ბრძანება N 19432
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19432
03 სექტემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის 4 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 21 და 27 აგვისტოს სხდომებზე (ოქმები №69; №71) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 4 აგვისტოს №97314/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ივლისის №225-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე, რაც დაუშვებელია, ვინაიდან საქონლის თვითღირებულება არის მისი საინვოისო ღირებულება და არა აფასებული ღირებულება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ საბაჟო მიზნებისათვის, იმპორტის გადასახდელების განსაზღვრისთვის. ამასთან, აღებულ იქნა სხვა მსგავსი საწარმოს მიერ მიღებული ბრუნვები, თუმცა უცნობია რომელი კომპანიის ბრუნვები შეფასდა და რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობის იდენტური. აღნიშნავს, რომ გაუგებარია თუ რატომ აიღო შემმოწმებელმა სხვა კომპანიის ფასნამატი და არ გამოიყენა საცალო რეალიზაციაზე საწარმოს დოკუმენტური ფასნამატი, ამასთან, არასწორად გაანგარიშებულმა ფასნამატმა დამატებით განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის პირველი მაისის №8253 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 25 აგვისტოდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 4 ივლისის №15167 ბრძანება და ამავე თარიღის №225-12 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 797 855 ლარი, მათ შორის გადასახადი 480 356 ლარი, ჯარიმა 236 423 ლარი და საურავი 81 076 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების დამუშავების საფუძველზე დადგინდა, რომ საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის სახეს წარმოადგენს იმპორტირებული საქონლით (ძირითადად ტანსაცმლით და საყოფაცხოვრებო საქონლით) ვაჭრობა -------. შპს „-------“ გადამხდელად რეგისტრაციის თარიღია 25.08.2022 წელი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი - 15.02.2023 წ. (სტატუსი: არაკვალიფიციური). ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაგზავნილ შემოწმების დანიშვნის თაობაზე ბრძანებას და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ შეტყობინებას გადამხდელი გაეცნო ელექტრონულ გვერდზე, თუმცა კომპანიის მიერ არ იქნა წარდგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია და ბუღალტრული აღრიცხვა. აღნიშნულ ფაქტზე შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №188920, რომლითაც გადამხდელს დაეკისრა სანქცია 400 ლარის ოდენობით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ: გაანგარიშებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება საქონლის კატეგორიების მიხედვით, რომელზეც გავრცელდა ახლომდებარე ტერიტორიაზე, ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული ფასნამატი, რომელმაც საშუალოდ შეადგინა 58 %. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად, გაანგარიშდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპატამენტის 2025 წლის 28 აპრილის №7730 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. აღნიშნული ბრძანება ჩაიბარა მინდობილმა პირმა. შედეგად, სალაროს ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით. ვინაიდან გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაცია/დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, განულებულ იქნა დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, ასევე გათვალიწინებულ იქნა ბიუჯეტში გადახდილი თანხები და საანგარიშო პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულადი ნაშთი 1 410 389 ლარი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2025 წლის 21 აგვისტოს, თუმცა 21 აგვისტოს ჩანიშნულ სხდომასთან დაკავშირებით გადამხდელმა წარმოადგინა განცხადება სხდომის გადადებასთან დაკავშირებით. ხელმეორედ საჩივრის განხილვა ჩაინიშნა 27 აგვისტოს, გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, მიუხედავად ამისა გადამხდელი არ გამოცხადდა სხდომაზე და არც ჩანიშნული საქმის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით წარმოუდგენია განცხადება.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:
ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;
ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია და ბუღალტრული აღრიცხვა, შესაბამისად, შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. კერძოდ, გაანგარიშებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება საქონლის კატეგორიების მიხედვით, რომელზეც გავრცელდა ახლომდებარე ტერიტორიაზე, ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული ფასნამატი, რომელმაც საშუალოდ შეადგინა 58 %.
ამასთან, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე ფასნამატის გავრცელებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომდგენლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ ფასნამატი გავრცელდა საქონლის საინვოისო ღირებულებაზე, ხოლო იმ საქონელზე, რომელზეც ვერ მოხერხდა ინვოისის მოძიება, მათ შორის, არ იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი, გამოყენებულ იქნა საბაჟო დეკლარაციაში დაფიქსირებული ღირებულება. ამასთან, გადამხდელის მიერ დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულების წილმა მთლიან შეძენებში შეადგინა 5%-ზე ნაკლები, ასევე დოკუმენტური რეალიზაციიდან შეუძლებელი იყო ფასნამატის განსაზღვრა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია და ბუღალტრული აღრიცხვა, შესაბამისად, შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გაანგარიშებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება საქონლის კატეგორიების მიხედვით, რომელზეც გავრცელდა ახლომდებარე ტერიტორიაზე, ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული ფასნამატი, რომელმაც საშუალოდ შეადგინა 58%.
შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპატამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. აღნიშნული ბრძანება ჩაიბარა მინდობილმა პირმა. შედეგად, სალაროს ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით. ვინაიდან გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაცია/დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, განულებულ იქნა დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, ასევე გათვალიწინებულ იქნა ბიუჯეტში გადახდილი თანხები და საანგარიშო პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულადი ნაშთი, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით
საწარმოს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9) 101; 154; 159; 163