, საბაჟო დეპარტამენტის 19.02.2025 წლის №3024 ბრძანებით, მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 903 040 ლარის (საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადაადგილებული საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტი) ოდენობით.

აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 18.03.2025 წლის №4771 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის შენიშვნაზე.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საჰაერო ხომალდის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა და ვინაიდან აღნიშნული ქმედებისთვის მომჩივანს არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ამასთან, შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება, შესაბამისად, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საქონელი ანუ ვერტმფრენი „--------“, სარეგისტრაციო ნომრით „--------“, საქართველოში შემოვიდა საჰაერო გზით. მან 27.11.2022 წელს, ადგილობრივი დროით 17:38 საათზე გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, წერტილში „--------“ და ადგილობრივი დროით 18:13 საათზე დაეშვა „--------“-ის საერთაშორისო აეროპორტში. საბაჟო სანქციის დაკისრების საფუძველია ის, რომ საჰაერო ხომალდის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანისას არ განხორციელებულა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, საქონლის წარდგენის, ზოგადი დეკლარირებისა და გაფორმების სავალდებულო ფორმალობები.

ითხოვს მოეხსნას დაკისრებული სანქცია, რადგან ვერტმფრენის შემოყვანისას აუცილებელი ფორმალობების განუხორციელებლობა გამოწვეული იყო კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელის არცოდნითა და შეცდომით, რაც დასტურდება შემდეგი გარემოებებით:

ა) ზემოხსენებული ვერტმფრენის შემოყვანა გათავისუფლებულია გადასახადებისგან. კანონით სავალდებულო ფორმალობების დაცვის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს არ მოუწევდა რაიმეს გადახდა. შესაბამისად, ფორმალობების დაუცველობით არ მომხდარა სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი რაიმე სახის თანხის გადახდისგან თავის არიდება;

ბ) ვერტმფრენმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა საჰაერო გზით. საქონლის საქართველოში შემოყვანის არც ეტაპზე გადასახადის გადამხდელს არ მიუღია ინფორმაცია საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებისგან სავალდებულო პროცედურების შესახებ. აღნიშნული გარემოებაზე მითითებით მხოლოდ იმის ხაზგასმა სურს, რომ პროცედურების დაუცველობა უცოდინრობით იყო გამოწვეული და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნას გაგებული რაიმე სახის პრეტენზია საგადასახადო ორგანოს მიერ ინფორმაციის მოუწოდებლობასთან დაკავშირებით.

გ) კომპანიის 100%-იანი წილით დამფუძნებელია შპს „-------“ (ს/ნ „-------“), რომლის ძირითადი საქმიანობაა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა და რომელიც ყოველწლიურად ხუთ მილიონ ლარზე მეტს იხდის სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით. რაც მისი კეთილსინდისიერების დასტურია. შპს „-------“ და მისი შვილობილი მომჩივანისათვის“ ზემოხსენებული საჰაერო ხომალდის შემოყვანა იყო არასამშენებლო პროდუქციასთან დაკავშირებით პირველი და ამ ეტაპზე, უკანასკნელი ოპერაცია. შესაბამისად, არ ჰქონდათ ინფორმაცია სავალდებულო პროცედურის შესახებ. ინფორმაციის ქონის შემთხვევაში, ბუნებრივია, აღნიშნული ფორმალობის დაუცველობის არანაირი განზრახვა ან მოტივაცია არ იარსებებდა, რადგან ფორმალობების გავლა არ უკავშირდებოდა დამატებით ხარჯებს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

მომჩივნის წარმომადგენლებმა 29.05.2025 წელს საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას განმარტეს, რომ ზემოხსენებული ვერტმფრენის შემოყვანა გათავისუფლებულია გადასახადებისგან. ვერტმფრენი საქართველოში შემოვიდა საჰაერო გზით, კომპანიისთვის არ იყო ცნობილი რომ სჭირდებოდა აუცილებელი ფორმალობების განხორციელება. ინფორმაციის ქონის შემთხვევაში, ბუნებრივია, აღნიშნული ფორმალობის დაუცველობის არანაირი განზრახვა ან მოტივაცია არ იარსებებდა, რადგან ფორმალობების გავლა არ უკავშირდებოდა დამატებით ხარჯებს. აღსანიშნია, რომ დაახლოებით სამი წელია ვერტმფრენი იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე და მასზე ხორციელდება ქონების გადასახადის გადახდა, 2 წლის განმავლობაში იხდიდა სს „--------“ ლიზინგი, ხოლო როცა გადაეცა კომპანიას, ქონების გადასახადს იხდის მომჩივანი.

საჩივარში მითითებულია, რომ მომჩივანი ითხოვს გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისაგან, რადგან ვერტმფრენის შემოყვანისას აუცილებელი ფორმალობების განუხორციელებლობა გამოწვეული იყო გადასახადის გადამხდელის არცოდნითა და შეცდომით.

საქმეში წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტში წარდგენილი კომპანიის 31.12.2024 წლის №„--------“ განცხადება, სადაც მითითებულია, რომ:

„27.11.2022 წელს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საჰაერო გზით საქართველოში შემოვიდა სამოქალაქო ავიაციის ვერტმფრენი „-------“, სარეგისტრაციო ნომრით „--------“. ვერტმფრენით შემოვიდა, როგორც ჩარტერული რეისი „--------“-დან „--------“-ის საერთაშორისო აეროპორტში ადგილობრივი დროით 17:38, გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი წერტილში „--------“ და დაეშვა „--------“-ის აეროპორტში. 15.12.2024 წლამდე ახორციელებდა სამოქალაქო ავიაციის რეისებს საქართველოს საავიაციო სივრცეში. ვერტმფრენის საქართველოში შემოსავლიდან არ განხორციელებულა საბაჟო პროცედურები. 15.12.2024 წელს გეგმიური სარემონტო, სამუშაოების მიზნით ვერტმფრენი მომზადდა სახმელეთო ტრანსპორტირებისათვის, დაიტვირთა სატვირთო მანქანაში (სანომრე ნიშნით „--------“) და შევიდა „--------"-ის ბლოკის ტერიტორიაზე „--------"-ში ტრანსპორტირებისათვის (ლუქის №„--------“). ითხოვს მიეცეს ნებართვა აღნიშნული ვერტმფრენის იმპორტის რეჟიმში მოსაქცევად“.

დადგენილია და სადავო არ არის, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა 903 040 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად შემოტანას.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და დაკისრებული სანქციისგან საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს მოეხსნას დაკისრებული სანქცია.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანის მხრიდან ადგილი ჰქონდა 320 000 ევროს საბაჟო ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად შემოტანას და რადგან კომპანიას აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, საბაჟო დეპარტამენტის ბრძანებით, მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 903 040 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და დაკისრებული სანქციისგან საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

163(11),168.